მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

სულიწმიდის შესახებ

 

თავი I

წინასიტყვა, რომლითაც ნაჩვენებია, რომ ღმრთისმეტყველების უმცირესნი ნაწილნიც კი აუცილებლად გამოკვლეულ უნდა იქნას.

 

1. შევაქე შენი სიყვარული მეცნიერებისა და თვისება შრომის სიყვარულისა, ფრიად გავიხარე გამჭრიახობითა და სიფხიზლით განსჯისა, რადგანაც ფიქრობ, რომ არცერთი გამოთქმა, ღმრთისადმი საჭიროებისამებრ მიძღვნილი სიტყვისა, გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს, საყვარელო და ჩემთვის ყველაზე პატივმისაგებელო, ძმაო ამფილოქე; რამეთუ კეთილად შეისმინე შეგონება უფლისა: რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოოს (ლუკა 11, 10). ისეთი ხელოვნებით ითხოვ, რომ, მეჩვენება, ყველაზე ზანტსაც კი აღძრავ, რათა დახმარება გაგიწიოს. უფრო მეტად კი იმით აღმაფრთოვანებ, რომ კითხვებს არა გამოსაცდელად იძლევი, როგორც დღეს მრავალნი (იქცევიან), არამედ გამოსაძიებელად ჭეშმარიტებისა. ისინი, რომელნიც ჩვენ გვისმენენ და გვეკითხებიან, დღეს მართლაც ბევრნი არიან, მაგრამ სული, მოყვარული ცოდნისა, რომელიც ჭეშმარიტებას უვიცობის განსაკურნებლად იკვლევს, ძნელად რომ შეგვხვდეს; უმრავლესობის კითხვები ხომ, მსგავსად სამონადირეო ხაფანგისა და მტრული ჩასაფრებისა, დაფარულსა და კარგად აგებულ მზაკვრობას შეიცავს. ისინი საუბარს არა მისგან რაიმე სასარგებლოს მისაღებად ჩამოაგდებენ ხოლმე, არამედ, რათა საკუთარი სურვილების შეუსაბამო პასუხები მოიპოვონ და ჩათვალონ, რომ მტრობისათვის სამართლიანი მიზეზი აქვთ.

 

 

2. თუკი უგუნურს კითხვის მოცემა სიბრძნედ ეთვლება (იგავთა 17, 28), რაოდენ ღირსეულად უნდა მივიჩნიოთ გონიერი მსმენელი, რომელიც წინასწარმეტყველმა საკჳრველსა თანამზრახვალსა (ესაია 3, 3) შეაუღლა? რა თქმა უნდა, სამართლიანი იქნება, რომ ყოველმხრივ შექებით მას არა მხოლოდ პატივი მივაგოთ, არამედ კიდევ უფრო შორს წარვუძღვეთ, გულმოდგინებაში გვერდით ამოვუდგეთ და ყოველგვარი ჯაფა, რომლითაც სრულყოფისაკენ წარემატება, გავინაწილოთ. რამეთუ საღმრთისმეტყველო სიტყვების არა სხვათა შორის მოსმენა, არამედ მცდელობა ყოველ სიტყვასა და თითოეულ მარცვალში (მარცვალში (η σιλλαβη) წმიდა ბასილი დიდი აქ წინდებულებს გულისხმობს) დაფარული აზრის გამოძიებისა, არა ღმრთისმოსაობისთვის ზარმაცთა საქმეა, არამედ იმათი, რომელთაც მიზანი ჩვენი მოწოდებისა შეიცნეს, რადგან ჩვენ, რამდენადაც ეს კაცობრივ ბუნებას ძალუძს, ღმერთთან დამსგავსება გველოდება. მსგავსება კი ცოდნის გარეშე არ არსებობს, ხოლო ცოდნა სწავლით შეიძინება. დასაბამი სწავლისა სიტყვაა, ხოლო სიტყვის ნაწილები მარცვლები და გამოთქმებია. ამგვარად, არც მარცვალთა გამოძიება იქნება მიზნისგან დაშორება. საკითხები, რომელნიც შეიძლება ვინმეს ნაკლებმნიშვნელოვნად მოეჩვენოს, ამის გამო უგულებელყოფის ღირსნი როდი არიან; პირიქით, რამდენადაც ჭეშმარიტება ძნელად მოსახელთებელია, ჩვენ იგი ყოველი მხრიდან უნდა გამოვიძიოთ. უკეთუ როგორც ხელოვნებანი და, ასევე შეთვისებაც ღმრთისმოსაობისა, პატარ-პატარა შენაძენებით იზრდება, არც იმათგან უნდა უგულებელვყოთ არაფერი, რაც შემეცნებაში შემოდის. ასე რომ, თუკი ვინმე პირველ საწყისებს, ვითარცა მცირეთ, არად ჩააგდებს, სრულყოფილთა სიბრძნეს ვერასოდეს მიაღწევს.

