იმის შესახებ, რომ მამასთან მიმართებითაც ითქმის მის მიერ (δι ου), ხოლო მისგან (εξ ου) ძისა და სულიწმიდის მიმართაც.
7. ასეთია მათი მსჯელობანი. ხოლო ჩვენ ზემოთ ნათქვამს დავამტკიცებთ: არ არის სიმართლე, თითქოს მამამ გამოთქმა მისგან თავისთვის გადადო, ხოლო ძეს მისცა გამოთქმა მის მიერ და კიდევ: რომ თითქოს ძე, მათი სჯულდებით, არ იღებს სულიწმიდის თანამონაწილეობას გამოთქმებში – მისგან და მის მიერ, როგორც ეს მათ წილის ახალი დაყოფით განსაზღვრეს.
ერთ არს ღმერთი მამაი, რომლისაგან არს ყოველი... და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ არს ყოველი (I კორ. 8,6). ეს სიტყვები არ არის სჯულმდებელისა, არამედ იმისა, ვინც ჰიპოსტასებს გულმოდგინედ ჰყოფს. მოციქულმა ისინი ბუნების სხვადასხვაობის შესახებ აზრის შემოსატანად კი არ წარმოთქვა, არამედ იმისთვის, რომ გაგება მამისა და ძისა შეურწყმელად წარმოედგინა. ის, რომ ეს სიტყვები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან და ბუნებებს, რომელთაც ეკუთვნიან, ერთმანეთისაგან განსასხვავებლად, მსგავსად ბრძოლაში პირისპირ მდგომთა, ერთმანეთს არ უპირისპირებენ, შემდეგიდანაც ჩანს. ნეტარმა პავლემ ორივე გამოთქმა ერთსა და იმავე ქვემდებარესთან შეაერთა, როცა თქვა: რამეთუ მისგან და მის მიერ და მისა მიმართ არს ყოველი (რომ. XI, 36). ცხადია, რომ ეს უფალს ეკუთვნის და ამას იტყვის ყველა, ვინც ამ ნათქვამის განზრახვას რამდენადმე მაინც სწვდება. რადგან მოციქულმა წინ წამოსწია რა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: ვინ ცნა გონებაი უფლისა, ანუ ვინ თანამზრახვალ მისსა იქმნა? (ეს. 40,13), დაამატა: რამეთუ მისგან და მის მიერ და მისა მიმართ არს ყოველი. წინასწარმეტყველმა ეს სიტყვა ღმერთზე, ყოველი ქმნილების დამბადებელზე თქვა, რისი შეცნობაც წინა სიტყვებიდანაც შეიძლება: ვინ აღწყო ხელითა წყალი და ცაი მტკავლითა და ყოველი ქუეყანა მჯიღითა? ვინ აწონნა მთანი სასწორითა და ბორცუნი უღლითა? ვინ ცნა გონებაი უფლისაი, ანუ ვინ თანამზრახვალ მისსა იქმნა? (ეს. 40,12-13). რადგან აქ სიტყვა ვინ (τις) არა სავსებით მიუწვდომელობას აღნიშნავს, არამედ იმას, რაც იშვიათია, როგორც ამ შემთხვევაში: ვინ წარმომიდგეს მე უკეთურთაგანი? (ფს. 93,16) და: ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაი? (ფს. 33,12) და: ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა? (ფს. 23,3), აქაც ასეა ნათქვამი: ვინ შეიცნო გონებაი უფლისა და ვინ არის თანამზრახველი მისი ბჭობისა? რამეთუ მამასა უყუარს ძე და ყოველსავე უჩუენებს მას (ინ. 5,20). მას უპყრია დედამიწა და უჭირავს იგი. ის არის, ვინც ყოველივე მოაწესრიგა და კეთილმოაწყო. ვინც მთები განათანასწორა, წყლებს საზღვრები მისცა და ყოველივეს სამყაროს შინა საკუთარი წესი და რიგი დაუდგინა. ვინც მთელ ზეცას მისი ძალის მხოლოდ მცირე ნაწილით მოიცავს, რასაც წინასწარმეტყველურმა სიტყვამ სახისმეტყველებით მტკაველი უწოდა. ამიტომაც დაამატა მოციქულმა: მისგან და მის მიერ და მისა მიმართ ყოველი. რამეთუ ნებით ღმრთისა და მამისა, მისგან არის მიზეზი არსებულთა. ყველა არსება მის მიერ არის დამტკიცებული და შედგენილი. რამდენადაც ქმნილებათაგან ყოველს არსებობისათვის საჭიროს ყოველთა შემოქმედი აძლევს, ამიტომაც ყოველივე მისკენ რაღაც დაუოკებელი სურვილითა და გამოუთქმელი სიყვარულით მიიქცევა, ისწრაფვის რა ცხოვრების წინამძღოლისა და საზრდელის მომცემისკენ, როგორც დაწერილია: თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ (ფს. 144,15), და კიდევ: ყოველნივე შენგან ელიან... (ფს. 103,27), აღაღებ შენ ჴელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ (ფს. 144,10).
8. უკეთუ ისინი ჩვენს ამგვარ განმარტებას შეეწინააღმდეგებიან, იხსნის კი მათ საწინააღმდეგო მსჯელობა საკუთარ თავთან ცხადი დაპირისპირებისაგან? რადგან თუ არ აღიარებენ, რომ სამივე გამოთქმა: მისგან, მის მიერ და მის მიმართ უფალზეა ნათქვამი, მაშინ ისინი უცილობლად ღმერთსა და მამას უნდა მიაკუთვნონ, რის შედეგადაც ნათელია, რომ მათი დაკვირვება აზრს კარგავს, რადგან გამოდის, რომ მამასთან მიმართებაში არა მხოლოდ მისგან, არამედ მის მიერაც გამოიყენება. უკეთუ ამ გამოთქმათაგან ბოლო არავითარ დამამცირებელზე არ მიუთითებს, რატომ მიაკუთვნებენ, ვითარცა რაღაც დამამდაბლებელს, ძეს? ხოლო თუკი იგი მხოლოდ მსახურების გამომხატველია, მაშინ გვიპასუხონ: ღმერთი დიდებისა და მამა ქრისტესი, რომელი მთავრის მსახურია? ამგვარად, ისინი თავიანთ თავს თვითონვე ამხობენ, ჩვენი სიმტკიცე კი ორივე მხრიდან დაცულია, რადგან თუ გაიმარჯვებს აზრი, რომ სიტყვა ეხება იესო ქრისტეს, გამოდგება, რომ გამოთქმა მისგან შეესაბამება ძეს, ხოლო თუ ვინმე წინასწარმეტყველის ამ გამოთქმას ჯიუტად მამას მიაკუთვნებს, იმაზეც დათანხმდეს, რომ ღმერთს ეს გამოთქმაც – მის მიერ შეეფერება და ორივეს თანაბარი ღირსება ექნება, რადგან ღმრთის მიმართ თანაბარი მნიშვნელობით გამოიყენება. ორსავე შემთხვევაში პატივით ერთმანეთის თანაბარი აღმოჩნდება, ვითარცა ერთი და იმავე პირისადმი გამოყენებული; მაგრამ ჩვენს საგანს დავუბრუნდეთ.
9. წერს რა წერილს მოციქული ეფესელებს, ამბობს: ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა და აღვაორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელი არს თავ მისა ქრისტე, რომლისაგან ყოველი გუამი შენაწევრებულ და შემტკიცებულ არს ყოვლითა შეახლებითა უხუებისაითა შეწევნისაებრ საზომისა თჳთოეულისა ასოისა; სიორძილსა მას გუამისასა ჰყოფდით აღსაშენებელად თავისა თქუენისა სიყუარულით (ეფ. IV, 15-16) და კიდევ: კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში მათ მიმართ, რომელთაც მხოლოდშობილი არ იცოდნენ, ნათქვამია, რომ: არა შეეკრძალოს თავი (ე. ი. ქრისტე), რომლისაგან ყოველი გუამი, სხეულთაგან და ნაწევართა შექმნული და შეერთებული, ორძის სიორძილსა მას ღმრთისასა (კოლას. II, 19); ხოლო ქრისტე რომ თავია ეკლესიისა, ამას ვსწავლობთ მოციქულის სხვა ადგილიდან, სადაც იგი ამბობს: ...და იგი მოსცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიასა (ეფ. I, 22), და: სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ (ინ. I, 16); და თვით უფალი ამბობს: ჩემგან (εκ) მიიღოს და გითხრას თქუენ (ინ. XVL 14). და საერთოდ, გულმოდგინედ წამკითხველს ამ გამოთქმის მისგან (εξ ου) ბევრნაირი გამოყენება წარმოუჩნდება; რადგან თავად უფალიც ხომ ამბობს: მე ვცან ძალი, განსრული ჩემგან (ლუკ. 8.46).
მსგავსად ამისა, სულიწმიდის მიმართაც, როგორც გამოვიკვლიეთ, ბევრ ადგილას არის გამოყენებული გამოთქმა მისგან (εξ ου), რადგან ნათქვამია: რომელმან სთესოს სულისა თჳსსა, სულისაგან თჳსისა მოიმკოს ცხორებაი, საუკუნოი (გალატ. VI, 8), და იოვანეც ამბობს: ამით უწყით, რამეთუ ჰგიეს ჩუენ თანა სულისა მისგან (εκ), რომელი მომცა ჩუენ (I ინ. III, 24); და ანგელოზიც ამბობს: რომელი იგი მისგან იშვეს, სულისაგან (εκ) წმიდისა არს (მთ. I, 20). და უფალმაც თქვა: შობილი იგი სულისაგან (εκ) სული არს (ინ. II, 6). ასეთია ამ გამოთქმის გამოყენება.
10. ახლა ისიც ვაჩვენოთ, რომ გამოთქმა მის მიერ (δι ου) წმინდა წერილში ერთნაირადაა გამოყენებული როგორც მამის, ასევე ძისა და სულიწმიდის მიმართაც. ძის შესახებ დამოწმებათა მოყვანა ზედმეტი იქნებოდა, რადგან ეს ცნობილია და მოწინააღმდეგენიც ამასვე ამტკიცებენ. ჩვენ იმას წარმოვაჩენთ, რომ გამოთქმა მის მიერ (δι ου) მამაზეც გამოიყენება, ნათქვამია: სარწმუნო არის ღმერთი, რომლისა მიერ (δι ου) იჩინენით ზიარებასა მას ძისა მისისა (I კორ. I, 9), და: პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი, ნებითა ღმრთისაითა (δια θεληματος Θεου) (II კორ. IV,1); და კიდევ: ამიერითგან არღარა ხართ მონა, არამედ შვილ; ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა ღმრთისა მიერ (გალატ. IV, 7); და: ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაითა (δια τιης δοξης του Πατρος) (რომ. VI, 4). ესაია ამბობს: ვაი, რომელნი ღრმასა განზრახვასა ჰყოფენ და არა უფლისა მიერ (ეს. XXIX, 15). მრავალი დამოწმების მოტანა შეიძლება იმის შესახებ, რომ ეს გამოთქმა სულიწმიდის მიმართაც გამოიყენება. ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თვისისა (I კორ. I, 10); სხვაგან: კეთილი იგი ვედრი დაიმარხე სულითა წმიდითა (δια Πνεωματος) (II ტიმ. I, 14). და კვლავ: რომელსამე სულისა მიერ (δια του Πνεωματος) მიცემულ არს სიტყუაი. სიბრძნისაი (I კორ. XII, 8).
11. იგივე შეიძლება ვთქვათ მარცვალზეც “εν” (-ში/-ით), კერძოდ, ის, რომ წმინდა წერილი მას ღმრთისა და მამისა მიმართაც იყენებს. ძველ აღთქმაში ნათქვამია: ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი (εν τω Θεο ποισομεν δυναμιν) (ფს. 107, 13); და: ‘Εν σοι η ημνισις μου διαπαντος (ფს. 70,6), შენდამი არს გალობაი ჩემი მარადის. და კიდევ: სახელითა შენითა (‘Εν τω ονοματι σου) იხარებდენ (ფს. 88,16); და პავლესთან ნათქვამია: ღმრთისა თანა, რომელმან ყოველივე დაჰბადა (‘Εν τω Θεω τω τα παντα κτισαντι) (ეფ. III, 9); და: პავლე და სილოანე და ტიმოთე ეკლესიასა თესალონიკელთასა ღმრთისა მიერ მამისა (εν Θεω Πατρι) (II თეს. 1,1); და: რაითა აწ დაღათუ-სამე წარმემართოს ნებითა ღმრთისაითა მისლვად თქუენდა (რომ. 1,10 – εν Θεληματι του Θεου); და ამბობს: იქადი, ღმრთით (Καυχασαι εν Θεω) (რომ. II, 17). ბევრი სხვა ადგილიცაა, რომელთა ჩამოთვლაც ადვილი არაა.
მაგრამ ჩვენთვის მთავარი არა დამოწმებათა სიმრავლის ჩვენებაა, არამედ მწვალებელთა მხილება, რომელთაც მცდარი დაკვირვებანი აქვთ. ამ მარცვლის გამოყენება უფლისა და სულიწმიდის მიმართ (წმინდა წერილში) მიღებულია და რამდენადაც ეს ისედაც ცნობილია, მის მტკიცებას არ შევუდგები. უნდა ითქვას, რომ გონიერი მსმენელისათვის საკმარისია მხილება მწვალებელთა მიერ საპირისპიროთაგან აღებული დებულებებისა, რადგან უკეთუ მათი სწავლების მიხედვით, სხვაობა გამოთქმათა ბუნებათა სხვაობას ამტკიცებს, გამოთქმათა იგივეობამ ახლა მათ არსის განუსხვავებლობა დარცხვენით უნდა აღიარებინოს.
12. არა მხოლოდ ღმრთისმეტყველებაში გამოიყენება ეს სიტყვები სხვადასხვაგვარად, არამედ ხშირად ერთმანეთს მნიშვნელობითაც ენაცვლებიან, როცა ერთი მეორის მნიშვნელობას იღებს. მაგალითად, მოვიგეთ კაცი ღმრთისა მიერ (δια του Θεου εκ του Θεου) (დაბ. 4,1) – ამბობს ადამი; ნაცვლად იმისა, რომ თქვას ღმრთისაგან; და სხვა ადგილას: და ამცნო მოსე ძეთა ისრაჱლისათა ბრძანებითა უფლისათა (δια του προσταυματος Κυριου რიცხ. XXXVI, 5); და კიდევ: ანუ არა ღმრთისა მიერ არს გამოთქუმაი. მათი? (δια του Θεου)(დაბ. XXXX, 8), – ამბობს იოსები, არჩევს რა საპყრობილეში თავის სიზმრებს. ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა ღმრთისაგან (εκ Θεου), იგი გარკვევით თქვა ღვთისა მიერ (δια του Θεου). და პირიქით, პავლე იყენებს გამოთქმას მისგან (εξ ου) ნაცვლად გამოთქმისა მის მიერ (δι ου), როცა ამბობს: შობილი დედაკაცისაგან (გალ. IV ,4) (εκ γυναικος) ნაცვლად დედაკაცისა მიერ (δια γυναικος). სხვა ადგილას ცხადად გაარჩია ეს, თქვა რა, რომ ქალს მამაკაცისგან შეჰფერის შობა, ხოლო კაცს – დედაკაცისა მიერ; როგორც ამბობს: ვითარცა იგი დედაკაცი ქმრისაგან არს, ეგრეცა ქმარი – ცოლისა მიერ (I კორ. XI-12). აქ ნაჩვენებია როგორც სხვაობა გამოყენებათა შორის, ასევე გაკვრითაა გასწორებული ცდომილება იმათი, რომელნიც ფიქრობენ, რომ უფლის სხეული სულიერი იყო.
დასამტკიცებლად იმისა, რომ ღმერთშემოსილი ხორცი ჩვენნაირივე კაცობრივი თიხისგან შედგება, (მოციქულმა) უფრო გამომსახველობითი გამოთქმა ამჯობინა, რადგანაც გამოთქმით დედაკაცის მიერ შობის გარდამავალ გაგებას გამოხატავდა, ხოლო გამოთქმა დედაკაცისაგან შობილის მშობლის ბუნებასთან ზიარებას საკმაოდ წარმოაჩენს. ამით ის თავის თავს კი არ ეწინააღმდეგება, არამედ აჩვენებს, რომ ეს გამოთქმები ერთმანეთს ადვილად ენაცვლებიან.
წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი