ჩამოთვლა ეკლესიის ცნობილ მოღვაწეთა, რომელთაც თავიანთ თხზულებებში გამოთქმა –თან (თს) გამოიყენეს.
71. იმის შესახებ, რომ თითქოს წმინდა წერილში დიდებისმეტყველება სულისა წმიდისა დამოწმებული და გადმოცემული არაა, ამას ვიტყვი: თუ სხვა დანარჩენიც, რასაც წმ. წერილი არ გადმოსცემს, მიუღებელია, მაშინ ესეც მიუღებელი იყოს; ხოლო თუ დიდი ნაწილი იმისა, რაც საიდუმლოთა აღსრულებას ეხება, ზეპირი გადმოცემის გზითაა ჩვენთან დამკვიდრებული, მაშინ სხვა მრავალთან ერთად ესეც მივიღოთ. დაუწერელ გადმოცემათა დაცვა კი, მოციქულთა წესად მიმაჩნია, რადგან ნათქვამია: „ხოლო გაქებ თქუენ, ძმანო, რამეთუ ჩემი ყოველივე გახსოვს და ვითარცა-იგი მიგეც თქუენ, მოძღურებაი იგი შეიკრძალეთ“ (I კორ. XI, 2); და: „შეიკრძალეთ მოძღურებაი ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყუთა, გინა წიგნითა ჩუენითა“ (2 თეს. II,15). ერთი ასეთი გადმოცემათაგანი ის დიდებისმეტყველებაა, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელიც მათ, ვინც ის წესად პირველად დაადგინეს, მომდევნოებს გადასცეს და მრავალი დროის განმავლობაში მუდმივად გამოყენებით, ეკლესიაში ხანგრძლივ ადათად დაინერგა.
უკეთუ სამსჯავროსა შინა, წერილობით მტკიცებულებათა ნაკლებობისა გამო, მოწმეთა სიმრავლეს წარმოგიდგენდით, ნუთუ თქვენგან შემწყალებელ განაჩენს ვერ მივიღებდით? მე ვფიქრობ კი, რამეთუ ორითა და სამითა მოწამითა დაემტკიცების ყოველივე სიტყუაი (2 სჯ. XIX, 15). თუკი თქვენ ნათლად დაგიმტკიცებთ, რომ დროის ხანგრძლივობა ჩვენ მხარესაა, სამართლიანად ხომ არ მიიჩნევდით იმას, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ - სამსჯავროზე ჩვენი გადაცემაც საჭირო აღარ იქნებოდა? დოგმატები კრძალვის აღმძვრელნი არიან და სიძველისადმი, ვითარცა ჭაღარისადმი, პატივისცემას შთაგვაგონებენ. ჩამოგითვლით მოძღვრების დამცველებს – რა თქმა უნდა, ქრონოლოგიის დაცვით, მაგრამ დროზე მიუთითებლად, – რადგან სწავლება ჩვენგან არ დაწყებულა; და საიდან დაიწყო? ჩვენ, მართლაც, იობის სიტყვებით რომ ვთქვათ, საწუთონი ვართ (იობ. VIII, 9), იმ დროსთან შედარებით, რომლის თანამედროვეც ეს ადათია, ამიტომ მე თვითონ, თუ საჭიროა, რომ რაღაც ჩემი საკუთარიც ვთქვა, ამ გამოთქმას, ვითარცა მამათა მემკვიდრეობას, ვიცავ, მივიღე რა იგი კაცისაგან, ვინც დიდი დრო გაატარა ღმრთისმსახურებაში, ვისგანაც მოვინათლე და ეკლესიის მსახურებაში მოვედი.
გამოძიებისას, ძველ და ნეტარ კაცთაგან, ისეთი, ვისაც ეს, ახლა საკამათო, გამოთქმები ჰქონდა გამოყენებული, მრავალი ვიპოვე, – სიძველითაც სარწმუნონი და ცოდნის სიზუსტითაც არა იმათი მსგავსნი, ახლა რომ არიან. თუმცა მათგან ერთნი სიტყვებს დიდებისმეტყველებაში წინდებულებით, ხოლო მეორენი კავშირით აერთებდნენ, მაინც არ ითვლებოდა, რომ ამით ღმრთისმოსაობის სწორ გაგებაში განსხვავებულობა შეჰქონდათ.
72. ესენი არიან – ირინეოსი, კლიმენტი რომაელი, დიონისე რომაელი და დიონისე ალექსანდრიელი, რომელიც მისი თანამოსახელის მიმართ მიწერილ მეორე ეპისტოლეში „მხილებისა და დაცვის შესახებ“, სიტყვას ასე ამთავრებს, რისი მოსმენაც საკვირველია; თვითონ ამ კაცის სიტყვებს ამოგიწერთ: „შესაბამისად ყოველივე ამისა, – ამბობს, – ჩვენც მივიღეთ რა სახე და წესი ჩვენზე წინ მცხოვრებ მღვდელთაგან, მათთან ერთად სამადლობელს ერთხმად აღვავლენთ და ახლა თქვენდამი მოწერილ წერილსაც ვამთავრებთ. მამა ღმერთსა და ძეს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს სულისა წმიდისა თანა დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ“. არავის შეუძლია თქვას, რომ ტექსტი შემდეგში შესწორდა. დიონისე იმის აღნიშვნით, რომ „სახე და წესი მიიღო“, სიტყვას არ განავრცობდა ნაცვლად სულისა წმიდისა თანა (συν), სულიწმიდით (εν) რომ ჰქონოდა ნათქვამი, რამეთუ ეს გამოთქმა (სულიწმიდით) ჩვეულებრივ გამოიყენებოდა, ხოლო ის გამოთქმა (სულისა წმიდისა თანა) დაცვას საჭიროებდა. მან თავისი თხზულების სადღაც შუაში საბელიოზის მიმდევრებს ასე უთხრა: „თუ ამტკიცებენ, რომ ჰიპოსტასები, რადგანაც სამია, დაყოფილია, სამია, სურთ თუ არა ეს წ„(ერეტიკოსებს), თუ არა და, მაშინ სრულიად გაანადგურონ გაგება ღმრთეებრივი სამებისა“. და კიდევ: „ამიტომაც არის მონადის (ერთის) შემდეგ სამება ყოვლად ღმრთეებრივი“.
ხოლო კლიმენტი კიდევ უფრო ადრე ამბობს: „ცხოველ არს ღმერთი და უფალი იესო ქრისტე და სულიწმიდა“. მოვუსმინოთ ირინეოსს, რომელიც მოციქულთა მახლობელ ხანებში ცხოვრობდა, როგორ იხსენებს სულიწმიდას ერესების წინააღმდეგ დაწერილ სიტყვაში. „თავდაუჭერელებსა, – ამბობს იგი, - და საკუთარი ვნებებით გატაცებულებს, რომელთაც არავითარი სურვილი არ აქვთ ღმრთეებრივი სულისა, მოციქული ხორციელებს სამართლიანად უწოდებს (I კორ. III, 3). და სხვაგანაც აქვს ნათქვამი: „ღმრთეებრივ სულთან უზიარებლობით ზეცათა სასუფეველს რომ არ მოვკლებოდით, ამიტომაც აღმოთქვა მოციქულმა, რომ ხორცს არ ძალუძს დამკვიდრება ცათა სასუფეველისა“ (I კორ. XV, 50).
უკეთუ დიდი გამოცდილებისა გამო, ვინმესთვის ევსებიოს კესარიელიც სარწმუნოა, ძველებთან მრავალცოლიანობის საკითხის დასმისას, ამ გამოთქმებზე მასთანაც მივუთითებთ. აქეზებს რა თავისთავს სიტყვისათვის, ამბობს: „წმიდისა ღმრთისა, წინასწარმეტყველთა განმანათლებელისა მხმობელნი მხსნელისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ სულისა წმიდისა თანა“.
73. ვიპოვეთ, აგრეთვე, რომ სულიწმიდას ორიგენეც ადიდებს იმ საუბრებიდან მრავალში, რომელიც მან ფსალმუნებს მიუძღვნა, კაცი, რომელსაც სულიწმიდის შესახებ ყოველთვის მთლად ჯანსაღი შეხედულება არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, კრძალვისა გამო წინაშე ტრადიციის ძალისა, ღმრთისმოსაობის გამომხატველი სიტყვები სულიწმიდის შესახებ მრავალ ადგილას აქვს წარმოთქმული; ხოლო, ვფიქრობ, მეექვსე წიგნში იოვანეს სახარების განმარტებისა, ცხადად განაცხადა, რომ საჭიროა თაყვანისცემა სულისა, სიტყვასიტყვით დაწერა რა ასე: ,,საბანებელი წყლისა სიმბოლოა სულის განწმენდისა, განბანვისა ბიწისაგან ყოველგვარი ცოდვისა; ხოლო იმისთვის, ვინც თავისი თავი, მოწოდებათა ძალის მიერ, თაყვანსაცემ სამების ღმრთეებას მიუძღვნა, თავისთავად არანაკლებ ფლობს ნიჭთა დასაბამსა და წყაროს“. და კიდევ, რომაელთა მიმართ ეპისტოლეს განმარტებაში ამბობს: „წმინდა ძალთა დატევა მხოლოდშობილსა და სულისა წმიდისა ღმრთეებას შეუძლია”. ამგვარად, ვფიქრობ, რომ გადმოცემის ძალამ ხშირად ადამიანები მათ საკუთარ სწავლებათა წინააღმდეგობამდეც კი მიიყვანა.
