წმიდა ბასილი დიდიკესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი
სულიწმიდის შესახებ
ძველი ბერძნულიდან თარგმნა
წინამდებარე თხზულება „სულიწმიდის შესახებ“ წმიდა ბასილი დიდმა (+379 წ.) მისი მეგობრის, წმიდა ამფილოქე იკონიელის (დაახ.+ 395 წ.) თხოვნით დაწერა. მასში მხილებულია ცრუ სწავლანი იმ ბოროტმზრახველებისა, რომელნიც კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსს ასამაღლებლის, ანუ წმიდა სამების დიდებისმეტყველების, არასწორად წარმოთქმაში სდებდნენ ბრალს. ავტორი მისთვის დამახასიათებელი რაფინირებული სტილით, საღმრთისმეტყველო ცოდნისა და წინამორბედ მამათა მოწმობების საფუძვლეზე გადმოსცემს უცილობელ მართლმადიდებლურ სწავლებას სულიწმიდის შესახებ, რომელიც ქრისტიანობის თანამედროვე აპოლოგეტთათვისაც მნიშვნელოვან საჭურველს წარმოადგენს.
თხზულება ქართულად პირველად ითარგმნა.
წინასიტყვა
კაცობრიობა რომ სნეული არ იყოს, „ძიებისთვის და სიტყუათა ლალვისათა, რომლისაგან იქმნებიან შურნი, ჴდომანი, გმობანი, იჭუნი ბოროტნი, განხრწნილთა კაცთა გონებაი და ნაკლულევანთაი ჭეშმარიტებისაგან“, როგორც ამას პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ მიწერილ პირველ წერილში ამბობს (ტიმ. 6,5), ყველა კითხვაზე, რომელიც აწუხებს, პასუხს წმინდა წერილში, განსაკუთრებით, ახალ აღთქმაში იპოვნიდა, ოღონდ თუ მას არა მხოლოდ საკუთარი ძალებით, არამედ დიდ ქრისტიან მოაზროვნეთა თხზულებების საფუძველზე შეისწავლიდა. მაგალითად, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ჰუმანიზმის არსზე დღემდე უამრავი თეორია და შეხედულება შეიქმნა და იქმნება, მაგრამ ვინ შეძლო მისი უფრო უკეთ განმარტება, ვიდრე ეს მაცხოვარმა სახარებაში მცნებათა სახით მოგვცა: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი (მთ. 19, 19) და გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ (მთ. 5, 44).
სამწუხაროდ, იესო ქრისტეს მაცხოვნებელი სწავლება, რომელიც მან საქმითაც, – ჩვენი ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობიდან გამოსასსნელად თავისი თავის მსხვერპლად მიტანითაც, – დაამოწმა, კაცობრიობის უმეტესმა ნაწილმა არა თუ მიიღო, არამედ თავიდანვე მისი არსის დამახინჯებასა და შერყვნას. შეეცადა, რაც დღემდე გრძელდება და თანაც დიდი მონდომებითაც. ასეთი მონდომებით თვითონ მაცხოვრის მიერ ბოძებული მოძღვრება რომ შეგვესწავლა და მისი საქმით აღსრულება გვეცადა, ცხოვრება ასეთი ზნეობრივი სიმწირისა და განუწყვეტელი ომების ეპოქაში, რაც, როგორც ეს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ერთ-ერთ თავის ქადაგებაში ხაზგასმით ბრძანა, ისტორიას არ ახსოვს, არ მოგვიხდებოდა. მაგრამ ჩვენსავე სამწუხაროდ, ვერა და ვერ ვაჯობეთ ამპარტავნებას და მისით გამოწვეულ ცდუნებას – ღმრთისგან ბოძებულ ჭეშმარიტ სწავლებას საკუთარი, კაცობრივი გონებით მოძიებული ჭეშმარიტებანი არა მხოლოდ დავუპირისპიროთ, არამედ მათზე მაღლადაც კი დავაყენოთ.
ახლის ძიებით გატაცებამ ჩვენთვის დავიწყების სქელი მტვრით დაფარა ეკლესიის წმინდა მამათა სწავლებანი ქრისტეს მოძღვრების შესახებ, რომელთაც მარადიული ღირებულება აქვთ და დროის დინებასა და ცვალებადობას არ ემორჩილებიან. რა თქმა უნდა ცალკეულ მეცნიერულ გამოცემებსა და გამოკვლევებს არ ვგულისხმობთ, მხდველობაში მათი საყოველთაო სწავლება და ხელმისაწვდომობა გვაქვს, რაც ადამიანებს ჭეშმარიტების გზაზე დადგომასა და მისკენ სიარულს ბევრად უფრო გაუადვილებდა.
ამ სურვილით მოვკიდეთ ხელი მსოფლიო ეკლესიის მასწავლებლისა და მოძღვრის, კესარია-კაპადოკიის მიტროპოლიტის წმ. ბასილი დიდის თხზულების „სულიწმიდის შესახებ“ თარგმნას, რომელშიც იგი სულიწმიდის წინააღმდეგ მიმართული ერესის სიყალბესა და სიცრუეზე აგებულ მოძღვრებას ამხელს და სამების ერთ-ერთ წევრზე მართლმადიდებლურ სწავლებას აყალიბებს.
გარდა საღმრთისმეტყველო სწავლებისა, რომელიც თხზულებაში ამ დიდი მოაზროვნისათვის ჩვეული ღრმა ცოდნითა და მეცნიერული სიზუსტითაა გადმოცემული, იგი ყურადღებას იქცევს ეკლესიის მდგომარეობის აღწერითაც. როცა IV საუკუნეში იესო ქრისტესა და სულიწმიდის წინააღმდეგ მიმართულმა ერეტიკულმა მიმდინარეობებმა ეკლესიის სიმტკიცე შეარყიეს. ისეთი მთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს იგი შინაურსა და გარეშე მტრებთან ბრძოლას თავს ვერ გაართმევდა, მაგრამ მტრები ვერ ითვალისწინებდნენ, ისევე როგორც ამას ვერც დღეს ითვალისწინებენ, მაცხოვრის მიერ თავისი ეკლესიისათვის მიცემულ აღთქმას იმის თაობაზე, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას.
აქვე მინდა, მკითხველის ყურადღება მივაქციო თხზულების ერთ ადგილს, რომელიც საინტერესო ცნობას იძლევა მისი ავტორის ეროვნული წარმომავლობის გასარკვევად, კერძოდ, როცა ის სამების დიდებისმეტყველებისას და კავშირისა და წინდებულების გამოყენებას ეხება, წერს: „და ჩვენც, კაპადოკიელებიც, დიდებისმეტყველებას ადგილობრივ ენაზე ასე გამოვთქვამთ...“ (გვ. 221). ე.ი. იგი თავს კაპადოკიელად არა ამ რეგიონის მოქალაქეობის, არამედ ეროვნული წარმომომავლობის გამო რაცხს, რადგან კაპადოკიელთა, ანუ ბიზანტიელ ისტორიკოსთა მიხედვით, მესხთა ადგილობრივი, ანუ არა ბერძნული ენის თვისებებზე ლაპარაკობს.
თარგმნისას ვისარგებლეთ კრიტიკულად დადგენილი ტექსტით: B. Pruche, Basile de Césarée. Sur le Saint-Esprit, 2nd edn.[Sources chrétiennes 17 bis. Paris: Editions du Cerf, 1968]: 250-530. მთარგმნელი
სარჩევი:
|