მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა მღვდელმთავარი
ანთიმოზ ივერიელი

 

თ ა ვ ი 26.
იღუმენის არჩევისათვის

 

იმ ხუთ ეპიტროპს უნდა ასევე ქონდეთ ვალდებულება, რომ მონასტრის იღუმენი გარდაცვალების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ამ მონასტერის ორ მღვდელმონაზონთაგან ერთ-ერთი კეთილი და ღვთისმოშიშია და ღირსია, რომ მართოს სახლი (რადგან კეთილი და ღვთისმოშიში ადამიანი ბევრია, მაგრამ ისინი არ არიან ღირსნი მართონ მონასტერი)- ის უნდა აირჩიონ და გარდაცვლილის ადგილზე დააყენონ იღუმენად, რათა ემსახუროს მონასტერს. იმ შემთხვევაში, თუ ამ ორ მღვდელმონაზონთაგან არც-ერთი არ აღმოჩნდება წინამძღვრობის ღირსი, უნდა მონახონ სხვა-ბერძენი, ან რუმინელი. მაგრამ არცერთ შემთხვევაში უცხოელი-შურით სავსე ადამიანი, ანუ ვინმე მთაწმინდელი, სინაიტელი, ან იერუსალიმელი, რადგანაც ეს შესაძლებელია მომავალში ბევრი ცუდი რამის მომტანი აღმოჩნდეს. ხოლო იმ პიროვნებამ, რომელსაც იღუმენად შეარჩევენ, კურთხევამდე, ჯერ ეპიტროპებს უნდა მისცეს ფიცის წერილი, რითიც აღუთქვამს, რომ სიცოცხლის ბოლომდე იღვაწებს ამ მონასტრის კეთილდღეობისათვის, რომ სამართლიანობითა და მონდომებით იმუშაკებს, ხოლო აღსრულების შემდეგ იქვე, მონასტერში დაიმარხება. მხოლოდ ამის შემდეგ აკურთხონ იგი წინამძღვრად. ამგვარად დადებული პირობა სამართლიანია და სასიკეთოა მისივე სულისა და ხორცისათვის. იმ შემთხვევაში, თუ იგი მონასტრისათვის სასარგებლოდ და სასიკეთოდ იღვაწებს, მისი ცხოვრებაც უზრუნველყოფილი იქნება ყველაფრით; ეს მონასტერი საკუთარ სახლადაც იქცევა მისთვის და გარდაცვალების შემდეგ მას აქვე მოიხსენიებენ, მანამდე ვიდრე მონასტერში იარსებებს.