8. სხვათა ნივთების შენახვისათვის
თუ მოხდება ისე, რომ ვინმე იღუმენს ჩააბარებს შესანახად: ფულს, სამუშაო იარაღებს, ან ტანსაცმელს, გაუფრთხილდეს მას, როგორც თვალისჩინს მთელი სამართლიანობით და პატიოსნებით, ყველანაირი განზრახვის გარეშე. და როდესაც მას მოსთხოვენ იმ საგნების დაბრუნებას, ყველაფერი სრულად დააბრუნოს, რათა მონასტერს სახელი არ გაუტყდეს და მასზე ბოროტად არ ილაპარაკონ.
ცალკე თავი, რომელიც ჩვენმა თავმდაბლობამ დააწესა, დღეს, 7224 [1716] წლის 15 მარტს და გვნებავს, რომ იყოს საუკუნოდ დაცული შეუცვლელად, ხოლო ამისი დამრღვევი მძიმე და მოუხსნელი შეჩვენებით დაისაჯოს. მის მერე, რაც ყოვლად მოწყალემ მამამ ყოვლის ნუგეშინისმცემელმა ღმერთმა მისი გამოუთქმელი სიკეთიდან გამომდინარე მოიყვანა ღვთივკურთხეული დიდი უფალი იონ ნიკოლაე ალექსანდრუ ვოევოდი ვლახეთის მთავრად, ღვთისმოშურნეობითა და მოწყალებით სავსემ გვიბოძა სიგელ-გუჯარი რომლითაც გაამდიდრა ამ წმინდა ადგილის შემოსავალი. ამიტომ ვადგენთ რომ ყველა ის გასაცემი მოწყალება წლის განმავლობაში ღარიბებისაათვის, რომელიც დადგენილია ამ ტიპიკონის 32 თავში, ყველა გაორმაგდეს. ეს ყველაფერი გაკეთდა მისი დიდებულების იონ ნიკოლაე ალექსანდრუ ვოევოდი ვლახეთის მთავრის და მისი განსვენებული მშობლების მოსახსენებლად.
ასევე ვადგენთ, რომ ჩვენთვის გაღებული ამ დიდი მოწყალებისთვის, იღუმენი რომელიც იქნება ჩვენს შემდეგ ვალდებული იყოს ყოველ წელიწადს სანამ იარსებებს ეს მონასტერი 40 ეკლესიას შესწიროს 40 ორცი, რომ ერთ დღეში ყველგან გადაიხადონ პანაშვიდი და მოიხსენიონ მთავრის მიცვალებულთა მოსახსენებელში დაწერილი ყველა სახელი, რომელიც დართულია მონასტრის ყოველდღიურ მოსახსენებელში და მონასტრის დავთარში. და ეს შესრულდეს ყოველი წლის 10 მაისს, როდესაც მართლმადიდებელი აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში აღინიშნება წმინდა ნიკოლოზის ნაწილების გადასვენება. ასევე ამ დღეს მონასტრის მცირე ეკლესიაში ცალკე გადაიხადონ პანაშვიდი და მოიხსენიონ მისი დიდებულების მთავრის მოსახსენებელში ჩაწერილი ყველა სახელი.