არც ისტორიოგრაფოს აფრიკანესათვის იყო უცნობი ეს სახე დიდებისმეტყველებისა; რადგან, როგორც ჩანს, მეხუთე წიგნში შემოკლებული ქრონიკებისა ასე ამბობს: „რომელთაც შევიცანით ზომიერება ამ სიტყვებისა და არც სარწმუნოების მადლია ჩვენთვის უცნობი, მადლობელნი ვართ მამისა, ვინც ჩვენ, მისიანებს, ყოველთა მხსნელი და უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვიძღვნა, რომლისა არს დიდება და დიდებულება სულისა წმიდისა თანა უკუნისამდე“.
სხვა შემთხვევებში, შეიძლება არც (დაწერილს) ვენდოთ; თუ ადგილი გადაკეთებულია, ბოროტქმედება ძნელად იმხილება, რადგან განსხვავება ერთ მარცვალშია; მაგრამ ის, რაც გადმოვეცით გრძელ ამონაწერებში წარმოდგენილი, ბოროტი განზრახვით გადაკეთებას შეუძლებელს ხდის და დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ დამოწმებანი თვითონ თხზულებებიდანაა აღებული.
ის უმნიშვნელო, რომელიც შეიძლება სხვა დროს არც მოგვეყვანა, აუცილებელია, რომ წარმოვადგინო სიძველის გამო დასამოწმებლად, რაკი სიახლეთა შემოტანაში მდებენ ბრალს. მამანი ჩვენნი კეთილგონივრულად თვლიდნენ, რომ მადლი საღამოს ნათელისა დუმილით კი არ უნდა მიეღოთ, არამედ მისი გამოჩენისთანავე სამადლობელი უნდა აღევლინათ. ჩვენ იმის თქმაც კი არ შეგვიძლია, ვინ იყო მამა ამ სამადლობელი სიტყვებისა ნათლის მოვლენისათვის. ყოველ შემთხვევაში ხალხი ძველ სიტყვებს წარმოთქვამს და ისინი, რომელნიც ამბობენ: ვაქებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა ღმრთისა“, – უსჯულოებად არავის არასოდეს ჩაუთვლია. ხოლო, უკეთუ ვინმე ათენოგენეს ჰიმნს იცნობს, რომელიც თავის მიმდევრებს, ვითარცა გამოსამშვიდობებელი დაუტოვა, რაჟამს თვითონ კოცონზე აღსასრულებლად ისწრაფვოდა, მან იცის, როგორი შეხედულება ჰქონდათ წამებულებს სულიწმიდის შესახებ. და ამის თაობაზე საკმარისია.
74. გრიგოლ დიდსა და მის სიტყვებს ადგილი სად უნდა მივცეთ? მოციქულთა და წინასწარმეტყველთა გვერდით ხომ არა? რადგან ეს იყო კაცი, რომელიც სულიწმიდასთან ერთად დადიოდა, მთელი ცხოვრება წმინდანთა კვალს მისდევდა და თავის სიცოცხლეს სახარებისეული მოქალაქობისაკენ გულმოდგინებით წარმართავდა. მე ამ კაცზე ვამბობ; თუკი ამ სულს, ვინც, მსგავსად დიდი სხივოსანი მნათობისა, ღმრთის ეკლესიას ანათებდა, ვისაც თანამოქმედებით სულისა წმიდისა დემონთა ზედა მათთვის საშიში ძალა ჰქონდა და ისეთი მადლი მიიღო სიტყვისა დასამორჩილებელად სარწმუნოებისა ყოველთა წარმართთა (რომ. 1, 5), რომ სადაც მანამდე მხოლოდ ჩვიდმეტი ქრისტიანი იყო, მთელი ხალხი იმ მხარისა, ქალაქებიდან თუ სოფლებიდან, ღმერთთან გაცნობიერებულად მიიყვანა, ღმრთის მონათესავეთა შორის არ შევრაცხავთ, სიმართლეს შეურაცხვყოფთ. მან მდინარის დინება, უბრძანა რა დიდითა სახელითა ქრისტესი, უკან მიაქცია და დააშრო ტბა, რომელიც ანგარებისმოყვარე ძმებისათვის ომის საბაბი გახდა; ხოლო