მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. თ˜ა იანვარსა ი~ზ
2. ჴსენებაჲ წმიდისა ანტონისი და ესე საკითხავნი ამსახურნე
3. [კეთილსა] ბაძვასა მისწუ[დებოდეთ] მათთჳს, რომელნი-იგი ეგჳპტეს მონაზონებდეს ცხორებისთჳს, გინა თუ წარჰმატებდით ამათ, გამოირჩევდით ბრწყინვალებისა თქუენისა მარხვასა,
4. რამეთუ რომელნი თქუენ შორის არიან მონასტერნი და სახელი მონაზონთაჲ, ეწოდების, ესე გონებაჲ სამართლად ვინმე აქის, და ლოცვანიცა ჩუენნი ღმერთმან სრულ ყვნეს.
5. რამეთუ გამოიკითხავთ ჩემგან ცხორებისათჳს ნეტრეულისა ანტონისა, სწავლის გინებს, ვითარ-იგი იწყო მარხვად, ანუ ვითარ იყო ამისა წინა, ანუ რომელი აქუნდა ცხორებისათჳს აღსასრული.
6. და თუ ჭეშმარიტ არს მისთჳს თქუმული ესე, რაჲთა მისსა მას ცხორებასა მობაძავ იყვნეთ.
7. მე დიდითა გულს-მოდგინებითა შევიწყნარე თქუენ მიერი ბრძანებაჲ, ჩემდაცა დიდ შესაძინელ და სარგებელ არს ანტონისი მოჴსენებაჲ.
8. უწ[ყი, რამეთუ] თქუენცა გესმეს და გიკჳრდეს ამის კაცისაჲ, ინებეთ თქუნცა მიბაძვაჲ მისსა მას გონებასა, რამეთუ არს მონაზონთაჲ დიდ ხატ მარხვისათჳს ანტონისი ცხორებაჲ.
9. რომელთა-ეგე გესმა მისთჳს მთხრობელთაგან, ნუ ურწმუნო იქმნებით, ეგრე შეჰრაცხეთ, რეცა თუ ზოგი რაჲმე გესმა და არა ყოველი, რამეთუ მათცა ესე არა ყოველი გამოთქუეს.
10. რამეთუ მეცა მეიძულა თქუენგან, რავდენიცა წიგნითა გაუწყო, მცირედ რაჲმე მისი მოვიჴსენო და გაუწყო.
11. ხოლო თქუენ ნუ დასცხრებით კითხვად მათგან, რომელნი ამიერ მივლენ ნავითა, და თუ თითოეულნი გითხრობდენ სწორად, ვითარცა იციან, ძნიად მისწუდენ მისსა მას გამოთქუმასა.
12. მინდა მეცა, რაჟამს მოვიღე თქუენი წიგნი, მოყვანებად აქა მონაზონთა, უფროჲსღა მათი, რომელთა წუსწუთ ჩუეულებაჲ აქუნდა შემთხუევად მისა, რაჲთამცა უფროჲს რაჲმე გამოვიკითხე მათგან და სრულად თქუენდა მივწერე.
13. რამეთუ ჟამი ნავის სლვისაჲ დაეჴსვოდა, და წიგნის მიმღებელი იწრაფდა, ამისთჳს რომელი-ესე მე ვიცი, რამეთუ მრავალგზის იგი მეხილვა, და გამოვიკითხე მათგანცა,
14. რომელი-იგი შეუდგეს მას მცირედ ჟამ, რომელნი ჰმსახურებდეს მას, მიწერად სიწმიდისა თქუენისა ვიწრაფე, ყოვლადვე ჭეშმარიტებისათჳს ვიღუაწე, რაჲთა არავინ გარდარეულად შეჰრაცხოს და ურწმუნო იქმნეს და მერმე, რაჲთა არა ნა/ლულევანად გამოიკითხოს და შეურაცხ-ყოს კაცი იგი.
15. ანტონი ნათესავი იყო ეგჳპტელი, შვილი აზნაურთაჲ, მდიდართაჲ ფრიად, და ქრისტიანე იყვნეს.
16. ქრისტიანედ იზარდებოდა იგიცა და ყრმა იპოხებოდა მამა-დედათა მისთა თანა, თჳნიერ მათსა და სახლისაჲ არარაჲ იცოდა.
17. რამეთუ აღორძნდა და იქმნა ჭაბუკ და წარემატებოდა ჰასაკითა და წიგნის სწავლითა, არა თავს-იდვა, უნდა, რაჲთა თავისუფალ იყოს სიმღერისაგანცა ყრმათაჲსა.
18. ხოლო გულს-მოდგინებაჲ ყოველი აქუნდა მსგავსად წერილისა: ვითარცა წრფელი დამკჳდრებულ სახლსა შინა თჳსსა.
19. და შევიდის მარადის მამა-დედათა თჳსთა თანა კჳრიაკესა ეკლესიად.
20. არცა ვითარცა ყრმაჲ მცონარ იყო, არცაღა ვითარცა ჭაბუკი მზუავ, არამედ მამა-დედათაცა დამორჩილებულ და საკითხავთაცა გულს-მოდგინე და სარგებელად თავისა თჳსისა დამმარხველ:
21. არღაცა ვითარცა ყრმაჲ ენუკევნ და აწყინებნ მამა-დედათა ფერად-ფერად და მრავლად ჭამადისათჳს, არცაღა ამისთჳს გული უთქუამნ, გარნა რომელი-იგი ეპოვის, კმა-ეყვის და მეტსა არას ეძიებნ.
22. შემდგომად სიკუდილისა მამა-დედათაჲსა იგი ხოლო მარტოჲ დაშთა უმრწამჱსისა თანა ერთისა დისა.
23. და იყო ათრვამეტის წლის, და ვითარ ოცის წლის იქმნა, სახლისათჳს და დისათჳს იღჳწიდა.
24. და ვითარ აღესრულნეს ექუსნი თთუენი სიკუდილისა შემდგომად მამა-დედათაჲსა, ვითარცა ჩუეულებაჲ აქუნდა, შევიდა იგი ეკლესიად კჳრიაკესა დღესა, და შეკრებულ იყო გონებაჲ მისი, განიზრახვიდა ყოველთათჳს,
25. ვითარ მოციქულთა ყოველივე დაუტევეს და შეუდგეს მაცხოვარსა, და მოიჴსენებდა წერილსა პრაქსისასა,
26. ვითარ-იგი განჰყიდდეს მონაგებსა თჳსსა და მოართუმიდეს და დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა განსაყოფელად მათთჳს, რომელთა-იგი საჴმარ-უჩნდა, ვითარ-მე ანუ რაბამ-მე ამათი სასოებაჲ ცათა შინა დამარხულ არს.
27. ვითარ ამას განიზრახვიდა, შევიდა ეკლესიად და მოემთხჳა მას წმიდისა სახარებისა საკითხავი, და ესმა უფლისაგან, ვითარ-იგი ეტყოდა მდიდარსა მას:
28. უკუეთუ გინებს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე ყოველი მონაგები შენი და განუყავ გლახაკთა და მოვედ და შემომიდეგ მე და მოიპო საფასჱ ცათა შინა.
29. ანტონის ვითარცა ღმრთით აქუნდა წმიდათა ჴსენებაჲ, და რეცა თუ მისთჳს იყო საკითხავი იგი, გამოვიდა ეკლესიაჲთ, რამეთუ აქუნდა მას მამა-დედათაჲ ფრიად მონაგები და აგარაკები სამას ნაყოფიერნი და ფრიად კეთილნი.
30. ესე ყოველი მიჰმადლა მდაბორთა, რაჲთა არღავინ აურვებდეს მას და დასა, ხოლო სხუაჲ იგი, რაჲ იყო მათი ჭურჭელი, განყიდა ყოველივე და შეკრიბა საფასჱ დიდი და განუყო გლახაკთა და დაჰმარხა მისგანი მცირედ დისა თჳსისათჳს.
31. და მერმე შევიდა კჳრიაკესა ეკლესიად, ესმა წმიდისა სახარებისაგან, ვითარ-იგი უფალმან თქუა: ნუ ზრუნავთ ხვალისა.
32. ვითარ არღარა თავს-იდვა მერმე დგომად, გამოვიდა და მისცა იგიცა გლახაკთა და დაჲ იგი თჳსი შეჰვედრა მეცნიერთა მორწმუნეთა ქალწულთა, რამეთუ მისცა იგი ქალწულებით განზრდად.
33. ხოლო იგი სახლსა შინა თჳსსა იქცეოდა.
34. მიერითგან მარხვით ეკრძალებოდა თავსა თჳსსა და მღჳძარებით იქცეოდა იგი.
35. არღა იყო ესრჱთ ეგჳპტეს სიმრავლჱ მონაზონთაჲ, არცაღა იცოდეს ყოვლად მონაზონთა შორი უდაბნოჲ, კაცად-კაცადსა, რომელსა უნდა თავისა თჳსისა კრძალვაჲ, არა თუ შორსა დაბასა თჳსსა განეყენის, არამედ მახლობელად ზინ და ილოცავნ.
36. რამეთუ იყო მას ჟამსა მახლობელად დაბასა ბერი სიყრმით თჳსითგან მარხველი.
37. ესე იხილა ანტონი და მიჰბაძვიდა კეთილსა.
38. პირველად იწყო მანცა დადგრომაჲ გარეშე დაბასა ადგილსა მას და მიერ თუ ვისმე მონაზონებაჲ ესმის, გამოვიდის და ეძიებნ მას, ვითარცა გონიერი ფუტკარი, და არა მიაქციის თჳსსა ადგილსა, ვიდრემდის არა იხილის და რეცა თუ საგზალი სათნოებისაჲ გზისა მისგან მიიღის.
39. მიერითგან მას ადგილსა იქცეოდა, გონებასა თჳსსა აჰწონდა, რაჲთამცა მამულსა თჳსსა არა მიაქცია, არცაღა ნათესავთა მოიჴსენებდა ყოვლადვე, სურვილი და წრაფაჲ აქუნდა მონაზონებისათჳს.
40. იქმოდა ჴელითა თჳსითა,– რამეთუ ესმინა, ვითარმედ: რომელი არა იქმოდის ჴელითა თჳსითა, ნუცაღა ჭამნ,– რომელსამე საჭმელად თავისა თჳსისა, რომელსამე გლახაკთა განსაყოფელად, და ილოცავნ მარადის იგი.
41. ესმინა, ვითარმედ თჳსაგან წეს-არს ლოცვაჲ.
42. ყოველსა ჟამსა ისმენნ იგი წიგნთა, სადა ყოველივე დაწერილი არა დავარდებოდა მისგან ქუეყანასა, არამედ დაისწავებდა ზეპირით, და მიერითგან ჴსენებაჲ იგი წიგნის სწორად აქუნდა.
43. და ესოდენ თავით თჳსით მარხვასა ჰყუარობდა უფროჲს ყოველთა ანტონი და იგი თავადი მოწრაფედღა მივიდის, უბიწოდ დაემორჩილის და თავით თჳსით თითოეულთაგან მოთმინებასა, წრაფასა მარხვასა ისწავებნ.
44. რომელთაგანმე მხიარულებასა, რომელთაგანმე ლოცვასა გონიერებით ხედავნ და სხუათა განურისხველობასა და რომელთაგანმე კაცთ-მოყუარებასა განიცდინ,
45. რომელთაგანმე ღამის თევასა განიცდინ და რომელთამე წიგნის კითხვასა ერჩინ და რომელთაგანმე მოთმინებასა და რომელთამე მარხვასა და ქუეყანასა წოლასა.
46. დაკჳრვებულ არნ რომელთათჳსმე სიმშჳდისათჳს და რომელთათჳსმე სულგრძელებისათჳს დაკჳრვებულ არნ, ყოველთა ერთობით ქრისტჱს მიმართ მსახურებასა და ურთიერთას სიყვარულსა მას მათსა ისწავებნ და ესრჱთ სავსემან მიაქციის თჳსსა მას სამკჳდრებელსა.
47. მიერითგან იგი თითოეულთაგან შეიკრებნ და თავისა თჳსისათჳს იწრაფინ და თავსა თჳსსა ყოვლადვე აჩუენებნ,
48. რამეთუ სწორთა თჳსთაცა მიმართ არა იყო მაცილობელ, გარნა ესე ხოლო, არა მეორედ მათა მიმართ უმჯობჱსად გამოჩნდეს, და ამას იქმნ, რაჲთა არავინ შეაწუხოს, არამედ მათცა ამისთჳს უხარინ.
49. ყოველნივე მდაბურნი და მეგობარნი და რომელთა მიმართ აქუნდა ჩუეულებაჲ, ესრჱთ ხედვედ და ხადიედ ღმრთის-მოყუარედ, რომელნიმე ვითარცა შვილსა და რომელნიმე ვითარცა ძმასა მოიკითხვენ.
50. ხოლო კეთილ-მოძულემან და მოშურნემან ეშმაკმან ვერ თავს-იდვა, ხედვიდა რაჲ ჭაბუკისა თანა ესოდენსა გულ-მოდგინებასა, არამედ რომელი მოიპოვა ყოფად, იწყო მისთჳს ბრძოლად.
51. პირველად გამოსცდიდა მას დაბრკოლებად მარხჳსათჳს, აურვებნ ჴსენებასა აგარაკთასა და დისათჳს ღუწოლასა, ნათესავთა თჳსობასა, ვეცხლის-მოყუარობასა, ზუაობასა, ჭამასა ფერად-ფერადსა გულის-თქუმად და სხუათაცა ქებათა ამის სოფლისათა და შემდგომად სიფიცხლისა მარხვისასა,
52. რამეთუ დიდ არს ესე შენდა შრომაჲ.
53. და ჴორცთა უძლურებასა მოაჴსენებნ და ჟამთა განგრძობასა და ყოვლადვე დიდად აღუდგინებდა მას მტერსა გულის-სიტყუათასა გონებასა მისსა, უნდა მისი გამოხეთქაჲ მართლ-გონებისაჲ.
54. ვითარცა იხილა მტერმან უძლურად თავი თჳსი გონებისაგან ანტონისისა და უფროჲსღა მისა მიმართ ბრძოლად მისისაგან სიმტკიცისა, გარე-მიაქცევნ სარწმუნოებითა და დასცემნ წუსწუთ ლოცვაჲ ანტონისი,
55. მაშინღა უპესა მუცლისა მისისასა და საჭურველსა თჳსსა ესავნ და იქადინ ამით, რამეთუ ესე არს პირველად ჭაბუკთა მიმართ ბრძოლაჲ.
56. გამოვიდა ჭაბუკისა მისთჳს, – ღამე აშფოთებნ, დღისი აურვებნ.
57. ყოველმან, რომელმან იხილი, ცნის ყოფილი იგი ორთაჲვე ბრძოლაჲ.
58. ოდესმე მოაჴსენებნ გულის-სიტყუათა მწინკულევანთა, ოდესმე ლოცვასა აბრკოლებნ და ოდესმე უგრგენნ, ოდესმე შიშსა ჰგონებნ, ხოლო იგი სარწმუნოებითა და მარხვითა მოიზღუდავნ თავსა თჳსსა.
59. ხოლო ეშმაკი იგი უბადოჲ არა განეშორებოდა და ვითარცა დედაკაცი გამოიხატებოდა ღამჱ და ყოველსავე ჰყოფდა, რაჲთამცა აცუთუნა ნეტარი ანტონი.
60. ხოლო მას ქრისტჱსა სუროდა და მისგან აზნაურებასა და მხიარულებასა სულისასა განიზრახავნ და ესრჱთ დაშრეტნ ნაკუერცხალსა მას მაცთურისასა.
61. მერმე მტერი მოაჴსენებნ შიშულად გულის-თქუმასა, ხოლო იგი განრისხებული და მწუხარჱ მიამსგავსებნ რისხვასა ცეცხლისასა და მატლისა შეჭამასა და ესრჱთ ღუაწლსა თავს-იდებნ და შეატყუებნ ამათ და გარე-წარჴდის უვნებელად.
62. და იყოფოდა ესე ყოველი სარცხჳნელად მტერისა, რამეთუ რომელი-იგი ჰგონებდა მიმსგავსებად ღმრთისა, ჭაბუკისა ერთისაგან მოიკიცხებოდა, და რომელი-იგი ჴორცსა და სისხლსა ექადინ, კაცისაგან ჴორციელისა დაეცემოდა,
63. რამეთუ შეეწეოდა მას უფალი, რომელმან ჴო/ცნი ჩუენთჳს შეისხნა და თავი თჳსი მისცა დასამჴუებელად ეშმაკისა, რამეთუ ესრჱთ რომელი იღუწიდეს, თქუას: არა თუ მე, არამედ მადლი იგი ქრისტჱსი, რომელ არს ჩემ თანა.
64. ამისა შემდგომად ვითარ ვერ შეუძლო ნეტარსა ანტონის არცა ამით დაცემად ვეშაპმან მან, არამედ ხედვიდა თავსა თჳსსა გამოგდებულად გონებისაგან მისისა, უღრჭენნ კბილთა, ვითარცა წერილ არს,
65. და ვითარცა განძებულმან, რომელ არს გონებაჲ, ესრჱთ ამისა შემდგომად უცნებით შავად ყრმად გამოჩნდა და რეცა თუ შეურდებინ, არღარა გულის-სიტყუათა აღჰსძრვიდა, რამეთუ განგდებულ იყო მზაკუვარი იგი.
66. მიერითგან კაცთა ჴმაჲ მოიპოვა და ეტყოდა: მრავალნი ვაცთუნენ და მრავალნი წარვწყმიდენ და იგი სხუათა, ეგრეცა შენ ზედა ვიწყე და შენითა შრომითა უძლურ ვიქმენ.
67. იწყო ანტონი კითხვად: ვინ ხარ შენ, რომელი იტყჳ ამას ჩემდა მომართ?
68. და მან მყის სარცხჳნელი ჴმაჲ აღუტევა: მე ვარ სიძვისა მეგობარი.
69. მე ამისთჳს ბრძოლაჲ და ამისთჳს გრგენაჲ ჭაბუკთა ზედა მოვაწიი და სულ სიძვის მეწოდების.
70. რავდენთა უნდა გონიერებად, ვაცთუნენ, რავდენთა ჭაბუკთა ვარწმუნე გრგენითა!
71. მე ვარ, რომლისათჳს წინაწარმეტყუელი აბრალებს დაცემულთა, რამეთუ ეტყჳს: სულითა სიძვისაჲთა შესცთეს;
72. ჩემ გამო იქმნეს იგინი დაცემულ.
73. მე ვარ, რომელი მრავალგზის გაურვებდ შენ და ეგოდენცა უძლურ ვიქმენ შენგან.
74. ხოლო ანტონი ჰმადლობდა უფალსა და უშიშ იქმნა მისთჳს და ჰრქუა მას: ფრიად შეურაცხ ვიდრემე ხარ და შავცა ხარ გონებითა და ვითარცა ყრმაჲ უსუსურ ვიდრემე ხარ.
75. და აწ არცაღა ერთი რაჲ არს ზრუნვაჲ შენთჳს, უფალი არს მწე ჩემდა და მე ვიხილო მტერთა ჩემთაჲ.
76. და ვითარცა ესმა ესე შავსა მას, მყის ივლტოდა მისგან, რამეთუ შეურაცხ-ყო იგი სიტყჳთა და შეშინდა მერმეცა მიახლებად მისა.
77. ესე პირველი სიმჴნჱ იყო ანტონისი ეშმაკისა მიმართ, უფროჲსღა მაცხოვრისაჲ, რომელმან ცოდვა დასაჯა ჴორცითა, რაჲთა სიმართლჱ შჯულისაჲ აღესრულოს ჩუენ შორის, რომელნი არა ჴორციელად ვლენან, არამედ სულიერად.
78. არცაღა ანტონი შევრდომასა მას ეშმაკისასა უდებ იქმნა, არცაღა შეურაცხ-ყო იგი, არცაღა მტერი, რეცა თუ დაცემული, დასცხრა მბრძოლად მისა მიმართ.
79. მიმოვიდოდა მერმე, ვითარცა ლომი, ეძიებდა რასმე მიზეზსა მისთჳს.
80. ხოლო ანტონის ესმინა წიგნთაგან, ვითარმედ დიდ არიან მანქანებანი მტერისანი, ფიცხლად მოიპო მარხვაჲ, განიზრახა და თქუა: და ღათუ ვერ შეუძლო გულის-თქუმითა ჴორცთაჲთა ცთუნებად, გამომცადოს მე სხჳთა მტერობითა ზაკუვისაჲთა,
81. რამეთუ არს ცოდვის-მოყუარჱ ეშმაკი, უფროჲსღა და უმეტჱს დააბრკოლებდა ჴორცთა და დაიმონებდა, ნუუკუე სხჳთ ვსძლე და სხჳთ მაცთუნოს.
82. განიზრახა უფიცხლჱსსა მარხვასა თავისა თჳსისასა შეჩუევად, და მრავალთა ჰკჳრნ, ხოლო იგი ძნიად შრომათა თავს-იდებდა, რამეთუ გულს-მოდგინებაჲ სულისაჲ მრავალ ჟამ დაადგრა მას.
83. კეთილისა საქმჱ მოიპოვა თავისა თჳსისა და მცირედცა მიზეზი მოიპოვა მამათაჲ და მრავალი წრაფაჲ ამისთჳს აჩუენა, რამეთუ ღამეთა ათევდა, მრავალგზის ღამე ყოველ დგან უძილად.
84. და ესე არა თუ ერთგზის, არამედ მრავალგზის ყვის და ჰკჳრნ ესე ყოველთა.
85. ჭამის მან ერთგზის დღესა შინა და სლვასა ოდენ მზისასა, ოდესმე მეორესა და ოდესმე მეოთხესა მიიღის საზრდელი.
86. და იყო მისა საზრდელად პური და მარილი, სასუმელად მისა წყალი, ხოლო ჴორცისა და ღჳნისაჲ არცაღა შეჰგავს სიტყუად, არცაღა სხუათა მოწაფეთა თანა იპოვების ეგევითარი.
87. ხოლო სარეცელად მისა იყო ფსიადი, და უფროჲსღა ქუეყანასა ზედა წევნ, ხოლო ცხებად ზეთისა არა თავს-იდვა, იტყჳნ: უფროჲსღა წეს-არს ჭაბუკთა გულს-მოდგინედ მარხვაჲ და არა მორჩილებად მცონარებასა ჴორცთასა, არამედ შეჩუევად შრომათა.
88. და იჴსენებნ მოციქულისა სიტყუასა: რაჟამს უძლურ ვიქმნი, მაშინღა განვძლიერდი.
89. მაშინ იტყჳნ განძლიერებასა სულისასა და გონებისასა, რაჟამს უძლურ არიედ გულის-თქუმანი ჴორცთანი.
90. და იყო მის თანა საკჳრველ ნანდჳლვე გულის-ზრახვაჲ, რამეთუ არა შეჰრაცხნ ჟამთა მრავლად სათნოებისა გზისა და არცა მისგან განყენებასა, არამედ სურვილსა და წადიერებასა.
91. ხოლო მან არასადა მოიჴსენნის წარსულნი ჟამნი, არამედ დღითი-დღედ რეცა თუ მაშინღა იწყებნ მარხვასა, უფროჲსღა სურვილი აქუნდა წარსამატებელად.
92. მოაჴსენებნ თავსა თჳსსა მოციქულისა სიტყუასა წუსწუთ, რამეთუ: უკუანასა მას დავივიწყებდე და წინა უკუნსა მას განმარტებულ ვიყო.
93. მოიჴსენებნ იგი ჴმასა მას წინაწარმეტყუელისა ელიაჲსსა, ვითარ-იგი თქუა: ცხოველ არს უფალი, რომლისა წინა მე ვდგა დღეს.
94. რამეთუ დაისწავებდა, ამისთჳსცა „დღეს“ თქჳს და არად შეჰრაცხნ წარსრულთა ჟამთა, არამედ რეცა თუ მარადის პირველსა მას შეურაცხ-ჰყოფნ და დღითი-დღედ იწრაფინ და თავსა თჳსსა ღმრთისა წარადგინებნ ესრჱთ,
95. რომლისა წეს-არს წარდგინებად ღმრთისა წმიდითა გულითა განმზადებულად სმენად ზრახვათა მისთა, და ნურარაჲ სხუაჲ.
96. იტყჳნ თავით თჳსით: უღირს მონაზონსა ესე ცხორებაჲ დიდისა ელიაჲსი სწავლად, ვითარცა სარკესა თავსა თჳსსა, მარადის.
97. ესრჱთ შეიმტკიცა თავი თჳსი და წარვიდა იგი შორად დაბისაგან, სადაცა იყო სამარეები, და ამცნო ერთსა მას მეგობარსა თჳსსა მრავლისა დღისა შემდგომად მირთუმად მისა პური.
98. და იგი შევიდა სამარესა ერთსა და დაჰჴსა კარი სამარისაჲ მის წინაშე მისსა და იყოფოდა მარტოჲ შინაგან.
99. ვითარ ვერ თავს-იდვა მტერმან, არამედ იურვოდაცა, ნუუკუე განმრავლდენ უდაბნოსაცა მონასტერნი, გამოვიდა ღამესა ერთსა მრავლითა ეშმაკებითა და ესოდენ გუემეს ცემითა ნეტარი ანტონი,
100. რამეთუ უტყუად იდვა ქუეყანასა გუემისა მისგან და დაამტკიცებდა ესრჱთ, ვითარმედ ესოდენ დიდ იყო ცემაჲ იგი მათი.
101. და იტყჳნ, ვითარმედ: კაცნიცა ვერ შემძლებელ არიან ეგოდენ ცემასა და გუემასა ყოფად ღმრთისა ნებითა, რამეთუ არასადა უგულებელს-ყვნის მოსავნი თჳსნი.
102. ხვალისა დღე მეგობარი იგი მისი მივიდოდა და მიაქუნდა პური.
103. ვითარ განაღო კარი, იხილა იგი ქუეყანასა ზედა მდებარჱ, ვითარცა მკუდარი.
104. აღიკიდა და წარიღო დაბად და შეიღო იგი ეკლესიად და დადვა ქუეყანასა.
105. მრავალნი ნათესავნი და მდაბურნი გარე მოასხდეს, ვითარცა მკუდარსა, ანტონის.
106. შოვა ღამეს ოდენ, ვითარ გონებასა თჳსსა მოეგო ანტონი, აღდგა.
107. ვითარ იხილნა ყოველნი თანა-მსხდომარენი მძინარედ, გარნა მეგობარი იგი ხოლო მისი მღჳძარე იყო, თუალ-უყვნა მისლვად მისა, ევედრებოდა მას აღკიდებად და მიღებად სამარედვე და არავისა განღჳძებად.
108. წარიღო კაცმან მან მუნვე სამარედ, ვითარცა ჩუეულ იყო იგი, დაჰჴშა კარი და შინა იყოფოდა მარტოჲ, მიერითგან დგომად ვერ შეუძლო წყლულებათა მათგან ეშმაკთაჲსა,
109. მწოლარჱ ილოცავნ და ლოცვისა შემდგომად იტყჳნ დიდითა ჴმითა: აქა ვარ მე, ანტონი, არა ვივლტი მე გუემისაგან თქუენისა.
110. და ღათუ უფროჲსი მოაწიოთ ჩემ ზედა,.
111. ვერვინ შემიძლოს მე განყენებად სიყუარულსა ქრისტჱსსა.
112. მერმე გალობნ: აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა, რამეთუ მმარხველი იგი იქმნ და იტყჳნ ამას.
113. ხოლო კეთილის მოძულესა მტერსა ჰკჳრნ, რამეთუ წყლულისა შემდგომად მერმეცა უშიშად დგან.
114. მოუწოდა თჳსთა ძაღლთა და მრისხანებით ეტყოდა მას: იხილეთ, რამეთუ არცა სულითა სიძვისაჲთა, არცა წყლულებითა დავაცხრვეთ ესე, არამედ განრისხებულ არს ჩუენთჳს.
115. მიუჴდეთ მას სხჳთა სახითა.
