რა შემთხვევაში გამოიყენება δι ου (მის მიერ) და რა გაგებით არის იგი უფრო შესაფერისი, ვიდრე გამოთქმა – მასთან; აგრეთვე, განმარტება იმისა, როგორ იღებს ძე მცნებას და როგორ წარმოიგზავნება იგი.
17. როცა მოციქული ჰმადლობს ღმერთსა ქრისტე იესუის მიერ (რომ. I, 8), და ასევე ამბობს, რომ მის მიერ მიიღო მადლი და მოციქულებაი დასამორჩილებლად სარწმუნოებისა ყოველთა წარმართთა (რომ. I, 5) და მის მიერ ვართ მიმთხვეულნი მადლსა ამას, რომლითაცა ვდგათ და ვიქადით (რომ. I, 2), იგი ძის მიერ ჩვენთვის მონიჭებულ მრავალ წყალობას გამოხატავს, რადგანაც ქრისტე ან თვითონ წარმომართავს ჩვენკენ მამის სიკეთეთა მადლს, ან კიდევ მამასთან მის მიერ მივყავართ. რადგან, ნათქვამი: მისგან მივიღეთ მადლი და მოციქულებაი, (რომ. I, 5), სიკეთეთა მისგან ბოძებას წარმოაჩენს, ხოლო სიტყვები მის მიერ (რომლისაგანცა) მოუხედით მადლსა ამას, ღმრთისაგან ჩვენს მიღებასა და შეთვისებას წარმოაჩენს, ქრისტეს მიერ აღსრულებულს.
ამიტომ აღიარება მადლისა, რომელიც ჩვენ მიმართ მის მიერ აღესრულა, ნუთუ მოკლებაა დიდებისა? თუ უფრო სამართლიანი იმის თქმა იქნებოდა, რომ ქველმოქმედებათა შესახებ გადმოცემა შესაფერისი საგანია დიდებისმეტყველებისა? ამიტომაც ვხედავთ, რომ წმიდა წერილი გვესაუბრება რა ჩვენ, ერთ სახელს როდი აძლევს უფალს, და არც მხოლოდ იმ სახელებს, რომელთა მიერაც მხოლოდ მისი ღმრთაებრიობა და სიდიადე ცხადდება, არამედ ზოგჯერ ბუნების მახასიათებელი ნიშნების წარმომჩენ სახელებსაც იყენებს, რადგან იცის სახელი უზეშთაესი უფროის ყოველთა სახელთაისა (ფილიპ. 2,9) ძისა და მას ჭეშმარიტ ძეს (I ინ. V, 20), მხოლოდშობილ ღმერთს (ინ.I, 18), ძალას ღმრთისას, სიბრძნესა (II კორ. I,24) და სიტყვას (ინ. 1,1) უწოდებს. და კიდევ: გამომდინარე ჩვენთვის ბოძებული მადლისმიერი მრავალფეროვანი ნიჭიდან, რომელიც სიკეთეთა სიუხვიდან, თანახმად მისი მრავალფეროვანი სიბრძნისა, მთხოვნელებს ენიჭება, წმიდა წერილი მას მრავალი სხვა სახელით აღნიშნავს: ხან მწყემსს უწოდებს, ხან მეფეს, ხან კიდევ მკურნალს; მასვე უწოდებს სიძეს, გზას, კარს, წყაროს, პურს, ცულსა და კლდეს. ეს სახელები ხომ არა ბუნებას, არამედ როგორც ვთქვი, მოქმედებათა მრავალფეროვნებას გამოხატავენ, რომელთაც, საკუთარი ქმნილებებისადმი გულმოწყალებისა გამო, იმისდა მიხედვით, ვის რა სჭირდება, მთხოვნელთა წინაშე გამოავლენს. მათ, რომელნიც მისი მზრუნველობისაკენ ილტვიან და უდრტვინველი მორჩილებით გულუხვობაში წარემატებიან, ცხვრის ფარას უწოდებს, ხოლო თავის თავს იმგვარ ცხოვართა მწყემსად აღიარებს, რომელნიც მის ხმას უსმენენ და იმათთვის, რომელნიც უკვე ამაღლდნენ და სამართლიან მართვას საჭიროებენ; კარად იმიტომ იწოდება, რომ ჭეშმარიტი მცნებებით დიდებული საქმეებისაკენ მიჰყავს და კიდევ: უფრო უსაფრთხოდ მიუძღვის ეზოში მისკენ რწმენით მილტოლვილთ ცოდნის სიკეთისათვის. ამიტომაც ამბობს: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს (ინ. X, 9); ქვად კი – ვითარცა მძლავრსა და ურყევ, ყველა სიმაგრეზე უფრო გაუტეხელ დამცველს მორწმუნეთათვის.
იმ შემთხვევაში, როცა კარად და გზად იწოდება, როგორც ყველაზე შესაფერისსა და სწორს, გამოთქმას მის მიერ იყენებენ. თუმცა ვითარცა ღმერთსა და ძეს, მამისა თანა და მამასთან აქვს დიდება, რამეთუ სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუხლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი, და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა (ფილიპ. I, 10-1 1). ამიტომ ორივე გამოთქმას ვიყენებთ, ერთით მის საკუთარ ღირსებას ვაცხადებთ, ხოლო მეორეთი ჩვენთვის მონიჭებულ მადლს.
18. მის მიერ ეძლევა ხომ ყოველი შემწეობა სულთა, და მზრუნველობის ყოველი სახისათვის რაღაც განმასხვავებელი სახელწოდებაა მოფიქრებული. როცა ის უბიწო სულს, რომელსაც არა აქვს ლაქა და ბიწი, ვითარცა უმანკო ქალწულს, თავსა თვისსა წარუდგენს (ეფ. V, 27), მაშინ სიძედ იწოდება.
რაჟამს ის ეშმაკის სასტიკი დარტყმებისაგან დაწყლულებულ სულს იწყნარებს და მძიმე ცოდვათა სნეულებათაგან კურნავს, მკურნალი ეწოდება. ნუთუ ამგვარი მზრუნველობანი ზრახვებს ჩვენსას დამდაბლებისკენ წარიყვანს? თუ პირიქით, გაოცებას გამოიწვევს დიდითა ძალმოსილებითა და მასთან ერთად კაცთმოყვარეობითაც მხსნელისა, რომელმაც ჩვენთა უძლურებათა თანაგანცდა ინება და ჩვენს უძლურებამდე დამდაბლდა?
რადგან აღმატებულობას ძალმოსილებისა არა იმდენად ზეცა, დედამიწა, ზღვათა სივრცე, წყალთა შინა და ხმელეთსა ზედა მცხოვრები ცხოველები, მცენარენი, ვარსკვლავები, ჰაერი, წელიწადის დრონი და სამყაროს სამკაულთა მრავალფეროვნება ამტკიცებს, რამდენადაც ის, რომ დაუტევნელმა ღმერთმა, ხორცშესხმულმა სიკვდილთან უვნებელად შებრძოლება შეიძლო, რათა საკუთარი ვნებით ჩვენთვის უვნებლობა მოენიჭებინა. ხოლო უკეთუ მოციქული ამბობს, რომ ამას ყოველსა ზედა-ვსძლევთ ჩვენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარა ჩუენ (რომ. VII, 37), ამგვარი გამონათქვამით არა რაღაც მსახურებრივ სიმდაბლეზე მიუთითებს, არამედ ძალმოსილების ხელმწიფებით გაწეულ შემწეობაზე. რამეთუ მან შეკრა ძლიერი იგი (მთ. XI, 29) და ჭურჭელი მისი, ანუ ჩვენ, რომელთაც ძლიერი ყოველგვარი უკეთური ქმედებისათვის გვიყენებდა, გამოგვიტაცა და გვქმნა კეთილსახმარ ჭურჭლად უფლისა, ყოვლისავეთვის საქმისა კეთილისა, რომელიც კი ხელგვეწიფება, განმზადებულ (2 ტიმ. II, 21). ამგვარად მის მიერ მიყვანილნი (რომ. V, 2) მამასთან ხელმწიფებისა მისგან ბნელისა მიმცვალნა ჩუენ... ნაწილსა მას მკვიდრობისა წმიდათაისა ნათელსა შინა (კოლ. I, 13,12).
ამრიგად, განგებულება, რომელიც ძის მიერ საკუთარი ქმნილებისადმი სიკეთითა და თანალმობით და ნებითა ღმრთისა და მამისათა იქნა აღსრულებული, არა მონური სიმდაბლისაგან მომდინარე იძულებულ მსახურებად, არამედ ნებაყოფლობით მზრუნველობად უნდა მოვიაზროთ. ამგვარად თაყვანს ვცემთ ყოველივეს, ძის მიერ აღსრულებულს და მის სრულ ძალმოსილებას დავამოწმებთ და არანაირად არ გამოვაცალკევებთ მას ნებისაგან მამისა.
ასევე, როცა უფალი გზად იწოდება, იმას კი არ ვიწყნარებთ, რაც პირველად წარმოგვიდგება, არამედ უფრო მაღალ გაგებამდე აღვიწევით. რადგან როცა გზა გვესმის, სრულყოფაში სიმართლის საქმეებითა და გონების განათლებით მიღწეულ წარმატებას მოვიაზრებთ, მუდმივად წინ მივისწრაფვით და იმის მიწვდომას ვცდილობთ, რაც ჯერ კიდევ გვაკლია, ვიდრე ნეტარ დასასრულს – ღმრთის შეცნობას არ მივაღწევთ, რომელსაც უფალი მისთა მორწმუნეთა ანიჭებს. უფალი ჩვენი მართლაც არის გზა კეთილი, განუხრელი და უცდომელი, რომელსაც ჭეშმარიტ სიკეთემდე – მამამდე მივყევართ, რამეთუ ამბობს: არავინ მივიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ (ინ. XIV, 6). ასეთია ჩვენი აღსვლა ღმერთთან ძისა მიერ.
19. შემდგომად ამისა, ახლა ისიც უნდა ითქვას, როგორ გვეძლევა სიკეთენი ძის მიერ მამისაგანაც. რამდენადაც ყოველი შექმნილი ბუნება, ხილული თუ გონებით წარმოსადგენი, არსებობისათვის ღმრთისაგან მზრუნველობას ითხოვს, შემოქმედი სიტყვა, მხოლოდშობილი ღმერთი შემწეობას თითოეულს მისი საჭიროებისამებრ უწევს და აუცილებელ მოთხოვნათა მიხედვით, დახმარებას უზრდის, რომელიც, რამდენადაც მრავალრიცხოვანი და მრავალგვარია წყალობათა მრავალის სახის გამო, იმდენად თანაზომიერია თითოეულისათვის: უმეცრების ბნელისა შინა მყოფთა იგი განანათლებს, ამიტომაც არის ნათელი ჭეშმარიტი; განსჯის და ღირსეულ მისაგებელს საქმეთა ღირსების მიხედვით ადგენს, ამიტომაც სამართლიანი მსაჯულიც არის. არცაღა მამაი სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა (ინ. V, 22). დაცემისაგან აღადგენს მათ, რომელნიც ცხოვრების სიმაღლიდან ცოდვასა შინა ჩაცვივდნენ. ამიტომაც არის აღდგომა (ინ. XI, 25). ყოველივე ამას შეხებით ძალისა და კეთილი ზრახვით აღასრულებს. მწყემსავს, განანათლებს, ასაზრდოებს, წინამძღოლობს, კურნავს, აღადგენს, არარსებულთ არსებულად ხდის, ქმნილებებს შეეწევა.
ამგვარად, ღმრთისაგან სიკეთენი ძისა მიერ აღწევს ჩვენამდე, რომელიც ყოველსა შინა უფრო დიდი სისწრაფით მოქმედებს, ვიდრე სიტყვას შეუძლია განეფინოს. მას ვერც ელვა შეედრება, ვერც ნათელი, ასე სწრაფად რომ მსჭვალავს ჰაერს, ვერც დახამხამება თვალისა, ვერც მოძრაობანი ჩვენი აზრისა. ყველა ამათგანი ღმრთის მოქმედებას სისწრაფით უფრო დიდად ჩამორჩება, ვიდრე ყველაზე ზანტი ცხოველები, – არ ვიტყოდი არც ფრინველებს, არც ქარებს, არც ზეციერთა ბრუნვას, – მოძრაობის მიხედვით ჩვენს გონებასაც კი ჩამორჩებიან; რადგან დროის რა ხანგრძლივობა შეიძლება დასჭირდეს მას, რომელსაც უტვირთვან ყოველნივე სიტყვითა მით ძლიერებითა მისისათა (ებრ. I, 3) და მოქმედებს არა სხეულით და არც ხელებს იყენებს შესაქმისათვის, არამედ დაბადებულთა ბუნება მისივე თავისუფალი ნებით ჰყავს დამორჩილებული? როგორც მიმართავს ივდითი: შენ ჩაიფიქრე და აღსრულდა შენი ჩანაფიქრი (ივდით. IX. 5).
თუმცა ქმნილებათა დიდებულებას იმის წარმოსადგენად რომ არ გავეტაცეთ, რომ უფალი უმიზეზო, რას ამბობს თვით სიცოცხლე? მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა (ინ. VI, 57); და რას ამბობს ძალა ღმრთისა? არ ხელეწიფების ძესა კაცისასა საქმედ თავით თკსით არცა ერთი რაი. (ინ. V, 19). და რას ამბობს თავისთავად სრულყოფილი სიბრძნე? მივიღე მცნებაი, რაი ვთქუა და რასა ვიტყოდი (ინ. XII, 49). ყოველივე ამით მას მამის გულისხმისყოფისაკენ მივყავართ და ქმნილებათა გაოცებას მისკენ წარმართავს, რათა მამა მის მიერ შევიცნოთ. რამეთუ მამა არა განსხვავებულ საქმეთაგან განიჭვრიტება, ანუ ცალკე გამოყოფილი, პირადად მისი საკუთარი ქმედებით, რომ იხილვებოდეს, რამდენადაც უკუეთუ იხილოს რაიმე მამისაგან საქმე, ...მას ძე ეგრეთვე მსგავსად იქმს (ინ. V, 19), – არამედ მხოლოდშობილის მიერ მისთვის აღვლენილი დიდებისაგან, იგი დაბადებულთა გაოცებას იმკის ქმნილებათა სიდიადისა გამო, თავად შემოქმედისგან შექებული და ამაღლებული მათგან, რომელნიც მას მამად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი შეიცნობენ, რომლისათვის არს ყოველი და რომლისაგან არს ყოველი (ებრ. II, 10).
იმიტომაც ამბობს უფალი: ჩემი ყოველი შენი არს, რომ ქმნილებათა დასაბამი მამამდე აღიწევა, და შენი ჩემი არს (ინ.XVII, 10), რადგან თვითონაც მამისაგან არის მიზეზი შესაქმისა, არა იმ გაგებით, რომ მოქმედებისათვის მამის შემწეობა სჭირდება, და არც იმიტომ, რომ ყოველი საქმის მსახურება ახალ-ახალი ბრძანებებით აქვს მინდობილი, რადგან ეს მართლაც მსახურებრივი და ღმრთეებრივი ღირსებისთვის სრულიად დამამდაბლებელი იქნებოდა, არამედ იმ გაგებით, რომ სიტყვა ღმერთი, აღვსილი მამისეულ სიკეთეთა მიერ, მამისაგან გამობრწყინვებული, ყოველივეს მშობლის მსგავსად იქმს. რადგან უკუეთუ იგი არსით არ განსხვავდება მისგან, არც ძლიერება ექნება განსხვავებული; ხოლო თანაბარი ძალის მქონეთ ქმედებაც უცილობლად თანაბარი აქვთ. ქრისტე ხომ ღმრთისა ძალ და ღმრთისა სიბრძნეა (I კორ. I, 24). ამიტომაც ყოველივე მის მიერ შეიქმნა (ინ. I, 3) და ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა (კოლას. I, 16). მაგრამ არა იმ გაგებით, რომ, ვითარცა რაღაც იარაღმა, მონური მსახურება გასწია, არამედ მამის ნებას, როგორც თავადაც შემოქმედი, ისე აღასრულებს.
20. ამგვარად, როცა ამბობს: მე თავით თვისით არარას ვიტყოდე (ინ. XI, 49), და კიდევ: ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრეცა ვიტყვი (ინ. XII, 50), და: სიტყუანი, რომელ გესმიან, არა ჩემნი არიან, არამედ მომავლინებელისა ჩემისა (ინ. XIV, 24), და სხვაგან: ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრეცა ვყო (ინ. XIV, 31), ამგვარ გამოთქმებს იგი არა ვითარცა თავისუფალ ნებას მოკლებული, არც საკუთარი მისწრაფების არ მქონე, არც ვითარცა მომლოდინე პირობითი ნიშნებით ბრძანებისა – იყენებს, არამედ ამით გვაჩვენებს, რომ მისი საკუთარი განზრახულება იგივეობრივია და განუყოფელია განზრახულობისაგან მამისა; ამიტომაც, ის რასაც მცნება ეწოდება, უნდა მივიღოთ არა ვითარცა სიტყვა ბრძანებისა, სახმო ორგანოებით უწყებული და ძისადმი, ვითარცა ქვეშევრდომისადმი, მიმთითებელი იმისა, რა უნდა გააკეთოს, არამედ ღმრთის შესაფერისად უნდა გულისხმავყოთ, ვითარცა გაზიარება ნებისა, მამისაგან ძეზე უჟამოდ გადასულისა, მსგავსად რომელიმე სარკეში ასახული გამოსახულებისა, რამეთუ მამასა უყუარს ძე და ყოველსავე უჩუენებს მას (ინ. V, 20).
ამგვარად, ყოველივე რაოდენიცა აქვს მამას, ძესაც ეკუთვნის, არა ვითარცა თანდათან შემატებული, არამედ ყოველთვის მისი. თუ ადამიანებსაც კი, რომელთაც ხელოვნება შეისწავლეს და დროთა განმავლობაში ვარჯიშით განმტკიცებული ჩვევა ჩაინერგეს, შეუძლიათ თავისთავად იმოქმედონ საკუთარ თავში არსებული ცოდნის კანონებით, ნუთუ ღმრთის სიბრძნე და ყოველთა დაბადებულთა შემოქმედი, მარადიულად სრულყოფილი, განუსწავლელად ბრძენი, ძალა ღმრთისა, რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი (კოლას. I, 3), ცალკეულ მითითებას საჭიროებს, რომელთაც მისთა საქმეთა სახე და ზომა უნდა განსაზღვრონ?
უკეთუ შენ, შენთა ზრახვათა ამაოებით, სასწავლებელს გახსნი, ამასთან ერთს მასწავლებლის ადგილას დასვამ, ხოლო მეორეს გამოუცდელ მოწაფედ წარმოადგენ, რომელიც შემდეგში გაკვეთილების თანდათანობითი გამრავლებით სიბრძნეს შეისწავლის და სრულყოფილებაში წარემატება, თუკი მსჯელობისას თანმიმდევრულობის დაცვა ძალგიძს, დაასკვნი, რომ შვილი ყოველთვის სწავლობს და სრულყოფის მიღწევას ვერასოდეს შეძლებს, რადგან სიბრძნე მამისა განუსაზღვრელია, ხოლო უსაზღვროებაში დასასრულის მიღწევა – შეუძლებელი. ამგვარად, ვინც არ დათანხმდება იმას, რომ ძეს ყოველივე დასაბამიდანვე აქვს, ვერც იმას დაეთანხმება, რომ იგი ოდესმე სრულყოფილებას მიაღწევს. მაგრამ მრცხვენია აზრის სიმდაბლისა, რომლისკენაც სიტყვის თანმიმდევრულობამ მიმიყვანა. ამიტომ ისევ სიტყვის სიმაღლეს დავუბრუნდეთ.
21. რომელმან მიხილა მე, იხილა მამაი ჩემი (ინ. XIV, 9); იხილა არა ანაბეჭდი, არც გამოსახულება, რადგან ღმრთეებრივი ბუნება წმინდაა ყოველგვარი შედგენილობისაგან, არამედ სიკეთე ნებისა, რომელიც ვითარცა თანამდევი არსისა, მსგავსი და თანასწორი, უფრო უკეთ რომ ვთქვათ, იგივეობრივი მისი, მამასა და ძეშიც განიჭვრიტება.
რას ნიშნავს გამოთქმები: იქმნა იგი მორჩილ (ფილიპ. I, 8) და ჩუენ ყოველთათვის მისცა იგი (რომ. VII, 32)? იმას, რომ მამისაგან ძეს ისიც მიეცა, რომ კაცთათვის სიკეთით ემოქმედა. მაგრამ შენ ეს ადგილები მოისმინე: ქრისტემან ჩუენ მოგვიყიდნა წყევისგან მისგან შჯულისა (გალატ. II, 13) და ვიდრე-იგი ცოდვილღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთვის მოკუდა (რომ. V, 8). გულდასმით მოისმინე, აგრეთვე, სიტყვები უფლისა, რომლითაც ჩვენ მამის შესახებ გვასწავლა. ამ დროს სრული უფლებამოსილების გამომხატველსა და საუფლო გამოთქმებს თვითონაც იყენებს, ამბობს რა: მნებავს, განწმიდენი (მთ. VIII, 3), და დადუმენ და პირი დაიყავ (მარკ. IV, 39), ხოლო მე გეტყვი თქუენ (მთ. V, 22), და: ჰრქუა უტყუსა და ყრუსა სულსა: მე გიბრძანებ შენ (მრკ. IX,25), და მსგავსნი ამათნი, რათა მათგან უფალი და შემოქმედი ჩვენი შევიცნოთ, მისგან კი მამისა უფლისა ჩვენისა და შემოქმედისა შეცნობა ვისწავლოთ.
ამრიგად, ყოველივე ამისგან მტკიცდება ჭეშმარიტი სწავლება, რომ მამა ქმნის ძის მიერ ისე, რომ არც დამბადებელი ძალა მამისა წარმოგვიდგება არასრულყოფილად და არც მოქმედება ძისა განიმარტება ძალამოკლებულად, არამედ ნების ერთიანობაა წარმოდგენილი. ასე რომ, გამოთქმა მის მიერ (δι ου) პირველმიზეზის აღიარებას გულისხმობს და არა შემოქმედებითი მიზეზის გაკიცხვას.
წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი