მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა მღვდელმთავარი
ანთიმოზ ივერიელი

 

თ ა ვ ი 13.
ოთხი წმინდანისა და პანაშვიდებისათვის

 

გვსურსა და ვადგენთ: მუდმივად, ყოველ წელს ჩატარდეს წირვები ოთხი წმინდანის საპატივცემულოდ, რომლებიც გამოსახულნი არიან მცირე კლიროსთან 12 არსებულ ხატზე. ასევე, ამ დღეებში გაიცეს მოწყალება უპოვართათვის. სამ სექტემბერს წმინდა ანთიმოზის პატივსაცემად გაკეთდეს დიდებული კოლიო და ხატის წინ დიდი სანთელი დაინთოს. 40 ეკლესიაში სათითაოდ დარიგდეს ლეის მეოთხედი, რათა იქაურმა მღვდლებმა შეკვეთილი წირვები ჩაატარონ და მოიხსენიონ იმჟამინდელი მთავარი, მღვდელმთავარი და ასევე სულ ხუთი სახელი: იოანე, მარია, მღვდელმონაზონი მაკარი, მღვდელმთავარი თეოდოსი და ცოდვილი მღვდელმთავარი ანთიმოზი. რადგან ჩვენი მფარველისა და მოსახელისათვის, წმინდა ანთიმოზის პატივსაცემად ყოველ წელიწადს ჩვენ გამშვენებულ წირვას ვატარებთ. ყოველ 6 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზის პატივსაცემად მომზადდეს დიდებული კოლიო და ხატის წინ დიდი სანთელი აინთოს. გაჭირვებულებს დაურიგდეთ 40 ბანი. რადგან ადგილის მოუხერხებლობის გამო, ჩვენ მისი სახელობის ეკლესიის დაშლა და სხვაგან აშენება მოგვიწია.

 

ყოველი წლის 5 თებერვალს წმინდა მოწამე აგატას ხსენების დღეს ერთი ღარიბი გოგონა შეიმოსოს პერანგით, კაბით, წაღებითა და სარტყელით და მას ხელზე მიეცეს 30 ბანი. მაგრამ ეს გოგონა არ უნდა იყოს ერთერთი იმ სამთაგან, რომელიც დიდ ხუთშაბათს უნდა შემოსონ, და არც ის, რომელსაც მოწყალება უნდა მიეცეს ქორწინების ჟამს. ამისათვის დაიხარჯოს სამნახევარი ტალერი. რადგან ამ წმინდანის ხსენების დღეს ღვთის შთაგონებით გადავწყვიტეთ ამ ეკლესიის აშენება. ყოველი წლის 17 მარტს წმინდა ალექსი ღვთისკაცის ხსენების დღეს ერთი ღატაკი ყმაწვილი შეიმოსოს პერანგით, საცვლებით, ჩოხით, შარვლით, წაღებით, ძვირფასი ბეწვის ფაფახითა და ქამრით და მას ხელზე მიეცეს 30 ბანი. ოღონდაც ეს ყმაწვილი არ უნდა იყოს ერთერთი იმ სამთაგანთაგანი, რომელიც დიდ ხუთშაბათს უნდა შემოსონ, ამისათვის დაიხარჯოს ოთხი ტალერი. ეს იმიტომ, რომ ამ წმინდანის ხსენების დღეს მაკურთხეს მღვდელმთავრად. ამიტომაც დავაწესეთ, რომ ყოველი ზემოთ ნახსენები წმინდანისათვის შესაბამის დროს ჩატარდეს ღვთისმსახურება ჩვენი სულის საცხოვნებლად.