116. რამეთუ ადვილ არს ეშმაკისა სიბოროტისათჳს მიმსგავსებაჲ.
117. მაშინ ღა უცნებასა რასმე ესევითარსა ჰყოფდეს, რეცა თუ ყოველსა მას ადგილსა შესძრვიდეს, ხოლო სახლისა მის ოთხნივე ზღუდენი რეცა თუ განხეთქნეს ეშმაკთა მათ, ჰგონებდეს რეცა თუ მიერ შესლვად.
118. და მიემსგავსებოდეს მჴეცთა ქუეწარმავალთა უცნებით.
119. და იყო ადგილი იგი მყის სავსჱ უცნებითა, ლომებითა და დათჳებითა, კუროებითა, გუელებითა, ასპიტებითა, ღრიაკლებითა, მგელებითა,
120. და თითოეულნი ზედა-მიუვიდოდეს მას თჳსითა ხატითა: ლომი იბრდღუენნ და ზედა-მიუვალნ, კუროჲ აღირებნ რქითა თჳსითა, გუელი ზედა-მიუვალნ და ვერ მისწუდებინ, მგელი ზედა-მიჰმართებნ და დაბრკოლდის.
121. და ყოვლადვე ფიცხელ იყვნეს ყოველნი უცნებანი ეშმაკისანი ერთბამად, რისხვანი, ჴმანი და ძგერანი.
122. ხოლო ნეტარი ანტონი იგუემებოდა და დაიწერტებოდა მათგან და სცნობდა უფიცხლჱსსა სალმობასა ჴორცთასა.
123. შეუძრველითა სულითა უფროჲსღა მღჳძარედ დგა, კუნესინ იგი სალმობათათჳს ჴორცთაჲსა, ხოლო ფრთხილ არნ გონებითა და რეცა თუ ბასრობით ეტყოდა მათ:
124. უკუეთუმცა ძლიერებაჲ რაჲმე იყო თქუენ შორის, კმამცა-იყო ერთი თქუენგანი მოსლვად, რამეთუ დაგცნა თქუენ უფალმან, ამისთჳს მრავლითა გამომცდით მე, მაშინებთ, საცნაურად უძლურებისა თქუენისა მიმსგავსებულ ხართ პირუტყუთა.
125. უშიშად მერმე ეტყჳნ: უკუეთუ შემძლებელ ხართ და ჴელმწიფებაჲ მოგიღებიეს ჩემთჳს, ნუ სდგათ, არამედ მომიჴედით.
126. უკუეთუ ვერ შემძლებელ ხართ, რად ცუდად შფოთებთ?
127. რამეთუ ბეჭედ ჩუენდა და ზღუდე კრძალულების უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს სარწმუნოებაჲ არს.
128. მრავალი მის ზედა იწყეს და უღრჭენდეს კბილითა მათითა, უფროჲსღა აუცნებდეს იგინი თავსა თჳსსა და არა თუ მას.
129. ხოლო უფალმან არცაღა ესრჱთ დაივიწყა სიმჴნჱ იგი ნეტარისა ანტონისი, არამედ შემწე ექმნა მას: აღიხილნა თუალნი თჳსნი ზე და იხილა სართული რეცა განღებული და ბრწყინვალებაჲ ღმრთეებისაჲ ნათლად გარდამომავალი მისა.
130. და მყის ეშმაკნი იგი უჩინო იქმნეს და სალმობანი ჴორცთა მისთანი დასცხრეს, და სახლი იგი იპოვა ყოვლად ცოცხალი.
131. ხოლო ანტონი ვითარცა ცნა შეწევნაჲ იგი ღმრთისაჲ, უფროჲსღა სულთ-ითქუნა და აღმცირდა იგი სალმობათაგან.
132. ევედრებოდა მას, რომელი-იგი გამოუჩნდა მას ნათელი, და ჰრქუა: სადა ხარ, რად არა პირველადვე გამოშჩნდი, რაჲთამცა სალმობანი ჩემნი დააცხრვენ?
133. და ჴმაჲ იყო მისა და თქუა: აქა ვიყავ, ანტონი, არამედ მოველოდე ხილვად შენსა სიმჴნესა, რამეთუ დაუთმე და არა შეშინდი.
134. გექმნე შენ მარადის შემწე და გყო შენ სახელოვან ყოველსა ადგილსა.
135. ვითარ ესე ესმა, აღდგა და ილოცვიდა და ესოდენ განძლიერდა, ცნობად იგი, რამეთუ უფროჲსღა ძალი აქუნდა ჴორცთა თჳსთა, უფროჲს მისსა, რომელი-იგი პირველად აქუნდა.
136. რამეთუ იყო იგი ათხუთმეტის წლის.
137. ხვალისა დღჱ გამოვიდა და უფროჲსღა გულს-მოდგინე იყო იგი ღმრთის-მსახურებასა.
138. და ვითარ მივიდა იგი ბერისა მის პირველისა, ევედრებოდა მას განსლვად უდაბნოდ და დამკჳდრებად მის თანა.
139. ხოლო მან ვითარცა არა ინება სიბერისაგან, და რამეთუ არღა იყო ესევითარი ჩუეულებაჲ, მყის წარემართა იგი მთად.
140. მერმე ვითარცა იხილა მტერმან სწრაფაჲ იგი მისი, და უნდა დაბრკოლებაჲ მისი, დაუდგა მას გზასა ზედა ლანკლაჲ დიდი ვერცხლისაჲ უცნებით.
141. ხოლო ანტონი გულისხმა-ყო კეთილის-მოძულისაჲ მის მანქანებაჲ, დადგა, ლანკლასა მას ჰხედვიდა და მას ზედა ეშმაკსა ამხილებდა და ეტყოდადა : ვინაჲ უდაბნოსა ზედა ლანკლაჲ?
142. არცა არს ესე გზაჲ მავალთაჲ, არცა არს კუალი კაცისაჲ ვისიმე აქა, და თუმცა ვის დაჰვარდა, ვერმცა დაავიწყდა სიმწჳსითა, და რომელმან წარწყმიდა ესე, მო-მცა-იქცა, ეძიებდა და პოვა, რამეთუ უდაბნო არს ადგილი ესე.
143. ესე უცნებაჲ ეშმაკისაჲ არს.
144. ვერ დააბრკოლო გულს-მოდგინებაჲ ჩემი, ეშმაკო.
145. ესე ვითარ ანტონი წართქუა, მოაკლდა ვითარცა კუამლსა და ვითარცა ცჳლსა წინაშე ცეცხლსა.
146. მერმე კუალად არა უცნებით, არამედ ჭეშმარიტად ოქროჲ გზასა ზედა იხილა მიმავალმან, გინა მტერისა ჩუენებითა, გინა თუ უმჯობჱსითა ძალითა გამოსაცდელად სიმჴნისა მისისა, საჩუენებელად ეშმაკისა,
147. რაჲთა ცნას, რამეთუ არცა ჭეშმარიტად იღუწის საფასისათჳს, რომელ არცა მან გჳთხრა, არცაღა ჩუენ ვცანთ, რამეთუ ოქროჲ იყო, რომელი -იგი იხილა.
148. ხოლო ანტონის სიმრავლჱ იგი დაუკჳრდა და ვითარცა ცეცხლსა გარე-წარჰჴდა და ესოდენ სწრაფით წარვიდა, არცაღა გარე-უკუმოისტუანა, არამედ სრბით, სწრაფით ესოდენ, რაჲთამცა დაეფარა და დაივიწყა ადგილი იგი.
149. უფროჲს და უმეტჱს ხოლო განემარტა გულს-მოდგინედ და წარემართა იგი მთად და პოვა ნაბაკევი ოჴერი მრავლით ჟამით, სავსჱ ქუეწარმავალითა.
150. მიერ მდინარესა მუნ წიაღ-ჴდა იგი და დაემკჳდრა მუნ.
151. ხოლო ქუეწარმავალნი იგი, რეცა თუ დევნეულნი, მყის წარვიდეს.
152. ხოლო მან გზაჲ იგი დაყო და პური ექუსისა თთჳსაჲ შინაგან დაიდვა.
153. რამეთუ ესრჱთ ყვიან თებაიდას, მრავალ გზის დაადგრიანცა წელიწად ერთ უვნებელად.
154. რამეთუ აქუნდა მას წყალი შინაგან, და ვითარცა მეყურწუმეთა შორისღა შთაჴდიან, ეგრე-სახედ მონასტერსა დაადგრა მარტოჲ მუნ შინაგან.
155. არცაღა იგი გამოვიდის, არცაღა მიმავალი იხილის.
156. ხოლო იგი მრავალ ჟამ დადგრომილ იყო ესრჱთ მარხვითა და წლითი-წლად ორგზის ერდოჲთ მიიღის პური.
157. ხოლო რომელნი-იგი მივიდოდეს მისა მეცნიერნი, არა შეუტევნის იგინი შინაგან.
158. მრავალგზის გარეშე დაადგრიან დღჱ და ღამჱ, და ესმინ მათ ჴმაჲ ერისაჲ შინა გამო, შფოთი და უცნებაჲ და ვალალებაჲ უშუერი და მეტყუელნი: განგუეშორე ჩუენგან, რაჲ არს შენი უდაბნოს?
159. ვერ თავს-იდვა ჩუენი მტერობაჲ.
160. პირველად ჰგონებდეს, ვითარმედ არიან ვინმე მის თანა კაცნი მლალველნი და კიბითა შთასრულ არიან მისა.
161. ესრჱთ ჰგონებდეს ვისმე გარეშე მყოფნი იგი.
162. ვითარ სარკუმლით შთაჰხედეს, არავინ იხილეს, მაშინ განიზრახეს და თქუეს მათ: ესე ეშმაკნი არიან.
163. შეშინდეს იგინი და ანტონის უჴმობდეს;
164. ხოლო ანტონი უფროჲსღა ამათი ისმინა და მოვიდა მახლობელად კართა მათ, ნუგეშინის-სცემდა კაცთა მათ და ეტყოდა;
165. წარვედით და ნუ შეშინდებით!
166. რამეთუ ესრჱთ უთხრობდა, ვითარმედ უცნებასა ჰყოფედ ეშმაკნი მოშიშთათჳს, ხოლო თქუენ დაიბეჭდენთ თავნი თჳსნი და წარვედით უშიშად და ესენი აცადენით უცნებად თავთა თჳსთა!
167. ხოლო იგინი წარვიდეს მოზღუდვილნი სასწაულითა ჯუარისა უფლისაჲთა;
168. ხოლო ნეტარი ანტონი დგა და არაჲ ევნებოდა მათგან, არცა დაშურებინ ღუწოლასა, რამეთუ შეძინებაჲ იგი, რომელ იყოფოდა მისი, ფრიად მხედვარად და მტერთა გარე-მიმქცეველ იყოფოდა, და უფროჲსღა გულს-მოდგინედ განემზადებინ.
169. რამეთუ წუსწუთ მოვიდიან მისა მეცნიერნი მისნი და ჰგონებედ, ვითარმედ პოვონ იგი მკუდარი და ესმინ მისი გალობაჲ: აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, ივლტოდეთ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან.
170. ვითარცა მოაკლდის კუამლსა, მოაკლდედ, და ვითარცა დადნის ცჳლი წინაშე ცეცხლსა, ეგრჱთ წარწყმდედ ცოდვილნი პირისაგან ღ˜ჲსა, და მერმე: ყოველი თესლები გარე-მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.
171. ოცი წელი აღასრულა ესრჱთ, არცა გამოვიდის და არცა იხილის ვინ წუსწუთ.
172. ამისა შემდგომად მრავალთა ენება და მრავალთა უნდა მიბაძვაჲ მარხვისა მისისაჲ და მრავალნი მეცნიერნიცა მოვიდეს და კარი მისი დაარღჳიეს და ევედრებოდეს მას.
173. და გამოვიდა ნეტარი ანტონი რეცა თუ უძლური სწავლად მათა და ღმრთით შემოსილი.
174. მაშინ პირველად ნაბაკევისა მისგან ეჩუენა, რომელნი მისრულ იყვნეს მისა.
175. ხოლო მათ ვითარცა იხილეს, დაჰკჳრდა, ჰხედვიდეს რაჲ, ვითარ-იგი ჴორცნი მისნი პირველებრ ეგნეს, არცაღა დამჭნარ იყო, ვითარცა გამოუცდელისაჲ, არცაღა მჭლე მარხვითა და ბრძოლითა ეშმაკისაჲთა.
176. ეგრე იყო, ვითარცა პირველად განსლვადმდე იცოდეს იგი და სულისა მისისაჲ კუალად ჩუეულებაჲ წმიდაჲ: არცაღა კაცთაგან შეურვებულ არნ, არცაღა გულის-თქუმათაგან განბნეულ, არცაღა ღიმილისაგან გინა მღჳძარებისაგან შეპყრობილ,
177. არცაღა რაჟამს იხილის ერი, შეშფოთნის, არცა ამბორის-მყოფელთაგან განლაღნის, არამედ ყოვლადვე სწორ ექმნის მათ და რეცა თუ სიტყჳთა ხოლო წინამძღუარ არნ და ბუნებასავე ზედა ჰგიენ.
178. მრავალნი ვნებულნი, რომელნი მოსრულ იყვნეს უძლურებით, განკურნნა იგინი უფალმან მისგან და რომელნიმე ეშმაკთაგან განწმიდნეს.
179. ხოლო უფალმან მადლი მოსცა სიტყუასა ანტონისსა და მრავალთა მწუხარეთა ნუგეშინის-სცემნ და მრავალთა ლალულთა დააგებნ სიყუარულით, ყოველთა ეტყჳნ: ნურარას ამის სოფლისასა უფროჲს შეჰრაცხთ სიყუარულისათჳს უფლისა.
180. იტყჳნ და მოიჴსენებნ მერმეთა მათ კეთილთა და ჩუენთჳს ყოფილსა მას სიყუარულსა ღმრთისასა, ვითარ-იგი არა ჰრიდა თჳსსა მას ძესა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, არწმუნებდა მრავალთა დამკჳდრებად უდაბნოს.
181. და ესრჱთ მიერითგან იყვნეს მთათა ზედა მონასტერები და უდაბნოჲ იქმნა ქალაქ მონაზონთაგან.
182. განვიდოდეს იგინი თჳსთაგან და აღეწერებოდეს ცათა შინა მოქალაქედ.
183. საჴმარცა რაჲმე იყო განსლვაჲ მისი არსენოტით კერძო მდინარისა ხილვად, და სავსე იყო მდინარჱ იგი ხჳთქებითა.
184. და, ვითარ ილოცა, აჴდა იგიცა და ყოველნი, რომელნი იყვნეს მის თანა, და განვლეს უვნებელად.
185. ვითარ მოაქცია მან თჳსსავე მონასტერსა, აქუნდა ბრწყინვალებაჲ და სიმჴნედ შრომაჲ და ეტყჳნ მათ წუსწუთ, რომელთამე მონაზონთა გულს-მოდგინედ აღაორძინებნ და რომელთამე უმრავლჱსთა სურვილსა მარხვისასა მოაჴსენებნ და ესრჱთ მწრაფლ სიტყჳთა შეიპყრობნ.
186. და განმრავლდებიედ მონასტერნი და ყოველთა მათ, ვითარცა მამაჲ, წინა-უძღოდა.
187. სხუაჲცა მრავალი ესევითარი ერთბამად და ერთგულად თქუეს მისთჳს მრავალთა მონაზონთა.
188. არა თუ ესე საკჳრველ არს ესოდენ, რავდენ სხუაჲ უსაკჳრველჱსად ჩას.
189. ვითარ პურსა ჭამდა, აღდგა და ილოცვიდა ცხრაჲ ჟამს;
190. ცნა თავისა თჳსისაჲ, რამეთუ აღიტაცა გონებითა, და საკჳრველი მდგომარემან იხილა, თავისა თჳსისაგან რეცა თუ გარეშე ყოფილმან;
191. და ვითარცა ზე ჰაერსა წინა-უძღოდეს ვინმე, და იხილნა ვინმე მწარენი და ფიცხელნი ჰაერთა ზე, რომელთა უნდა დაბრკოლებაჲ მისი, რაჲთამცა ა გარე-წარჰჴდა მათ.
192. ხოლო რომელნი-იგი წინა-უძღოდეს, განრისხნეს.
193. ხოლო ესენი სიტყუასა მოჰჴდიდეს მას და ეტყოდეს: არა წეს-არს მაგისი თქუენ თანა, ვითარ უნდა მათ, სიტყჳსა ყოფაჲ შობითგან ანტონისი.
194. დააბრკოლნეს, რომელნი-იგი წინა-უძღოდეს და ჰრქუეს მათ, რამეთუ შობითგან უფალმან იესუ აჴოცნა ცოდვანი მაგისნი, ხოლო ვინაჲთგან მონაზონ იქმნა და აღუქა ღმერთსა, წეს-არს სიტყჳსა ყოფაჲ.
195. მაშინ შეასმენდეს და ვერას ამხილებდეს.
196. თავისუფალ იქმნა გზაჲ იგი მისი, და მყის იხილა თავი თჳსი მდგომარჱ, და იყო იგივე ანტონი.
197. მაშინ პურისა ჭამაჲ იგი დაივიწყა და დაადგრა იგი მას დღესა და ღამე ყოველ ტირილით და ლოცვით განათია, რამეთუ დაკჳრვებულ იყო, იხილა რაჲ იგი ხილვაჲ, რავდენ არს ჩუენი ბრძოლაჲ და რავდენითა შრომითა შემძლებელ ვინმე არს გარე-წარსლვად ჰაერთა.
198. და მოიჴსენა, რამეთუ ესე არს, რომელი-იგი თქუა მოციქულმან მთავრისათჳს ჴელმწიფებისა ჰაერთაჲსა.
199. ამით მტერსა აქუს ჴელმწიფებაჲ ბრძოლად და განცდად და დაბრკოლებად თანა-წარმავალთა ამისთჳს უფროჲს ამცნებს: აღიღეთ თქუენ საჭურველი ღმრთისაჲ.
200. რაჲთა შემძლებელ იქმნეთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, რაჲთა არა აქუნდეს სიტყუაჲ ჩუენთჳს ბოროტი მტერსა და დაჰრცხუენეს.
201. ხოლო ჩუენ ესე გუესმა და მოვიჴსენეთ მოციქულისა სიტყუაჲ: გინა ჴორცითა არა ვიცი, გინა თჳნიერ ჴორცთა არა ვიცი, ღმერთმან იცის.
202. რამეთუ პავლე ვიდრე სამად ცადმდე აღიტაცა, და ესმა მიუწდომელი სიტყუაჲ, და გარდამოჴდა.
203. ხოლო ანტონი ვიდრე ჰაერადმდე თავი თჳსი იხილა აღმავალი და ღუაწლი დიდი, ვიდრემდის თავისუფალ იქმნა.
204. ხოლო აქუნდა კუალად ესეცა მადლი: ვითარ ზინ იგი მარტოჲ მთასა, უკუეთუ ვინმე თავისასა ეძიებნ და განიზრახავნ, ესმა მას ღმრთისა მიერ ლოცვასა შინა გამოეცხადებოდა.
205. და იყო, ვითარცა წერილ არს, ღმრთით სწავლულ ნეტრეული იგი.
206. ამისა შემდგომად სიტყუაჲ იყო მისა მიმართ მათი, რომელნი-იგი შესრულ იყვნეს მისა წარყვანებისათჳს სულთაჲსა, ანუ რომელი ადგილი ამისა შემდგომად ყოფად არს მისი.
207. და იყო, ამისა შემდგომად ღამე ჴმაჲ იყო მისა ზეცით და ჰრქუა: ანტონი, აღდეგ, გამოვედ და იხილე!
208. აღდგა, გამოვიდა, იხილა, რამეთუ იცოდა, ვისა ჴმასა ერჩინ იგი.
209. და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზე და იხილა გრძელი, უშუერი და საშინელი მდგომარჱ, რომელი აღსწუდებოდა, ვიდრე ღრუბლადმდე, და აღმავალნი ვინმე, ვითარცა მფრინველნი, და მისნი ჴელნი განრთხმულნი;
210. და რომელნიმე დაბრკოლდებოდეს მისგან, რომელნიმე გარე-წარჰფრინვიდეს და გარე-წარჰვიდოდეს მიერითგან, უზრუნველად აღჰყვავდეს.
211. ესევითართა მათთჳს უღრჭენნ კბილთა გრძელი იგი, ხოლო დაცემულთა მათთჳს უხარინ.
212. და მყის ჴმაჲ იყო ანტონისა: გულისხმა-ჰყავა, რომელსა-ეგე ხედავ?
213. და ვითარ განეღო გონებაჲ მისი, გულისხმა-ყო, ვითარმედ სულთაჲ არს ესე გზაჲ, და მდგომარჱ იგი გრძელი მტერი არს, რომელსა შურს მორწმუნეთაჲ,
214. რამეთუ ბრალეულთა ჴელითა თჳსითა შეიპყრობნ და დააბრკოლებნ გარე-წარსლვად, ხოლო რომელნი-იგი არა ერჩიედ მას, და ვერცა შეუძლის შეპყრობად, არამედ გარე-წარჰჴდიან მას.
215. ესე ვითარ მერმე იხილა, და რეცა თუ მოიჴსენებნ, უფროჲსღა იმარხიდა და წარჰმართებდა პირველთა მათ დღითი-დღედ.
216. ესე არა თუ ნეფსით უთხრა მან, ვითარმედ დაყოვნა ლოცვასა შინა და თავით თჳსით დაკჳრვებულ იყო.
217. გამოჰკითხვიდეს მას, რომელნი-იგი მის თანა იყვნეს და აწყინებდეს.
218. იწყო სიტყუად, ვითარცა მამან ვერ შეუძლო დაფარვად შვილთა თჳსთა, არამედ უთხრა და თქუა, ვითარმედ გონებაჲ მისი არს წმიდაჲ.
219. ხოლო მათა მიმართ იყო თხრობაჲ ესე სარგებელად და სასწავლელად და მარხველთათჳს ნაყოფ კეთილ.
220. ხოლო შრომაჲ მრავალგზის ნუგეშინის-საცემელ ხილვისათჳს ვითარ-იგი გონებითაცა უბიწო იყო და სულითა მდაბალ, ესრჱთ იყო და კანონსა ეკლესიისასა უფროჲს გონებითა პატივ-სცემდა, და ყოველთა მღდელთაჲ უნდა პატივის-პყრობაჲ.
221. ეპისკოპოსთა და ხუცესთათჳს არა ეკდიმებოდა თავისა თჳსისა მოდრეკაჲ, და თუ ვინმე დიაკონი მისა მოვიდის, სიტყუასა აღსაშჱნებელსა უთხრობნ.
222. ხოლო ლოცვაჲ მას ყოფად სცის და არავე ეკდიმებინ, ისწავებნ იგიცა.
223. რამეთუ მრავალ-გზის ჰკითხავნ და ევედრებინ სმენად მათგან, რომელნი-იგი მისრულ არიედ მისა.
224. და აღიარებნ, ვითარმედ: სარგებელ მიყვის, უკუეთუ ვინმე საჴმარი სიტყუაჲ თქჳს.
225. და პირსაცა მისა მადლი აქუნდა დიდი, და უფროჲს ყოველთა აქუნდა ეგე მადლი მაცხოვრისაგან.
226. დაღათუ შორის მრავალთა მონაზონთა არნ და უნებნ ვისმე მისი ხილვაჲ, რომელთა-იგი წინაჲსწარ არა იციედ, და ვითარ მოვიდის, მყის სოხუათა მათ გარე-წარჰჴდის და მისა მირბინ, რამეთუ პირი მისი მიიზიდავნ მას.
227. არა თუ სიმაღლითა ჰასაკისაჲთა, არცა სივრცითა გუამისაჲთა უშუენიერჱს იყო სხუათა, არამედ ჩუეულებითაგან გებულებისაჲთა და სულითა სიწმიდისაჲთა.
228. რამეთუ შეუშფოთებელ იყო სულითა და შეუძრწუნებელად ჰქონდეს გარეშენიცა ცნობანი, და სიხარულითა მით სულისაჲთა მხიარულ იყო პირი მისი, და ჴორცთა განძრვითა საცნაურ იყო და გულისხმის-საყოფელ სულისა დაწყნარებითა.
229. ვითარცა წერილ არს: გულისა მხიარულისა პირი შუენინ, ხოლო მწუხარისაჲ– შეძრწუნებულ.
230. ესრჱთ იაკობმან იხილა ლაბან ბოროტისა ზრახვად და ჰრქუა ცოლსა თჳსსა: არა არს პირი მამისა თჳსისაჲ ვითარ გუშინ და ვითარ ძუღუან.
231. ესრჱთ სამოელმან იხილა დავითი, რამეთუ მხიარულ იყვნეს თუალნი მისნი, და კბილნი მისნი, ვითარცა სძჱ სპეტაკ.
232. ესრჱთცა ანტონი იცნობებოდა, არცაღა შე-სადა-ძრწუნდის, რამეთუ დაწყნარებულ იყო სული მისი, არცაღა მწუხარე სადა იყო, რამეთუ მხიარულ იყო გული მისი,
233. რამეთუ სარწმუნოებითა ფრიად საკჳრველ იყო და ღმრთის მსახურ: არცაღა მელეტიანოზთა განხეთქილთა ეზიარა სადამე, იცოდა მათი იგი პირველითგან სიბოტჱ და განდგომაჲ, არცაღა მანიქეველთა უღმრთოთა, არცა სხუათა მწვალებელთა ეტყოდა სადამე მიყურობით.
234. გარნა სწავლისათჳს ღმრთის მსახურებისა მოქცევად ეტყჳნ და ამცნებნ: მეგობრობაჲ ამათი და ზრახვაჲ სავნებელ და წარწყმედა სულისა.
235. ესრევე სახედ არიანოზთაჲცა წვალებაჲ სძულდა და ამცნებნ ყოველთა არა-მიახლებად მათა, ნუცა ბოროტსა სარწმუნოებასა მათსა.
236. სმენად მი-ვინ-ვიდეს მისა არიანოზთა მათგანნი, და გამოიკითხა უღმრთოებაჲ იგი მათი და წარმოდევნნა იგინი მთით და ჰრქუა: გუელთა უბოროტჱს არიან სიტყუანი ამათნი.
237. მერმე უტყუვეს ვიეთმე არიანოზთა მას, ვითარმედ იგივე სარწმუნოებაჲ აქუს მათ.
238. განრისხნა და დაჰკჳრდა, ვითარცა ესმა ესე.
239. ამისა შემდგომად მერმე ევედრებოდეს მას ეპისკოპოსნი და ძმანი ყოველნი, და გარდამოვიდა მთით და შევიდა ალექსანდრიად.
240. და არიანოზთათჳს იტყოდა, ვითარმედ: წვალებაჲ ესე სოფლისა აღსასრული არს და წინამძღუარი ანტე-ქრისტჱსი.
241. ასწავებდა ერსა მას და ეტყოდა: არა თუ დაბადებულ არს ძჱ ღმრთისაჲ, არცაღა არა-რაჲსაგან ყოფილ, არამედ თჳსისა მამისა სიმდიდრჱ არს და სიტყუაჲ და სიბრძნჱ.
242. უღმრთოება არს ესე, რომელმან თქუას, ვითარმედ „არა იყოო“, რამეთუ მარადის იყო სიტყუაჲ იგი მამისა თანა, და აწ ნუცაღა ერთი ზიარებაჲ გაქუნ უღმრთოთა თანა არიანოზთა, რამეთუ არცა ერთი ზიარებაჲ არს ნათლისაჲ ბნელისა თანა.
243. რამეთუ თქუენ ღმრთის მსახურ ხართ და ქრისტიანე.
244. ხოლო იგინი დაბადებულად იტყჳან მამისაგან შობილსა და ღმრთისა სიტყუასა, არარაჲთ უმჯობჱს არიან წარმართთა: ჰმსახურებენ დაბადებულსა უფროს დამბადებელისა ღმრთისა.
245. გრწმენინ, რამეთუ იგიცა ყოველი დაბადებული განრისხებულ არს მათთჳს, რამეთუ დამბადებელსა, უფალსა ყოველთასა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა, ესენი შექმნულთა თანა შეჰრაცხენ.
246. ხოლო ერსა მას ყოველსა უხაროდა, ესმოდა-ღა ესევითარისა კაცისაგან შეჩუენებაჲ ყოველთა მწვალებელთაჲ.
247. ხოლო მოქალაქენი ყოველნი მოვიდოდეს ხილვად ანტონისა.
248. და წარმართნიცა იგი, რომელთა წოდებულ არს ქორებ, ეკლესიად მოკრბებოდეს და იტყოდეს: „გევედრებით ხილვად კაცისა მის ღმრთისაჲსა“,
249. რამეთუ ყოველნი ესრჱთ ხადიედ მას, მუნცა მრავალნი განწმიდნა უფალმან ეშმაკთაგან და ვნებულთაცა გონებითა ულხინა და მრავალნი წარმართნი ევედრებიედ, რაჲთამცა შეეხნეს ბერსა და ჰრწამნ სიტყუაჲ მისი სარგებელად მათა.
250. ესოდენ ქრისტიანე იქმნეს მცირეთა მათ დღეთა, ვითარცა წელიწად ერთ.
251. მერმე ჰგონებდეს ვიეთნიმე ერისა მისგან შეძრწუნებად, ამისთჳსცა დააბრკოლებდეს მათგანნი სიმრავლესა მას.
252. ხოლო იგი არასადა შეძრწუნდა, არამედ თქჳს: ნუ უმრავლჱს არიანა ესენი მათსა, რომელთა-იგი მათსა ზედა ვჰბრძავ ეშმაკთა.
253. ხოლო რაჟამს წარვიდოდა იგი, და წარვჰგზავნიდით მას, და ვითარცა მივიწიენით ბჭეთა ქალაქისათა, შე-ვინმე-გჳდგა დედაკაცი,
254. ღაღადებდა და იტყოდა: მგებდ მე, კაცო ღმრთისაო, რამეთუ ასული ჩემი ფიცხლად ეშმაკთაგან იურვის, გლოცავ შენ, მგებდ მცირედ, რამეთუ მეცა მჭირს სრბაჲ ესე.
255. ვითარ ესმა ესე ანტონის, და ჩუენცა ვევედრებოდეთ, ნეფსით დადგა იგი.
256. ვითარ მიეახლა დედაკაცი იგი, ასული იგი მისი დავარდა ქუეყანასა.
257. ხოლო ნეტარი ანტონი ვითარ ილოცვიდა და ქრისტეს ევედრებოდა, აღდგა ქალი იგი განცოცხლებული, რამეთუ განვიდა მისგან არაწმიდაჲ იგი სული.
258. ხოლო დედაჲ იგი მისი აკურთხევდა ღმერთსა, და ყოველნივე ჰმადლობდეს უფალსა.
259. და მასცა თავადსა უხაროდა წარსლვაჲ, ვითარცა თჳსსა სახლსა, მთად.
260. და ბრძენცა იყო ფრიად და საკჳრველ, რამეთუ წიგნი არა ესწავა, ხოლო მეცნიერ იყო და გონიერ კაცი იგი.
261. მას ჟამსა შე-ვინმე-ვიდეს მისა ორნი წარმართნი ფილოსოფოსნი;
262. ჰგონებდეს, ვითარმედ შემძლებელ იქმნენ გამოცდად ანტონისა.
263. რამეთუ იყო იგი გარეშე მთასა, ხოლო პირისა მათისაგან გულისხმა-ყო კაცთაჲ მათ და მოვიდა მათა და ჰრქუა თარგმნით: რად ესრჱთ მოხუედით, ბრძენნო, კაცისა ერთისა სულელისა?
264. ხოლო მათ ჰრქუეს: არა თუ ცოფ არს იგი, არამედ ბრძენ ფრიად.
265. მიუგო ანტონი და ჰრქუა მათ: უკუეთუ ცოფისა ამის მოხუედით, ცუდ არს თქუენი ეგე შრომაჲ;
266. უკუეთუ ჰგონებთ სიბრძნესა ჩემ თანა, იქმნენით თქუენ, ვითარცა მე.
267. რამეთუ წერილ არს კეთილისა ბაძვად: უკუეთუმცა მე თქუენდა მივედ, მემცა გბაძევდ თქუენ.
268. უკუეთუ თქუენ ჩემდა მოხუედით, იქმნენით, ვითარცა მე, რამეთუ მე ქრისტიანე ვარ.
269. ხოლო მათ დაუკჳრდა და წარვიდეს, რამეთუ ჰხედვიდეს ეშმაკთაცა მოშიშად წმიდისა ანტონისგან.
270. სხუანიცა ესევითარნი მერმე შეუმთხჳნეს მას გარეშე მთასა.
271. ჰგონებდეს, ვითარმცა შეიტყუვეს იგი, რამეთუ წიგნი არა უსწავიესო.
272. ჰრქუა მათ ანტონი: თქუენ რაჲ სთქუთ, რომელი უფროჲს არს: გონებაჲ ანუ წიგნი?
273. და ვინ ვისთჳს ბრალეულ არს: გონებაჲ წიგნისათჳს ანუ წიგნი გონებისათჳს?
274. ხოლო მათ ჰრქუეს: პირველად არს გონებაჲ, არამედ წიგნსაცა მომპოვნებელ არს გონებაჲ.
275. ჰრქუა მათ ანტონი: ოდეს გონებაჲ მხიარულ არს, ესევითარისა არაჲ ჭირ არს წიგნი.
276. ესრე მიმავალთაცა ეტყჳნ.
277. ვითარ მოვიდოდეს;
278. დაჰკჳრდეს, ესოდენსა ჰხედვიდეს სატუხისა მეცნიერებასა, რამეთუ არა ვითარ მთასა ზედა განპოხებულისაჲ და დაბერებულისაჲ ველურ იყო გონებაჲ მისი, არამედ მადლი იყო და მოქალაქე.
279. ხოლო სიტყუაჲ შეზავებული აქუნდა საღმრთოთა მარილითა.
280. არა თუ შურნ ვისიმე, არამედ უფროჲსღა უხარინ მათთჳს ყოველნი, რომელნი მოვიდოდეს მისა.
281. ამისა შემდგომად მერმე მოვიდეს სხუანი მისა, რამეთუ იყვნეს ესენი წარმართთაგან შერაცხილ ბრძნად, და ეძიებდეს მისგან სიტყუასა ჩუენთჳს ქრისტჱს მიმართ სარწმუნოებისა და იწყეს განზრახვად ქადაგებისათჳს ღმრთისა და საუფლოჲსა ჯუარისა და ჰგონებდეს, ვითარმედ შეიტყონ იგი.
282. მცირედ დააყენა ანტონი, პირველად შეიწყალნა იგინი უმეცრებისათჳს და ეტყოდა თარგმნით, რომელი თარგმნიდა კეთილად მისთჳს: რაჲ უმჯობჱს არს – ჯუარისა აღსაარებაჲ ანუ მრუშებაჲ და ყრმათა განჴრწნისა შეხებაჲ, რომელი წოდებულ არს თქუენ მიერ ღმრთად?
283. ხოლო რომელი ჩუენ მიერ წოდებულ არს, სიმჴნისა სიმტკიცე არს და სიკუდილისა შეურაცხება, ხოლო საცთურ თქუენდა არს ბილწებაჲ და ვნებაჲ.
284. მერმე რაჲ უმჯობჱს არს სიტყუად, რამეთუ ღმრთის სიტყუაჲ არა თუ შესცთა, არამედ იგივე თავადი ჰგიეს ცხორებისათჳს?
285. და სარჩელისათჳს კაცთაჲსა შეიმოსნა ჴორცნი კაცთანი, რაჲთა გონებასა კაცთასა ეზიაროს და ყვნეს კაცნი ზიარ ღმრთეებისა და მეცნიერებისა ბუნებასა ანუ პირუტყუთა მიმსგავსებაჲ ღმრთისაჲ,
286. ამით მსახურებაჲ ოთხფერჴთაჲ და ქუეწარმავალთა და ხატთა კაცთასა ესე თქუენ ბრძენთაჲ არს მსახურებაჲ.
287. ვითარ იკადრებთ შეტყუვილად ჩუენდა, რამეთუ ვიტყჳთ ქრისტესა, ვითარცა კაცსა გამოჩინებულსა, სადა თქუენ გონებითა სულსა განსწვალებთ, და ჰგონებთ, ვითარმედ შესცთა იგი და გარდამოვარდა სართულისაგან ცისა ჴორცითა?
288. ჰე, თუმცა კაცთა ზედა ხოლო და არა ოთხფერჴთა მიმსგავსებაჲ და მივრდომაჲ!
289. ხოლო ჩუენი სარწმუნოებაჲ ცხოვრებისათჳს კაცთათაჲსა ქრისტჱს მოსლვასა იტყჳს.
290. ხოლო თქუენ ცთომასა უყოფელსა სულისათჳს უთხრობთ, ხოლო ჩუენ შესაძინელსა და კაცთ-მოყუარებასა ღმრთისასა დამტკიცებულ ვართ, რამეთუ ესე არა შეუძლებელ არს ღმრთისა.
291. ხოლო თქუენ ხატგონებისა სულსა იტყჳთ და დაცემულებასა მიამსგავსებთ და გარდაქცეულად მას ჰზღაპრობთ და მიერითგან იგიცა გონებაჲ სულისათჳს გარდაქცეულად შეგყავნ.
292. და რომლისაჲცა არს ხატი, ეგრეცა იგი არნ, ვითარცა-იგი ხატი, რაჟამს გონებისათჳს ესევითარად ჰგონებთ და გული გითქუამს, რამეთუ მისა მიმართცა მამისა გონებათაჲსა ჰგმობთ, ხოლო ღმრთისათჳს და ცხოველისა ჯუარისა რაჲ უმჯობეჲს არს, მითხართ.
293. რამეთუ ზრახვაჲ მოიწია ბოროტთაგან და დაუთმო ჯუარსა ჩუენთჳს და არცა შეძრწუნდა მოწევნასა სიკუდილისასა.
294. ანუ ცთომაჲ ვითარ ირიდოისი და ისიდოჲსი და ზრახვაჲ ტოფუნისი და კრონოჲს სივლტოლაჲ და შვილთა შენთა თქუმაჲ და მამისა კლვაჲ, ზღაპრობით ესე არს თქუენი სიბრძნჱ,
295. და ვითარ ტყუილ გიჩს საუფლოჲ და ცხოველი ჯუარი და არა გიკჳრსა აღდგომაჲ, რამეთუ რომელთა-ესე თქუეს, იგიცა დაწერეს?
296. ანუ რად მოიჴსენებთ ცხოველსა ჯუარსა და სდუმით მკუდართა აღდგომასა და ბრმათა თუალთა ახილვასა და განრღუეულთა განკურნებასა და კეთროვოვანთა განწმედასა და ზღუასა ზედა სლვასა, ფიცხელთა და ბოროტთა ეშმაკთა განსხმასა და სხუათა სასწაულთა და ნიშთა?
297. მით არა თუ კაცად, არამედ ღმრთად აჩუენებს ქრისტესა უფალსა, აწ ფრიად ცრუ მიჩთ მე, რამეთუ არა წესიერად აღმოიკითხავთ წიგნთა ჩუენთა, აღმოიკითხეთ და იხილეთ, რამეთუ, რომელი-იგი ქმნა ქრისტემან, ღმრთად მას გამოაჩინებთ.
298. რამეთუ მოვიდა ჴორცითა ცხორებისათჳს კაცთაჲსა, მითხარ-ღა თქუენ ჩუენდა მომართ: თქუენი რაჲ-მე ვთქუა პირუტყუთათჳს პირუტყუ-ყოფაჲ და ველურებაჲ?
299. უკუეთუ, ვითარ-ესე მესმის, გინდეს სიტყუად – ზღაპრად იტყჳთ ამას თქუენ შურით და სხუასა სხუად სახელ-სდებთ: აღტაცებასა ქალისასა ქუეყანად და ფესტჱს მკელობრებასა – ცეცხლად და ერას – აერად და აპოლონს – მზედ და არტემის – მთოვარედ და პოსიდონს – ზღუად.
300. ამათგან არა თუ ღმერთსა ჰმსახურებთ, არამედ დაბადებულთა, უფროჲს დამბადებელისა ღმრთისა.
301. უკუეთუ კეთილი იგი დაბადებული ესრჱთ გარდააქციეთ, არამედ გიღირდა ამათი დაკჳრვებაჲ და არა ღმრთად ყოფაჲ შექმნულთაჲ, რაჲთა არა შემოქმედისა პატივი შექმნულთა მისცეთ?
302. გხედავ თქუენ, რამეთუ ხუროთ-მოძღურისა მის პატივსა, რომელნი-იგი მისგან აღშჱნებულ არიან, სახელად გარდასცვალებთ.
303. გინა თუ ერისთავისაჲ ერთსა მჴედარსა მისცეთ.
304. და აწ ამისთჳს რაჲ სთქუთ, რაჲთა გულისხმა-ყოთ: უკუეთუ ტყუვილ რაჲმე არს ცხოველი ჯუარი?
305. – ხოლო იგინი იურვოდეს და მიმოიქცევდეს პირსა.
306. განიღიმა ნეტარმან ანტონი და თქუა მერმე თარგმნით: ამათ პირითა აქუს მხილებაჲ, რამეთუ თქუენ უფროჲს სიტყჳთა გამოჩინებულთა აჰლაღნით და ესე გაქუნ მეცნიერებად და ჰგონებთ ჩუენსა, ნუუკუე თჳნიერ სიტყუათა გამოჩინებულთა ღმერთსა ვჰმსახურებთ.
307. მითხართ-ღა მე თქუენ პირველად: საქმენი, უფროჲსღა ღმრთისა ცნობაჲ, ვითარ მტკიცედ იცით, გამოჩინებითა სიტყჳსაჲთა ანუ შეწევნითა სარწმუნოებისაჲთა?
308. ანუ რომელი უფროჲს არს, შეწევნითა სარწმუნოებაჲ ანუ სიტყჳთა გამოჩინებაჲ?
309. ხოლო მათ ჰრქუეს: უფროჲს არს შეწევნით სარწმუნოებაჲ და ესე არს ჭეშმარიტი მეცნიერებაჲ.
310. ჰრქუა მათ ანტონი: კეთილად თქუთ, რამეთუ სარწმუნოებაჲ სიყუარულითა სულისაჲთა არს, სიტყჳს-გებაჲ – მეცნიერებით მიმგებელთაჲ არს.
311. უკუე რომელსა აქუს სარწმუნოებით შეწევნაჲ, ამათი არაჲ ჭირ არს, ვჰგონებ, ვითარმედ ცუდ არს სიტყუათა გამოჩინებაჲ,
312. რამეთუ, რომელსა სარწმუნოებით ვსცნობთ, ამას თქუენ სიტყჳთა განგებულითა ჰგონებთ გამოცდად და მრავალგზის ვერცა გულისხმა-ჰყოფთ თქუენ, რომელსა-ესე ჩუენ ვსცნობთ.
313. ამიერითგან უმჯობჱს და უძლიერჱს არს სარწმუნოებით შეწევნაჲ თქუენსა მაგას სიბრძნით განზრახვასა.
314. ხოლო ჩუენ, ქრისტიანეთა, არა თუ სიბრძნისა სიტყუათა წარმართთა გუაქუს საიდუმლოჲ, არამედ ძალითა სარწმუნოებისაჲთა წინამძღუარად ქრისტჱს მიერ ღმრთისაგან, რამეთუ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ.
315. აჰა ესერა ჩუენ წიგნი არა გჳსწავიეს და გურწამს ღმერთი და გჳცნობიეს დაბადებულთაგან მისთა ყოველთავე გულისხმის-მყოფელად და რამეთუ შემწე არს სარწმუნოებაჲ ჩუენი.
316. აჰა ესერა ჩუენ გუაქუს სარწმუნოებაჲ ქრისტჱს უფლისა ჩუენისა მიმართ, ხოლო თქუენი სიბრძნჱ – სიტყჳთ ლალვაჲ.
317. და რამეთუ თქუენთა მათ კერპთა უცნებაჲ განქარდების, ხოლო ჩუენი სარწმუნოებაჲ განეფინების ყოველსა ადგილსა.
318. და რამეთუ თქუენ განიზრახავთ და ვერ გარდაგუაქცევენ ჩუენ, ქრისტიანეთა, წარმართად, ხოლო ჩუენ ქრისტჱს სარწმუნოებასა ვასწავებთ და დავჰჴსნით თქუენსა ეშმაკთ უცნებასა.
319. და ვაუწყებთ ყოველთა ქრისტესა ღმრთად და ღირსად ძედ.
320. ხოლო თქუენ მეცნიერად სიტყჳთა ვერ დააბრკოლებთ ქრისტჱსთჳს სწავლასა, ხოლო ჩუენ სახელ-ვსდებთ ჯუარ-ცუმულსა ქრისტესა და ყოველთა ეშმაკთა განვასხამთ, რომელთათჳს თქუენ გეშინის, ვითარცა ღმერთთა.
321. და სადა–იგი საუფლოჲ ჯუარი არნ, უძლურ იქმნიან გრძნებანი და ვერ შეეწინიან წამლობანი.
322. მითხართ-ღა აწ, სადა არიან თქუენნი იგი მისნობანი?
323. ანუ სადა არიან ეგჳპტისანი მსახრვალნი?
324. სადა არიან გრძნეულთა იგი უცნებანი?
325. ანუ ოდეს ესე ყოველი დასცხრა და უძლურ იქმნა?
326. გარნა ოდესცა მაცხოვრისა ჩუენისა ქრისტჱს ჯუარი აღემართა ანუ ტყუვილ-მე რაჲ არსა ესე: ანუ უფროჲს იგინი განქარვებულ არიან მისგან და მხილებულთა უძლურად?
327. და რამეთუ ესეცა საკჳრველ არს, რამეთუ თქუენი ეგე არა სადა იდევნა, არამედ კაცთაგან უგუნურთა ქალაქად-ქალაქად პატივ-იცემების, ხოლო ქრისტჱსნი იდევნნიან, და უფროჲს თქუენსა ჩუენი გარდამატებულად ყუავის და განმრავლდების.
328. რამეთუ თქუენი იგი ქებულნი და მოზღუდვილნი განიჴრწნებიან, ხოლო ქრისტჱს მიმართ სარწმუნოებაჲ და სწავლაჲ, რომელი ტყუვილ გიჩს თქუენ, რამეთუ იდევნაცა მრავალგზის მეფეთაგან უღმრთოთა.
329. ხოლო მადლმან ქრისტჱსმან აღავსო ყოველი ქუეყანაჲ, ოდეს სადა ესრჱთ ღმრთისა ცნობაჲ გამობრწყინდა, ანუ ოდეს ესრჱთ სიბრძნჱ ანუ სათნოებაჲ ქალწულთაჲ გამოჩნდა, ანუ ოდეს ესრჱთ სიკუდილი შეურაცხ-იქმნა.
330. არამედ ოდესცა ჯუარი ქრისტჱსი აღემართა, ამას არავინ აცილობდეს, ჰხედვიდეს რაჲ მარტჳლთა ქრისტჱსთჳს შეურაცხის-მყოფელთა სიკუდილისა, და ჰხედვიდეს-ღა ქალწულთა ეკლესიისათა ქრისტჱსთჳს წმიდად და შეუგინებელად გუამთა მათთა დამარხვად.
331. და არს ესე ფრიად, და არს ესე სიმტკიცე ჩუენებად ქრისტჱს მიმართ სარწმუნოებისათჳს, რამეთუ იგი ხოლო არს ჭეშმარიტ ღმრთის მსახურებისათჳს.
332. უკუე თქუენ არა გრწამს და ეძიებთ სიტყუათაგან ზრახვასა, ხოლო ჩუენ არა თუ ზღაპრებრ სიბრძნესა წარმართთასა ვაჩუენებთ, ვითარცა თქუა მოძღუარმან ჩუენმან, არამედ სარწმუნოებით ვაუწყებთ და საქმით ვისწრაფით სიტყჳსათჳს სახვისა.
333. აჰა ესერა არიან ვნებულნი ეშმაკთაგან, რამეთუ იყვნეს ვინმე მისრულ ეშმაკთაგან ურვილნი, და წარმოიდგინა იგინი შუვა და თქუა: ანუ თქუენ განზრახვითა თქუენითა, გინა თუ მეცნიერებითა, გინა თუ გრძნებითა ხადოდეთ კერპთა თქუენთა და განწმიდენთ ესენი!
334. უკუეთუ ვერ შემძლებელ ხართ, დასცხერით ცილობად ჩუენდა მომართ და იხილოთ ძალი საუფლოჲსა ჯუარისა ქრისტჱსისაჲ.
335. ვითარ-ესე ჰრქუა მათ, სახელ-სდვა ქრისტჱსა და დასწერა ვნებულთა მათ სახითა ჯუარისაჲთა მეორედ და მესამედ, და მყის აღემართნეს კაცნი იგი ცოცხალნი და გონიერნი და ჰმადლობდეს ღმერთსა.
336. ხოლო რომელთა-იგი ეწოდა ფილოსოფოს, დაუკჳრდა, და ჭეშმარიტად განკჳრვებულ იყვნეს იგინი გონიერებასა მის კაცისასა, და რომელი იგი იქმნა სასწაული მათ კაცთა ზედა.
337. ხოლო ანტონი ჰრქუა მათ: რაჲსა გიკჳრს ესე ამისთჳს?
338. არა თუ ჩუენ ვართ, რომელნი ვიქმთ ამას, არამედ ქრისტჱ არს, რომელი მორწმუნეთა მისთაგან ამას ჰყოფს.
339. გრწმენინ თქუენცა და იქმნენით, ვითარცა-ესე ჩუენ, და იხილოთ თქუენ, რამეთუ არა მეცნიერებაჲ სიტყუათაჲ ჩუენ შორის არს, არამედ სარწმუნოებაჲ სიყუარულითა და ქრისტჱს შეწევნაჲ.
340. უკუეთუ გაქუნდეს თქუენ არა სიტყუათაგან ჩუენებაჲ გამოძიებითა, არამედ სრულ, ქრისტჱს მიმართ შერაცხილ სარწმუნოებითა იყვნეთ.
341. ესე სიტყუანი ანტონისნი.
342. ხოლო მათ ესეცა და-ვე-ჰკჳრდა და წარვიდეს და ამბორს-უყოფდეს ნეტარსა ანტონის და აიარებდეს სარგებელ ყოფასა ამისგან.
343. ამისა შემდგომად მიიწია ვიდრე მეფისამდე ანტონისი სიტუაჲ.
344. ვითარცა ესმა ესე კოსტანტინოს უძლეველსა და ძესა მისსა კოსტანტინოსს და კოსტას უძლეველთა, მაშინ მოსწერდეს მისა, ვითარცა მამისა, და ჰლოცვედ მიღებად წიგნისა მისისა.
345. არამედ არცაღა წიგნსა მრავალთაგან შეჰრაცხდა, არცაღა ებისტოლისათჳს უხარიან, არამედ იგივე არნ, ვითარცა პირველად არნ ვიდრე მოწერამდე მისა მეფეთა.
346. ოდეს მოართჳან მას წიგნი მეფისაჲ, მოუწოდის მონაზონთა და ეტყჳნ მათ: რად გიკჳრს, უკუეთუ მოსწერს მეფჱ ჩუენდა?
347. რამეთუ კაცივე არს, არამედ უფროჲსღა ესე გიკჳრდინ, რამეთუ ღმერთმან რჩეული კაცთა მოწერა და ძისაგან თჳსისა მეტყოდა ჩუენ.
348. უნებნ, რაჲთამცა არა მოიღო წიგნი და თქუა: არა ვიცი ესევითართა მიწერაჲ წიგნისაჲ.
349. ვითარ აიძულიან ძმათა და ყოველთა მონაზონთა მიღებაჲ წიგნისაჲ, ვითარმედ ქრისტიანე არიან აწ მეფენი, და რაჲთა არა შეწუხდენ და დაბრკოლდენ, მაშინღა უბრძანა აღმოკითხვაჲ და მიწერა, ვითარმედ: შევიწყნარებ მათ, რამეთუ ქრისტესა თაყუანის-სცემენ.
350. ხოლო ასწავებნ მათ ცხორებასა საუკუნესა, და ნუ დიდად მოგითუალავნ წარსავალი ესე, არამედ უფროჲსღა მოიჴსენებდით მერმესა მას სარჩელსა და უწყოდეთ, რამეთუ ქრისტჱ მხოლოჲ ჭეშმარიტ და მეუფჱ უკუნისამდე.
351. კაცთ-მოყუარჱ იიყვენით და იღუწიდით სამართალსა და გლახაკთასა.
352. ხოლო მათ, ვითარ მიიღიან წიგნი იგი, უხარინ ფრიად.
353. ესრჱთ ყოველთაგან იყო საყუარელ და ყოველთა მამა;
354. ესევითართა შემეცნებულ იყო და ესრჱთ ყოველთა მიმავალთა ეტყჳნ და მერმე მიიქცის მთადვე.
355. და ჩუეულებაჲ იგი მარხვისაჲ აქუნდა.
356. რამეთუ მრავალ-გზის მიმავალთა თანა მისა მჯდომარესა და მავალსა დაჰკჳრდის, ვითარცა დანიელსა წერილ არს.
357. და იგი ჟამისა ერთისა შემდგომად უთხრობნ სიტყუათა, რომელნი-იგი მუნ არიედ ძმანი.
358. ხოლო რომელნი-იგი მუნ მის თანა არიედ, ცნიან, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს იგი.
359. რამეთუ რომელი-იგი ეგჳპტეს იქმნებინ, მრავალ-გზის მთასა გარე ჰხედავნ და უთხრის სერაპიონ ეპისკოპოსისათჳს, ჰხედავნ რაჲ ანტონი უძლურებასა შინა.
360. ამისა შემდგომად ვითარ ჯდა იგი და იქმოდა, რეცა თუ და-რაჲმე-კჳრვებულ იქმნა, და მრავალ-ჟამ იყო ჩუენებასა და სულთ-ითქუმიდა, მერმე ჟამისა ამისა ერთისა შემდგომად მოექცა მათ, რომელნი-იგი მის თანა იყვნეს, და სულთ-ითქუნა, შეძრწუნდა, აღდგა, ილოცვიდა;
361. და მუჴლნი მოიდრიკნა მრავალ-ჟამ, აღდგა და ტიროდა ანტონი.
362. ვითარ შეძრწუნდეს, ყოველნი მის თანა იყვნეს, და ევედრებოდეს მას, ვიდრემდის აიძულეს სიტყუად.
363. ხოლო იგი ეგრეთვე ფრიად სულ[თ]-თქუმით იტყოდა: ეჰა, შვილნო, უმჯობჱს არს სიკუდილი ვიდრე ყოფადმდე ხილვისა ამის.
364. მერმე კუალად ევედრებოდეს.
365. ხოლო იგი ცრემლოოდა და იტყოდა: მომავალ არს ეკლესიათა ზედა რისხვაჲ და მიცემად არს ჴელთა კაცთა, მსგავსთა პირუტყუთასა.
366. რამეთუ ვიხილე ტაბლაჲ საუფლოჲ და მახლობელად მისა მდგომარეები ჯორები გარემოჲს ყოვლად და მეწიხარნი შემართ, ესრჱთ დაუცხრომელ იყო სიმღერაჲ იგი პირუტყუთაჲ მათ და წიხნაჲ.
367. მერმე სულთ-ითქუმიდა და იტყოდა: ყოველთა სათმე სცანთ, ვითარ-იგი სულთ-ვითქუემდ, რამეთუ მესმა მე ჴმაჲ, ვითარმედ საძულელ იქმნეს საკურთხეველნი ჩემნი.
368. ესე იხილა ბერმან და მეორესა წელსა იყო მოსლვაჲ არიანოზთაჲ და აღჭრაჲ ეკლესიათაჲ, ოდეს-იგი ჭურჭელსაცა წმიდასა სამსახურებელსა მძლავრ მოიტაცებდეს და წარმართთა აჰკიდებდეს, ოდეს-იგი წარმართთა ვაჭართა აიძულებდეს მისლვად მათ თანა.
369. შეკრბეს მათ თანა და იქმოდეს ტაბლასა ზედა საუფლოსა, ვითარცა უნდა.
370. მაშინ ჩუენ ყოველთა გულისხმა-ვყავთ, ვითარმედ წიხნაჲ იგი ჯორთაჲ წინაჲსწარ ეუწყა ნეტარსა ანტონის, რომელსა-ესე აწ უღმრთონი არიანოზნი იქმან მსგავსად პირუტყუთა.
371. ვითარ იხილა ესე ხილვაჲ ესრჱთ, რომელნი-იგი მუნ იყვნეს, ჰლოცვიდა მათ და ჰრქუა: ნუ იურვით, შვილნო, რამეთუ ვითარცა განრისხნა უფალი ცოდვათა ჩუენთათჳს, ეგრეცა კუალად გჳლხინოს და შეიწყნაროს კუალად მსთუად სოფელი თჳსი.
372. და ეგრჱთვე ჩუეულად ბრწყინვიდენ ეკლესიანი, და იხილნეთ მდევარნი თქუენნი დაცემულნი და უღმრთობაჲ მერმე კუალად თჳსსავე ჴურელსა კუალად-ქცეული.
373. რამეთუ ღმრთის მსახურებაჲ სარწმუნოებით კადნიერად ყოვლითა სიწმიდითა ყოველსა ადგილსა განეფინოს.
374. ნუსადა შეეხებით არიანოზთა მათ.
375. რამეთუ არა მოციქულთაჲ არს ესე მოძღურებაჲ, არამედ ეშმაკთაჲ და მამისა მათისა ეშმაკისაჲ, და უფროჲსღა პირუტყუთაჲ, და უსუსურთა გონებაჲ არს, ვითარცა ჯორთა პირუტყუთაჲ.
376. ესე არს სწავლაჲ ნეტარისა ანტონისი ჩუენდა მომართ.
377. ხოლო ჩუენდა არა წეს არს ურწმუნოებაჲ, არცაღა ესე, უკუეთუ კაცისაგან იქმნა ესოდენი საკჳრველებაჲ, რამეთუ მაცხოვრისაჲ არს აღთქუმაჲ,
378. ვითარ-იგი თქუა: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: „გარდაიცვალე ამიერ“, და გარდაიცვალოს, და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენდა.
379. და მერმე თქუა: მართლიად მართალსა გეტყჳნ თქუენ: რაჲცა სთხოოთ მამასა ჩემსა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ ითხოვდით და მოიღოთ.
380. და იგი არს, რომელმან მოწაფეთა თჳსთა ჰრქუა და ყოველთა მორწმუნეთა მისთა: სნეულთა განჰკურნებდით, ეშმაკთა განასხემდით.
381. უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით.
382. ამისთჳს არა თუ ნეფსით თჳსით ჰკურნებდა წმიდაჲ ანტონი, არამედ ლოცვით, ყოვლითა გულითა ქრისტესა უფალსა ჩუენსა სახელ-სდებნ და ყოველთა მიმართ ცხად არს, რამეთუ არა იგი ჰყონ, არამედ უფალი, რომელი ანტონისგან კაცთ-მოყუარე იქმნის, და განკურნის ვნებულნი.
383. ანტონისი ესე ხოლო არნ წმიდაჲ ლოცვაჲ, რომლისათჳსცა იგი მთასა ზედა ჯდა და უხარინ ღმრთით ხილვაჲ, და მწუხარე არნ იძულებასა მრავალთასა და გარდამოყვანებასა გარეშე მთასა,
384. რამეთუ მსახურნიცა ყოველნი ევედრებოდეს მას გარდამოსლვად მთით, რამეთუ ვერ შესაძლებელ იყო შესლვაჲ მათი მუნ მათთჳს, რომელნი-იგი შეუდგედ მათ მოსაჯულნი.
385. არამედ ევედრებიედ მას, რაჲთა მოვიდეს და იხილნეს იგინი.
386. ხოლო იგი არა თუ ისმენნ;
387. არცაღა ინებეს გარდამოსლვაჲ, ხოლო იგინი მოელიედ მას და უფროჲსღა დაჭირვებულთა მიავლინებედ, რაჲთა მათითა მიზეზითა გარდამოვიდეს.
388. რამეთუ ევნებინ მას ფრიად, იხილნის-ღა იგი ჭირვეულნი.
389. მივიდის იგი გარეშე მთასა მას;
390. არა თუ ურგებ რაჲმე არნ შრომაჲ იგი მისი, არამედ მრავალთა სალხინებელ ექმნის და სარგებელ მოსლვაჲ იგი მისი.
391. ხოლო მსაჯულთა სარგებელად ესრჱთ აზრახებნ და ეტყჳნ: უფროჲს ყოვლისა სამართლად რჩიდით და გეშინოდენ ღმრთისა და უწყოდეთ თქუენ, რამეთუ რომლითაცა სარჩელითა ჰშჯიდეთ, მითვე განიკითხნეთ.
392. არამედ უფროჲს ყოვლისა მთასა ზედა ყოფაჲ უყუარდა.
393. მერმე ამისა შემდგომად აიძულებდეს მას გარდამოსლვად, ვითარ მოვიდა იგი და ზრახვიდა ცხორებისათჳს და სარგებელისა და მვედრებელთათჳს სმენად.
394. ხოლო რომელსა-იგი ეწოდა დუქს, აიძულებდა მას დადგრომად.
395. ხოლო იგი ეტყოდა მას: ვერ შესაძლებელ არს დაყოვნებაჲ ჩუენი თქუენ თანა.
396. და მსგავსად განცხრომისა ამათ არწმუნებდა და ეტყოდა, რამეთუ: ვითარცა თევზთაღა დაყოვნიან ჴმელსა ქუეყანასა და მოისრნიან, ეგრეცა მონაზონთა თუ დაყოვნონ თქუენ თანა და თქუენ შორის თუ იქცეოდიან, დაჴსნდენ.
397. წეს არს, ვითარცა თევზთაჲ ზღუასა შინა, და ეგრეცა ჩუენი მთასა გარე ყოფაჲ;
398. ნუ უკუე დავყოვნოთ და დავივიწყოთ შინაგანი ჩუენი.
399. ვითარცა ესმა ესე სპაჲპეტსა მას, ესე და სხუაჲცა მრავალი სიტყუაჲ მისგან, დაუკჳრდა და თქუა: ჭეშმარიტად მონაჲ ღმრთისაჲ არს ესე, და ვინაჲ სატუხესა ესევითარი გონიერებაჲ მოეცა, არა თუმცა საყუარული იყო ესე ღმრთისაჲ.
400. ამისა შემდგომად იყო ვინმე ერთი სპაჲპეტი, რომელსა სახელი ერქუა ბალაკიოზ.
401. ესოდენ მწარედ გუდევნიდა ჩუენ ქრისტიანეთა უღმრთოჲ მათთჳს და ძნიად სახელის სადებელთა მათ არიანოზთა წრაფისა, და ესოდენ ფიცხელი იყო იგი, ქალწულთა და მონაზონთა ჰგუემნ იგი შიშუელთა.
402. მიავლინა მისა ანტონი და მიწერა მისა ებისტოლჱ, რომელსა წერილ იყო ესე: ვხედავ რისხვასა შენ ზედა მომავალსა, დასცხერ დევნად ქრისტიანეთა, ნუუკუე რისხვაჲ მოიწიოს შენ ზედა, რამეთუ აჰა ესერა მოვალს.
403. ხოლო ბალაკიოს განიცინნა და ებისტოლესა მას ჰნერწყუა და დააგდო.
404. ხოლო რომელთა-იგი მიართუეს, აგინა;
405. ამცნო და ჰრქუა: მივედით და უთხართ ესე ანტონის, რამეთუ იღუწი შენ მონაზონთათჳს, აჰა ესერა შენ ზედაცა მოვალ.
406. და ვითარ წარჴდეს ხუთნი ოდენ დღენი, და მოიწია მის ზედა რისხვაჲ, რამეთუ პირველსა სავანესა ალექსანდრიაჲსასა, რომელსა ჰრქჳან ქერუვა, განვიდა ბალაკიოს და ნისტორიოს, პიტიახში ეგჳპტისაჲ, და ორნივე ზე-სხდეს ცხენთა,
407. რამეთუ იყვნეს ორნივე იგი ბალაკისნი და უმშჳდჱს ყოველთა, რომელნი იზარდებოდეს მისგან, და ვიდრე არღა მიწევნულ იყვნეს ადგილსა მას, იწყეს ცხენთა მათ სიმღერად, ვითარცა ჩუეულ იყვნეს ურთიერთას.
408. და მყის უმშჳდჱსმან მან, რომელსა ზედა ჯდა ნისტორი, კბილითა გარდამოიქუა ბალაკიოს და დათრგუნა იგი და ესრჱთ კბენითა აღჰჭამდა ბარკალსხჳლთა მისთა.
409. და გამოუღეს და წარიქუეს იგი ქალაქად და მესამესა დღესა მოიწია მის ზედა სიკუდილი.
410. და ყოველთა დაუკჳრდა ესე და იტყოდეს ურთიერთას, რამეთუ: რომელი-იგი თქუა წმიდამან ანტონი, ადრე აღესრულა.
411. რამეთუ ესრჱთ განმწარებულთა მოაქცევნ, ხოლო სხუათა მათ, რომელნი-იგი შეემთხუევიედ მას, ასწავებნ მათ.
412. და ყოველნივე შეურაცხ-ჰყოფედ მსაჯულებასა და ჴელმწიფებასა და ჰნატრიედ მონაზონთა, რომელთა-იგი დაუტევებიეს სოფელი.
413. ესოდენ დაჭირვებულთა მათ ზედა-ადგებინ, რეცა თუ არა სხუაჲ ვინმე არნ, არამედ იგი არნ ვნებულ.
414. და ესრჱთ მერმე ყოველთა სარგებელად შემძლებელ არნ.
415. მრავალთა მჴედართა და მთავართა მდიდართა დაუტევიან ამის სოფლისა სიმდიდრჱ და მიერითგან იქმნიან მონაზონ.
416. და ყოვლადვე ვითარცა მკურნალ მოცემულ იყო ღმრთისა მიერ ეგჳპტესა წმიდაჲ ანტონი.
417. ვინ მწუხარჱ შეემთხუეოდა მას და რა მიიქცეოდა მხიარულ?!
418. ვინ მივიდოდა გოდებით თჳსთა მკუდართათჳს და არა მყის განიშორებდა გლოვასა?!
419. ვინ განრისხებული მივიდოდა მისა და არა მშჳდობად მოიქცეოდა?!
420. ვინ გლახაკი მოწყინებული მივიდოდა მისა და ისმენდა მისსა მას სიტყუასა, და ჰხედვიდა მას და არა შეურაცხ-ჰყოფდა სიმდიდრესა და ნუგეშინის-ცემულ იქმნებოდა სიგლახაკისაგან?!
421. ვინ მონაზონი ურვილი მივიდის მისა და არა უფროჲს განძლიერდეს?!
422. ვინ ჭაბუკი მივიდოდა მისა და იხილის რაჲ ანტონი, და არა დასცხრებოდა გულის-თქუმისაგან და შეიყუარის სიწმიდჱ?!
423. ვინ მოვიდოდა მისა ეშმაკისაგან განცდილი და არა განისუენებდა?!
424. ვინ გულის-სიტყუათაგან ურვილი მოვიდა მისა და არა დამშჳდნა გონებაჲ მისი?!
425. რამეთუ ესრჱთ დიდ იყო მარხვაჲ წმიდისა ანტონისი, ვითარცა პირველად ვთქუთ, მადლი განხილვად სულთა აქუნდა.
426. და იცოდა მათი შეძრვაჲ, და ვითარ-ძი ვის მათგანსა აქუნ მოსლვაჲ და წრაფაჲ მტერობისაჲ.
427. და არა ხოლო თუ იგი მათგან ისმენნ, არამედ პირველთაცა გულის-სიტყუათა მათთა იგი აუწყებნ, რაჲთა შემძლებელ იყოს ვინმე მათთა მათ მტერობათა გარე-მიქცევად, უთხრობნ მათთა მათ ზაკუვათა და უძლურებათა.
428. და თითოეულად ყოველნივე განმჴნდებოდეს მისგან და გარდამოვიდოდეს მიერ მთით განწმედილნი ზაკუვათაგან ეშმაკისათა, და ეშმაკთა მისთაგან რაოდენთა ქალწულთა თხოვილთა ვითარცა იხილიან წმიდაჲ ანტონი მიერ მდინარესა, და დაადგრიან იგინი ქრისტჱსთჳს ქალწულებასავე.
429. მოვიდოდეს სხჳთ საზღვრითცა მისა, რომელთა მათცა ყოველთა თანა სარგებელ ეყოფოდა, და მოიქცეოდეს ყოველნი მხიარულნი, ვითარცა მამისაგან წარგზავნულნი.
430. ამისა შემდგომად აღესრულებოდა იგი.
431. და ყოველნი ვითარცა ობოლნი შევიქმნენით მამისაგან, გარნა ჴსენებითა ხოლო მისითა ნუგეშინის-ცემულ ვიქმნენით და მოვიჴსენებდით სწავლათა და ნუგეშინის-ცემათა მისთა.
432. ვითარ-იგი იყო აღსრულებაჲ ცხორებისა მისისაჲ, წეს-არს მოჴსენებაჲ და თქუენდა სმენაჲ გულს-მოდგინედ და ესრჱთ მობაძავ მისა იქმნენით, რამეთუ მსგავსი ჩუეულებისა მისისაჲ მოხედვა-ყო მონაზონთა მათ, რომელნი-იგი იყვნეს გარემო მთასა მას.
433. რამეთუ წინაჲსწარ უწყებულ იყო იგი ღმრთისაგან თავისა თჳსისა აღსრულებასა და უთხრობდა იგი ყოველთა ძმათა, ვითარმედ: ამას ხილვასა თქუენსა საჯმნელად თქუენდა ვჰყოფ და მკჳრს, უკუეთუ კუალად თავნი თქუენნი ამას სოფელსა ვიხილნე.
434. რამეთუ ჟამი არს განსლვისა ჩემისაჲ, და ვარ მე ას და ხუთისა წლისაჲ.
435. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, ტიროდეს და გარე-მოეხუეოდეს და ამბორს-უყოფდეს ნეტარსა ანტონის.
436. ხოლო იგი, ვითარცა უცხოჲთ ადგილით, მივიდოდა თჳსა ქალაქად და სიხარულით იტყოდა, ამცნებდა მათ და ასწავებდა: ნუ სულმოკლე იქმნებით შრომასა, ნუცა მოგეწყინებინ მარხვაჲ, არამედ რეცა თუ დღითი-დღედ მოსწყდებით და ცხოველ ხართ.
437. ვითარცა პირველ ვთქუ, იწრაფდით სულისათჳს დაცუად მწინკულევანთაგან.
438. გულის-სიტყუათა, მობაძავ იყვენით წმიდათა და ნუ მიეახლებით მელეტიანთა განხეთქილთა, რამეთუ იცით მათი იგი სიბოროტჱ და შეგინებული გონებაჲ.
439. ნუცაღა ზიარებაჲ რაჲმე გაქუნ უღმრთოთა თანა არიანოზთა;
440. რამეთუ მათი იგი უღმრთოებაჲ ყოველთა მიმართ ცხად არს;
441. ნუცაღა უკუეთუ იხილნეთ იგინი მსაჯულად თქუენდა, ნუ შესძრწუნდებით თქუენ, რამეთუ მოკუდავ და საწუთრო არს მათი იგი უცნებაჲ.
442. არამედ უფროჲსღა თავნი თქუენნი წმიდად დაიცვენით მათგან და დაიმარხენთ მამათა იგი მოცემული, უფროჲსღა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს სარწმუნოებაჲ და ღმრთის მსახურებაჲ შეიკრძალეთ, რომელი-იგი წიგნთაგან ისწავეთ და ჩემ მიერ, რამეთუ მრავალ-გზის მოგაჴსენეთ თქუენ.
443. ხოლო ძმანი იგი ყოველნი აიძულებდეს დადგრომად მათ თანა და მუნ აღსრულებად, ხოლო მან არა თავს-იდვა და მრავალთა მიმართ მან დუმილით გამოუცხადა, უფროჲსღა ამისთჳს,
444. რამეთუ მეგჳპტელთა აღსრულებულთა მონაზონთა გუამთა უფროჲსღა წმიდათა მოწამეთა ჰყუარობენ დამარხვად და წარგრაგნად ამრენაკსა და არა დაფლვად ქუეყანასა, არამედ ცხედარსა ზედა დადებად, და ცვად შინა თჳსაგან.
445. ჰგონებდეს, ვითარმედ ამით პატივ-სცემენ წარსულსა მას.
446. ხოლო ანტონი მრავალ-გზის ამისთჳს ეპისკოპოსთა ევედრებინ და ამცნებნ ერსა და ერის-კაცთა დააბრკოლებნ და დედათაცა ასწავებნ და ეტყჳნ: არა რჩულიერ არს და არცაღა ყოვლად ღირსი ესევითარი ესე საქმედ,
447. რამეთუ მამადმთავარნი და წინაწარმეტყუელნი ვიდრე აქა ჟამადმდე ჩანან, საფლავნი მათნი, და იგიცა უფლისა ჩუენისა მაცხოვრისაჲ წმიდაჲ იგი გუამი სამარესავე დაედვა, და ლოდი დასდვეს და დე˜ფრა იგი, ვიდრემდის აღდგა მესამესა დღესა.
448. ამას ეტყოდა და უჩუენებდა, ვითარმედ ორჩულოება არს სიკუდილისა შემდგომად არა-დაფლვაჲ გუამთა აღსრულებულთაჲ, და ღათუ წმიდა იყოს, ვინ-მე უფროჲს ანუ უწმიდჱს არს გუამსა უფლისასა?
449. მრავალთა ისმინეს და დაჰფლვიდეს ქუეყანასა მიერითგან და ჰმადლობდეს უფალსა, რამეთუ კეთილად ისწავეს, ხოლო მან ესე იცოდა და ეშინოდა, ნუუკუე მისიცა გუამი ესრე ყონ;
450. წარემართა იგი და იჯმნა მათგან, რომელნი-იგი გარე მთას იყვნეს მონაზონნი.
451. და შევიდა შ˜ნაგ მთასა მას, სადაცა ჩუეულებაჲ აქუნდა ყოფად.
452. და მცირეთა თუეთა შემდგომად დასნეულდა და მოუწოდა, რომელნი-იგი იყვნეს მის თანა.
453. რამეთუ ორნი იყვნეს, რომელნი დაადგრეს მის თანა ათხუთმეტ წელ;
454. კეთილნი და მარხველნი, რომელნიცა ჰმსახურებდეს მას სიბერესა თჳსსა, მოუწოდა და ჰრქუა მათ: აჰა ესერა ვითარცა წერილ არს, რამეთუ ვხედავ მე თავსა ჩემსა, წოდებულსა უფლისა მიერ.
455. ხოლო თქუენ ფრთხილ იყვენით და მრავალთა ჟამთა მარხვასა თქუენსა ნუ წარსწყმედთ.
456. არამედ აწ რეც თუ გიწყიეს, ისწრაფდით დამარხვად გულს-მოდგინებასა თავით თქუენით.
457. იცით მტერობაჲ ეშმაკთაჲ და გიხილავს, ვითარ-იგი ფიცხელ არიან ძალითა.
458. ნუ გეშინინ მათთჳს, არამედ უფროჲსღა მარადის ქრისტჱსა გსუროდენ და ამისი გრწმენინ, და რეცა თუ დღითი-დღედ მოსწყდებით, და სცხონდებით.
459. ეკრძალენით თავთა თქუენთა და მოიჴსენეთ, რომელი-იგი გესმა სწავლაჲ ჩემგან.
460. და ნუცაღამცა ერთი რაჲ არს თქუენი ზიარებაჲ განხეთქილთა მათ, ნუცა ყოვლად მწვალებელთა მიმართ არიანოზთა იცით საქმე, ვითარ-იგი მათ დავაბრკოლებდ ქრისტჱს მიმართ ბრძოლისათჳს და გარდაქცეულებისა მათისათჳს სარწმუნოებისა და გონებისათჳს.
461. იწრაფდით უფროჲსღა თქუენცა მიახლებად თავთა თქუენთა უფალსა და მერმე წმიდათა, რაჲთა სიკუდილისა შემდგომად საუკუნეთა საყოფელთა, ვითარცა მეგობართა და მეცნიერთა, შეგიწყნარნენ თქუენ მათა.
462. ესე გნ˜ზრხთ ამას იქმოდეთ, და ნუ რაჲთმე სწუხდეთ ჩემთჳს;
463. მომიჴსენეთ მე, ვითარცა მამაჲ, და ნუვის უტევებთ გუამსა ჩემსა წარღებად ეგჳპტედ, ნუუკუე ს˜ხლთა თჳსთა დადგან.
464. ამის მადლისათჳს შემოვედ მთად და მოვედ აქა.
465. იცით, ვითარ-იგი მარადის დავაბრკოლებდ, რომელნი-იგი ამას იქმოდეს, და ვამცნებდ დაცხრომად ესევითარსა ჩუეულებასა.
466. დაჰფალთ გუამი ესე ჩემი თქუენ და ქუეყანასა დაფარეთ.
467. და იყავნ ჩემი ესე სიტყუაჲ დამარხულ თქუენ მიერ, და ნუმცა ვინ იცის ადგილი იგი თჳნიერ თქუენსა.
468. ხოლო მე აღდგომასა მკუდართასა მოვიღო იგი მაცხოვრისაგან უჴრწნელი, განყავთ სამოსელი ჩემი და ათანასის ეპისკოპოსა მიეცით ერთი ხალენი, და რომელი-იგი დავირეცე სამოსელი, რომელიცა-იგი მან მომცა ცოცხალი, ჩემ თანა დაძუელდა.
469. და სერაპიონს ეპისკოპოსსა მიეცით ერთი ხალენი და თქუენ გაქუს მამისა სამოსელი.
470. და აწ ჯმნულ იყვენით, შვილნო, რამეთუ ანტონი წარვალს და არღარა თქუენ თანა არს.
471. და ამბორს-უყო მათ და განირთხნა ფერჴნი თჳსნი და, ვითარცა მეგობართა თჳსთა, ჰხედვიდა მომავალთა მისა და მათგან მხიარულად ჩნდა.
472. და წვა იგი მხიარულითა პირითა, მოაკლდა და შეეძინა წმიდათა მამათა.
473. ხოლო მათ, ვითარცა მოსცა ცნობაჲ, წარჰგრაგნეს გუამი იგი მისი სამოსელსა და დაჰფლეს და ქუეყანასა დაფარეს, და არავინ იცის, სადა დამალულ არს იგი თჳნიერ ორთა მათ ხოლო,
474. და მათ მოიღეს თითოეულად ხალენი იგი წმიდისა ანტონისი და ძუელი იგი სამოსელი, და ვითარცა დიდსა ჭურჭელსა, ეგრე ჰმარხვიდეს.
475. და თუ ვინმე იხილოს იგი, ვითარცა ანტონის ჰხედავნ.
476. და ოდეს შეიმოსიან, ვითარცა მოძღურებაჲ მისი, ეგრე ჰმოსიედ.
477. ესე ჴორცთა ცხრ˜ბის აღსასრული ანტონისი და იგი მარხვისა დასაბამი.
478. არამედ ამით გნზ˜რხთ თქუენცა, ვითარ იყო კაცი იგი ღმრთისაჲ ანტონი, რომელი სიჭაბუკითგან ვიდრე თჳსისა ჰასაკისამდე ერთბამად დიმ˜რხა გულსმოდგინედ მარხვაჲ, არცაღა დააკლო მრავალ ჭამითა, არცაღა უძ˜ლრბისათს ჴორცთაჲსა შეიცვალა სამოსელი,
479. გინა თუ დაიბანნა ფერჴნი წყლითა და ყოვლადვე დაცულ იყო იგი უ˜ვნბლდ და თუალნიცა ცოცხლად ეგნეს, და კეთილად ჰხედვიდა;
480. და კბილთაგანი არცა ერთი მოჰვარდა, გარნა გრძილნი ხოლო კბილთანი მოსდნეს მრავლითა მით მარხვითა და ჰასაკისა სიბერითა.
481. ხოლო ფერჴნი და ჴელნი მისნი მხიარულად დამარხულ იყვნეს და ყოველთა უფროჲს, რომელნი ფერად-ფერადითა საზრდელითა და აბანოჲთა და სამოსელითა გარდარეულითა იჴმევდეს, უბრწყინვალჱსღა მათსა ჩნდა და უძლიერჱს და უგულსმოდგინე.
482. და ყოველთა ადგილთა ესე განთქუმულ იყო და დაკჳრვებულ ყოველთაგან და სასურველ იყო ყოველთათჳს, რომელთა-იგი არა ეხილვა სათნოებითა და ღმრთის-მოყუარებითა სულისა მისისაჲთა.
483. იყო იგი საცნაურ არა თუ მწიგნობრებითა, არცაღა გარეშე სიბრძნითა, არცაღა მეცნიერებითა, არამედ ღმრთის-მოყუარებითა ხოლო იცოდეს ანტონი ყოველთა.
484. ესე ღმრთისა ნიჭი ვერვინ უვარ-ყოს, ვინაჲ სპანიას და გალიას, ანუ ვითარ აფრიკეთს, მთასა ზედა მჯდომარჱ განითქუა.
485. არათუ ღმერთმან, რამეთუ ყოველსა ადგილსა თჳსნი იგი კაცნი განაცხადნის, ვითარცა-იგი ანტონი პირველად აღუთქუა, დაღათუ იგინი ღმრთისათჳს დაფარულად იქმანედ, და დაფარვაჲ უნებნ.
486. ხოლო ღმერთმან იგინი, ვითარცა სანთელნი, უჩუენნის ყოველთა, რაჲთა ესრ˜თ რომელთა ესმეს, იც˜დან შემძლებელ ყოფად მცნებათა ღმრთისათა და წარმატებად და მობაძვად სათნოებისა გზასა დამყოფელ.
487. ესე აწ სხუათაცა მამათა აღმოიკითხონ, რაჲთა ისწაონ, ვითარ ღ˜რს მონაზონთა ცხორებაჲ ყოფად და ჰრწმენეს.
488. უფალმან და მაცხოვარმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მადიდებელნი თჳსნი ადიდნის;
489. და რომელნი ჰგონებედ მას ვიდრე აღსასრულამდე, არა ხოლო თუ სასუფეველსა ცათასა შეიყვანნის იგინი, არამედ აქაცა დ˜ფლნი და მოწრაფენი განყენებადნი განცხადნის და განთქუნის მათისა სათნოებისათჳს და სხუათა სარგებელ ყოფისათჳს ყოველთა ადგილთა ადიდნის.
490. და თუ საჴმარ იყოს, წარმართთაცა აღმოიკითხეთ, რაჲთა ესრჱთ ცნან.
491. რამეთუ უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ არა ხოლო თუ ღმერთ არს და ღმრთისა ძე, არამედ რომელნი ამას ჭეშმარიტსა ჰმსახურებენ და ჰრწამს მართალ მისა მიმართ ეშმაკთა, რომელთა-იგი წარმართნი ჰგონებენ (ღმრთად).
492. ამათ ქრისტეანენი ამხილებენ არა ხოლო ამით, რამეთუ არა არიან ღმერთ, არამედ და-ცა-სთრგუნვენ და გან-ცა-ასხმენ, ვითარცა მცთართა, რამეთუ განმჴრწნელ კაცთა არიან. ამენ.
493. ანტონისი ნეტარისა ცხორებაჲ აღწრა ათანასისგან ეპისკოპოსისა ალექსანდრიელისა.
494. ღირსო ღმრთისაო, წმიდაო მამაო, მომიჴსენე წინაშე უფლისა უღირსი მჩხრეკალი. ამენ.