 

ჰო (ჰე) და არა ორი მარცვალია (მათე 5, 37), მაგრამ ეს მოკლე სიტყვები ხშირად, როგორც სიკეთეთაგან ყველაზე უკეთესს – ჭეშმარიტებას, ასევე უკეთურების უკიდურეს ზღვარს – სიცრუეს იტევს. და კიდევ: რა უნდა ვთქვა ამის შესახებ? ზოგიერთი, რომელიც ქრისტეს მხოლოდ თავის დაქნევით ამოწმებს, სრული ღმრთისმოსაობის აღმასრულებელად მიიჩნევა. და თუ ეს ასეა, საღმრთისმეტყველო სიტყვებიდან რომელია ისე უმნიშვნელო, რომ კარგია იგი თუ არა, ორივე შემთხვევაში დიდი წონა არ მიენიჭოს? უკეთუ სჯულიდან იოტაჲ ერთი გინა რქაჲ, ერთი არა წარჴდეს (მათე 5, 18), როგორ იქნება ჩვენთვის უსაფრთხო გადაბიჯება თუნდაც ყველაზე მცირეთა ზედა? ხოლო ის, რისი გულმოდგინებით გამოძიება ჩვენგან მოითხოვე, მცირეც არის და დიდიც. მცირე – წარმოთქმის სიმოკლის გამო, რისთვისაც შეიძლება ყურადღებიდან ადვილად გამოგვრჩეს, ხოლო ძალით მნიშვნელობისა – დიდი, მსგავსად მდოგვისა, რომელიც თესლოვან მცენარეთა შორის უმცირესია, მაგრამ როცა შესაფერის მზრუნველობას მიაგებენ, მასში ფარულად ჩადებული ძალა ფრთებს ისხამს და საკმაოდ მაღალი აღიმართება.

 

უკეთუ ვინმე, იხილავს რა მარცვალთა შესახებ ჩვენს, ფსალმუნის სიტყვით ვიტყვი, ზრახვას (118,85) (გულმოდგინე გამოძიებას) და დასცინებს, მოიმკის რა ნაყოფს დაცინვისა, უსარგებლობას მისას თვითონვე შეიცნობს, ხოლო ჩვენ არც კაცთაგან საყვედურობის გამო დავთმობთ, არც მათი დაცინვით ვიძლევით და გამოძიებაზე ხელს არ ავიღებთ. მე არა თუ მრცხვენია (კვლევა) ამგვარ საგანთა, ვითარცა მცირეთა, არამედ მათ ღირსებას ცოტათი თუ მაინც მივეახლები, თავსაც ბედნიერად ჩავთვლი, ვითარცა დიდი ღირსების შემძენი, და ძმასაც, რომელიც ჩემთან ერთად იკვლევდა, ვეტყოდი, რომ აქედან ცოტა სარგებელი როდი შეხვდა. ამიტომ, თუმცა ვხედავ, რომ მცირე სიტყვებისათვის ფრიად დიდი ბრძოლა (მომიწევს), სასოებით საზღაურისა, ჯაფას თავს არ ავარიდებ, ჩავთვლი რა, რომ სიტყვა ჩემთვისაც ნაყოფიერი იქნება და მსმენელთათვისაც საკმაოდ სასარგებლო. ამიტომ, თავად სულიწმიდის შემწეობით უკვე განმარტებაზე გადავალ და უკეთუ გსურს, რომ გზასა ზედა სიტყვისასა განვმტკიცდე, პრობლემის დასაწყისს მივუბრუნდები.

 

3. ცოტა ხნის წინ, როცა ხალხთან ერთად ვლოცულობდი, დიდებისმეტყველება ღმრთისა და მამისადმი ორგვარად აღვასრულე: ხან როგორც ძესა და სულიწმიდასთან ერთად (μετα του ‘Υιου τω Πνευματι τω αυιω) და ხან როგორც ძის მიერ სულიწმიდით (δια του ‘Υιου εν τω αυις Πνεωματι).* იქ მყოფთაგან ზოგიერთმა წინააღმდეგობა გამოხატა და ამბობდა, რომ მე უცნაურ სიტყვებს ვიყენებ. და, ამასთან, ერთმანეთის საპირისპიროს. ხოლო შენ უპირატესად მათდა სასარგებლოდ, – უკეთუ ისინი სრულიად განუკურნებელნი არ არიან, – საფრთხეს რომ არ შეემთხვიონ, ამ მარცვალთა ძალის შესახებ სწავლების ნათლად გადმოცემა შემომთავაზე. ამრიგად, მოკლედ უნდა ვილაპარაკო და სიტყვას შესაფერისი დასაბამი მივცე.
* ბერძნულში εν წინდებულიანი სახელი მიცემით ბრუნვაში, ქართულად გადმოღებისას ზოგჯერ მოქმედებითი ბრუნვითაც (-ით) გადმოდის, ისევე როგორც ზოგჯერ συν  წინდებულიანი.

 


 

წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი