გადმოცემა ეკლესიათა ახლანდელი მდგომარეობისა.
76. რას შევადაროთ დღევანდელი მდგომარეობა? იგი მსგავსია საზღვაო ბრძოლისა, რომელშიც ომის მოყვარული და საზღვაო ბრძოლას შეჩვეული კაცები, ძველი მტრობისა გამო დიდი რისხვით ნასაზრდოებნი, ერთმანეთის წინააღმდეგ საომრად დაეწყობიან. ეს სურათიც წარმოიდგინე: რაჟამს რისხვა გადაულახავი ხდება, ღუზებიდან აშვებულ ხომალდთა რიგები ორივე მხრიდან შიშის მომგვრელად როგორ ისწრაფვიან ერთმანეთისკენ და შეჯახებისას ბრძოლას იწყებენ. თუ მოისურვებ, ისიც ივარაუდე, რომ მძლავრი ქარიშხლისგან ხომალდები ირყევიან, ღრუბელთაგან მსწრაფლ ჩამომდგარი სიბნელე ყოველივეს, რაც იხილვება, შავით მოსავს ისე, რომ გარჩევა იმისა, ვინ მოყვარეა და ვინ მტერი, შეუძლებელი ხდება, გამოუცნობი რჩება ერთმანეთისთვის გადაცემული განგაშის ნიშნებიც. სურათის ნათლად დასახატად წარმოვიდგინოთ, რომ ზღვა იბერება და სიღრმეთაგან ბოლქვებად წამოსული მაღლა მოისწრაფვის, ღრუბლებიდან წყალი გაშმაგებით იღვრება, ატეხილი ღელვისაგან ტალღები საშიშად აღმართულან; ყოველი მხრიდან აღძრული ქარები ერთი მიმართულებით ქრიან და მთელ ფლოტს ემუქრებიან. საბრძოლო მწყობრიდან ნაწილი ხომალდებისა თავისიანებს ღალატით ტოვებს და ბრძოლისას მტრის მხარეზე გადადის, ნაწილზეც, თუმცა იმ გარდაუვალობის წინაშე დგანან, რომ ქართაგან მიმოფანტულ ხომალდებს თავი ერთად დააღწიონ და შეტევაზე გადავიდნენ, ამბოხისას, რომელსაც სხვისი უპირატესობით აღძრული შური და თითოეულის სწრაფვა ძალაუფლების მოპოვებისაკენ წარმოშობს, ერთმანეთს ხოცავენ.
გარდა ამისა, წარმოიდგინეთ ექო ერთმანეთში აღრეული და გაურკვეველი ხმებისა, რომელიც მთელ ზღვაზე დგას - ქართა სტვენისა, ხომალდთა ლაწალუწისა, აქაფებულ ტალღათა ხმაურისა, მებრძოლთა ყიჟინისა, რომელნიც თავიანთ ვნებებს ყოველგვარი ხმებით გამოხატავენ: მაგრამ არ ისმის ხმა არც ხომალდის მეთაურისა და არც მესაჭისა; არამედ რაღაც საშინელი უწესრიგობა და არეულობა სუფევს, ბოროტებათა აღზევება და ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა ცოდვების სრულიად უშიშრად ჩადენის მიზეზი ხდება; ამას დაუმატე განუკურნებელი სენი იმათი გააფთრებული პატივმოყვარეობისა, რომელნიც ხომალდზე არიან, მაგრამ პირველობისათვის ბრძოლას მაშინაც არ ეშვებიან, როცა ხომალდი ფსკერისაკენ მიექანება.
77. ამ სურათიდან ახლა თავად პირველსახეზე ბოროტებისა გადადი. ადრე განა ისე არ ჩანდა, რომ არიოზელთა ერესი, ღმრთის ეკლესიიდან მასთან საბრძოლველად გამოყოფილი, მხოლოდ თვითონ, თავისი ძალებით გვიწევდა წინააღმდეგობას, მტერთა რიგებში ჩამდგარი? მაგრამ, როცა ხანგრძლივი და მძიმე კამათის შემდეგ, ჩვენთან აშკარა ბრძოლაზე გადავიდნენ, ომმა მრავალი სახე მიიღო და მრავალ ნაწილად დაიყო, რადგან საყოველთაო მტრობისა და განსაკუთრებით, უნდობლობის გამო, ყველაში შეურიგებელმა სიძულვილმა დაისადგურა. და ეს რყევა ეკლესიათა ზღვის ღელვაზე მძვინვარე არაა? მათ მამათა მიერ დადგენილი ყველა ზღვარი ადგილებიდან დაძრეს და ყველა საფუძველი და საყრდენი დოგმატებისა შეარყიეს. ყოველივე ხომ, რასაც დაზიანებული საფუძველი აქვს, არამდგრადი და მორყეულია. ერთმანეთს თავს ვესხმით, ერთმანეთისაგან ვნადგურდებით; ვინც მტერმა ვერ მოსპო, თანამოსაგრისაგან დაიჭრა, თუ მტერი დაეცა და დაემხო, თანამებრძოლი აგიმხედრდება.
ჩვენ მხოლოდ მანამდე ვართ ერთად, სანამ მოწინააღმდეგის სიძულვილი გვაერთიანებს, ხოლო თუ მტრებმა გვერდი აგვიარეს, მტრებს ერთმანეთში ვხედავთ. გარდა ამისა ვინ ჩამოთვლის დაღუპულ ხომალდთა სიმრავლეს? ერთნი მტერთა თავდასხმისაგან იძირებიან, მეორენი ფარული ბოროტი ზრახვებით – მოკავშირეებისა, სხვები კიდევ – მმართველთა უვიცობით. ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესია ერეტიკოსთა ვერაგობას, ვითარცა წყალქვეშა კლდეებს შეჯახებული, დაიმსხვრა და თავის წევრებთან ერთად განადგურდა, ზოგიერთი კი იმის გამო დაიღუპა, რომ რწმენის საჭენი ხელთ მაცხოვნებელ ვნებათა მტრებმა ჩაიდგეს.
ამა სოფლის თავადთაგან აღძრული შფოთვანი განა ხალხებს ყველა ქარიშხალსა და გრიგალზე მეტად არ ამხობენ? ჭეშმარიტად საშინელმა და ბნელმა ღამემ მოიცვა ეკლესია მას შემდეგ, რაც სამყაროს მანათობელნი, რომელნიც ღმერთმა ადამიანთა სულების გასანათლებლად დაადგინა, გადასახლებაში განდევნეს. ერთმანეთთან კამათით გადამეტებულმა გატაცებამ, შიშმა იმისა, რომ უკვე ახლოსაა საფრთხე ყოველივეს რღვევისა, ადამიანებს მგრძნობელობა დაუკარგა. საერთო, სახალხო ომზე უფრო დამღუპველი ხომ პირადი მტრობაა, როცა მოწინააღმდეგეთა დამარცხებით მოპოვებული დიდება საერთო სარგებლობაზე წინაა დაყენებული, ხოლო იმ ჯილდოებთან შედარებით, რომელიც მომავალში გველოდება, უპირატესობა პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებით გამოწვეულ ტკბობას ენიჭება. ამიტომ ყველას, ვისაც როგორ შეუძლია, ხელს ერთმანეთის მოსაკლავად აქვს მოღერებული. კამათისას ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ ადამიანთა უხეშმა ყვირილმა, გაურკვეველმა წამოძახილებმა და განუწყვეტელი ხმაურისას ძნელად გასარჩევმა ხმებმა თითქმის მთელი ეკლესია აავსეს და ღმრთისმოსაობის დოგმატები, ხან მიმატებითა და ხან მოკლებით, დაამახინჯეს. ერთნი ღმრთის პირთა შერწყმით – იუდაიზმით არიან გატაცებულნი, ხოლო მეორენი ბუნებათა დაპირისპირებით – ელინიზმით (წარმართობით). მათ დასაკმაყოფილებლად არც ღმრთივშთაგონებული წმიდა წერილის შუამავლობაა საკმარისი და მათი შერიგების საკითხს ვერც მოციქულთა გადმოცემანი წყვეტენ. მეგობრობისათვის მხოლოდ ერთი პირობა არსებობს: ისე უნდა ილაპარაკო, როგორც მოსწონთ; ასევე ერთია საბაბიც მტრობისა – გაუზიარებლობა მათი აზრებისა, ხოლო ცდომილებათა მსგავსება ყველა ფიცზე უფრო სარწმუნოა შფოთში მონაწილეობის მისაღებად. ღმრთისმეტყველია ყველა, თუნდაც სული მრავალი ლაქით ჰქონდეს დაღდასმული. ამიტომაც ჰყავთ ამ ახლის შემოქმედთ დიდი სიმრავალე შფოთში თანაშემწეთა; ამიტომაც ინაწილებენ ერთმანეთს შორის ეკლესიათა წინამძღვრობას ეს თვითდადგენილნი და თანამდებობათა მაძიებელნი, სულიწმიდის განგებით მოკვეთილნი. რადგან სახარებისეული დადგენილებანი უწესრიგობის გამო ერთმანეთში უკვე სრულიად აირია, პირველი ადგილისათვის გამოუთქმელი შეხლა-შემოხლა ატყდა, ყველა ვისაც თავის გამოჩენა უნდა, თვითონ ცდილობს წინამძღვრობა ძალადობით მიიღოს. უფროსობის ასეთმა სიყვარულმა ხალხებს საშინელი უმართავობა მოუტანა. სრულიად უმოქმედო და ამაო გახდა მმართველთა მოწვევანი. ყოველი მათგანი უმეცრული თავმომწონეობით ასკვნის, რომ იგი მოწოდებულია არა იმისათვის, რომ ვინმეს უსმინოს, არამედ სხვებზე უფროსობისათვის.
78. ამიტომაც ვფიქრობდი, რომ სიტყვაზე უფრო სასარგებლო დუმილია, რადგან სიტყვა კაცისა არ შეიძლება ასეთ ხმაურში მოსმენილ იქნეს, უკეთუ ეკლესიასტეს სიტყვები: ბრძენთა სიტყვანი სიჩუმესა შინა ისმინება (ეკლეს. IX, 17), ჭეშმარიტებაა; ახლანდელი მდგომარეობისას ამ ადამიანთა შესახებ ამის თქმა სრულიად შეუფერებელი იქნებოდა; ხოლო მე ეს წინასწარმეტყველური ნათქვამი მაჩერებს: რომელი გულისხმა-ჰყოფდეს მას ჟამსა შინა დადუმნეს, რამეთუ ჟამი ბოროტი არს (ამოს. V,17). ახლა ერთნი ფეხს უდებენ ერთმანეთს, მეორენი დაცემულთ ქელავენ, ხოლო სხვანი ტაშს უკრავენ; არ არსებობს კაცი, რომელიც დაცემულს თანაგრძნობის ხელს გაუწვდის; თუმცა ძველი სჯულის მიხედვით ვინც მტრის კარაულს (სახედარს) ტვირთის სიმძიმის ქვეშ დაცემულს იხილავს და გვერდით ჩაუვლის, უმწიკვლო ვერ იქნება (გამს. XXIIL 5). მაგრამ დღეს ეს ასე არ ხდება. რატომ? იმიტომ, რომ სიყვარული ყველაში გაცივდა, გაქრა ერთსულოვნება ძმებისა, თანაამოაზრეობა უცნობი გახდა, და მეგობრული შეგონებანი, აღარსადაა ქრისტიანული გულმოწყალება, არსად იღვრება თანალმობის ცრემლები. არავინაა, რომელიც სარწმუნოებით უძლურს მხარში ამოუდგება, არამედ, პირიქით, ისეთი ურთიერთსიძულვილი დაინთო თანატომელთა შორის, რომ ყოველი მახლობლის დაცემით უფრო ხარობს, ვიდრე საკუთარი კეთილი საქმეებით. ისევე როგორც გადამდები სენისას ისინი, ვინც თავს გულმოდგინედ უფრთხილდებიან, დაავადებულებთან ერთხელ ურთიერთობითაც კი, მსგავსად სხვებისა სნეულდებიან, ასევე ახლა ჩვენც ყველანი ერთმანეთის მსგავსნი ვართ და ვნებას კამათისას, რომლითაც ჩვენი სულებია შეპყრობილი, ცუდი შეჯიბრისაკენ მივყავართ. ამიტომაც გვყავს უმოწყალო და მკაცრი შემფასებელნი წარუმატებლობათა, ხოლო მტრული და არაკეთილმოსურნე მსაჯულნი წარმატებულ საქმეთათვის. როგორც ჩანს, ბოროტებამ ჩვენ შორის ფესვები ისე გაიდგა, რომ უტყვ ცხოველებზე უფრო უგუნურნი გავხდით, რადგან, უკეთუ ისინი ერთი ჯიშისანი არიან და ერთად ცხოვრობენ ჯოგებად, ჩვენ უმძიმესი ომი შინაურებთან გვაქვს.
79. ყოველივე ამისთვის იყო საჭირო დადუმება, მაგრამ სხვა რამისკენ წარგვიტაცა სიყვარულმა, რომელიც არა ეძიებნ თავისას (I კორ. XII, 5) და დროთა და საქმეთა ყველა სიძნელის დაძლევას ღირსებად თვლის. ბაბილონელმა ყრმებმაც გვასწავლეს საკუთარი მოვალეობის აღსრულება მაშინაც კი, როცა ღმრთისმოსაობაზე არავინ ზრუნავს. ისინი კოცონის შუაგულში ღმერთს საგალობელს უგალობდნენ და ჭეშმარიტებისგან განდგომილთა სიმრავლეზე კი არ მსჯელობდნენ, არამედ კმაყოფილებას გამოხატავდნენ, რომ სამნი იყვნენ. ამიტომ ვერც ჩვენ გვაქცია უმოქმედოდ მტრულმა ღრუბელმა, არამედ სულისაგან წმიდისა შემწეობის სასოებით სრული გულახდილობით გადმოვეცით ჭეშმარიტება. სხვაგვარად ყველაზე დიდი საშინელება ის იქნებოდა, რომ მაშინ, როცა სულიწმიდის მგმობელნი ფრიად ადვილად ესხმიან თავს ღმრთისმოსაურ სწავლებას, ჩვენ, რომელთაც ასეთი დიდი მფარველი და დამცველი გვყავს, დაგვეყოვნებინა მსახურება იმ სწავლებისა, რომელიც მამათა გადმოცემებიდან მეხსიერებაში უწყვეტად შემოგვენახა.
მაგრამ ჩვენი სურვილი ყველაზე მეტად შენმა პირუთვნელმა სიყვარულის მგზნებარებამ გააღვიძა, შენი ხასიათის სიმტკიცემ და სიმშვიდემ, რომელნიც თავმდებნი არიან იმისა, რომ ჩემი ნათქვამი მრავალთათვის მისაწვდომი არ გახდება, არა იმიტომ, რომ ღირსი არაა განცხადებისა, არამედ, რათა მარგალიტები ღორებს არ დაეყაროს. და ამის შესახებ საკმაოდ ითქვა. თუ შენთვის, რაც ითქვა, საკმარისია, დაე, ზღვარი სიტყვას აქ დაედოს, ხოლო თუ ნაკლულად მოგეჩვენება, არ შემშურდება, თუ შრომისმოყვარეობითა და მოშურნეობით გამოძიებისას არა კამათის სიყვარულით დასმული კითხვებით ცოდნას გაიფართოებ, რადგან უფალი ნაკლულოვანებათა ან ჩვენი მეშვეობით, ან სხვათა მიერ შესავსებად, ღირსეულთ უბოძებს ცოდნას სულისა წმიდისა მიერ.
წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი