რამდენ ხანსაც არ უნდა იმუშაონ ბერძნულმა და რუმინულმა სტამბებმა გარედან შემოსული, თუ მონასტრის ფულით, დამკვეთის ქაღალდით აწყობილ ერთ სტამბურ ფურცელში უშუალოდ მესტამბემ და მისმა შეგირდებმა, რამდენიც არ უნდა ყავდეს, საზღაურად მიიღონ 3 ტალერი და ასევე, მესტამბემ ათი, ხოლო მისმა შეგირდებმა თითო-თითო წიგნი წაიღონ. აწყობილი სტამბური ფურცელის ღირებულება 6 ტალერი იყოს, აქედან ნახევარი აიღოს მონასტრის სტამბამ, ნახევარი დარჩეს მონასტერს. თუ სტამბას გაუფუჭდება რამე, მონასტერი ვალდებულია გაიღოს ხარჯი მისი შეკეთებისათვის. ხოლო თუ მესტამბე თავად, საკუთარი ფულით, მოინდომებს წიგნის დაბეჭდვას, და არა მონასტრის ფულით, ან სხვა პირის დაკვეთით, მას შემდეგ, რაც იღუმენისა და ეპიტროპებს შეტყობინს, მიეცეს ამის უფლება. მესტამბე ვალდებულია წიგნის გამოცემით მოგებული ფულის ¼ გადასცეს მონასტერს. მესტამბემ არ გაბედოს ჩვენი რჯულის საწინააღმდეგო რაიმე წიგნის დაბეჭდვა, ერთ აწყობილ ფურცელში 100 ოქროს მონეტაც რომ დაპირდნენ. თუ ამ ბრძანებას არ დაემორჩილება -მიეცეს ანათემას. თუ ცნობილი გახდება, რომ მან მსგავსი რამ მაინც ჩაიდინა, მაშინვე ეცნობოს მთავარს, რათა მან მკაცრად დასაჯოს, ისე როგორც მან იცის( ძალიან მკაცრად). ამ ბრძანებასაც წყევლით ვტოვებ: მესტამბე იყოს ვალდებული გადასცეს თავისი ცოდნა მომავალ თაობებს, იმისათვის, რომ ეს ხელობა არ დაიკარგოს ამ ქვეყანაში, რომ ქვეყნისა და მონასტრის სასარგებლოდ წიგნების ბეჭდვის საქმე არ დაიკარგოს.