მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

სულიწმიდის შესახებ

 

თავი VII

იმათ პასუხად, რომელნიც ამბობენ, რომ ძეს არა გამოთქმა მასთან (μεθ ου), არამედ მისით მის მიერ (δι ου) შეეფერება.

 

16. გამოთქმა მასთან, ამბობენ ისინი, სრულიად უცხოა და უჩვეულო; ხოლო მის მიერ წმიდა წერილის ენისათვის დამახასიათებელია და ძმობასა შინა ჩვეულებრივად გამოყენებული.

რას ვეტყვით ჩვენ მათ ამის თაობაზე? რომ ნეტარნი არიან სასმენელნი, რომელთაც თქვენთვის არ მოუსმენიათ, და გულნი, რომელნიც თქვენი სიტყვებისგან დაწყლულებას გადაურჩნენ. თქვენ კი ქრისტესმოყვარენო, გეტყვით, რომ ეკლესიამ ორივეს გამოყენება იცის და ამ ორიდან უარს არცერთზე არ ამბობს, ვითარცა მეორისაგან განადგურებულზე, რადგან, როცა ჩვენ მხოლოდშობილის ბუნების სიდიადესა და ამაღლებულ ღირსებას ვჭვრეტთ, ვამოწმებთ, რომ მას დიდება მამისა თანა აქვს. ხოლო როცა წარმოვიდგენთ, რომ ჩვენთვის კეთილთა მომნიჭებელია, ღმერთთან მივყავართ და მისიანებად გვხდის, მაშინ ვაღიარებთ, რომ მადლი ესე მის მიერ და მისით (δι αυτου και εν αυτω) აღესრულება. ამგვარად დიდებისმეტყველთათვის დამახასიათებელია გამოთქმა მასთან (μεθ ου), ხოლო გამოთქმას მის მიერ (δι ου) მადლობელნი ირჩევენ.

ისიც სიცრუეა, რომ გამოთქმას მასთან კეთილკრძალულნი არ იყენებდნენ, რადგან, სოფლად და ქალაქად, ისინი, რომელნიც მტკიცედ იდგნენ ტრადიციებზე, სიახლეებს პატივსაცემ ძველს ამჯობინებდნენ და მამათა გადმოცემები შეურყვნელად შემოინახეს, ამ გამოთქმას იყენებენ; ხოლო ისინი, რომელთაც ჩვეულებრივი მოიყირჭეს და ძველის, ვითარცა გუშინდელის, წინააღმდეგ აღდგნენ, ახლადშემოღებულ წესებს ჩაეჭიდნენ; მსგავსად მორთვა-მოკაზმვის მოყვარეთა, რომელნიც ჩვეულებრივ სამოსს ახალი ყაიდისას ამჯობინებენ. სოფლის მცხოვრებლებთან დღემდე იპოვით ძველთაგანვე გამოყენებულ სიტყვას, ხოლო სიტყვიერ ბრძოლებში გაწაფულებმა სიტყვებს ახალი სიბრძნის დაღი დაასვეს. ამგვარად, ვითარცა მამანი ჩვენნი, ჩვენც ვამბობთ, რომ მამასა და ძეს საერთო დიდება აქვთ და ამიტომ დიდებისმეტყველებას ძესთან ერთად მამასაც აღვუვლენთ.


მაგრამ ჩვენ ის კი არ გვაკმაყოფილებს, რომ ასეთია გადმოცემა მამათა, რადგან იმ დამოწმებათა საფუძველზე, რომელნიც ცოტა ხნის წინ თქვენ წმიდა წერილიდან მოგიყვანეთ, ისინიც წმიდა წერილის განზრახვის მიმდევარნი იყვნენ. რამდენადაც ბრწყინვალება დიდებასთან ერთად მოიაზრება და ხატი პირველსახესთან ერთად, ძეც უცილობლად მამასთან ერთად უნდა მოვიაზროთ. არც თანმიმდევრობა სახელებისა და არც ბუნების საქმეთაგან რომელიმე, მათ გაყოფას არ იწყნარებს.

 


 

წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი