იმის შესახებ, რომ წმიდა წერილი მარცვალს – ში/-ით (εν) მარცვლის –თან (συν) ნაცვლად იყენებს* და, აგრეთვე, რომ მარცვალი და (και) –თან (συν) მარცვლის თანაბარი ძალისაა.
* ბერძნული ენის წინდებულებს ქართულ ენაში თანდებულები შეესაბამება.
58. წმიდა წერილი, ამბობენ ისინი, რატომ არასოდეს არ გადმოსცემს სულიწმიდის დიდებას მამასა და ძესთან ერთად, არამედ წინდახედულად არიდებს რა თავს გამოთქმას სულთან, ყველგან უპირატესობას ანიჭებს გამოთქმას მისით (εν αυτου), ვითარცა უფრო შესაფერისს?
ჩემი მხრიდან არ ვიტყოდი, რომ მარცვალი –ში/-ით (εν) ნაკლებად პატივსაცემ შინაარსს გამოხატავს, არამედ, პირიქით, ვიტყოდი, რომ ჯანსაღად გაგებულს გონება უდიდეს სიმაღლეზე აჰყავს, რადგან ყურადღება მივაქციეთ, რომ ხშირად –თან მარცვალს ენაცვლება (ბერძნულში εν წინდებულიანი სახელი მიცემით ბრუნვაში, ქართულად გადმოღებისას ზოგჯერ მოქმედებითი ბრუნვითაც(-ით) გადმოდის, ისევე როგორც ზოგჯერ συν წინდებულიანი), როგორც მაგალითად: და გამოიყვანნა იგინი ოქროითა და ვეცხლითა (εν αργυριω και χρυσιω) ანუ ოქროსა და ვერცხლთან ერთად (ფს. 103,37). და: არა გამოხუედ ღმერთი ძალითა (εν ταις διναμεσιν) ჩუენდა, ნაცვლად: ძალთან ერთად (συν ταις διναμεσιν) (ფს. 43,9). და ამგვარი ადგილი ათასობითაა.
საერთოდ, სიამოვნებით ვისწავლიდი ახალი სიბრძნიდან, როგორი დიდებისმეტყველება აღასრულა მოციქულმა გამოთქმით -ში/-ით (εν): იმ სახით, რა სახითაც მას ახლა ეს ადამიანები, ვითარცა წმ. წერილიდან გადმოტანილს წარმოთქვამენ? რადგან ვერსად ვერ ვიპოვე, რომ იყოს ნათქვამი: შენდა, მამაო, პატივი და დიდება მხოლოდშობილი ძისა შენისა მიერ (δια) სულიწმიდით (εν), მაშინ, როცა მათთან ახლა ეს დიდებისმეტყველება, ასე ვთქვათ, თვით სუნთქვაზე უფრო ჩვეულებრივია. თუმცა თითოეული ამ გამოთქმის ცალ-ცალკე პოვნა შეიძლება, მაგრამ ვერ შეძლებენ მიუთითონ რომელიმე ადგილზე, სადაც ისინი ერთად და თანაც ასეთი წყობით იქნება გადმოცემული. ამიტომ, უკეთუ იმას იძიებენ, რა წერია წმიდა წერილში, დაე, მიუთითონ, საიდან მოაქვთ ის, რასაც ამბობენ; ხოლო თუ ადათს უთმობენ, ამას ნურც ჩვენ აგვიკრძალავენ.
59. რადგან მორწმუნეებთან ორივე გამოთქმა ვნახეთ გამოყენებული, ჩვენც ორივეს ვიყენებთ, გვწამს რა, რომ სულიწმიდის დიდება ერთითაც და მეორითაც თანაბრად აღესრულება. ხოლო იმათ, რომელნიც ჭეშმარიტებას ამახინჯებენ, უფრო მეტად დაუხშობს ბაგეებს შემოთავაზებული გამოთქმა, რომელიც წმიდა წერილში და კავშირის ნაცვლად გამოიყენება და მნიშვნელობით მისი მსგავსია, მაგრამ მოწინააღმდეგეებს ხელს მაინცდამაინც არ აძლევს და მათ მიერ ახლაც სადაო ხდება. ერთი და იგივეა ხომ, რას ვიტყვით: პავლე და სილუანე და ტიმოთე, თუ პავლე ტიმოთესა და სილუანესთან ერთად, რადგან ორივე შემთხვევაში გამოთქმის მიერ სახელთა შორის კავშირი ერთნაირადაა შენარჩუნებული. ამგვარად, უკეთუ უფალმა თქვა: მამა და ძე და სულიწმიდა, ხოლო მე ვიტყვი მამა, ძე და სულიწმიდასთან ერთად, მნიშვნელობის მიხედვით ჩემი ნათქვამი რაღაც სხვა იქნება? სახელთა ერთობის და კავშირით გამოხატვას მრავალი ადგილი ამოწმებს, რადგან ნათქვამია: „მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და სიყუარული ღმრთისა და მამისაი, და ზიარებაი სულისა წმიდისაი“ (2 კორ. XVI, 13); და კიდევ: „ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა და სიყუარულითა მით სულისაითა“ (რომ. XV, 30). ამგვარად, თუ ნაცვლად და კავშირისა –თან მარცვლის გამოყენებას მოვისურვებთ, რამე სხვას გავაკეთებთ? მე ვერ ვხედავ ვერავითარ სხვაობას გარდა იმისა, რომ ვინმე, მიმდევარი გრამატიკის მშრალი წესებისა, მიანიჭებდა რა კავშირს უპირატესობას, ვითარცა შემაუღლებელსა და ერთობის უფრო მეტად გამომხატველს, წინდებულს, როგორც არათანაბარი მნიშვნელობის მქონეს, შორს განდევნიდა. მაგრამ ჩვენგან ანგარიშის ჩაბარება ამაშიც რომ მოეთხოვათ, ალბათ, თავის გასამართლებლად ბევრი სიტყვა არ დაგვჭირდებოდა.
ახლა ჩვენ სიტყვა მარცვალთა და ამა თუ იმ სიტყვის ბგერაზე კი არ გვაქვს, არამედ საგნებზე, რომელნიც მნიშვნელობითა და ჭეშმარიტებით ერთმანეთისაგან დიდად განსხვავდებიან. ამ მიზეზით, თუმცა ამ შემთხვევაში მარცვალთა გამოყენებას მნიშვნელობა არ აქვს, ისინი მათგან ზოგიერთის აღიარებას, ხოლო ზოგიერთის ეკლესიიდან განდევნას ცდილობენ. თუმცა სარგებლობა ამ მარცვლის (–თან) გამოყენებისა პირველი მოსმენისთანავე ცხადი ხდება, მე მაინც გაჩვენებთ მიზეზს, რომლის გამოც ჩვენს მამებს ამ წინდებულის გამოყენება გამოუკვლეველად არ მიუღიათ. გარდა იმისა, რომ ეს -თან და კავშირის თანაბარი ძალისაა, იგი საბელიოზის ბოროტებასაც ამხელს და მის მსგავსად ჰიპოსტასთა შორის სხვაობასაც წარმოაჩენს, როგორც, მაგალითად, გამონათქვამებშია: მე და მამაი მოვიდეთ (ინ. XIV, 23), და: მე და მამაი ერთ ვართ (ინ. X, 30), საუკეთესო (–განსაკუთრებული) დამოწმებაა საუკუნო ერთობისა და განუწყვეტელი კავშირისა. რამეთუ, ვინც თქვა, რომ ძე მამასთანაა, ამით ჰიპოსტატთა სხვაობაც აჩვენა და განუყოფელი ერთობაც; როგორც ამის დანახვა შეიძლება მაშინ, როცა ადამიანებზე ლაპარაკობენ. კავშირი და მოქმედებათა საერთოობას წარმოადგენს, ხოლო - თან ამასთან რაღაც სხვა ურთიერთობასაც აჩვენებს. მაგალითად პავლემ და ტიმოთემ მაკედონიისაკენ გაცურეს, ხოლო ტვიქიკე და ონესიმე კოლასელებთან იქნენ წარგზავნილნი. აქედან ვიგებთ, რომ მათ ერთი და იგივე საქმე გააკეთეს. მაგრამ თუ მოვისმენდით, რომ მათ ერთად (συν) გაცურეს და ერთად (συν) იქნენ წარგზავნილნი, შევიტყობდით, რომ მათ საქმე ერთად აღასრულეს. ამიტომ ყველა სხვაზე მეტად საბელიოზის უკეთურ სწავლებას ეს გამოთქმა არღვევს და იმათაც ამხობს, რომელნიც საპირისპიროდ უსჯულოებენ. ვგულისხმობ მათ, რომელნიც დროის მიხედვით, ძეს მამისაგან, ხოლო სულიწმიდას ძისაგან განაშორებენ.
60. – ში/-ით (εν) მარცვლისაგან მარცვალი –თან (συν) განსაკუთრებულად განსხვავდება, რადგან იგი ერთმანეთთან ურთიერთობაში მყოფთა, მაგალითად, ერთად მცურავთა, ერთად მცხოვრებთა ერთობას, ან ერთობლივად მოქმედთა შესახებ რაღაცას გამოხატავს, ხოლო მარცვალი –ში/-ით (εν) იმ ადგილთან დამოკიდებულებას წარმოაჩენს, სადაც ისინი მოქმედებენ, რადგან მოვისმენთ რა, რომ „რაიმეთი ცურავენ“ და სადმე მკვიდრობენ, მყისვე ნავს ან სახლს წარმოვიდგენთ.
საერთო გამოყენების მიხედვით, ასეთია ამ მარცვალთა შორის სხვაობა; შრომისმოყვარენი უფრო მეტსაც იპოვნიდნენ, მაგრამ მე მარცვალთა გამოსაძიებლად არ მაქვს ჟამი მოცალეობისა; ამიტომ, რადგანაც დადასტურდა, რომ მარცვალი συν ფრიად ნათელ გაგებას იძლევა ერთობისა, თუ გნებავთ, შეურიგდით და მის წინააღმდეგ ეს მკაცრი და გამოუცხადებელი ომი შეწყვიტეთ. თუმცა ეს გამოთქმა ასე ნათელია, თუ ვინმეს სურს დიდებისმეტყველებასა შინა სახელები და მარცვლით დააკავშიროს და ადიდოს, როგორც ეს სახარებიდან ნათლობისათვის ვისწავლეთ: მამა და ძე და სულიწმიდა, – დაე, ასე იყოს, არავინ შეეწინააღმდეგება. ამას, თუ ეს სურთ, ჩვენც ვეთანხმებით. მაგრამ ისინი უმალ ენების დაკარგვას დათანხმდებიან, ვიდრე ამ სიტყვის მიღებას. ეს არის, რის გამოც ჩვენ წინააღმდეგ გამოუცხადებელი და შეურიგებელი ბრძოლაა აღძრული, ამბობენ რა, რომ დიდებისმეტყველება ღმერთს სულიწმიდით (εν) უნდა მივუძღვნათ და არა ღმერთსა და სულიწმიდას, და ამ გამოთქმას, ვითარცა სულიწმიდის დამამცირებელს, მთელი მგზნებარებით იცავენ. მის შესახებ სიტყვის გაგრძელება უსარგებლო არ იქნებოდა. მოისმენენ რა ამას, მეც გაკვირვებული დავრჩები, თუ თვითონ გამოთქმას გამცემად არ გამოაცხადებენ, რომელიც სულიწმიდის სადიდებელად მის მხარეზე გადავიდა.
წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი