იმათ მიმართ, რომელნიც ამბობენ, რომ მამისა და ძის გვერდით სულიწმიდის დაყენება საჭირო არაა.
24. ამბობენ, რომ არაა საჭირო სულიწმიდა მამისა და ძის გვერდით დავაყენოთ, რადგან იგი მათგან ბუნებითაც განსხვავებულია და ღირსებითაც ნაკლები. სამართლიანი იქნება, რომ პასუხი მათ მოციქულთა სიტყვებით გავცეთ: მორჩილებაი ჯერ არს ღმრთისაი, უფროის ვიდრე კაცთაი (საქმ. V, 29). რადგან, უკეთუ უფალმა ნათლად გადმოსცა მცნება მაცხოვნებელი ნათლობისა, მოწაფეებს ყოველთა წარმართთა სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა მონათვლა უბრძანა (მთ. XXVIIL 19) და არ უგულვებელყო ერთობა სულთან, ხოლო ესენი ამბობენ, რომ საჭირო არაა მისი მამისა და ძის გვერდით დაყენება, განა ამით ბრძანებას ღმრთისას ცხადად არ ეწინააღმდეგებიან?
თუ ამტკიცებენ, რომ უფლის მიერ ამგვარი შეერთება ერთობასა და თანაზიარობას არ ნიშნავს, დაე, თქვან, უფრო შესაფერისად როგორ უნდა მოვიაზროთ იგი და სხვა რომელი უფრო დამახასიათებელი სახე აქვთ ერთობისა? უფალს რომ თავის თავთან და მამასთან ნათლობისას სულიწმიდაც არ დაეკავშირებინა, მაშინ არც ჩვენ დაგვდებდნენ ბრალს მათი გაერთიანებისათვის, რადგან უფლისაგან განსხვავებულად არც ვფიქრობთ და არც ვამბობთ. ხოლო უკეთუ იქ სულიწმიდა მამასა და ძესთანაა შეერთებული, ისეთ ურცხვობამდე ნურავინ მივა, რომ რაღაც სხვა ამტკიცოს; ბრალს ამ შემთხვევაში ნურც ჩვენ დაგვდებენ იმისათვის, რომ, რაც წერია, მისი მიმდევარნი ვართ.
25. მაგრამ ჩვენ წინააღმდეგ ომი მზადდება და ყველა განზრახვა ჩვენკენაა მიმართული. მკრეხელთა ენებს ისრები გასასროლად უფრო მძლავრად აქვთ მოზიდული, ვიდრე ოდესღაც ქრისტეს მკვლელები სტეფანეს ესროდნენ ქვებს. დაე, ისიც გაცხადდეს, რომ ჩვენთან ბრძოლა მხოლოდ გარეგნული საბაბია, სინამდვილეში იგი ზეცისკენ არის წარმართული. ამიტომ საომარი აღჭურვილობა და ხაფანგები თითქოს ჩვენ წინააღმდეგ მზადდება და ერთმანეთსაც შემწეობისათვის ჩვენ წინააღმდეგ მოუხმობენ, რამდენადაც ყოველ მათგანს ან გამოცდილება აქვს ან ძალა; მაგრამ მათი ბრძოლის საერთო მიზანი სარწმუნოებაა. სინამდვილეში ჯანსაღი სწავლების ყველა მოწინააღმდეგისა და მტრის განზრახვა ერთია: შეარყიონ სიმტკიცე ქრისტეს რწმენისა, მოციქულთა გადმოცემა დაამხონ და გაანადგურონ. ამიტომ, ვითარცა დიდსულოვანი მოვალენი, ხმამაღლა მოითხოვენ წმიდა წერილიდან მტკიცებულებებს და მამათა დაუწერელ დამოწმებებს, როგორც არავითარი ღირსების არ მქონეთ, უგულებელყოფენ.
მაგრამ ჩვენ ჭეშმარიტებას არ განვეშორებით და მას არც სიმხდალის გამო გავცემთ, რადგან უკეთუ უფალმა მამასთან სულიწმიდის ერთობის უცილობელი და მაცხოვნებელი დოგმატი გადმოგვცა, ხოლო ისინი სხვაგვარად ფიქრობენ, სულიწმიდას გამოარჩევენ და გამოყოფენ და მსახურებრივ ბუნებამდე ამდაბლებენ, განა სიმართლე არაა ის, რომ თავიანთ მკრეხელობას უფლის მცნებებზე მაღლა აყენებენ? ამიტომ ყოველგვარი კამათი შევწყვიტოთ და რაც ხელთ გვაქვს, ის ერთად განვიხილოთ.
26. რატომ ვართ ჩვენ ქრისტიანები? ალბათ, ყველა იტყოდა: რწმენის გამო. და როგორ ვცხოვნდებით? ცხადია, ხელახალი შობით ნათლობისას მიღებული მადლისაგან; სხვაგვარად როგორ უნდა ვცხოვნდეთ? ნუთუ მას შემდეგ, რაც ეს ცხონება, დამტკიცებული მამისა, ძისა და სულისა წმიდისა მიერ, შევიცანით, სწავლების იმ სახეს, რომელიც მივიღეთ, უნდა განვუდგეთ? დიდი მწუხარება დამსახურებული იქნებოდა, თუ აღმოვაჩენდით, რომ უარყოფით იმისა, რაც ადრე შევიწყნარეთ, ცხონებისაგან ახლა უფრო შორსა ვართ, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ. ერთნაირი დანაკლისია ხომ, როგორც ნათლობის მოკლება და მიუღებლობა, ისე ისეთი ნათლობაც, რომელსაც გადმოცემიდან რამე დააკლდა.
აღმსარებლობას, რომელიც ჩვენ რწმენასთან პირველად მისვლისას წარმოვთქვით, რაჟამს კერპთაგან ხსნილნი ცოცხალ ღმერთს მივეახლეთ, უკეთუ ვინმე სამუდამოდ არ დაიცავს და მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში, ვითარცა საფრთხეთაგან დამცველს, არ შეინახავს, თავისთავს ღმრთის მცნებათაგან უცხოდ ჰყოფს და საკუთარ ხელწერილს, რომელიც სარწმუნოების აღიარებისას დადო, შეეწინააღმდეგება. რადგან თუკი ნათლობა ჩემთვის სიცოცხლის დასაბამია და დღეთაგან პირველი ის დღეა, როდესაც კვალად ვიშვი, ცხადია, ყველაზე ძვირფასი ის სიტყვაა, რომელიც შვილების მადლით წარმოვთქვი.
ამგვარად, ნუთუ მათი დამარწმუნებელი სიტყვებით ცდუნებული იმ გადმოცემას ვუღალატებ, რომელმაც ნათელსა შინა შემიყვანა და შეცნობა ღმრთისა მომანიჭა და რომლის მიერაც, ცოდვის წყალობით, მანამდე მტერი ღმრთისა, ღმრთის შვილად ვიქეც? პირიქით, ჩემთვისაც ვლოცულობ, რომ ამ აღმსარებლობის წყალობით უფალს მივეახლო და მათაც ვურჩევ, რომ ქრისტეს დღემდე სარწმუნოებაც დაუზიანებლად დაიცვან, მამასა და ძესთან სულიწმიდის განუშორებლობაც და ნათლობაზე სწავლებაც რწმენის აღმსარებლობითაც შეინახონ და დიდების აღსრულებითაც.
წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი