მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა მღვდელმთავარი
ანთიმოზ ივერიელი

 

”ანთიმოზ ივერიელის მონასტრის ტიპიკონი”

 

დარიგებანი ყოველთა წმინდათა სახელობის წმინდა მონასტრის ტიპიკონისათვის, ანუ 32 თავი, რომლებშიც თავმოყრილია მონასტრის მთელი მართვა-გამგეობა, მონასტრის შემოსავლებიდან მთელი წლის განმავლობაში ღარიბთა და გაჭირვებულთათვის მოწყალების გაცემის წესი. ამ სახით დადგენილია ჩვენს მიერ, ქტიტორის მდაბალი უნგრო- ვლახეთის მიტროპოლიტის ანთიმოზ ივერიელის მიერ. მაღალ ყოვლად უბრწყინვალესი მთავრის იო კონსტანტინე ბრინკოვიანუს ბასარაბ ვოევოდას მმართველობის ჟამს. სამყაროს დასაბამიდან 7221 წლის 24 აპრილი, როდესაც დაიწყო ტაძრის მშენებლობა.


ყოველი სული აქებდით უფალსა!


წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა


უპოვართა და ეკლესიათა კეთილისყოფა უპირატესად გამორჩეული საქმიანობაა ღვთის წინაშე. თავადაც ვხედავთ წმინდა სახარებაში, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არავის ჩათვლის ზეციური სასუფეველის მკვიდრად, თუ მან ამქვეყნიურ ცხოვრებაში კეთილი საქმენი არ მოიმოქმედა: ღარიბთათვის არ გაიღო მოწყალება, მშიერნი არ დააპურა, მწყურვალენი არ დაარწყულა, შიშველნი არ შემოსა, უცხონი არ ანუგეშა, ავადმყოფნი და პატიმარნი არ მოიკითხა. ღვთივგანბრძნობილმა მოციქულმა პავლემ უწყოდა, რომ კეთილი საქმეები ადამიანს სულის ცხონებაში ეხმარება; ამიტომაც ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს მე-13 თავში, იგი გვასწავლის არ დავივიწყოთ და ყოველთვის მოშურნეობით შევასრულოთ მისი დარიგება: „ხოლო კეთილისა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისა.“


ამ აზრით მოცულმა, მე, მდაბალმა უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტმა ანთიმოზ ივერიელმა, ჩემი სულის მცირეოდენი სარგებლისა და მოხსენიებისათვის, როგორც ამსოფლად, ისე გარდაცვალების მერე, ამ წმინდა სავანის საძირკვლის ჩაყრა და აშენება გადავწყვიტე, სადიდებელად ღვთისა და ყოველთა წმინდათა თაყვანისცემად. ამ მცირე მონაგრით, რომელიც ღვთის წყალობამ მომმადლა, ასევე დიდი შრომითა და ოფლის დენით, დავასრულე და შევამკე იგი, როგორც ეს ყველამ შეუძლია იხილოს. ასევე ჩემი შესაძლებლობის შესაბამისად დავუდგინე მცირე შესაწირავი:

პირველი - რომ ღვთის სახლს ქონდეს შესაფერისი მშვენება და წესრიგი,

მეორე -რომ ამ ეკლესიის ყველა შემომწირველი, ჩემთან ერთად, მარადის იქნეს მოხსენიებული.

რადგანაც სიკეთე სიკეთედ არ ჩაითვლება, თუ მას კეთილად არ აღასრულებ, ამიტომ ეს თავები ჩვენ შევადგინეთ იმისათვის, რომ ისინი დარჩეს უცვლელნი, ხოლო მონასტრის მართვა ყოველთვის იყოს ღვთის შიშით, სიბრძნით, ღრმა დაფიქრებითა და წესრიგით, ისე როგორც თავიდანვე მქონდა ჩაფიქრებული და როგორც ამას კეთილად მართვის კანონი მოითხოვს. ეს ტიპიკონი და ყველანაირი საქმის მართვის წესი, რომელიც ჩვენი სიმდაბლით დაიწერა, ბუქარესტში, ღვთის სადიდებლად და ყოველთა წმინდანთა თაყვანისცემლად ჩვენს მიერ აშენებულ ეკლესიაში მუდმივად და უცვლელად უნდა სრულდებოდეს ყოველთვის, წლების განმავლობაში.

ს ა რ ჩ ე ვ ი
ამ წიგნში შესული თავებისა


  • 1. მონასტერის ხელშეუვლობისათვის

  • 2. იღუმენთათვის

  • 3. ეპიტროპთათვის

  • 4. ბერთათვის

  • 5. მთვლელთათვის

  • 6. ბავშვთა განათლებისათვის

  • 7. მიცვალებულთა დაკრძალვისათვის

  • 8. პატიმართა და უპოვართათვის მოწყალების გაღებისათვის

  • 9. შიშველთა შემოსვისათვის

  • 10. ქალიშვილის გათხოვებისათვის

  • 11. უცხოელთა მიმართ ზრუნვისათვის

  • 12. კანდელთათვის

  • 13. ოთხი წმინდანისა და პანაშვიდებისათვის

  • 14. წირვებისათვის

  • 15. მომსახურეთა საზღაური და მათი მართვა

  • 16. ნაყოფის შემომწირველთათვის

  • 17. სტამბისათვის

  • 18. ბიბლიოთეკისათვის

  • 19. დავთართა განახლებისათვის

  • 20. მღვდელმთავართა დავანებისათვის

  • 21. მიტროპოლიტის შესაწირავისათვის

  • 22. ავადმყოფთა ზრუნვისათვის

  • 23. იღუმენის დაკრძალვისათვის

  • 24. ეპიტროპთა საქმიანობისათვის

  • 25. შემოსავლების მეათედისათვის

  • 26. იღუმენის არჩევისათვის

  • 27. ეკლესიის შემოსავლებისათვის

  • 28. სკიტებისათვის

  • 29. მოსახსენიებლისათვის

  • 30. ეპიტროპთა პატივისცემისათვის

  • 31. მოწყალების გაორმაგებისათვის

  • 32. თავების წაკითხვისათვის


  • ბ ო ლ ო ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა


    ამ წიგნაკში ეს 32 თავი დაიწერა ყოველთა წმინდათა მონასტრის კეთილგამგეობის მიზნით ასევე, ღარიბ-ღატაკთათვის მოწყალების გაღებისათვის, ჩემი ცოდვილი სულის ცხონებისა და ამ წმინდა სავანის ნაყოფის შემომწირველთა საუკუნო მოხსენიებისათვის. თუ რომელიმე პირი: საეკლესიო თუ საერო დასთაგანი, დიდგვაროვანი, თუ უბრალო, ადგილობრივი თუ უცხელი შეცვლის, ან დაარღვევს რამეს, რაც ჩემი კეთილი ნებით დავაწესე-შეჩვენებულ იქნას მამისა და ძისა და წმინდისა სულისა მიერ და საშინელი სამსჯავროს ჟამს ყველა წმინდანი იყოს მისი მამხილებელი.


    ანთიმოზ უნგრო ვლახელი


    გარდა დაწერილი ამ 32 თავისა, აქ ჩამოვწერთ კიდევ რამოდენიმე სწავლებას: მონასტრის სარგებლისა და პატივის მიგებისათვის და გვსურს, რომ ესენიც მომავალი იღუმენის მიერ ყოველთვის შესრულებული იქნეს, ისევე როგორც ზემოთ დაწერილი თავები. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინამძღვარი ჩავარდება მძიმე და გაუხსნელი შეჩვენების ქვეშ.


    დარიგების სხვა თავები


  • 1. წმინდა ზიარებისათვის

  • 2. მონასტრის შემოწირულობებისათვის

  • 3. რათა მონასტერში არ იქნეს დამალული უცხო ქონება

  • 4. რათა სხვისი მამული არ იქნეს ხელყოფილი

  • 5. ეკლესიის შიგნით არსებული საფლავებისათვის

  • 6. ეკლესიის პირველი ეზოს მოვლისათვის

  • 7. ჩვენი პანაშვიდისათვის

  • 8. სხვათა ნივთების შენახვისათვის


  • კომენტარები:


    1. ანთიმოზ ივერიელი აქ გულისხმობს მონასტრის წინამძღვარს.

    2. ადმინისტრაციული მმართველი, ზედამხედველი. დღეს მონასტერში მას უწოდებენ ეკონომოსს, წინამძღვრის მოადგილე, რომელსაც ჩაბარებული აქვს ეკონომიკური საკითხები-სამეურნეო საქმიანობა, მშენებლობა და სხვ.

    3. იგულისხმება მონასტრის წინამძღვარი

    4. ანთიმოზ ივერიელი მთელს ტექსტში სინონიმურად იყენებს სამ სიტყვას-ეკლესია, სახლი, მონასტერი. ყველგან ერთი-მონასტრის მნიშვნელობით.

    5. ებრაელთა მიმართ. 3. 16.

    6. ნიშნავს ბატონს. ჟუპანი ნეაკშული იგივეა რაც ბატონი ნეაკშული.

    7. შალის ტანსაცმლის მეწარმე და გამყიდველი

    8. პირი, რომელსაიც უშუალოდ ტაძრის მართვა-გამგეობა ავალია.

    9. ტაძრის მთავარი სტიქაროსანი.

    10. ამჟამად რუმინული ვალუტის ყველაზე მცირე ერთეული, წვრილი ფული;

    11. წმ. გიორგი მთაწმინდელის მიერ ბერძნულიოდან ნათარგმნ „კურთხევანში”ვპოულობთ ცოცხალთათვის გადასახდელ პანაშვიდის წესს. ამავდროულად რუმინეთის ზოგიერთ პროვინციაში არსებობს ტრადიცია, როდესაც ასაკოვანი ადამიანები სიცოცხლეშიოვე თავისთვის წინასწარ უკვეთავენ მღვდლებს მიცვალებულისათვის ყველა აუცილებელი მსახურების შესრულებას (პანაშვიდები, წესის აგება და შეკვეთილი წირვები)ეს ტრადიცია დღემდე შენარჩუნებულია იმ პროვინციებში სადაც ანთიმი მსახურებდა.

    12. კლიროსი (κλῆρος )შემაღლებული ადგილი მართლმადიდებელ ეკლესიაში, სადაც განლაგებულნი არიან მგალობელნი და მედავითნენი. თითქმის ყველა ეკლესიაში ორი კლიროსია. ერთი უფრო მცირე ჩვეულებრივ , კანკელთანაა, მეორე ან მოპირდაპირე მხარეს, ან აივანზეა განლაგებული.

    13. ძვ. საქართველოში წონის ერთეულია, რომელიც უდრის 1.36 კგ

    14. ანთიმი აქ გულისხმობს ადგილობრივს, რუმინეთში დაბადებულ ეთიკურად ბერძენ ადამიანს.

    15. ძველი ლიტურგიკული ტრადიციით, რომელიც საბერძნეთისა და რუმინეთის ეკლესიებშია შემორჩენილი მღვდელმონაზონის წინამძღვრად არჩევისას ტარდება კურთხევის სპეციალური რიტუალი.

    16. მცირე ზომის დასახლება, რომელშიც 5-10 ბერი მოსაგრე ცხოვრებას ეწევა. სკიტი ძირითად მონასტერს ემორჩილება. სკიტის დაარსების მიზეზი შესაძლებელია ორი იყოს: ბერების ნაწილის გასვლა უფრო შორეულ, განმარტოებულ ადგილზე ასკეტური ცხოვრებისათვის, მეორე- მონასტრისაგან მოშორებით არსებული მეურეობის მისახედად.

    ტიპიკონი (ბერძ. ტვიპოსიდან – სახე, მაგალითი), ტიპიკონი ეწოდება საეკლესიო წეს-განგებათა კრებულს,იგი მოიცავს სახელმძღვანელო მითითებებს ყოველგვარი მღვდელმსახურებისათვის საწელიწდო კალენდრის დღეებში, შვიდეულის დღეებში და ყოველდღიური ღვთისმსახურების ჩატარების წესისა და თანმიმდევრობის შესახებ. ტიპიკონი უჩვენებს, ესა თუ რომელი საეკლესიო პრაქტიკის მიმდევარია ეკლესია ან მონასტერი, რომელიც ამ ტიპიკონით ხელმძღვანელობს. არსებობს ღვთისმსახურების შესრულების ორი წესი და შესაბამისად ორი ტიპის ტიპიკონი: სამრევლო და სამონასტრო. სამრევლო ეკლესიის პირველი ტიპის ტიპიკონი ჩამოყალიბებულია იერუსალიმში, ქრისტეს საფლავის ეკლესიის ღვთისმსახურების წესის საფუძველზე, ხოლო მოგვიანებით - კონსტანტინეპოლის აია-სოფიის დიდი ეკლესიის წესის მიხედვით. სამონასტრო ტიპიკონებიდან ყველაზე ცნობილია: პალესტინაში – საბაწმიდის ლავრის ტიპიკონი, კონსტანტინეპოლში – სტოდიელთა მონასტრის ტიპიკონი, ხოლო ათონის მთაზე – ათანასე მთაწმიდელის ლავრის ტიპიკონი. საქართველოს ეკლესიას, რომელიც დაარსების დღიდან პალესტინურ ლიტურგიკულ პრაქტიკას მიჰყვებოდა, სახელმძღვანელოდ იერუსალიმური ტიპიკონი უნდა ჰქონოდა. ეს მოსაზრება გაამართლა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მიკვლეულმა ძეგლმა `განჩინება და განწესება მოძღუართა მიერ მართლმორწმუნეთა, რომელსა ჰყოფენ იერუსალიმს”. ეს ვრცელი თხზულება წარმოადგენს იერუსალიმში ქრისტეს საფლავის (გოლგოთის) ეკლესიაში შემუშავებულ ტიპიკონს, რომელსაც `კანონი” ეწოდება. ამ კანონში შემონახულია VI საუკუნის რედაქციის ტიპიკონი, რომელიც ქართულად ნათარგმნია VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე. ამ ძეგლის ბერძნული დედნის ძველი ფენა V საუკუნის უნდა შექმნილიყო. ამ ტიპიკონით, რომლის ქართული რამდენიმე ხელნაწერი X საუკუნისაა, საქართველოს ეკლესია X საუკუნემდე ხელმძღვანელობდა. ათონის მთაზე ქართველთა მონასტრის - `ივირონის” დაარსება გახდა საფუძველი აია-სოფიის ანუ კონსტანტინეპოლის `დიდის ეკლესიის” ტიპიკონის თარგმნისა, რომელსაც გიორგი მთაწმიდელის თარგმანში `დიდი სნაქსარი” ეწოდება, ხოლო ეფთვიმე მთაწმიდელის თარგმანში - `მცირე სნაქსარი”, რადგან ეფთვიმემ ძეგლი შემოკლებით გადმოიღო, ხოლო გიორგიმ – სრულად. გიორგის თარგმანში შეტანილია ელემენტები სტოდიელთა მონასტრის სამონასტრო ტიპიკონიდან და ათონის მთის მონასტერთა ლიტურგიკული პრაქტიკიდან. ეს ტიპიკონი ანუ `დიდი სნაქსარი” XII საუკუნემდე იყო სახელმძღვანელო ქართული ეკლესიისა, თუმცა მაინც იყო ხმარებაში XIV-XV საუკუნემდე XII საუკუნის დასაწყისში, დავით აღმაშენებელს დაუვალებია არსენ იყალთოელისათვის, რომ მეფის ბრძანებით და არსენის პრაქტიკული საქმიანობით შიომღვიმის მონასტრის ახლად აშენებულიღვთისმშობლის მიძინების მთავარი ტაძრის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით შეერჩია მონასტრისათვის ტიპიკონი. არსენმა შეარჩია შავი მთის, სვიმეონ მესვეტის მონასტრის ტიპიკონი, რომელიც იერუსალიმის საბა განწმედილის მონასტრის ტიპიკონის რამდენადმე შეცვლილი ტიპისა იყო, ალბათ იმიტომ, რომ არსენი კარგად იცნობდა მას, რადგან ამ მონასტერში მან რამდენიმე ხანს იმოღვაწა, და თარგმნა ეს ტიპიკონი. ამრიგად, XII საუკუნის პირველი მეოთხედიდან საქართველოში რიგით მესამე ტიპიკონი ამოქმედდა - საბას ლავრის ტიპიკონი, რომელსაც შიომღვიმის ტიპიკონი ეწოდა (მისი ცნობილი ეგზემპლარია H- 1349, XIII საუკუნის, თუმცა არსებობს უფრო ძველი ხელნაწერები – იერუსალიმის (Iერ.) ქართული ხელნაწერების კოლექციიდან (Iერ.146, XII ს.). აღსანიშნავია, რომ საბას ლავრის სამონასტრო ტიპიკონი საქართველოში, კერძოდ, კლარჯეთის ეკლესიებში ცნობილი უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ IX საუკუნიდან, რადგან ცნობილია, რომ გრიგოლ ხანცთელმა მის მიერ დაარსებულ მონასტრებს ეს ტიპიკონი დაუდგინა. მან საგანგებოდ ათარგმნინა თავის მოწაფეს, რომელიც საბას ლავრაში მოღვაწეობდა და რომელმაც ეს ტიპიკონი გრიგოლს გამოუგზავნა (ძეგლები, I, გვ. 265-266). შიომღვიმის ტიპიკონი საქართველოში, როგორც ჩანს, XVIII საუკუნემდე მოქმედებდა. მისი მოქმედების არეალი ძალიან ფართო იყო, თამარ მეფის დროს ამ ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ არა მარტო სამრევლო ეკლესიები და მონასტრები, არამედ მეფის კარის ეკლესიაც კი. ეს ჩანს მემატიანეს სიტყვებიდან: `საეკლესიო ლოცვა და წესი ლოცვისა დაუკლებლად აღესრულებოდის, ვითარცა ტიბიკონი მოასწავებდა და განწესება პალესტინისა მონასტრისა მოგვითხრობს, ყოველი სრულად. დარბაზის კარს მყოფნი წირვად ვერვინ დააკლდებოდა: მწუხრი, დილეულ, სამხარი, ვითარცა თქუმულ არს”. თავდაპირველად ჩვენში შემოვიდა საბაწმიდის ტიპიკონის `სვიმეონწმიდის” რედაქცია, რომელშიც შემდგომ ადგილი მოიპოვა ათონის მონასტერთა ლიტურგიკული პრაქტიკის ელემენტებმა. ასე რომ, საბოლოოდ ჩვენში დამკვიდრდა `მთაწმიდის რედაქცია” საბაწმიდის ტიპიკონისა. ეს რედაქცია პალესტინური ტიპიკონისა უცვლელად მოქმედებდა XVIII საუკუნის ნახევრამდე, სანამ იგი ანტონ I- მა არ შეასწორა სლავური ტიპიკონის მიხედვით. სამონასტრო ტიპიკონების სახელწოდებაში გაჩნდა სიტყვა `ქტიტორული” იმის აღსანიშნავად, რომ ზოგიერთი დიდგვაროვანი და შეძლებული მორწმუნე თავის ქონებას ახმარდა მონასტრის აშენებას, რომელსაც სამონასტრო წესს მისი დამაარსებელი - `ქტიტორი” უწესებდა. ასეთ მოქმედებას ადგილი ჰქონდა საქართველოშიც. ილარიონ ქართველის ცხოვრებაში მოთხრობილია, როგორ აუშენა მონასტერი ექვსი წლის ილარიონს მამამ `და შეკრბეს მუნ ძმანი რიცხვით, ვითარ ათექსუმეტნი ოდენ” (ძეგლები, II, გვ. 10-11). შემდეგ, იერუსალიმიდან დაბრუნებულმა ილარიონმა დაქვრივებული დედისა და დისათს `აღაშენა მონასტერი დედათათს მოწესეთა... და განუწესა წესი და კანონი...” (იქვე, გვ. 16); `და კუალად აღაშენა სხუა მონასტერი მამათათს... და განუწესა მათცა წესი და კანონი...” (იქვე). ქტიტორები ამ წესს წერილობით სახეს აძლევდნენ და ასე იქმნებოდა მრავალი ქტიტორული ტიპიკონი. ასეთი ქტიტორული ტიპიკონიდან მხოლოდ ცალკეული ადგილებია მოტანილი `გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში”, გრიგოლის მიერ აშენებული მონასტრების წესებიდან (ძეგლები, I, გვ. 265- 267). ქტიტორულია ეფთვიმე მთაწმიდელის მიერ მთაწმიდის ქართველთა მონასტრისათვის დადგენილი წესები, რომელთა დიდი ნაწილი წარმოდგენილია `იოანესა და ეფთვიმე მთაწმიდელების ცხოვრებაში” (ძეგლები, II, გვ. 69-85 – წარმოდგენილია 42 პუნქტი). ქტიტორული ტიპიკონების რიცხვს განეკუთვნება ტიპიკონები: 1) დავით აღმაშენებლის `ანდერძები”, მიცემული შიომღვიმის მონასტრისადმი (გამოც. ვ. სილოგავასი, თბილისი, 2003, გვ. 114-142); 2) გრიგოლ ბაკურიანისძისა, პეტრიწონის ტიპიკონი 1084წ. (გამოც. ი. დოლიძისა, ქართ. სამართ. ძეგლები, III, გვ. 35-105); 3) მხარგრძელისა `განგება ვაჰანის ქუაბთა მონასტრისა” (გამოც. ლ. მუსხელიშვილისა, თბილისი).

     

    თანამედროვე საეკლესიო პრაქტიკაში ხმარებული ტიპიკონი შინაარსობრივად 3 ნაწილად იყოფა:

     

    I ნაწილი (1-47 თავი) შეიცავს ზოგად მითითებებს: ა) მღვდელმსახურებათა თანმიმდევრობაზე საზოგადო მსახურების გარკვეულ დღეებში (თ. 1-26); ბ) როგორ უნდა განლაგდნენ მლოცველები ღვთისმსახურების დროს (თ. 26-32); გ) მონაზონთა ცხოვრების წესი (თ. 31-47).

     

    II ნაწილი (თ. 47-52) გვაძლევს მითითებებს წლის თითოეული დღის მღვდელმსახურებაზე და მათ თანმიმდევრობაზე ღვთისმსახურების დროს.

     

    III ნაწილი (თ. 52-დან) წარმოადგენს ტიპიკონის I და II ნაწილების დამატებას და შეიცავს: ა) ისეთ ზოგად მითითებებს საწელიწდო კალენდრისა და შვიდეულის დღეების მოკლე საგალობლებზე, რომლებიც არ არის შეტანილი ტიპიკონის I და II ნაწილებში; ბ) ისეთ საგალობლებს, რომლებზედაც მითითებანი ამ ნაწილშია წარმოდგენილი: კონდაკებს (საგალ.), სტიქარონებს, იბაკოებს და ა.შ.