მისი წინასწარმეტყველებანი მომავლის შესახებ არაფრით ჩამორჩება დიდთა წინასწარმეტყველთა მიერ ნაწინასწარმეტყველევს. რა თქმა უნდა, გრძელი იქნებოდა ამ კაცის სასწაულთა გადმოცემა, რომელშიც არსებული მრავალი ნიჭი მთელი ძალით მოქმედებდა ნიშნებითა და სასწაულებით სულისაგან წმიდისა, ისე რომ, მეორე მოსე მას თვით ეკლესიის მტრებმა უწოდეს. ამგვარად, მის ყველა სიტყვასა და საქმეში, ვითარცა მადლის მიერ აღსრულებულში, რაღაც ნათელი ბრწყინავდა – ნიშანი ზეციური ძალისა, რომელიც უხილავად მუდამ მასთან იყო. აქამდე ჯერ კიდევ დიდია მის მიმართ გაოცება ადგილობრივ მცხოვრებთა, მოუძველებელი და მარადის ცოცხალია ეკლესიათა შინა დანერგული მისი ხსოვნა, დროის მიერ დაუჭკნობელი. ამიტომაც არც საქმე, არც სიტყვა, არც საიდუმლოს რაღაც ნიშანი არ დაუმატებიათ იმისათვის, რაც მან ეკლესიას დაუტოვა. ასე რომ ბევრი რამ, რაც მათთან აღესრულება, მათი დაწესების სიძველის გამო, ნაკლულად ჩანს, რადგან იქაურ ეკლესიათა მემკვიდრეობით განმგებლები დასამატებლად რაიმეს მიღებას იქიდან, რაც მის შემდეგ იქნა მოძიებული, არ დათანხმდნენ. ერთი ასეთი დადგენილება გრიგოლისა ეკლესიაში მისი გადმოცემით დაცული დიდებისმეტყველების ის სახეა, რომლის შესახებაც ახლა ვკამათობთ.
დიდი ჯაფა არაა საჭირო და ამის დადასტურება მცირე ძალისხმევითაც მოიპოვება. ასეთი იყო რწმენა ჩვენი ფირმილიანესიც, რასაც ამოწმებს სიტყვები, რომლებიც დაგვიტოვა სახელგანთქმულ მელეტიზე. თანამედროვენი ამბობენ, რომ მელეტისაც იგივე შეხედულება ჰქონდა.
და საჭიროა კი საუბარი იმაზე, რაც დიდი ხნის წინ იყო? და ახლაც, აღმოსავლეთში უპირატესად ღმრთისმოსავებს განა მხოლოდ ამ ერთინიშნითარ შეიცნობენ და ამ გამოთქმით, ვითარცა რაღაცა ნიშნით, გამოარჩევენ? როგორც მე ეს ვინმე მესოპოტამიელისაგან მოვისმინე, კაცისაგან, რომელიც ენის მცოდნეც იყო და აზრებიც გაუმრუდებელი ჰქონდა, კიდევაც რომ ვინმეს მოესურვებინა, ადგილობრივ ენაზე დიდებისმეტყველების წარმოთქმას სხვაგვარად ვერ შეძლებდა, თუ არა, თანახმად მშობლიური ენის თვისებისა, და კავშირის უცილობელი გამოყენებით, ან, უფრო უკეთ, გამოყენებით მისი თანაბარმნიშვნელოვანი გამოთქმებისა. და ჩვენც, კაპადოკიელებიც, დიდებისმეტყველებას ადგილობრივ ენაზე ასე გამოვთქვამთ, რადგან სულიწმიდამ ამ გამოთქმის სარგებლობა ჯერ კიდევ მაშინ, ენების დაყოფისას, წინასწარ განჭვრიტა. და თითქმის მთელი დასავლეთი, დაწყებული ილირიკიდან საზღვრებამდე ჩვენ მიერ დასახლებული ქვეყნებისა, უპირატესობას განა ამ გამოთქმას არ ანიჭებს?
75. რატომ ვარ მე სიახლის შემომტანი და შემოქმედი ახალი სიტყვებისა, როცა დამფუძნებლებად და დამცველებად ამ გამოთქმისა მთელი ხალხები და ქალაქები, და ადათი, რომელიც კაცობრივ მეხსიერებაზე უფროსია და კაცნი, ეკლესიის სვეტნი, ყველასაგან გამორჩეულნი ცოდნითა და ძალით სულისა წმიდისა, არსებობენ?
ამისთვის აღიძრა ამ მებრძოლთა ლაშქარი ჩემ წინააღმდეგ და ყველა ქალაქი და სოფელი, თვით უკიდურესი ქვეყნებიც კი, ჩვენი ცილისმწამებლებით აივსო. წუხილის მომგვრელი და მტკივნეულია ხომ ეს გულებისათვის, რომელნიც მშვიდობას ეძიებენ, მაგრამ რამდენადაც დიდია საზღაურიც რწმენისა გამო, ტანჯვათა დათმენისათვის, დაე, ამათ გარდა, ჩემ წინააღმდეგ, მახვილიც აელვარდეს, ცულიც აილესოს, ბაბილონის ხანძარზე მძლავრი კოცონიც დაინთოს და წამების ყველა იარაღიც ამოქმედდეს! ჩემთვის უფრო საშიში არაფერი იქნება, ვიდრე შიში წინაშე იმ მუქარის ასრულებისა, რომელიც უფალმა სულიწმიდის მგმობელთ აღუთქვა.
ამიტომ კაცთაგან გონიერთათვის საკმარისი იქნება, რაც ითქვა გასამართლებლად იმისა, რატომ ვიღებთ გამოთქმას, ასე ახლობელსა და საყოველთაოს წმინდანთათვის და ასე განმტკიცებულს ადათით; რადგან გამოჩნდა, რომ სახარების უწყების დროიდან ვიდრე აქამომდე (ეს გამოთქმა) ეკლესიებში გამოიყენებოდა და, რაც ყველაზე მთავარია, შინაარსიც ღმრთისმოსავური და სწორი აქვს. მაგრამ რას მოვამზადებთ ჩვენ თავის გასამართლებლად წინაშე დიდისა სამსჯავროისა? იმას, რომ დიდებასთან სულისა წმიდისა უწინარესად უფლისაგან მისთვის მიგებულმა პატივმა მიგვიყვანა, როცა მან ნათლობისას თავის თავთან და მამასთან სულიწმიდაც შეაერთა, შემდეგ: რომ თითოეული ჩვენგანი ასევე დაფარულად შეიყვანება ღმრთის შემეცნებასა შინა და, რომ გვაქვს შიში წინაშე მუქარისა, რომელიც გონებას ყოველგვარ უღირსსა და დამამდაბლებელ შეხედულებას განაშორებს.
და მოწინააღმდეგენი რას იტყვიან? რა გამართლება ექნებათ მკრეხელობისათვის? ის, რომ არც უფლისაგან სულისა წმიდისათვის მიგებული პატივის წინაშე შერცხვათ და არც მისი მუქარით დაშინდნენ; რა თქმა უნდა, მათ უფლება აქვთ იმის შესახებ, რაც მათი საწინააღმდეგოა, გადაწყვეტილება მიიღონ, ან უკვე შეცვალონ კიდევაც იგი. ხოლო მე, ჩემი მხრივ, ვისურვებდი, რომ კეთილ ღმერთს მშვიდობა თვისი ებოძებინა, გულებისათვის ყოველთა, რათა ჩემ მიმართ გაღიზიანებულნი და მძლავრად შეიარაღებულნი, სულისა წმიდისა მიერ თვინიერებითა და სიყვარულით დამშვიდებულიყვნენ; ხოლო უკეთუ ისინი სრულიად აღგზნებულნი და მოუთვინიერებელნი არიან, ჩვენ გვიბოძოს სულგრძელობა იმის გადასატანად, რასაც მათგან ვიღებთ. რა თქმა უნდა, მათ, რომელთაც განაჩენი სიკვდილისა თავისსავე თავში აქვთ, აწუხებთ არა ტანჯვა რწმენისათვის, არამედ ატანა იმისა, რომ მისთვის არ იღვაწეს; ისევე როგორც მებრძოლისათვის შეჯიბრისას მიღებულ დარტყმაზე უფრო მძიმე ისაა, რომ ასპარეზობაზე საერთოდ არ დაუშვან. ან შეიძლება, უკვე დადგა ჟამი დუმილისა (ეკლეს. II, 7), ბრძენი სოლომონის მიხედვით? რადგან, მართლაც, რა სარგებელია იყვირო ქარის წინააღმდეგ, როცა ცხოვრება მძლავრი ქარიშხლითაა მოცული, რომლისგანაც ყოველი გონება, სიტყვით განსწავლული, მაცდუნებელი, ცრუ მსჯელობებით ისეა აღვსილი, ვითარცა თვალი რაღაც ბუღით მტვრისა და სასმენელნი ყოველთა აუტანელი და უჩვეულო გრუხუნითაა დახშული, როცა ყველა ირყევა და წინაშეა დაცემის საფრთხისა?
წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი