მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

სულიწმიდის შესახებ

 

თავი IV

იმის შესახებ, რომ წმინდა წერილში ამ მარცვალთა გამოყენება მკაცრად არაა დაცული.

 

6. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს გამოთქმები ჭეშმარიტების სიტყვის მიერ ხშირად არის გამოყენებული; თუმცა ვამტკიცებთ, რომ თავისუფლება სულისა ოდნავადაც არ ემონება გარეშე (სწავლათა) შეზღუდულობას (σμικροπρεπεια), არამედ გამოთქმებს, ყოველი ახალი შემთხვევისას, საკუთარი საჭიროებისდა მიხედვით ცვლის. რადგან გამოთქმა მისგან (εξ ου) უცილობლად ნივთიერებას როდი აღნიშნავს, როგორც ამას ისინი ფიქრობენ. ჩვეულებრივ, წმიდა წერილი ამ გამოთქმას უმაღლესი მიზეზის მიმართ იყენებს, როგორც, მაგალითად, ერთ არს ღმერთი... რომლისაგან არს ყოველი (I კორ. 8,6); და კვლავ: ყოველივე ღმრთისაგან (εκ του θεου) არს (II კორ. 11, 12); მაგრამ სიტყვა ჭეშმარიტებისა ამ გამოთქმას ხშირად მატერიის მიმართაც იყენებს, მაგალითად, როცა ამბობს: იქმენ კიდობანი ხისაგან ულპოლველისა (შესქ. 6,14) და: ჰქმნე სასანთლჱ ოქროისაგან წმიდისა (XXV, 31), პირველი იგი კაცი ქუეყანისაგან მიწისაი. (I კორ. 15, 47) და: თიჴისაგან შექმნილ ვართ მეცა და შენცა (იობი 33, 6).

 

მაგრამ მათ, ვითარცა ვთქვით, ბუნების სხვაობის წარმოსადგენად ეს გამოთქმა მხოლოდ მამასთან მიმართებაში დააკანონეს. მართალია, განხილვის მეთოდი გარეშეთაგან გადმოიღეს, თუმცა მათ ყველაფერში ზუსტად არ დაემორჩილნენ (ეს გამოთქმა მათთან მხოლოდ მამას შეეფერება), ძეს თავიანთი სჯულდებით იარაღის სახელი მიაკუთვნეს, ხოლო სულს – ადგილისა, რადგან ამბობენ: სულით (სულში) და ამბობენ: ძის მიერ. ღმერთს კი შეუთავსეს გამოთქმა მისგან, და, როგორც თვითონ ამტკიცებენ, ამ შემთხვევაში არა სხვების, არამედ მოციქულთა მიმდევარნი არიან, რომელნიც ამ გამოთქმას ასე იყენებენ, რადგანაც ნათქვამია: მისგან ხართ თქუენ ქრისტე იესუის მიერ (I კორ. 1,30) და ყოველი ღმრთისაგან არს.

 

და რა დასკვნა გამოდის ამგვარი მსჯელობისაგან? სხვა არის ბუნება მიზეზისა და სხვა – იარაღისა და სხვა – ადგილისა. (იგულისხმება იესო ქრისტე და სულიწმიდა). ამგვარად, ბუნების მიხედვით ძე უცხოა მამისა, ვითარცა იარაღი – ხელოვნისათვის. უცხოა სულიც, რამდენადაც ადგილი და დრო გამოყოფილია იარაღის ბუნებისაგანაც და იმისგანაც, ვინც მათით მოქმედებს.

 


 

წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი