მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. დიდსა ორშაბათსა ცისკრად თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე მთავარ-ეპისკოპოსისა კონსტანტინეპოლელისაჲ
2. ვითარცა გუაუწყა ჩუენ მათე მახარებელმან, რამეთუ თქუა: „განთიად, ვითარ უკუმოვიდოდა იესუ ქალაქად, შეემშია და იხილა ლეღჳ მდგომარჱ და მიაქცია, რაჲთამცა პოვა ნაყოფი მას შინა;
3. და ვითარ არა პოვა, ჰრქუა ლეღუსა მას: „ნუღარამცა გამოგაქუს ნაყოფი უკუნისამდე!“
4. და მუნქუესვე განჴმა ლეღჳ იგი“.
5. ამასღა მოგაჴსენებ, საყუარელნო: მნებავს, რაჲთამცა ერთობით გულისხმა-ჰყავთ, თუ რაჲსათჳს წყევითა განაჴმო უფალმან ლეღჳ იგი.
6. აწ ვიწყოთ თხრობად.
7. რამეთუ ვითარღა-იგი თუალი ხედავნ ხესა ფურცლოვანსა ანუ თუ წყაროსა მდინარესა და ხედვამან მან მიიყვანის გულისაჲცა იგი გონებაჲ, გინა ყურსა რაჟამს ესმინ სიტყუაჲ, ეგრევე გონებამან მიაქციის;
8. და ღათუ ჴორცნი იგი ადგილობანს არიედ, არამედ გონებაჲ იგი მუნ მისცის, სადაცა-იგი ხედავნ და ესმინ.
9. აწცა ესევითარი რაჲმე იქმნა, საყუარელნო.
10. ევანგელისაჲ იგი მესმა თხრობაჲ, რომელი-იგი ბეთანიას იყო ლეღჳსა მის მიმართ.
11. აქა ვარ ჴორცითა, ხოლო გონებითა ვითარღამცა მუნ იყავ, შე-მცა-უდეგ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა და ვჰხედევდ ლეღჳსა მას, რამეთუ უფლისა მოსლვადმდე მხიარულ ფურცლითა, ხოლო უფლისა სიტყჳსა შემდგომად დამჭნარ და განჴმელ.
12. რამეთუ იტყჳს: „განთიად, ვითარ უკუმოიქცა იესუ ქალაქად, შეემშია და იხილა ლეღჳ და მივიდა მისა და არაჲ პოვა, გარნა ფურცელი ხოლო.
13. და ჰრქუა მას: „ნუღარამცა გამოგაქუს ნაყოფი უკუნისამდე და მუნქუესვე განჴმა ლეღჳ იგი.“
14. რამეთუ ესე აწ ესრე აღმოგჳკითხეს და დამაკჳრვებს საქმჱ ესე და გონებაჲ ჩემი განიყოფების.
15. ოდეს მინებნ, რაჲთამცა წერილსა მას ვიტყოდე, მყის საკჳრველებანი შემიჴდიან;
16. რამეთუ ვითარღამცა ხედვიდა ტაკუკსა ოქროჲსასა და მას შინა რაჲმე იდვა თუალი პატიოსანი;
17. დაწერილი იყო მას ზედა საიდუმლოჲ და გინდამცა რაჲთა ხედევდ ტაკუკსა მას ოქროჲსასა ბრწყინვალესა.
18. და ოდეს იხილის მას შინა თუალი პატიოსანი და მას ზედა, რომელი-იგი წერილ არნ საიდუმლოჲ, ვითარმცა მიგბრძოდეს თუალნი ხედვად და კუალად გინდამცა, რაჲთამცა საიდუმლოსა მას ზედა წერილი სცან;
19. ეგრეცა მე ვხედავ წიგნსა ამას სიტყუა-ბრწყინვალედ და დიდად შუენიერად.
20. და მათ შინა გონებაჲ ჩემი შეიპყრობის და კუალად აქა მოვიზიდვები სულითა ხედვასა მას უფროჲს წერილისა მის საკჳრველებისა ქადაგებასა, რამეთუ იტყჳს: დილითი-ღა უკუმოიქცა იესუ ქალაქად, შეემშიაო.
21. ჵ, შეურვებელი სიტყუაჲ თქუმად, რამეთუ რომელი ზრდის ყოველსა დაბადებულსა, რომელმან-იგი ხუთითა ჴუეზითა ხუთ ათასი განაძღო რომელმან წყალი ღჳნოდ გარდააქცია, მას მოემშიაო!
22. და რომელმან ჴმითა თუალნი აღუხილა ბრმასა და ზღუასა ზედა ვიდოდა და ფერჴნი მისნი არა დაივლტვნეს;
23. და ვითარმე-მცა შეემშია?
24. რომელმან სულნი ჴორცთა[გან] გამოიყვანნა და კუალად აქცინა მეოთხესა დღესა და აღადგინა, მას მოემშიაო?!
25. აწ ესაია რაჲ-მე თქუა იგი, ვითარმედ: ღმერთი საუკუნჱ, რომელსა არა შიოდის, არცა დაშურესო.
26. რომელსა ჰრწმენეს წერილისაჲ ქრისტჱსთჳს, სადავე პოვოს, რამეთუ იტყჳს: „პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“.
27. აწ ვითარმცა შეემშია ღმერთსა, გარნა შეემშია მონისა ხატითა, ხოლო ღმრთეებითა განაძღო ხუთ ათასი;
28. და მოვიდა ხილვად ლეღჳსა მის, ვითარცა კაცი.
29. და რამეთუ იყო მის თანა, სადავე ხედვაჲ იგი ღმრთეებისაჲ.
30. და იხილა ლეღჳ იგი უნაყოფოჲ, ვითარცა კაცმან, და სიტყჳთა ღმრთეებისაჲთა განაჴმო იგი.
31. ჰრქუა ლეღჳსა მას: „ნუღარამცა გამოგაქუს ნაყოფი უკუნისამდე!“
32. და საქმით იყო სიტყუაჲ იგი და მყის განჴმა.
33. სიტყუაჲ კაცობით, ხოლო საქმჱ ღმრთეებით.
34. აწ ფრიად სარგებელ-ა, საყუარელნო, ლეღჳსა მისთჳს და მრავალთა აღუთქუამსცა ამისთჳს.
35. და ჩუენცა, რავდენ შეუძლოთ ამით გონებითა, ვთქუათ, რაჲ სასწრაფელ იყო, რაჲთამცა სიტყჳთ განაჴმო ლეღჳ იგი, და ვითარ არა სიტყჳთ ნაყოფიერ ყოფად, რამეთუ რომელმან-იგი სიტყჳთა განაჴმო.
36. შემძლებელ იყო, რაჲთაცა სიტყჳთავე ნაყოფიერ ყო.
37. ანუ რაჲ ცოდა ლეღჳმან მან?
38. და ღათუ ესეცა ვინმე თქუას, ვითარმედ: ზამთარი იყოო.
39. ანუ არს-მე რაჲ კაცთათჳს ესე საიდუმლოჲ, რომელ-ესე იქმნების.
40. აწ იპოვების ერთითა რეცა გულის-საკლებელ საქმჱ ესე და ერთითა საქებელ.
41. ხოლო სიტყჳთ განაჴმო, და გულის-საკლებელ ესრჱთ, რამეთუ ცუდად სწყევა.
42. ჴამს, რაჲთამცა ვცანთ შემდგომი, საყუარელნო, თუ ვისა სახედ აჩუენებდა ლეღჳ იგი.
43. უკუეთუმცა არა ქრისტჱსგან იქმნებოდა საქმჱ ესე, არამცა აქუნდა საიდუმლოჲ კაცთა.
44. და რაჲ იყო, რომელი ყოფად იყო მისგან, და რაჲ იყო, რომელი არა-ჭეშმარიტად ღაღადებდა საქმჱ მისი.
45. გარნა ამის ლეღჳსათჳს მრავალთა მოძღუართა თქუეს, ვითარმედ ჰურიათა კრებულისა სახჱ არსო, რამეთუ მოვიდა უფალი, რაჲთამცა ნაყოფი სარწმუნოებისაჲ პოვა მათ თანა.
46. და არა პოვაო, თჳნიერ ხოლო სიტყჳსა შჯულისა და წინაწარმეტყუელთასა, რომელ აქუნდეს მათ, ვითარცა ფურცელნი ხოლო, და უნაყოფო იყვნეს იგინი ურწმუნოებითა.
47. ამისთჳსცა ჰრქუა, ვითარმედ ნუღარამცა გამოგაქუს ნაყოფნი უკუნისამდეო.
48. გარნა მე ამის ლეღჳსა სახესა ესრე ვჰგონებ: ვითარმემცა სწყევა უფალმან, რომელმან-იგი თქუა: „აკურთხევდით და ნუ სწყევთ“,
49. ანუ ვითარმემცა სწყევა კრებულსა ჰურიათასა და განაჴმო, რამეთუ იტყჳს: „არა მოვიდა ძჱ კაცისაჲ წარწყმედად, არამედ მოძიებად წარწყმედულთა და ცხორებად“.
50. და კუალად, თუ არავე ჰრწმენეს ვისმე და თქუას, ვითარმედ: ჰურიათათჳს იყოო და მათსა სახესა ამსგავსა ლეღჳ იგიო, აწ ისმინე:
51. უკუეთუმცა ჰურიათა კრებული ყოვლად დაეწყევა და ძირითურთ ყოვლად განჴმელ იყო, ვითარმცა ესევითარი რტოჲ ნაყოფიერი გამოიღო – ტკბილი და შუენიერი სავლე, რომელ არს პავლე;
52. და კუალად არა სტეფანეცა მათგანივე იყოა, რომელ-იგი ქვითა დაქოლეს, და ფილიპე და პრისკილა და აკჳლა, და ყოველსა მას რავდენსა ვთუალვიდე, რომელ შე-ცა ვერ-მძლებელ ვარ მოჴსენებად აწ.
53. რამეთუ არა ყოვლად განიშორა ნათესავი ჰურიათაჲ, მოწამე არს ჩემდა პავლე, რამეთუ იტყჳს: „ნუუკუე ყოვლად განიშორაა უფალმან ერი თჳსი?
54. ნუ იყოფინ!
55. რამეთუ მეცა ისრაიტელ ვარ, ნათესავისაგან აბრაჰამისი, ტომისაგან ბენიამენისი“.
56. არა განიშორა ერი თჳსი, არამედ ცხორებასაცა აქა დებს უკუნაჲსკნელ, რამეთუ იტყჳს: „რაჟამს ყოველნი წარმართნი აღივსნენ, მაშინ ყოველი ისრაჱლი ცხონდეს“.
57. და ღათუ მტერ იქმნნეს ჰურიანი ღმრთისა ჩუენთჳს, არამედ მათითა მით ურწმუნოებითა ჩუენ შევიწყალენით.
58. ამას მეწამების მე იგივე პავლე, რამეთუ იტყჳს: „სახარებისაგან – მტერ თქუენდა, ხოლო რჩეულებისაგან – საყუარელ მამათათჳს, რამეთუ შეუნანებელ არიან ნიჭნი და წყალობაჲ ღმრთისაჲ“.
59. ამიერითგან საძიებელ არს ლეღჳსა მისთჳს სიტყუაჲ, თუ ვისა მსგავსად იყოფოდა იგი.
60. უკუეთუ მოიჴსენოთ, ოდეს-იგი სამოთხესა შინა შიშუელ იყვნეს ადამ და ევა, რომლისაგან ხისა მოიღეს ფურცელი, შეკერეს და შეიმოსეს, გულისხმა-ჰყო, რამეთუ ჭეშმარიტად მისთჳს სწყევა და განაჴმო ლეღჳ იგი.
61. რამეთუ ოდეს-იგი ჩუენცა გუაქუნდა დაშთომილი სირცხჳლი, მამული სწყევა და განაჴმო უფალმან, და მიზეზი იგი განგუაშორა.
62. და მოგჳღო ჩუენ და მოგუცა სიმდიდრჱ და განგუძარცუა ჩუენ სირცხჳლისა იგი სამოსელი და მოგუცა, ვითარცა თოვლი სპეტაკი და ბრწყინვალჱ, ქსოვილი წყლითა და სულითა წმიდითა.
63. და განგჳჴმნა ფურცელნი იგი ლეღჳსანი და მოგუცნა მიპარულნი სულისანი, რომელ გუელმან მიგუპარა სამოთხესა შინა, რომელი-იგი გუაქუნდა ანგელოზთა სწორი სამოთხესა შინა შუებაჲ და უჴრწნელებისა იგი სამოსელი.
64. აწ კუალად სიტყუასავე მას მოვიდეთ, რამეთუ იტყჳს, დილეულ უკმოიქცა იესუ ქალაქადო.
65. დილეულ – მაშინ, ოდეს ღამჱ იგი და ბნელი გარდაჴდა და დილეული იგი ქრისტჱს აღდგომისაჲ ნათელი გამობრწყინდა სოფელსა, ვითარცა წინაწარმეტყუელმან თქუა: „ვითარცა ცისკარი, განმზადებული ვპოოთ იგი“.
66. დილითი, ვითარ უკუმოიქცა იესუ, ოდეს-იგი ღამჱ გარდაჴდა, და გამობრწყინდა იესუ ქრისტჱ დიდებულითა მით ნათლითა, მზჱ იგი სიმართლისაჲ გულთა დაბნელებულთა კაცთასა, რამეთუ განაცივა ეშმაკმან ურწმუნოებითა ყოველი კაცი და იქმნა, ვითარცა წყალი, შეყინებულ დღეთა ზამთრისათა.
67. და ყოველნი წინაწარმეტყუელნი ერთბამად ევედრებოდეს და ეტყოდეს: „მოაქციე, უფალო, ტყუჱ ჩუენი, ვითარცა ნაღუარევი ბღუარისაჲ!“
68. რამეთუ ვითარცა ბღუარმან ტფიად მოჰბერის და მყინვარი იგი კუალადვე წყალ ყვის, ეგრეცა ჩუენ ცოდვითა მით ეშმაკისაგან ვიქმნენით, ვითარცა მყინვარნი,
69. და ვითარცა ბღუარმან განგუატფნა და პირველისა მისგან წარტყუევნისა მოგუაქცინა უკუდავებად ამას სიტფოსა და ამას ბღუარობასა.
70. სძალიცა იგი ქრისტჱსი „ქებასა ქებათასა“ იტყჳს: „აღდეგ, ჩრდილო, და მოვედ, ბღუარო!
71. და მოვჰბერე მტილსა და იყნოსნენ სუნელნი“.
72. და კუალად განთიად მოიქცა ისუ ქალაქად, კეთილ არს, რამეთუ უკუმოიქცა, რაჲთამცა აჩუენა, რომელი-იგი სამოთხით გამოვარდა, ადამი, კუალად უკუმოქცევითა მით უფლისა ჩუენისაჲთა თჳსსავე ადგილსა მიქცევად.
73. და ვთქუათღავე: განთიად უკუმოიქცა იესუ ქალაქად.
74. ხოლო ქალაქიღა გესმეს, ნუ ქუე დახედავ, არამედ ზეცისა იერუსალჱმისა კრებათა ხედევდ, რამეთუ ქალაქობაჲ ჩუენი ზეცას არს.
75. განთიად უკუმოიქცა იესუ ქალაქად და შეემშიაო.
76. ჭეშმარიტად შეემშია არა თუ საჭმლისათჳს რაჲ, არამედ ცხოვრებისათჳს კაცთაჲსა, რამეთუ იტყჳს: „ჩემი ჭამადი ესე არს, რაჲთა აღვასრულო ნებაჲ მამისა ჩემისაჲ“.
77. და ნებაჲ მამისა ჩემისაჲ ესე არს, რაჲთა ჰრწმენეს იგი, რომელმან მომავლინა მე.
78. და რომელსა ჰრწმენეს, ვითარცა იტყჳს, არა წარწყმდეს უკუნისამდე.
79. განთიად, ვითარ უკუმოიქცა იესუ ქალაქად, შეემშია და იხილა ლეღჳ და მოვიდა მისა.
80. კეთილ, რამეთუ მოვიდა მისა.
81. უკუეთუმცა გარე-წარჴდა ლეღჳსა მას, აქუნდამცა გუელსა მას ლეღჳსა მას შინა ბუდჱ უკუდავი.
82. გარნა მოვიდა ლეღჳსა მის და განაჴმო.
83. ამასვე ლეღჳსა ხედვიდა წინაწარმეტყუელი წინავე და თქუა: „აღსლვასა მას ჩემსა ერისა მის მწირობისა ჩემისა ლეღუმან არა გამოიღო ნაყოფი თჳსი.“
84. და ზაქეცა აღჴდა ლეღუსა, რომელსაცა ჰრქუა უფალმან: „იწრაფე, გარდამოჴედ მაგიერ!“
85. თქუა მახარებელმან, ვითარმედ: „აღჴდა იგი ლეღუსულელსა მას“, ამისთჳს, რაჲთა აჩუენოს, რამეთუ ტრყპელსა მას და ფართოსა გზასა ტანჯვაჲ აქუს, ვინაჲ-იგი იშვების სულელობაჲ.
86. მოვიდა უფალი ლეღჳსა, გარნა ლეღჳ ხატად აჩუენებდა გზასა მას ფართოსა, რამეთუ ლეღჳ ფურცელ-ტყრპელ და კერტ-ჩჩჳლ არს.
87. და სიჩჩოჲ იგი არს ცოდვაჲ.
88. და ფართოებითა მით და სიტყპოჲთა, რომელი მიიყვანებს წარსაწყმედელად, ტკბილ არს ნაყოფი მისი და მგლინვარე.
89. რამეთუ შუებაჲ ტკბილ არს ცოდვისაჲ, რომელნი-იგი ჰყოფენ მას წარსაწყმედელად.
90. აწ ევლტოდე მისსა მას ჭამასა, რამეთუ ტკბილ არს გემოდ და უკუანაჲთ საქმჱ მისი მწარე, რამეთუ იტყჳს: „თაფლი დამოსწუთინ ბაგეთა დედაკაცისა მეძვისათა, რომლისაგან წუთ დაუტკბვის ჴორჴი და უკუანაჲსკნელ უმწარჱს არნ იგი ნავღლისა“.
91. მომატყუებელ სიძვისა არს შუებაჲ.
92. პირველად ტკბილ არს და მზაკუვარი იგი შუებასა მას თანა შეჰრთავს სიმწარესა მომაკჳდინებელსა.
93. ეგრჱთვე იყო გუელიცა იგი: სიტყჳთ ტკბილ და ზაკუვით მწარე.
94. ტკბილ იყო ჭამაჲ ხისაჲ მის და მწარე – დაცემაჲ.
95. აწ ევლტოდე შენ მეძვისაგან, რომელი-იგი ტკბილად გზრახვიდეს და მწარეთა წყლულებათა მოგატყუებდეს!
96. ევლტოდე შუებათა, ვითარცა-იგი იეზაბელს!
97. მოვიდა უფალი ზეცით და ჰშიოდა კაცთაჲ იგი ცხორებაჲ.
98. და იხილა მან ფართოჲ იგი და ვრცელი გზაჲ.
99. მოვიდა იგი ვითარცა ფურცლითა სავსა სოფელსა, ესე იგი არს, ცთომითა მით ცოდვითა სავსესა;
100. და არა აქუნდა მას ნაყოფი, ვითარცა მახარებელმან თქუა.
101. და ვითარ შესაძლებელ იყო, იესუმცა მოვიდა და მან კუალად ნაყოფი სიკუდილისაჲ გამო-ღა-იღოა, რომელი-იგი თჳთ აღდგა და აღდგომასა ყოველთა გუახარებდა?
102. ამისთჳს ვერღარა შესაძლებელ იყო იგი ნაყოფსა მას სიკჳდილისასა გამოღებად.
103. პავლე იტყჳს, ვითარმედ: „სუფევდა სიკჳდილი ადამისითგან ვიდრე მოსჱსამდე“;
104. ესე არს – ვიდრე შჯულისა დადებადმდე.
105. და ჰრქუა იესუ: ნუღარამცა გაქჳს ნაყოფი უკუნისადმდე“.
106. ესე არს: ჩემდა მოსლვამდის გაქუნდა ნაყოფი სიკჳდილისაჲ.
107. აწ მოსრულ ვარ აღდგომაჲ და მოსლვისა ჩემისაგან ნუღარამცა გაქუს ნაყოფი უკუნისადმდე!
108. და მყის განჴმა ლეღჳ იგი.
109. და აღესრულა წერილი იგი: „დაითქა სიკჳდილი ძლევითა“.
110. სადა არს, სიკჳდილო, საწერტელი შენი?
111. სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?
112. რამეთუ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: ზამთარი იყოო, და ფურცელი იგი ესხა.
113. აწ დაღათუ მას ამსგავსებს, რამეთუ სავსე იყო სოფელი ესე ცოდვითა და სიზამთრჱ იგი ეშმაკისაჲ აქუნდა ყოველთა კაცთა უწინარჱს მშჳდობით მოსლვისა ქრისტჱსისა.
114. დიდსა საცთურსა ეშმაკისასა შინა იყო კაცი: კერპთ-მსახურებასა, კაცის-კლვასა, სიძვასა და ყ˜ლსა სიბოროტესა.
115. ხოლო ოდეს მოვიდა მშვიდობაჲ ჩუენი ქრისტჱ, ესე ყოველი განაქარვა და წარწყმიდა მანქანებაჲ იგი ეშმაკისაჲ, განაჴმო ლეღჳ იგი და დაჰნერგა ჯუარი, რომელსა სარწმუნოებაჲ ყუაოდა.
116. და ყოველთა ცხორებაჲ გამოუბრწყინდა, ჯუარი ქუეყანასა დაენერგა და რტონი მისნი ასწუდეს ზეცად.
117. და ფურცელი მისი – დაუცჳვნებელ, და ყუავილი მისი – დაუჭნობელ, და ნაყოფი მისი – უკუდავ!
118. და დავით იტყჳს: „იყოს იგი, ვითარცა ხჱ დანერგული თანა-წარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცეს ხილი მისი ჟამსა თჳსსა და ფურცელი მისი არა დასცჳვეს“.
119. ესე სახჱ იხილა წინაწარმეტყუელმან იერემია.
120. და ვითარ-იგი ჰურიათაგან დაშჯად იყო უფალი, და ჰურიათა წილ იტყოდა: „მოვედით და შეურიოთ ძელი პურსა მისსა დე შევმუსროთ იგი ქუეყანით ცხოველთაჲთ“.
121. ძელი იგი ჯუარი არს და პური იგი – ჴორცი ქრისტჱსი;
122. რამეთუ აღიღო პური უფალმან და თქუა: „მიიღეთ, ჭამეთ, რამეთუ ესე არს ჴორცი ჩემი“.
123. რამეთუ აჴდა ჯუარსა ზედა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და განიპყრნა ჴელნი და აერთა შინა მფრინვალენი სულნი მაცთურნი წარდევნნა და გზაჲ იგი განგჳმარჯუა ჩუენ ზეცად აღსლვისაჲ და განგჳმზადა კიბჱ ქუეყანით ცად – სარწმუნოებაჲ მისი, რომელთა ჰრწამს იგი.
124. აწ კუალად უსაკჳრველჱსი არს, ძმანო, თუ გესმეს: არს ხჱ იგი ჯუარისაჲ, რომელსა ვენაჴი ჭეშმარიტი გარდაეფინა;
125. რომელმანცა თქუა: „მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი“.
126. და იპოვა იგი ეშმაკისა მაოტებელ, ხოლო ჩუენ – ბაბილო და ცხორების მომატყუებელ და მფარველ და მაგრილობელ და განმაშოვრებელ ცოდვათა,
127. რამეთუ ჩრდილოსა მისსა დავჯდეთ, ვითარცა სოლომონ იტყჳს: „გულმან მითქუა, ჩრდილოსა მისსა დავჯედ, რამეთუ ტკბილ არს ჴორჴსა ჩემსა ნაყოფი მისი ამას ჩრდილოსა“.
128. ნეტარმანცა დავით ინება და თქუა: „საფარველსა ფრთეთა შენთასა ვესავ, ვიდრემდის წარჴდეს უშჯო“.
129. ეჰა საკჳრველი საქმჱ და საიდუმლოჲ!
130. ახალი წყაროჲ იგი უკუდავი ქრისტჱ ჯუარსა ზედა ეკიდა და ჯუარი იგი მისგან ირწყვოდა, რამეთუ ოდეს განეღო ლახურითა გუერდი მისი, გამოჴდა სისხლი და წყალი.
131. სისხლმან მან ძოწეულ ქმნა ჯუარი იგი და წყლითა მით რწყვიდა, რაჲთა უკუდავი იგი ნაყოფი მორწმუნეთა მიანიჭოს.
132. ჯუარისაგან ეშმაკი დაითრგუნა და მსახურნი მისნი სირცხჳლეულ იქმნეს.
133. ქრისტესა მეუფესა, რომელმან აღჰმართა სასწაული და მისცა განსარინებელად პირსა მშჳლდისასა ძეთა კაცთა, ანგელოზნი უგალობენ, ძალნი ცათანი აკურთხევენ, მოციქულნი ქადაგებენ, მახარებელნი ახარებენ, ეკლესიაჲ განათლდების.
134. და მისი არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.