მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

სულიწმიდის შესახებ

 

თავი XIV

შეკამათება იმათთან, რომელნიც ამბობენ, რომ ზოგიერთები მოსეს სახელითაც ინათლებოდნენ და სწამდათ იგი, პასუხი მათ წინააღმდეგ და, აგრეთვე, პირველსახეთა შესახებ

 

31. კიდევაც რომ მოვინათლოთ სულიწმიდის სახელით, ამბობენ ისინი, სამართლიანი მაინც არ იქნება, რომ იგი ღმრთის გვერდით დავაყენოთ. რადგანაც ზოგიერთებმა მოსეს მიერ ნათელ-იღეს ღრუბლითა მით და ზღვითა (I კორ. X, 2). ამგვარად, ცნობილია, რომ რწმენა ადამიანების მიმართაც არსებობდა: ჰრწმენა ხალხს ღმრთისა და მოსესი, მსახურისა მისისა (გამოსვლ. XIV, 31). სარწმუნოებითა და ნათლობით, ამბობენ ისინი, რისთვის აღამაღლებ და განადიდებ სულიწმიდას ქმნილებასა ზედა, მაშინ როცა იგივე კაცთა მიმართაცაა დამოწმებული?

 

რა უნდა ვთქვათ ამის შესახებ? ის, რომ რწმენა სულიწმიდისა და, მსგავსად ნათლობაც, იგივეა, რაც მამისა და ძისა, ხოლო მოსეს მიერ ღრუბლით ნათლობა, მისი აჩრდილი და პირველსახეა. ის, რომ ღმრთეებრივი წინასწარ მცირეთი და კაცობრივით გამოისახება, რა თქმა უნდა, არც რაღაც მცირეა და არც ღმრთეებრივთა ბუნება, რომელზეც ხშირად პირველსახეთა აჩრდილისებური გამოსახულება წინასწარ მიანიშნებდა. პირველსახე ხომ მოსალოდნელთა განცხადებაა – ბაძვის საშუალებით წინასწარ მნიშვნელოვნად ნაჩვენები მომავალი. ასე მაგალითად, ადამი წინასახეა მომავალი ადამისა, ხოლო კლდე წინასახეობრივია ქრისტესი, კლდიდან გადმომდინარი წყალი ღმრთეებრივი სიტყვის განმაცხოველებელი ძალაა, რადგან ნათქვამია: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ (ინ.VII, 37); მანანა წინასახეა ცხოველსმყოფელი პურისა, რომელიც ზეციდან გარდამოხდა; ნიშნად აღმართული გველი (რიც. XXL,9) – გამომხსნელი ტანჯვათა, რომელიც ჯვრით აღესრულა, ამიტომაც გადარჩნენ ისინი, ვინც მას შეხედა. ასევე თხრობა ისრაელის გამოსვლის შესახებ მინიშნებაა მაცხოვნებელ ნათლობაზე; რადგან ისრაელიანთა პირმშონი, ისევე როგორც ნათელღებულთა სხეულები, გადარჩნენ მადლით, რომელიც სისხლით აღბეჭდილებს მიეცათ, რადგან სისხლი ცხვრისა წინასახეა ქრისტეს სისხლისა, ხოლო პირმშონი – პირველქმნულისა, რომელიც ჩვენშიც უცილობლად არსებობს უწყვეტი მემკვიდრეობით ბოლომდე გადმოცემული და ამიტომაც ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან (I კორ. XV, 22), და მეფობდა სიკვდილი ვიდრე აღსრულებამდე სჯულისა და მოსვლამდე ქრისტესი. დაიცვა ხომ ღმერთმა პირმშონი და ვერ შეეხო მათ წარმწყმედელი მიმანიშნებლად იმისა, რომ ქრისტეს მიერ გაცოცხლებულნი ადამის გამო უკვე აღარ მოვკვდებით. ზღვამ და ღრუბელმა კი იმ დროს განცვიფრების წყალობით, ადამიანები რწმენასთან მიიყვანეს, ხოლო როგორც პირველსახეებმა, მომავალ მადლზე მიანიშნეს: ვინ არს ბრძენ და გულისხმა-ყუნეს ესენი? (ოს. XIV,10). და როგორ შეიძლება ზღვა ნათლობას წინასახეობრივად ემსახუროს? მან ხომ განაშორა ისრაელიანები ფარაონისაგან, ვითარცა ეს ემბაზი განგვაშორებს ეშმაკის მტანჯველ ბატონობას. ზღვამ მტერი მოაკვდინა, აქაც კვდება ჩვენი მტრობა, რომელიც ღმრთის მიმართ გვქონდა. ხალხი ზღვიდან უვნებლად გამოვიდა, ჩვენც ამოვდივართ წყლიდან, ვითარცა მკვდრეთით გაცოცხლებულნი, იმის მადლით დახსნილნი, ვინც მოგვიწოდა. ღრუბელი აჩრდილია სულიწმიდის ნიჭისა, რომელიც ასოთა მოკვდინებით ვნებათა ალს აქრობს.

 

 

32. და რა გამოვიდა? რადგანაც მოსეს მიერ წინასახეობრივად მოინათლნენ, ამიტომ ნათლისღების მადლი მცირეა? ასეთ შემთხვევაში ჩვენს საიდუმლოთა შორის აღარც სხვა რამე იქნება დიდი, თუკი თითოეულში იმას, რასაც პატივი წმინდად უნდა მივაგოთ, პირველსახემდე დავამდაბლებთ. მაშინ დიდი და მაღალი კაცთა მიმართ არც სიყვარული ღმრთისა ყოფილა, რომელმაც მხოლოდშობილი ძე ჩვენთა ცოდვათა გამო მისცა, რადგან საკუთარი შვილი არც აბრაამმა შეიწყალა, და აღარც ვნება უფლისა – დიდებული, რამეთუ ნაცვლად ისაკისა, პირველსახე მსხვერპლშეწირვისა ცხვრით აღესრულა. არც ჯოჯოხეთში ჩასვლა ყოფილა საშიში, რადგან იონამ სამ დღესა და ამდენივე ღამეში სიკვდილის წინასახე შექმნა. ასე რომ, ასე იქცევა ისიც, ვინც ნათლობის სინამდვილეს აჩრდილს ადარებს, ვინც წინასახეებს იმასთან ათანაბრებს, რაზეც ისინი მიანიშნებენ, და ვინც მოსესა და ზღვის ეპიზოდის გამოყენებით მთელი სახარებისეული განგებულების დარღვევას ცდილობს. სად არის იქ ცოდვათა მიტევება? განახლება ცხოვრებისა ზღვაში? რომელი სულიერი ნიჭი მიეცათ ადამიანებს მოსეს მიერ? სად არის იქ მოკვდინება ცოდვათა? ისინი არ მომკვდარან ქრისტესთან ერთად და ამიტომ არც მასთან ერთად აღდგებიან. ისინი არ შემოსილან ზეციური ხატით, არც იესოს სიკვდილი უტვირთავთ სხეულსა შინა, არც ძველი კაცი განუძარცვავთ და ახალი შეუმოსავთ, განახლებულები შესაცნობად იმისა, ვინც თავის ხატად შექმნა. რატომ ადარებ ერთმანეთს ორ ნათლობას, რომელთაც მხოლოდ სახელწოდება აქვთ საერთო, ხოლო საქმით იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რამდენადაც შეიძლება სიზმარი განსხვავდებოდეს სინამდვილისა და აჩრდილი და გამოსახულებანი იმათგან, რომელნიც დამოუკიდებლად არსებობენ?

 

 

33. მაგრამ მოსესადმი რწმენაც სულიწმიდის რწმენის ნაკლებ ღირებულებას არ ამტკიცებს, მაგრამ მათი სიტყვების მიხედვით, ის უფრო მეტად ყოველთა ღმერთის აღმსარებლობას აკნინებს. ნათქვამია: რწმენა ერსა უფლისა და მოსესი მსახურისა მისისა (გამს. XIV, 31). ამგვარად, აქ მოსე შეწყვილებულია ღმერთთან და არა სულიწმიდასთან და პირველსახეა არა სულიწმიდისა, არამედ ქრისტესი, რადგან სჯულის მსახურებისას მან შუამდგომელი ღმერთსა და კაცთა შორის წინასწარ გამოსახა. შუამდგომლობდა რა ხალხს წინაშე ღმრთისა, მოსე სულიწმიდის პირველსახე არ ყოფილა, რადგან სჯული მოცემულ იქნა ანგელოზთაგან ხელითა შუამდგომელისაითა (გალატ. III, 19), ანუ ცხადია, მოსეს მიერ, წინადადებით ხალხისა, რომელიც მას ეუბნებოდა: შენ გუეტყოდე ჩუენ და ნუ იტყვის ჩუენდა მომართ ღმერთი (გამს. XX, 19). ამგვარად, რწმენას მოსესი, შუამდგომელისა ღმერთსა და კაცთა შორის, აჰყავს რწმენამდე უფლისა, რომელმაც თქვა: უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა (ინ. V, 46). ნუთუ მცირეა რწმენა უფლისა, რადგან მასზე წინასწარ მოსეს მიერ იქნა მინიშნებული? ასევე ნათლობისას, არც სულიწმიდის მადლია მცირე, იმის გამო, რომ ვინმემ მოსეს სახელით ნათელიღო. ამასთან, მინდა ვთქვა, რომ წმინდა წერილი, ჩვეულებრივ, სჯულს მოსესაც უწოდებს, როგორც მაგალითად: ჰქონან მოსე და წინაწარმეტყუელნი (ლუკა 16,29). იგულისხმა რა სჯულისმიერი ნათლობა, ამიტომაც თქვა მოციქულმა: მოსეს მიერ ნათელ-იღეს (I კორ. X, 2).

 

რატომ ცდილობენ ეს ადამიანები, რომელთაც ის, რაც აჩრდილსა და პირველსახეებს ეკუთვნის, სინამდვილეზე გადაიტანონ და ქება-დიდება ჩვენი სასოებისა, უხვი მადლი ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა, ვინც მეორედ შობით სიჭაბუკეს ჩვენსა ვითარცა ორბისას განაახლებს (ფს. 102,5), დამცრობილად წარმოადგინონ?

 

რა თქმა უნდა, ჩვილის გონება და ვინმე ყრმა, რომელსაც ნამდვილად ისევ რძე სჭირდება, ვერ შეიცნობს სიდიადეს და საიდუმლოს ჩვენი ხსნისა; ჩვენც, რომელნიც თანახმად სწავლების მოსამზადებელი მეთოდისა, ღმრთისმოსაობაში ვარჯიშით სრულყოფილებამდე ავმაღლდით, პირველად იმით დავიწყეთ, რაც ცოდნის საფუძვლებად მიგვაჩნდა, ადვილად მისაწვდომითა და შესაფერისით ჩვენი ძალებისა. რადგან განმგებელს ჩვენი ხსნისა, მსგავსად იმ ადამიანისა, რომელიც სიბნელეში გაიზარდა, ჭეშმარიტების დიდ ნათელში, მისი თანდათანობით შეჩვევის შედეგად შევყავართ, რამეთუ მოწყალეა უძლურებათა ჩვენთა მიმართ. სიღრმესა შინა მისი მდიდარი სიბრძნისა, სიმდიდრისა და გონების გამოუძიებელთა მსჯავრთა, წინასწარ მონიშნა ჩვენთვის ეს სასიამოვნო და გამოსადეგი წინამძღოლობა და ჯერ სხეულების აჩრდილთა და წყალში არეკლილი მზის ცქერას შეგვაჩვია, რათა წმინდა ნათელის უცბადვე ხილვით არ დავბრმავებულიყავით. სჯულიც ამავე პრინციპითაა შექმნილი, რამეთუ აჩრდილი აქუნდა შჯულსა მერმეთა (ებრ. X, 1). წინასწარმეტყველთა წინასწარ წარმოსახვანიც და სახისმეტყველებანიც სინამდვილისა, წინასწარ მოგვეცა, ვითარცა საწვრთნელნი გულის თვალების განსწავლისათვის, რათა მათგან საიდუმლოს დაფარულ სიბრძნეზე გადასვლა ადვილი ყოფილიყო.

 

წინასახეთა შესახებ საკმარისად ითქვა; ამ თემაზე შეჩერება მეტად აღარ შეიძლება, რადგან სხვაგვარად მეორეხარისხოვანზე ბევრად მეტი გამოგვივა ნათქვამი, ვიდრე მთავარზე.

 


 

წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი