მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

სულიწმიდის შესახებ

 

თავი XXIII

იმის შესახებ, რომ ჩამონათვალი, რომელიც მას ეკუთვნის, სულიწმიდის დიდებისმეტყველებაა.

 

54. სხვა ძალთა შესახებ გვწამს, რომ თითოეული გარშემოწერილ ადგილას იმყოფება. რამეთუ ანგელოზი, რომელიც კორნელიუსს წარუდგა, იმავდროულად არ ყოფილა ფილიპესთან (საქმე 8,26 და 10,3), არც იმ ანგელოზს, საკუმეველისა კუმევისასა (ლუკ. 1,19) ზაქარიას ესაუბრა, იმ დროს თავისი ადგილი ზეცაში არ ეკავა. სულიწმიდის შესახებ კი გვწამს, რომ ის ერთდროულად მოქმედებს ამბაკუმშიც და დანიელშიც, რომელიც ბაბილონში იყო (დან. XIV, 33-36), ამასთან, იერემიასთანაც იყო და ეზეკიელთანაც ზედა ქობარისასა (ეზეკ. I, 0). სულმან უფლისამან აღავსო სოფელი (სიბრძ. სოლ. 1, 7) და: ვიდრე-მე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრე-მე ვივლტოდი? (ფს. 138,7) და წინასწარმეტყველიც ამბობს: რამეთუ მე თქუენ თანა ვარ, იტყვის უფალი... და სული ჩემი დადგა საშუალ თქუენსა (ანგია 2: 5,6). როგორი ბუნება უნდა ვაღიაროთ  იმისა, ვინც ყველგან არის და თანამყოფია ღმრთისა? როგორი ბუნებაც ანგელოზებისა გვიჩვენა წმიდა წერილმა? - ყოვლისა მომცველი. თუ ცალკეული ადგილებით გარემოცული? არავინ იტყვის, რომ გარემოცული. და ვინც ბუნებითი ღმრთეებრივია, სიდიდით გარეშემოუწერელი, ძლიერი მოქმედებათა შინა და კეთილი ქველმოქმედებით, არ ავამაღლოთ და არ ვადიდოთ? მე არა სხვა რამით შევუდგები მის დიდებას, არამედ სასწაულთა აღრიცხვით, რომელიც მას ეკუთვნის. ამგვარად, მათ ან სულიწმიდისაგან ბოძებულ კეთილთა დავიწყება გვიბრძანონ, ან თხრობა იმის შესახებ, რაც სულიწმიდას ეკუთვნის, უმაღლესი დიდებისმეტყველების აღსრულებად აღიარონ, რადგან არც ღმერთი და მამა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და არც მხოლოდშობილი ძე მისი სხვაგვარად არ იდიდება, თუ არა, ძალისაებრ ჩვენისა, მათი სასწაულების ჩამოთვლით.

 


 

წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი