იმის შესახებ, რომ ეს ხელოვნება მარცვალთა გარჩევისა გარეშე სიბრძნისაგანაა აღებული.
5. ამ სიცრუემდე ისინი გარეშე მწერალთა, (იგულისხმება არასასულიერო, საერო თხზულებათა ავტორები), ნააზრევის განხილვამ მიიყვანა, რომელნიც (სიტყვებს) მისგან და მის მიერ ბუნებით განსხვავებულ საგნებს მიაკუთვნებენ. რადგან ფიქრობენ, რომ გამოთქმით მისგან აღინიშნება ნივთიერება, ხოლო გამოთქმით მის მიერ იარაღი, ან საერთოდ მსახურება გამოიხატება. უმჯობესია ვთქვათ, – რადგან რა გვიშლის ხელს, რომ მათი მთელი სწავლება და მისი შეუსაბამობა ჭეშმარიტებასთან და თვითონ ამ კაცთა საკუთარ თავთან წინააღმდეგობა მოკლედ ვამხილოთ? – რომ თავიანთი მოცალეობის ჟამი მათ ამ ამაო ფილოსოფიას მიუძღვნეს, მიზეზის ბუნება სხვადასხვაგვარად განმარტეს, მისი ერთი მნიშვნელობა დაყვეს, ამბობენ რა, რომ მიზეზთაგან ერთი თავდაპირველია, ხოლო სხვები – თანამოქმედნი, ან თანამიზეზნი, ხოლო სხვანი კიდევ ისეთნი, რომელთა გარეშეც ქმნილებები არსებობას ვერ შეინარჩუნებენ. ამგვარად, თითოეული მათგანისათვის განსაზღვრავენ განსაკუთრებულ გამოთქმებს. ასე რომ, შემოქმედი სხვაგვარად აღინიშნება და იარაღი – სხვაგვარად და ფიქრობენ, რომ დემიურგს შეეფერება – მისგან, რადგან სკამი ხელოვანისაგან შექმნილად სამართლიანად იწოდება, იარაღს კი შეეფერება მის მიერ (δι ου), რადგან იგი (სკამი) ცულის, ბურღისა და სხვა ამდაგვართაგანაა გაკეთებული. მსგავსად ამისა, გამოთქმას მისგან (εξ ου) ისინი საკუთრივ მატერიის მიმართ იყენებენ, რადგანაც ნაკეთობა (დურგლისა) ხისგანაა. გამოთქმა მისი მიხედვით (καθ’ ο) ხელოვანისთვის ან წარმოსახვით, ან შეთავაზებულ ნიმუშს აღნიშნავს, იგი გონებით წინასწარ მოხაზულ აგებულებას საქმით ან წარმოსახვით აღასრულებს, ან უმზერს რა უკვე შემოთავაზებულ ნიმუშს, თავის სამუშაოს მისი მიხედვით წარმართავს; ხოლო გამოთქმას მისთვის (δι ο) მიზნის შესაფერისად მიიჩნევენ, რადგან სკამი კაცთა გამოსაყენებლად კეთდება. და გამოთქმა მასში (εν ω) კი დროზე ან ადგილზე მიუთითებს. რადგან, როდის შეიქმნა? – რაღაც დროში. და სად? – რომელიღაც ადგილას. თუმცა ისინი, (დრო და ადგილი), შექმნაში არავითარ მონაწილეობას არ იღებენ, რაიმეს შექმნა მათ გარეშე მაინც შეუძლებელია; საჭიროა ხომ ადგილიცა და დროც მოქმედთათვის.
ამაო მეტყველებასა და უაზრო სიცრუეზე ამგვარი დაკვირვებებით განსწავლულთ და გაოცებულთ გადააქვთ ის სულის მარტივსა და წრფელ სწავლებაზე დასამდაბლებლად ღმრთის სიტყვისა და უარსაყოფად სულისა წმიდისა. არ შეეშინდათ იმისა, რომ გამოთქმა, რომელიც გარეშე მწერლებთან უსულო იარაღებისა, ან ქვეშევრდომისა და, საერთოდ, მდაბალი მსახურის მიმართ გამოიყენება, ვგულისხმობ გამოთქმას მის მიერ (δι ου), ყოველთა მეუფეზე გადაეტანათ და ქრისტიანებს არ შერცხვათ, რომ ქმნილებათა შემოქმედს მიუსადაგეს გამოთქმა, რომლითაც ხერსს ან ჩაქუჩს აღნიშნავენ.
წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი