იმის შესახებ, რომ სულიწმიდის უარმყოფელნი დამნაშავენი არიან.
27. ვაი ვის? ვის მწუხარება? ვის შეუწევნელობა და წყვდიადი? ვის საუკუნო სასჯელი? ხომ დამნაშავეებს, რომელთაც სარწმუნოება უარყვეს? და რა არის მამხილებელი უარყოფისა? ხომ ის, რომ მათ საკუთარი აღმსარებლობა უგულებელყვეს? და რას აღიარებდნენ ისინი, ან როდის აღიარებდნენ? აღიარებდნენ, რომ სწამდათ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა და აღიარებდნენ მაშინ, როცა ეშმაკს და მის ანგელოზებს განუდგნენ და ეს მაცხოვნებელი სიტყვები წარმოთქვეს. ამიტომ რომელი შესაფერისი სახელი მოიძებნა მათთვის – ძეთა მიერ ნათლისა? ხომ დამნაშავეებად უნდა იწოდებოდნენ ისინი, ვითარცა დამრღვევნი საკუთარი ხსნის აღთქმისა? რას ვუწოდებ უარმყოფელს ღმრთისა და რას ვუწოდებ უარმყოფელს ქრისტესი? სხვას რას, თუ არა დამნაშავეს. აბა, რომელი სხვა სახელის მიცემა შეიძლება უნდოდეს მას, ვინც სულიწმიდა უარყო? ხომ იგივე, რომელიც აქვს კაცს, ვინც თავის აღთქმას წინაშე ღმრთისა უღალატა?
ამიტომ, რამდენადაც აღმსარებლობა სულიწმიდის რწმენისა ღმრთისმოსაობის გამო ამაღლებას გვანიჭებს, ხოლო უარყოფა უღმერთობისათვის სასჯელს გვიმზადებს, განა საშიში არაა უგულებელყოფა მისი ახლა, როცა ცეცხლის, მახვილის, ჯვარზე გაკვრის, შოლტების, ბორბლისა და წამების იარაღების კი არ გვეშინია, არამედ მხოლოდ სულიწმიდის მბრძოლთა ცრუ მსჯელობებითა და ცბიერი სიტყვებით ვართ მოტყუებულნი?
ვარწმუნებთ ყოველ ადამიანს, რომ უკეთუ ქრისტეს აღიარებს და ღმერთს უარყოფს, არც ქრისტე შეეწევა, ისევე როგორც არც იმას, ვინც ღმერთს მოუწოდებს, მაგრამ ძეს უარყოფს, რადგან ამაოა რწმენა მისი. იმასაც ვარწმუნებ, ვინც სულს უგულებელყოფს, რომ რწმენა მამისა და ძისა მისთვის ამაოებად იქცევა და რომ მას არც ექნება იგი, თანამყოფობის გარეშე სულისა წმიდისა; რადგან ვისაც არ სწამს სულისა წმიდისა, მას არც ძისა სწამს, ხოლო ვისაც ძისა არ სწამს, მას არც მამის რწმენა აქვს: არავის ხელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა (I კორ. XII, 3), და: ღმერთი არავინ სადა იხილა; გარნა მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა (ინ. I, 18). ამგვარს წილი არა აქვს ჭეშმარიტ თაყვანისცემაში ღმრთისა, რადგან არც ძის თაყვანისცემა შეეძლება ვინმეს, თუ არა სულიწმიდით და ვერც მამის მოწოდებას შეძლებს, თუ მას სულიწმიდით არ ეშვილა.
წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი