რა დასაბამი აქვს იმას, რომ ერეტიკოსები მარცვლებს განსაკუთრებით აკვირდებიან.
4. ამ ადამიანთა მიერ დაწვრილმანებული შესწავლა მარცვლებისა და გამოთქმებისა არც უბრალოდ ხდება, როგორც შეიძლება ეს ვინმეს ეგონოს და არც მცირე ბოროტებისაკენ მივყავართ, არამედ ღმრთისმოსაობის წინააღმდეგ ღრმა და დაფარულ ზრახვას წარმოადგენს. ისინი დაჟინებით ცდილობენ, აჩვენონ შეუსაბამობა გამოთქმებისა მამისა, ძისა და სულიწმიდის შესახებ, რათა ამით მათი ბუნების სხვადასხვაობის დამტკიცება ადვილად შეძლონ.
რადგან აქვთ ძველი, ცრუ მსჯელობა (დასკვნა) ამ ერესის წინამდგომის, აეტიუსის მიერ გამოგონილი, რომელიც ერთ თავის წერილში მან ასე გამოთქვა: არა ერთგვაროვანნი, ბუნების მიხედვით, არაერთგვაროვნად გამოითქმებიან და პირიქით, არაერთგვაროვნად გამოთქმულნი ბუნებითაც არაერთგვაროვანნი არიან, და თავისი აზრის დასამოწმებლად პავლე მოციქული მოიხმო, რომელიც ამბობს: ერთ არს ღმერთი მამაი, რომლისაგან არს ყოველი... და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ არს ყოველი (I კორ. 8,6), „ამიტომ, – ამბობს აეტიუსი, – რა დამოკიდებულებაც აქვთ ერთმანეთთან ამ გამოთქმებს, იგივე ექნებათ ერთმანეთთან ბუნებებსაც, რომელთაც ისინი აღნიშნავენ“. გამოთქმა რომლისაგან (εξ ου) არაერთგვაროვანია გამოთქმისა რომლისა მიერ (δι ου), მაშასადამე, არც ძეა ერთგვაროვანი მამისა.
ამ სენისაგან მომდინარეობს ამ ადამიანთა ლაყბობა ჩემ მიერ განსახილველად შემოთავაზებულ გამოთქმათა შესახებ. აქედან, ღმერთსა და მამას, ვითარცა რაღაც გამორჩეულ ხვედრს, გამოთქმას მისგან (რომლისგან) მიაკუთვნებენ, ძესა და ღმერთს კი, გამოთქმით მის მიერ შემოსაზღვრავენ, ხოლო სულიწმიდას – გამოთქმით მასში (εν ω) და ამბობენ, რომ ამ მარცვალთა გამოყენება არასოდეს იცვლება, რათა, როგორც ითქვა, გამოთქმათა სხვაობით ბუნებათა სხვაობაც წარმოჩნდეს; მაგრამ მათ ვერ დაფარეს, რომ გამოთქმათა ერთმანეთისაგან დაწვრილმანებული გარჩევით უსჯულო სწავლების განმტკიცებას ცდილობენ და სურთ, რომ გამოთქმით მისგან (რომლისგან) შემოქმედი აღინიშნოს, გამოთქმით მის მიერ – მსახური ან იარაღი, ხოლო გამოთქმამ მასში – დრო ან ადგილი აჩვენოს, რათა ყოველთა შემოქმედი, (იგულისხმება ძე ღმერთი, ქრისტე), იარაღზე უფრო პატივსაცემად არ იქნას წარმოდგენილი, ხოლო სულიწმიდა არა უმეტესად წარმოჩნდეს, ვიდრე ეს არსებულთათვის ადგილისა ან დროის მინიჭებაა.
წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი