|
მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
შატბერდის კრებული — X საუკუნის ცნობილი ქართული ხელნაწერის სახელწოდება.
უდაბნოს მრავალთავი — IX საუკუნის ქართული ხელნაწერი, გადაწერილია შატბერდში. ხელნაწერი აკაკი შანიძემ 1920 წელს ჩამოიტანა უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის მონასტრიდან თბილისში. მანვე იპოვა ამ ხელნაწერის რამდენიმე ფრაგმენტი, ერთი ფურცელი ცალკე ფურცლად დაცული იყო საეკლესიო მუზეუმის ფონდში (№ 713), რვა ფურცელი კი ინახებოდა ა. გრენის პირად კოლექციაში (H-2097). ხელნაწერი ნაკლულია და შემორჩენილია მხოლოდ თავდაპირველი წიგნის ერთ მეოთხედზე ცოტა მეტი. დღეს ხელნაწერი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში ინახება (A-1109).
პირველი ცნობა უდაბნოს მრავალთავის შესახებ ეკუთვნის ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძეს, რომელმაც იმოგზაურა გურიასა და აჭარაში, ხელნაწერი აღმოაჩინა 1873 წლის 20 სექტემბერს, მასვე ეკუთვნის პირველი ცნობა ხელნაწერის შესახებ 1878 წელს, თუმცა მან ძეგლის რაობა ვერ გაარკვია. უდაბნოს მონასტერში მას უნახავს ძველი ხელნაწერების ბიბლიოთეკა, რომელთა შორისაც ყოფილა სახარების იოანე ოქროპირის თარგმანები და მეტაფრაზი ანუ წმიდათა ცხოვრება. ორივე იყო ნაწერი მაღალხარისხოვან სქელ ეტრატზე. ხელნაწერები აღმოჩნდა ძალიან ძველი, მაგრამ იმის გამო, რომ დასაწყისი და დასასრული არც ერთს აღარ მოეპოვებოდა, მათი გადაწერის ზუსტი დროის დადგენა შეუძლებელი გახდა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ხელნაწერი, რომელიც დიმიტრი ბაქრაძემ უდაბნოს მონასტერში აღმოაჩინა, იყო უდაბნოს 29 გუჯარის კრებული. მასში ჩამოთვლილია გურიელების, ერისთავებისა და სხვა სამღვდელოთა თუ ერისკაცთა შემოწირულობანი უდაბნოსადმი.
შემდგომში ხელნაწერს იკვლევდნენ აკაკი შანიძე, კორნელი კეკელიძე, მ. ჯანაშვილი, ილია აბულაძე, მიშელ ვან ესბროკი, ზ. ჭუმბურიძე.
უდაბნოს მრავალთავს საპატიო ადგილი უკავია ქართულ მრავალთავებს შორის. იგი არ ჩამოუვარდება უძველეს ქართულ ხელნაწერს - 864 წელს გადაწერილ სინურ მრავალთავს (სინური მრავალთავი 864 წ. გადაიწერა იერუსალიმში, წმიდა საბას ლავრაში და შესწირა სინას მთას წმ.გრიგოლ ხანძთელის ნამოწაფარმა მაკარი ლეთეთელმა. იგი დღესაც სინას მთაზეა დაცული). ხელნაწერს ბევრი ფურცელი აკლია. დროთა სიავეს გადაურჩა და ჩვენამდე მოაღწია მრავალთავის 179 ფურცელმა. საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი, გადაწერილია ასომთავრულით. მოღწეული ნაწილიდან ზოგიერთი ფრაგმენტი ძნელად ან საერთოდ არ იკითხება. უდაბნოს მრავალთავი უძველესია იმ ხელნაწერთა შორის, რომელიც აბოს წამების ტექსტს შეიცავს, თუმცა, ეს მონაკვეთიც დაზიანებულია.
უდაბნოს მრავალთავი 46 ძეგლს შეიცავს, რომელთა შორის აღსანიშნავია: „ორმეოცთა წამებაჲ“, „საკითხავი ხსენებისა წმიდისა ბასილი მთავარეპისკპოსისაჲ“, „თქმული იოანე ოქროპირისაჲ“, „აბო ტფილელის წამებაჲ“, „სწავლაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისაჲ ჩუენისაჲ ანტონისი“, „გამოცხადება წმიდისა ჯუარისაჲ ზეცით“, „პოვნაჲ პატიოსნისა ჯუარისა“, „პოვნაჲ სამჭუალთაჲ წმიდისა ჯუარისაჲ“ და სხვ.
შემადგენლობა
- თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ბასილი მთავარეპისკოპოსისა კესარია კაბადუკიელისაჲ ჴსენებასა წმიდათა ორმეოცთა მოწამეთასა
- საკითხავნი ჴსენებასა წმიდისა ბასილი მთავარ ეპ˜კპსისაჲ
- იოვანე ოქროპირი - ნათლის-ღებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა
- თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ ნათლის-ღებისათჳს უფლისა ჩუენისა
- იოვანე ოქროპირი, ნათლის-ღებისათჳს
- ნათლის-ღებისათჳსვე, თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ
- იოვანე ოქროპირი, ნათლის-ღებისათჳს
- თქუმული ნათლის-ღებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა, იოვანე ოქროპირისაჲ
- წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი
- ქებაჲ წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსი
- თ˜ა იანვარსა ი~ზ-სა - საჴსენებელი წმიდისა ანტონისი, საკითხავნი მამათანი, ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ ამბა პავლჱსი, დიდისა ბერისაჲ
- სწავლაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისაჲ ანტონისი
- თ˜ა იანვარსა ი~ზ - ჴსენებაჲ წმიდისა ანტონისი და ესე საკითხავნი ამსახურნე
- თ˜ა იანვარსა კ~ჱ - ჴსენებაჲ წმიდათა მამათაჲ ყოველთა მეუდაბნოეთაჲ, საკითხავი, წ˜ჲსა ეფრემის თქმ˜ლი მამათათჳს შესუენებულთა
- წმიდისა ეფრემის თქუმული
- ეფრემის თქუმული, შესუენებულთათჳს
- კირილე იერუსალჱმელი - გამოცხადებაჲ წმიდისა ჯუარისაჲ ზეცით
- კირილე იერუსალჱმელი - პოვნაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ
- კირილე იერუსალჱმელი - პოვნაჲ სამშჭუალთაჲ წმიდისა ჯუარისათაჲ
- თთუესა ფებერვალსა გ~ - მიგებებაჲ დღესა, რომელსა მიიქუა სჳმეონ მკლავთა თჳსთა ზედა უფალი, თქუმული წმიდისა ევსუქი ხუცისაჲ იერუსალჱმელისაჲ
- მეორჱ თქუმული წმიდისა ტიმოთე ხუცისა იერუსალემელისაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთჳს შემდგომად შობისა მეორმეოცისა დღისათჳს
- საკითხავნი წმიდათა მარხვათანი თქუმული წმიდისა და ნეტარისა ბასილი მთავარეპისკოპოსისაჲ კაბადოკიელისაჲ მარხვისათჳს დღესა აღებასა
- თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ მარხვისათჳს და იონაჲსთჳს
- მელეტი ანტიოქიელი - სინანულისათჳს
- სწავლაჲ კჳრილჱსი იერუსალჱმელისაჲ სინანულისათჳს
- იოვანე ოქროპირი უძღებისა შვილისათჳს
- თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ - სამარიტელისათჳს
- საკითხავნი წმიდისა ლაზარჱსნი შაბათსა ბზობისასა
- სებერიანოს გაბალონელი შესხმისათჳს ყრმათაჲსა
- თქუმული წმიდისა იოვანე კოსტანტინეპოლელ ეპისკოპოსისაჲ შესლვასა უფლისასა იერუსალჱმდ
- თქუმული მელეტისი, წმიდისა ეპისკოპოსისაჲ შესლვისათჳს იერუსალჱმდ უფლისა ჩუენისა და შესხმისათჳს ყრმათაჲსა
- დიდსა ორშაბათსა ცისკრად თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე მთავარ-ეპისკოპოსისა კონსტანტინეპოლელისაჲ
- დიდსა სამშაბათსა განთიად თქუმული წმიდისა ევსუქი ხუცისა იერუსალჱმელისაჲ მკურდართა აღდგომისათჳს და საშჯელისათჳს და მიგებად კაცად-კაცადსა საქმეთა თჳსთაებრ და საკითხავი მათჱს სახარებისაჲ: „ვინ-მე იყოს მონაჲ იგი სარწმუნოჲ და გონიერი“... და შემდგომი ამისი
- სამშაბათისათჳსვე თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ ათთა მათ ქალწულთათჳს და ქალწულებისათჳს და სინანულისათჳს
- იოვანე ოქროპირი ოთხშაბათისათჳს
- ოთხშაბათისათჳსვე თქუმული მისივე, ოდეს შეკრბეს ჰურიანი იგი და თქუეს: „რაჲ-მე ვყოთ კაცისა ამისთჳს, რამეთუ მრავალთა ჰყოფს სასწაულთა?
- თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მელეტი ეპისკოპოსისაჲ შინა-განცემისათჳს
- საკითხავნი წმიდისა ხუთშაბათისანი
- თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ მიცემისათჳს იუდაჲსგან
- დიდსა ხუთშაბათსა ცისკრად საკითხავი
- საკითხავნი წმიდისა პარასკევისანი
- თქუმული წმიდისა იოვანე მთავარ-ეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოლელისაჲ ქრისტჱს ჯუარისათჳს და მორწმუნისა მის ავაზაკისათჳს
- თქუმული მისივე იოვანე მთავარ-ეპისკოპოსისაჲ ჯუარისათჳს
- თქუმული მისივე აღვსებისა პარასკევსა და შაბათსა
- დიდსა შაბათსაღა განთენებოდის, საკითხავი ესე თქუმული წმიდისა იოვანე მთავარ-ეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოლელისაჲ, დაბეჭდვისათჳს საფლავისა და საკითხავი მათჱს თავისაჲ
- თქუმული მელეტი ეპისკოპოსისაჲ დაბეჭდჳსათჳს საფლავისა
- საკითხავნი წმიდისა აღვსებისანი თქუმული წმიდისა კჳრილე მთავარეპისკოპოსისაჲ იერუსალემელისაჲ მკუდრეთით აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა
- თქუმული წმიდისა მელეტი ეპ˜კპსისა მკუდრეთით აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა
- თქუმული იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოლელისაჲ მკუდრეთით აღდგომასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა
- მეორჱ, თქუმული მისივე, აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი
- მესამე, თქუმული მისივე, აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა
- მეოთხჱ, თქუმული მისივე, აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი
- აღდგომისათჳს
- თქუმული ეპიფანჱსი აღვსებისათჳს და აღდგომისა უფლისა
- საკითხავნი წმიდისა ახალკჳრიაკისანი თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ, აღსაარებისათჳს თომა მოციქულისა და დღისა ახალკჳრიაკისა
- მეორჱ ახალკჳრიაკისათჳს თქუმული წმიდისა იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოლელისაჲ
- საკითხავნი წმიდისა ამაღლებისანი თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ
- მეორჱ თქუმული ოქროპირისაჲ, დღისათჳს ამაღლებისა უფლისა ჩუენისა
- საკითხავნი მარტჳლიისანი თქუმული იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ დღისა მისთჳს, რომელსა მოივლინა სული წმიდაჲ
- კჳრილე იერუსალჱმელი, საკითხავი სულისა წმიდისაჲ
- იოვანე ოქროპირი პეტრე მოციქულისაჲ და ელია და ელისესი წინაწარმეტყუელთაჲ საკითხავი
- სებერიანოს გაბალონელი მოციქულთათჳს
- თქუმული წმიდისა იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოლელისაჲ დღისა მისთჳს, რომელსა იცვალა ხატი მაცხოვარმან მთასა წმიდასა თაბორსა
- თეოდორე ჰარანელი მთისათჳს თაბორისა და ფერისცვალებისათჳს უფლისა
- თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ, გარდაცვალებისთჳს წმიდისა ღმრთის-მშობელისა
- იოვანჱს თავის-კუეთისა საკითხავნი თქუმული წმიდისა და ნეტარისა იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ, კოსტანტინელ ეპისკოპოსისაჲ
აირჩიე
|
|