პასუხი მათ, რომელნიც ამტკიცებენ, რომ ძე მამის შემდეგაა და არა მამასთან; სადაც საუბარია, აგრეთვე, დიდების თანაბარ პატივზე.
13. რა თქმა უნდა, არ შეიძლება უმეცრება მოიყვანო გასამართლებლად, როცა სიტყვას ასეთი ოსტატობითა და ცბიერებით მიმართავენ. ისინი ჩვენზე აშკარად მრისხანებენ იმის გამო, რომ დიდებისმეტყველებას მამასთან ერთად მხოლოდშობილზეც აღვავლენთ და სულიწმიდასაც ძისაგან არ განვაშორებთ. ამიტომ ახლის შემოქმედთ, სიახლის შემომტანებს, სიტყვათა გამომგონებლებს და კიდევ რომელ გამკიცხავ სახელებს არ გვიწოდებენ.
ლანძღვა-გაკიცხვით არა თუ განაწყენებულნი ვართ, არამედ, პირიქით; რადგანაც ნეტარების მიღწევაში შემეწევიან, ავსიტყვაობისათვის მადლობასაც კი ვეტყოდი, რომ არა ის ზიანი, რომელსაც ისინი თავიანთ თავს აყენებენ და რომელიც მწუხარებასა და განუწყვეტელ ტკივილს განმაცდევინებს. ნათქვამია ხომ: ნეტარ იყვნეთ... რაჟამს თქუან ყოველი სიტყუაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის (მთ. V, 11).
მაგრამ აი, ის, რის გამოც შფოთავენ. „ძე, – ამბობენ ისინი, – არა მამასთან, არამედ მამის შემდეგაა. ამიტომ მის მიერ (δι αυτου) უნდა აღვუვლინოთ მამას დიდება და არა მასთან ერთად. რადგან გამოთქმა მასთან ერთად (μετ αυτου) გამოხატავს თანაბარ პატივს, ხოლო გამოთქმა მის მიერ მსახურებრივ ქმედებას წარმოადგენს. სულიწმიდა, – ამბობენ ისინი, – არა მამასა და ძესთან უნდა დავაყენოთ, არამედ ძესა და მამაზე დაბლა, როგორც დაქვემდებარებული და არა მათი თანასწორი, ვითარცა არა თანა, არამედ ქვემოთ შერაცხილი“. და სიტყვათა ამგვარი ოსტატურად გამოყენებით რწმენის უბრალოებასა და ბუნებრიობას ამახინჯებენ. ამიტომ, განა შეუძლიათ გამოუცდელობით იმართლონ თავი ადამიანებმა, რომელნიც თავიანთი გამოძიებით სხვებსაც კი არ აძლევენ ნებას, რომ გამოუცდელნი დარჩნენ?
14. ხოლო ჩვენ უწინარესად მათ ამას ვკითხავთ: ძეს მამის შემდეგ როგორ მოიაზრებენ: ვითარცა დროის მიხედვით უფრო ახალგაზრდას, თუ რიგისა და ღირსების მიხედვით? მაგრამ ისეთი უგუნური ვინ იქნება, რომ საუკუნეთა შემოქმედს, დროის მიხედვით, მეორე უწოდოს, როცა მამისა და ძის ბუნებრივ ერთობაში არავითარი შუალედური დაშორება არ არსებობს. კაცობრივი გაგებითაც შეუფერებელია მტკიცება იმისა, რომ ძე მამაზე ახალგაზრდაა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გონებით ერთმანეთთან ურთიერთობაში მოიაზრება, არამედ იმიტომაც, რომ დროში მეორენი იმათ ეწოდებათ, რომელნიც აწმყოს მცირედ არიან დაშორებულნი, ხოლო პირველნი იმათ, რომელნიც აწმყოსაგან კიდევ უფრო შორს არიან. მაგალითად, რამდენადაც აწმყოსაგან უფრო დაშორებულია ის, რაც ნოეს გარდახდა, უძველესია სოდომელთა ამბავზე, რომელიც შედარებით გვიანდელია, რადგანაც უფრო ახლოს ჩანს ახლანდელ დროსთან.
მაგრამ განა გაზომვა ყველა დროსა და ყველა საუკუნეზე აღმატებული ცხოვრების ყოფიერებისა, აწმყოსთან დაშორების მიხედვით, არა მხოლოდ უსჯულოება, არამედ უკიდურესი უგნურებაც არ იქნებოდა, თუკი წარმოვიდგენთ, რომ რა სახითაც დაბადებულებსა და ხრწნადებზე ლაპარაკობენ, სახელდობრ, რომ ერთი მეორეზე უწინდელია, იმავე სახით ღმერთსა და მამას, უწინარეს საუკუნეთა არსებულ ძესა და ღმერთს შევუპირისპირებდით და მასზე აღვამაღლებდით? მაგრამ დროში უფროსობის მიხედვით, ასეთი უპირატესობა მამისა, უმეცრებაა, რადგან საერთოდ არც ფიქრი, არც არანაირი გაგება არ აღემატება შობას უფლისა მას შემდეგ, რაც იოანემ ორი სიტყვით შემოწერილ საზღვრებში მოათავსა აზრი, როცა თქვა: პირველითგან იყო სიტყუაი (ინ. 1,1); სიტყვა იყო (ην) ხომ გამოსავალს არ იძლევა ფიქრებისათვის და მიუწვდომელი დასაბამია წარმოსახვებისათვის. რამდენადაც არ უნდა ჩაუღრმავდე ფიქრით მასზე წინანდელს, „იყოს“-ს საზღვრებიდან ვერ გახვალ; და რაც არ უნდა ეცადო, ძეზე უწინდელი იხილო, შობაზე უწინარესის ხილვას ვერ შეძლებ, ამისდა მიხედვით, ძის მამასთან ერთად მოაზრება ღმრთისმოსაობაა.
15. თუკი ისინი მამასთან შედარებით ძის დამდაბლებას ადგილის მიხედვით წარმოადგენენ, ისე რომ, მამა უფრო მაღლა ზის, ხოლო ძე რიგით უფრო დაბალ ადგილს იკავებს, მაშინ აღიარონ ეს და ჩვენც გავჩუმდებით, რადგან მათი უგუნურება თავისთავად ცხადი გახდება. მსჯელობისას თანმიმდევრულობას სწორედ ისინი არ იცავენ, რომელნიც მამის ყველგან მყოფობას არ აღიარებენ, მაშინ, როცა ჯანსაღ გონებას სწამს, რომ ღმერთი ყოველივეს აღავსებს. არც წინასწარმეტყველის ნათქვამი: აღ-თუ-ვხდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვხდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ (ფს. 138,8) ახსოვთ მათ, რომელნიც მამასა და ძეს მაღალი და დაბალი ადგილების მიხედვით განარჩევენ. ხოლო მათი უმეცრების სამხილებლად, რომელნიც უსხეულოთა ადგილს განსაზღვრავენ, დავდუმდები. მათ ურცხვობას, რომლითაც წმინდა წერილს ებრძვიან და უპირისპირდებიან, რამდენადმე მაინც ჩააწყნარებს ნათქვამი: დაჯედ მარჯვენით ჩემსა (ფს. 109,1) და: დაჯდა იგი მარჯუენით სიმდიდრესა მისსა (ღმრთისა) (ებრ. 1,3); მარჯვენა დაბალ ადგილს კი არ ნიშნავს, როგორც მათ ეს სიტყვა ესმით, არამედ თანასწორ დამოკიდებულებას. გაგება მარჯვენისა აქ არა სხეულებრივია (რადგან მაშინ ღმერთს მარცხენაც ექნებოდა); პირიქით, წმიდა წერილი დასაჯდომელისადმი საპატიო სახელის მიცემით ძისადმი დიდი პატივისცემას გამოხატავს.
ამრიგად, იმის თქმაღა რჩებათ, რომ ამ სიტყვით ღირსების დაბალი დონე აღინიშნება. მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ქრისტე ძალ ღმრთისა არს და ღმრთისა სიბრძნე (I კორ. I, 24), და რომ იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაი, (კოლ. II, 15), და ბრწყინვალებაი, დიდებისაი (ებრ. I, 13), რომ იგი აღბეჭდა მამა ღმერთმა და მასში თავისი თავი მთლიანად გამოსახა. ამრიგად, ნუთუ ის უნდა ვთქვათ, რომ ეს და სხვა ამათი მსგავსი დამოწმებანი, რომელნიც კი მთელს წმინდა წერილში გვხვდება, დამამდაბლებელია, თუ ისინი, ვითარცა რამდენადმე საჯარო განცხადებები, ისე უნდა შევიწყნაროთ, რომელნიც მხოლოდშობილის დიდებულებასა და მისი მამის თანასწორი დიდების შესახებ გვაუწყებენ? დაე, მოისმინონ, თავად უფალი როგორ ნათლად გამოხატავს მამის დიდებასთან თანაბრად პატივმისაგებ თავის დიდებას, როცა ამბობს: რომელმან მიხილა მე, იხილა მამაი ჩემი (ინ. I, 9), და კიდევ: რაჟამს მოვიდეს ძე დიდებითა მამისა (მრკ. VIIL 38), და: რაითა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა იგი პატივ-სცემენ მამასა (ინ. V, 23); და: ვიხილეთ დიდებაი, მისი, დიდებაი, ვითარცა მხოლოდ-შობილისა მამისა მიერ (ინ. 1,14) და მხოლოდშობილი ღმერთი, რომელ იყო წიაღთა მამისათა (ინ. 1,18) არ უწევენ რა არავითარ ანგარიშს ყოველივე ამას, ისინი ძეს მტრებისთვის განსაზღვრულ ადგილს მიუჩენენ, რადგან შესაფერისი სამყოფელი ძისათვის მამისეული წიაღია, ხოლო ადგილი მის ფერხთა ქვეშ იმის შესაფერისია, ვისი დამდაბლებაც უნდათ.
ამ დამოწმებებს ჩვენ გაკვრით შევეხეთ, რადგან სხვა მისწრაფება გვაქვს. შენ კი, თუკი მოცალეობის ჟამს მტკიცებულებებს შეკრებ, მხოლოდშობილის დიდების სიმაღლესა და ძალის აღმატებულებას თავადვე იხილავ. თუმცა არც აქ მოტანილი დამოწმებანია კეთილგონიერი მსმენელისათვის ცოტა, თუკი სიტყვებს – მარჯვენა და წიაღი ხორციელად და მდაბიურად არ გაიგებს, ღმერთს ადგილით არ შემოწერს, და მისთვის ხორციელ ფორმას, სახესა და მდგომარეობას არ გამოიგონებს, რაც, გარდა იმისა, რომ ასეთი გაგება ერთნაირად მდაბალია მამისთვისაც და ძისთვისაც, ფრიად შეუთავსებელია მარტივის, განუსაზღვრელისა და უხორცოს გაგებასთან. ასე რომ, ვინც ასე მსჯელობს, ძეს არა მხოლოდ ღირსებას ართმევს, არამედ სასჯელსაც იღებს ღმერთზე მკრეხელობისათვის, რადგან რისი თქმაც ძის შესახებ გაბედა, ის უცილობლად გადადის მამაზეც. ვინც მამას დასაჯდომელად მაღალ ადგილს აძლევს, ხოლო მხოლოდშობილ ძეზე ამბობს, რომ ის შედარებით დაბლა ზის, შედეგად ამისა, მისი წარმოსახვის ნაყოფს ყველა სხეულებრივი თვისებაც ექნება. თუკი ასეთი წარმოსახვები იმათ ახასიათებთ, რომელთაც ღვინით დაბინდული და სიგიჟისაგან აშლილი გონება აქვთ, განა ღმრთისმოსაობა იქნება, რომ მამასთან ბუნებით, დიდებითა და ღირსებით შეერთებულს, თაყვანი მამასთან ერთად არ სცენ და არ ადიდონ მათ, რომელთაც მისგან ისწავლეს: რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, მან არა პატივ-სცა მამასა (ინ.5,23).
და რას ვიტყვით? თავს როგორ გავიმართლებთ საშინელსა და ყველა ქმნილებისათვის საერთო სამსჯავროზე, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც უფალმა ნათლად გვაუწყა, რომ მოვა დიდებითა მამისა (მთ. XV, 27), სტეფანემ იხილა იესუ მდგომარე მარჯუენით ღმრთისა (საქმ. VII, 55); პავლემაც სულიწმიდით დაამოწმა იესოს შესახებ, რომ არს მარჯუენით ღმრთისა (რომ. VII, 34), თავად მამამაც უთხრა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა (ფს. 109, 1) და სულიწმიდაც ამოწმებს, რომ დაჯდა მარჯუენით დიდებისათა ღმრთისა (ებრ.VIII 1), რომ თანადროული და პატივით სწორი (მამისა) თანასწორი მდგომარეობიდან დაბალ საფეხურზე ჩამოვაქვეითეთ?
ვფიქრობ, რომ დგომითაც და ჯდომითაც ბუნების სიმტკიცე და სრულყოფილი მდგომარეობა წარმოჩნდება; და ბარუქმაც, აჩვენა რა უძრაობა და უცვალებელობა ღმრთის ყოფიერებისა, თქვა: შენ მჯდომარე ხარ საუკუნოდ, და ჩუენ წარწყმედილნი საუკუნოდ (ბარუქ. III, 3); თუ მარჯვენა ადგილით თანაბარი პატივი ღირსებისა აღინიშნება, მაშინ განა კადნიერება არაა ძეს დიდებისმეტყველების თანაზიარობა მოაკლო, თითქოს იგი პატივით დაბალ საფეხურზე დგომის ღირსი იყოს!?
წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი