მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

სულიწმიდის შესახებ

 

თავი XXIV

მხილება მათი ახირებისა, რომელნიც სულიწმიდას არ ადიდებენ; სადიდებელ ქმნილებებთან მისი შედარებიდან გამომდინარე.

 

55. ამასთან, დიდებითა და პატივით გარემოცულია საერთოდ ადამიანი, და დიდებაი და პატივი და მშვიდობაი ყოველი კეთილისმოქმედისათვის (რომ. II, 10) აღთქმათა მიხედვითაა განმზადებული. არის დიდება, რომელიც საკუთრად ისრაელისაა, რადგან მის შესახებ ნათქვამია: რომელთაი, იყო შვილებაი, და დიდებაი და მსახურებანი (რომ. IX, 4); თავის რაღაც დიდებაზე ფსალმუნთა მგალობელიც ამბობს: რაჟამს გიგალობდე შენ დიდებითა ჩემითა (ფს. 107,1); და კიდევ: განიღვიძე, დიდებაო ჩემო (ფს. 107,2). არის ვიეთიმე დიდება მზისა, მთვარისა და ვარსკვლავთა (I კორ. XV, 41); მოციქულის მიხედვით, არის მსახურებაიც დაშჯისაი – დიდებისათვის (2 კორ. I, 9). ამდენ განდიდებულთა შორის შენ გსურს, რომ მხოლოდ სულიწმიდა იყოს ყველაზე ნაკლებ განდიდებული? მაგრამ ნათქვამია, რომ: მსახურებაი იგი სულისაი იყოს დიდებით (2 კორ. II 8). რატომ არის იგი არაღირსი დიდებისათვის? თუმცა ფსალმუნთა მგალობელის მიხედვით, დიდია დიდებაი მართლისა, შენი აზრით, სულიწმიდას მაინც არავითარი დიდება არ აქვს. ამ სიტყვებით როგორ დაიტეხე თავს არა თვალსაჩინო საფრთხე, გარდაუვალი ცოდვა? უკეთუ მართალ საქმეთა მიერ ხსნილი ადამიანი უფლის მოშიშთაც კი ადიდებს, მით უმეტეს, სულიწმიდას არ უნდა მოაკლდეს შესაფერისი ქება.

 

დაე, იყოს, ამბობენ ისინი, განდიდებული, მაგრამ არა მამასა და ძესთან ერთად. რა მიზეზი არსებობს სულისა წმიდისათვის სხვა ადგილის მოსამზადებლად, იმისათვის, რომ დავატოვებინოთ ადგილი, რომელიც უფალმა განუსაზღვრა და საერთო დიდებას მოვაკლოთ ის, ვინც ყველგან ღმრთეებასთანაა შეერთებული?  აღმსარებლობაში რწმენისა, ნათლობაში გამოხსნისა, ძალთა ქმედებისას, დამკვიდრებისას წმინდანთა შორის, მორჩილებისათვის მადლისმიერ ნიჭთა მინიჭებისას? რამეთუ საერთოდ არ არსებობს ნიჭი, რომელიც ქმნილებაზე, გარეშე სულისა წმიდისა, გადმოვა. ასე რომ, როგორც ეს ჩვენ სახარებაში უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისაგან ვისწავლეთ, ქრისტეს სარწმუნოების დასაცავად უბრალო სიტყვის წარმოთქმაც კი შეუძლებელია სულიწმიდისაგან შემწეობის გარეშე (მთ. X, 20). ყოველივე ეს, არ ვიცი მხედველობიდან სულიწმიდის რომელ მოზიარეს გამორჩება და დაივიწყებს რა მის მონაწილეობას ყოველივესა შინა, მამისა და ძისაგან მის მოწყვეტას დათანხმდება.

 

ამრიგად, სად უნდა შევრაცხოთ იგი? ქმნილებათა გვერდით? მაგრამ ყოველი ქმნილება მონაა, სულიწმიდა კი – თავისუფალი, რამეთუ: სადა სული უფლისაი, მუნ აზნაურებაი, არს (2 კორ. 3,17). რამდენადაც ბევრი რამის თქმა შეიძლება დასამტკიცებლად იმისა, რომ სულიწმიდას შექმნილ ბუნებათა გვერდით შერაცხვა არ შეჰფერის, ამდენად სიტყვას ამის შესახებ ამჯერად გადავდებთ; რადგან საკითხის მნიშვნელობის შესაფერის საკუთარ მტკიცებულებათა მოსაყვანად და მოწინააღმდეგეთა პასუხების დასარღვევად (უარსაყოფად) მრავალი მსჯელობა დაგვჭირდება, რის გამოც შეიძლება მკითხველებს მრავალსიტყვაობით წიგნისა თავი შევაწყინოთ. ამიტომ გადავინახავთ რა ამას განსაკუთრებული თხზულებისათვის, ჩვენს ახლანდელ საგანს დავუბრუნდებით.

 

ამრიგად, განვიხილოთ დაწვრილებით. სულიწმიდა ბუნებით სიკეთეა, ისევე როგორც სიკეთეა მამა და სიკეთეა ძე. ქმნილება კი, არჩევით სიკეთისა ეზიარება კეთილს. სულიწმიდამ სიღრმე იცის ღმრთისა, ხოლო ქმნილება დაფარულის განცხადებას სულისაგან წმიდისა იღებს. სულიწმიდა ყოველთა ცხოველსმყოფელ ღმერთსა და სიცოცხლის მომცემელ ძესთან ერთად განაცხოველებს, რადგან ნათქვამია: რომელმან-იგი აღადგინა ქრისტე მკუდრეთით, განაცხოველნეს მოკვდდავნიცა ეგე ხორცნი თქუენნი დამკვიდრებულისა მის მიერ თქუენ შორის სულისა მისისა (რომ. X, 11); და კიდევ: ცხოვართა ჩემთა ხმისა ჩემისაი ისმინიან, და მე ვიცნი იგინი, და მომდევდენ მე. და მე ცხორებაი, საუკუნოი მივსცე მათ (ინ. X, 27-28). მაგრამ ასევე ნათქვამია სულად განმაცხოველებელად (I კორ. XV, 45); და კიდევ: სული – ცხოველ სიმართლისათვის (რომ. VIII 10). და უფალიც ამოწმებს, რომ სულიწმიდა ცხოველსმყოფელია: სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ხორცნი არად სარგებელ არიან (ინ. VI, 63). ამიტომ, გავაუცხოვებთ რა სულს ცხოველმყოფელი ძალისაგან, როგორ უნდა დავამკვიდროთ იგი იმათ შორის, რომელთა ბუნებაც ჯერ სიცოცხლეს ითხოვს?

 

ვინ არის ისეთი ჭირვეული, ზეციურ ნიჭთა უზიარებელი, ღმრთის სიკეთეთა გემოუხილველი, მარადიულ სასოებათაგან მოკლებული, რომ სულიწმიდა ღმრთეებას განაშოროს და ქმნილებათა გგერდით დააყენოს?

 

 

57. ჩვენთვის, ამბობენ ისინი, სულიწმიდა არის ვითარცა საჩუქარი ღმრთისა. მაგრამ საჩუქარი მისი მბოძებელის თანაბარი პატივით არასოდეს იდიდება. სულიწმიდა მართლაც საჩუქარია ღმრთისა, მაგრამ საჩუქარი სიცოცხლისა, რადგან ნათქვამია: შჯულმან სულისა ცხორებისამან განმათავისუფლა ჩვენ (რომ. 8, 2), და საჩუქარი ძალისა: მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენზედა (საქმ. 1, 8). ნუთუ ამის გამო უნდა იქნეს იგი ათვალწუნებული? განა ძეც ღმერთმა არ მიუძღვნა ადამიანებს? ნათქვამია ხომ: რომელმან-იგი ძესაცა თვისსა არა ჰრიდა, არამედ ჩვენ ყოველთათვის მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ? (რომ. VII, 32); მოციქული განკაცების საიდუმლოებაზე სხვაგანაც ამბობს: რაითა ვიცოდით ღმრთისა მიერ მონიჭებული იგი ჩუენდა (I კორ. 2, 12). ამიტომ, მათ, ვინც ამას ამტკიცებს, იუდეველებს ხომ არ გადააჭარბეს უსამართლობაში, რადგან სიკეთეთა სიუხვე მკრეხელობის საშუალებად გადააქციეს? ისინი სულს ბრალად იმას დებენ, რომ კადნიერება გვიბოძა, ღმერთს ჩვენი მამა ვუწოდოთ: გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თვისისაი გულთა შინა ჩუენთა, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო (გალატ. IV, 6), რათა მისი ხმა, მისთა შემწყნარებელთა საკუთარი ხმაც გამხდარიყო.

 


 

წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი