გადმოცემა მიზეზისა, რომლის გამოც პავლე ანგელოზებს მამასა და ძესთან აყენებს
29. ამბობენ: „მამასა და ძესთან ერთად სხვებიც ირაცხებიან, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათთან ერთად არ განიდიდებიან. ასე მაგალითად, მოციქულმა ანგელოზები მათთან ერთად მოიხსენია დამოწმებისთვის, რომელიც ტიმოთეს მისწერა: ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა და რჩეულთა ანგელოზთასა (I ტიმ. V, 21), თუმცა ანგელოზებს არც სხვა ქმნილებათაგან გამოვყოფთ და არც მათ მამასა და ძესთან ერთად შერაცხვას ვეთანხმებით“.
თუმცა კი ეს მსჯელობა არანაირი პასუხის ღირსი არ არის, რადგან მისი უაზრობა მყისვე შეინიშნება, მაინც ვიტყვი, რომ ვინმეს სხვა, მისი მსგავსი მონა, შეუძლია მოწმედ წარმოადგინოს წინაშე გულმოწყალე და მშვიდი მსაჯულისა, რომელიც განსასჯელისადმი მისი განსაკუთრებული კეთილგანწყობილების წყალობით, მის მიერ გამოტანილი მსჯავრის უცილობელ სამართლიანობას აჩვენებდა. მაგრამ მონის თავისუფალ პიროვნებად ქცევა, მისი ძედ ღმრთისად წოდება და სიკვდილიდან სიცოცხლეში გადაყვანა სხვას არავის ხელეწიფება, თუ არა მას, ვინც ბუნებით უფალთანაა შეთვისებული და თავისუფალი – მონური მდგომარეობიდან. რადგან, როგორ შეიძლება შეეთვისოს ღმერთს ის, ვინც მისთვის უცხოა? როგორ გაათავისუფლებს სხვებს ის, ვინც თვითონაც მონობის უღლის ქვეშაა?
ამიტომ სულიწმიდა და ანგელოზები ერთნაირად კი არ არიან მოხსენიებულნი, არამედ სულიწმიდა – ვითარცა უფალი სიცოცხლისა, ხოლო ანგელოზები, ვითარცა შემწენი მათივე მსგავს მონათა და ერთგული დამმოწმებელნი ჭეშმარიტებისა. რადგან წმინდანებისთვის ჩვეულებრივია ღმრთის მცნებათა მიცემა დამოწმებებით, როგორც ამას თავად პავლე მოციქული ეუბნება ტიმოთეს: რაი-იგი გესმა ჩემგან მრავლითა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა (2 ტიმ. I, 2), ამჯერად ანგელოზებს იმოწმებს, რადგან იცის, რომ ანგელოზნი მსაჯულთან ერთად იქნებიან, რაჟამს იგი მამის დიდებით მოვა სამყაროს სამართლიანად განსასჯელად; რადგან ამბობს: რომელმან აღიაროს ჩემდა მიმართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა (ლუკ. XIL 8-9). სხვაგან პავლე მოციქული ამბობს: გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ზეცით ანგელოზთა თანა (2 თეს. I, 7). აქაც ამავე მიზეზით ამოწმებს წინაშე ანგელოზთა, რომ განამზადებს შესაფერის მტკიცებულებებს დიდი სამსჯავროსათვის.
30. არა მხოლოდ პავლე, არამედ საერთოდ ყველა, ვისაც სიტყვის მსახურება ჰქონდა მინდობილი, არა თუ როდისმე წყვეტს დამოწმებებს, არამედ მოწმეებად ცასა და დედამიწასაც კი უხმობს, რადგან ყველა საქმე ახლაც მათ წინაშე აღესრულება და გამოძიებისას მათი საქმეებისა, ვინც ამქვეყნად იცხოვრა, ისინიც განსასჯელებთან ერთად იქნებიან. ნათქვამია ხომ: მოუწოდოს ზეცასა ზეგარდამო და ქუეყანასა განრჩევად ერისა თვისისა (ფს. XLIX, 4).
ამიტომ მოსემ განიზრახა რა ხალხისათვის ღმრთის სიტყვათა გადაცემა, თქვა: შეგწამებ მე დღეს თქუენ წინაშე ცასა და ქუეყანასა (2 სჯ. IV, 26), და კიდევ გალობისას წარმოთქვა: მოიხილე ცაო, და ვიტყოდი, და ისმენდინ ქუეყანაი, სიტყუათა პირისა ჩემისათა (XXXII, 1); და ესაია: ისმინე, ცაო და ყურად-იღე ქუეყანაო (ეს. I, 2); ხოლო იერემია გადმოსცემს რაღაც შეშფოთებას ზეცისას, ხალხის უსჯულო საქმეთა მოსმენისას: განჰკრთა ამას ზედა ცაი და განცვიბრდა უფროის ფრიად,... რამეთუ ორნი ძვირნიცა ქმნნა ერმან ჩემმან (იერემ. I, 12-13). და მოციქულმაც, იცოდა რა, რომ ანგელოზები ადამიანებს აღმზრდელებად და მეთვალყურეებად ჰყავთ მიჩენილნი, დასამოწმებლად მოუწოდა მათ. ისო ნავესმა თავისი სიტყვების მოწმედ ქვა დააყენა, ხოლო იაკობმა მოწმე ბორცვს უწოდა (დაბ.XXXI, 47). ისომ ხალხს უთხრა: ქვაი ესე იყავნ დღეს თქვენდა საწამებლად... აღსასრულთა დღეთა, რაჟამს ეცრუვნეთ უფალსა ღმერთსა თქვენსა (ისო ნავე XXIV, 27). შეიძლება მას სჯეროდა, რომ ძალითა ღმრთისათა ქვაც გამოიღებდა ხმას დამნაშავეთა სამხილებლად, ხოლო უკეთუ არა, თითოეულ მათგანს გახსენების შედეგად სინდისი მაინც მოწყლავდა. ამგვარად ისინი, რომელთაც სულთა განგებულება აქვთ მინდობილი, წინასწარ იმზადებენ მოწმეებს, როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, რათა შემდეგში წარმოადგინონ. სულიწმიდა არა დროის მოთხოვნილებით, არამედ ბუნების თანაზიარებითაა შეერთებული ღმერთთან, არა ჩვენ მიერ მიყვანილი, არამედ უფლის მიერ შეწყნარებული.
წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი