გარდა მონასტრის მოსახსენიებელში დადგენილი მოხსენიებისა, იმ ღვაწლისათვის რომელსაც ეპიტროპები გაიღებენ, ისინი ყველა წირვაზე ხმამაღლა მოიხსენიონ შემდეგნაირად: “მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, დღეგრძელობისა, ჯანმრთელობისა, ცხოვნებისა, ცოდვათა შენდობისათვის მონათა ღვთისათა (სახელები), ეპიტროპთა ამ წმინდა ადგილისა, რათა შეენდნეთ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი ნებსითნი და უნებლიეთნი“.
წელიწადში ორჯერ - წმინდა გიორგისა და წმინდა დიმიტრის ხსენების დღეს, როდესაც ეპიტროპები ანგარიშების შესამოწმებლად მობრძანდებიან, იღუმენი ვალდებულია მათ საპატივცემულოდ გაშალოს 5 ტალერის ღირებულების ტრაპეზი. იმავე დღეს, ტრაპეზის შემდეგ თითოეულს დალოცვის სახით გადასცეს ორ-ორი ოქროს მონეტა.