იმათ შესახებ, რომელნიც ამბობენ, რომ მხოლოდ ძის სახელით მონათვლაც საკმარისია.
28. ნურავინ შეცდება იმით, რომ მოციქული ნათლობის ხსენებისას მამისა და სულიწმიდის სახელს ხშირად მოუხსენებლად ტოვებს და ამის გამო ნურავინ დაასკვნის, რომ სახელთა მოწოდება საჭირო არაა. ნათქვამია: რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ (გალატ. III 27), და კიდევ: რომელთა-ესე ნათელ იღეთ ქრისტე იესუის მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-იღეთ (რომ. VI, 3). ეს იმიტომ, რომ სახელწოდება ქრისტესი არის აღიარება ყოველივესი, რადგან იგი ცხადყოფს მცხებელ ღმერთს, ცხებულ ძესა და ცხებას - სულს, როგორც ამას პეტრე მოციქული „საქმე მოციქულთაში“ გვასწავლის: იესუ ნაზარეველსა, რომელსა-იგი სცხო ღმერთმან სულითა წმიდითა (საქმ. X, 38), და ესაია: სული უფლისაი ჩემ ზედა, რომლისა ძლით მცხო მე (ეს. LXI, 1), და ფსალმუნთა მგალობელი: ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაი (ფს .XLIV, 7).
ისიც ჩანს, რომ ნათლობისას მოციქული ზოგჯერ მხოლოდ სულსაც იხსენიებდა, რადგან ამბობს: ერთითა სულითა ჩუენ ყოველთა ერთისა მიმართ გუამისა ნათელ-ვიღეთ (I კორ. XII 13), ამას ესეც ეთანხმება: თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა (საქმ. 1, 5), და ესეც: მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა (ლკ. IIL 16). მაგრამ ნათლობას, აღსრულებულს მხოლოდ სულის მოწოდებით, სრულს ვერავინ უწოდებს, რადგან საჭიროა, რომ ცხოველსმყოფელი მადლით ბოძებული გადმოცემა ყოველთვის დაურღვევლად დარჩეს. მხსნელმა ხრწნილებისაგან ჩვენისა ცხოვრებისა ძალაც გვიბოძა განახლებისა, რომელსაც თუმცა გამოუთქმელი და საიდუმლოებით მოცული მიზეზი აქვს, სულებისათვის დიდი ხსნის მიმნიჭებელია. ამიტომ მისთვის რაიმეს მიმატება ან დაკლება აშკარად მარადიული ცხოვრებისაგან ჩამოშორებას მოასწავებს.
ამრიგად, უკეთუ ნათლობისას სულიწმიდის ჩამოცილება მამისა და ძისაგან მისთვის, ვინც ნათლავს, საშიშია და უსარგებლოა მისთვის, ვინც ინათლება, მამისა და ძისაგან სულიწმიდის ჩამოშორებას დაუსჯელად ჩვენ როგორღა შევძლებთ? რწმენა და ნათლობა ორი საშუალებაა ხსნისა, ერთმანეთის მონათესავენი და განუყოფელნი. რწმენა ნათლობით აღესრულება, ხოლო ნათლობას საფუძვლად რწმენა უდევს, მათგან ორივე ერთი და იმავე სახელებით სრულდება. რადგან გვწამს რა მამა, ძე და სულიწმიდა, ასევე ვინათლებით სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. პირველი აღმსარებლობაა, რომელსაც ხსნისკენ მივყავართ, ხოლო ნათლობა, რომელიც მას მოსდევს, აღმსარებლობის აღიარებას ჩვენ მიერ ბეჭედს უსვამს.
წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი