განმსაზღვრელი ცნებანი სულიწმიდის შესახებ წმიდა წერილის სწავლების მიხედვით.
22. ახლა ისიც გამოვიძიოთ, როგორია ჩვენი ზოგადი ცნებანი სულიწმიდის შესახებ, როგორც ჩვენ მიერ წმინდა წერილიდან ამოკრებილი, ისე წმინდა მამათა დაუწერელი გადმოცემიდან მემკვიდრეობით მიღებული.
უწინარესად, მოისმენს რა სახელს სულისას, ვინ არ აღიმართება სულით და ვინ არ ამაღლდება აზრით უზენაესი ბუნების მიმართ? მას ხომ სული ღმრთისაი ეწოდება (მთ. II, 16) და სული ჭეშმარიტებისაი, რომელი მამისაგან გამოვალს (ინ.XV, 26), სული წრფელი (ფს. L,10), სული მთავრობისა (ფს. L,12); ხოლო სულიწმიდა მისი მთავარი და საკუთარი წოდებაა, რადგან იგი ყველა დანარჩენზე უპირატესი სახელია უსხეულოსა, წმინდად არანივთიერისა და მარტივისათვის (შეუდგენელისათვის). ამიტომაც უფალმა ქალს, რომელიც ფიქრობდა, რომ თაყვანისცემას ღმრთისას განსაზღვრული ადგილი სჭირდება, ასწავლა, რომ უსხეულო შემოუსაზღვრელია, როცა უთხრა: სულ არს ღმერთი (ინ. IV, 24). ამგვარად, ვისმენთ რა სიტყვას სული, არ შეიძლება გონებით ბუნება გარეშემოწერილისა, ან ცვლილებათა და ცვალებადობათა მორჩილისა, ან საერთოდ ქმნილების მსგავსისა წარმოვიდგინოთ, არამედ წარვმართავთ რა აზრებს უზენაესისაკენ, უცილობლად გონიერი არსი უნდა წარმოვიდგინოთ, შეუზღუდველი ძალისა, შემოუსაზღვრელი სიდიდისა, განუზომელი დროით ან საუკუნეებით, მფლობელი მოუკლებელთა სიკეთეთა. სულიწმიდას მიმართავს ყველა, ვისაც გაწმენდა სჭირდება; მისკენ ისწრაფვის ყველა ვინც სათნოებით ცხოვრობს, ზეგარდმო შთაგონებით (მადლით) ცოცხლებული და შეწევნული მისთვის დამახასიათებელი და ბუნებრივი აღსასრულის მისაღწევად. სხვათა სრულმყოფელს, თავად არაფერი აკლდება, განუახლებლად მცხოვრები მიმნიჭებელია ცხოვრებისა, შემატებათა გზით არ იზრდება, მაგრამ მუდამ სავსეა, თავისთავში განმტკიცებული ყველგან იმყოფება. დასაბამია სიწმინდისა, ნათელი გონიერი, ჭეშმარიტების ძიებისას ყველა გონივრული ძალისათვის თავით თვისით რამდენადმე სიცხადისა მიმნიჭებელი. ბუნებით მიუწვდომელი, საუნჯე კეთილთა; თუმცა ძალით ყველას აღავსებს, მაგრამ ეზიარება მხოლოდ ღირსეულთ, მაგრამ არა ყველას ერთნაირად, არამედ მოქმედებას რწმენის სიდიდის მიხედვით ანაწილებს. ბუნებით მარტივია და ძალით მრავალფეროვანი. ყოველსა შინა სავსებით არსებობს და ყოველგან სავსებით იმყოფება. უვნებელად ნაწილდება და სხვებთან ზიარებისას სავსებას ინარჩუნებს, ისევე როგორც მას, ვინც მისი სილამაზით ტკბება, ჰგონია, რომ მზის სხივი მხოლოდ მისთვის ბრწყინავს, მაშინ, როცა ის დედამიწასაც ანათებს, ზღვასაც და ჰაერშიცაა განზავებული. ასევე სულიწმიდაც ყოველში, რომელიც მას იღებს, ისე სუფევს, თითქოს მხოლოდ მასთან მყოფობდეს და ყველასთვის საკმარისად და სავსებით იძლევა მადლს, რომლითაც მასთან ზიარებულნი იმ ზომით ტკბებიან, რამდენის მიღებაც თვითონ შეუძლიათ და არა იმ ზომით, რამდენიც თავად სულს ძალუძს.
23. სულის მიერ შეთვისება სულიწმიდისა არის არა ადგილით დაახლოება – რადგან როგორ უნდა შეძლოს უსხეულომ სხეულებრივად მიახლოვება? – არამედ განშორება ვნებათაგან, რომელნიც სულში სხეულთან მისი დაკავშირების შედეგად შემოვიდნენ და იგი ღმერთთან ნათესაობისაგან გააუცხოვეს. ამიტომ გაწმენდილი სამარცხვინოსაგან, რომელიც თავისთავში ცოდვით წარმოშვა, ბუნებრივ სილამაზეს უბრუნდება, განწმენდის გზით თითქოს მეფურ ხატს ძველ გარეგნობას უბრუნებს;
მხოლოდ მას ძალუძს მიახლოვება ნუგეშინისმცემელთან. ხოლო ის ვითარცა მზე, განწმენდილი თვალით აღქმული, შენ თავის თავში უხილავის ხატს წარმოგიჩენს; ხატის ნეტარი ჭვრეტისას კი პირველსახის გამოუთქმელ სილამაზეს იხილავ.
სულიწმიდისაგან არის ამაღლება გულთა, ხელისაპყრობა უძლურთათვის, წარმატებულთა სრულყოფა. იგი ყოველი ბიწისაგან განწმენდილთ განანათლებს, თავისთავთან ზიარებით სულიერებად აქცევს. ვითარცა ბრწყინვალე და გამჭვირვალე სხეულები, მათზე სინათლის სხივის დაცემის შედეგად, მანათობელნი ხდებიან და თვითონაც ახალ სხივს გამოსცემენ. ასევე სულიწმიდით შემოსილი სულებიც, სულიწმიდისაგან განათლებულნი, თავადაც სულიერებად იქცევიან და მადლს სხვებსაც გადასცემენ. მისგანაა წინასწარ ცნობა მომავლისა, გულისხმისყოფა საიდუმლოთა, წვდომა დაფარულთა, გაცემა ნიჭთა, ზეციური მოქალაქობა, ანგელოზთა დასთა თანა დგომა, დაუსრულებელი სიხარული, ღმერთსა შინა ყოფა, მსგავსება ღმრთისა და უკიდურესი ზღვარი სასურველისა – განღმრთობა.
ასეთია ჩვენი წარმოდგენები სულიწმიდის შესახებ; მისი სიდიადის, ღირსებისა და მოქმედებათა გააზრება ჩვენ თვითონ სულიწმიდის სიტყვებიდან ვისწავლეთ და, ვითარცა მცირედი მრავალთაგან, ამგვარად გადმოვეცით.
წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი