თვალსაზრისი სულიწმიდის მამასა და ძესთან ბუნებით ერთობაზე და იმის შესახებ, რომ რადგანაც იგი მამისა და ძის მსგავსია, მიუწვდომელია ჭვრეტისათვის.
53. უპირატესობა მისი ბუნებისა არა მხოლოდ იმით შეიცნობა, რომ მამისა და ძის იგივეობრივი სახელები და მათთან საერთო ქმედებანი აქვს, არამედ იმითაც, რომ მათ მსგავსად ჭვრეტისთვისაც მიუწვდომელია; რადგან რაც ნათქვამია მამის შესახებ, კერძოდ, რომ იგი კაცობრივი გონების მიღმაა და რაც ძის შესახებაა თქმული, ამბობს: მამაო მართალო, და სოფელმან შენ არა გიცნა (ინ. 17,25). ხოლო სამყაროდ (სოფელად) აქ არა ზეცისა და მიწის შედგენილობა იწოდება, არამედ ეს წარმავალი ცხოვრება, რომელი ათასგვარ ცვალებადობას ემორჩილება. ხოლო საუბრობს რა თავისი თავის შესახებ, ამბობს: მცირედღა, და სოფელი ესე არა მხედვიდეს, ხოლო თქვენ მხედვიდეთ მე (ინ. 14, 19). აქაც კვლავ სოფელს (სამყაროს) იმათ უწოდებს, რომელნიც ნივთიერ და ხორციელ ცხოვრებას ეძლევიან, ჭეშმარიტების აღქმას მხოლოდ თვალებს ანდობენ და არ სწამთ რა აღდგომისა, გულის თვალებით უფალს ჩვენსას ვერასოდეს იხილავენ.
იგივე აქვს ნათქვამი მას სულიწმიდის შესახებაც: სული იგი ჭეშმარიტებისაი, რომელი სოფელსა ვერ ხელ-ეწიფების მოღებად. რამეთუ არა ხედავს მას, არცა იცის იგი, ხოლო თქუენ იცით იგი, რამეთუ თქუენ თანა არს (ინ. XIV, 17). რადგან ხორციელ კაცს, რომელსაც გონება ჭვრეტით არ გაუწვრთნია, უკეთ რომ ვთქვათ, ვითარცა ჭაობში, მთლიანად ხორციელ სიბრძნესა შინაა შთაფლული, თვალის გასწორება ჭეშმარიტების სულიერი სინათლისათვის არ შეუძლია. ამიტომ სამყარო, ანუ ხორციელ ვნებებს დამონებული სიცოცხლე, ვითარცა სნეული თვალი ნათელს მზის სხივისა, ისე მადლს სულისა წმიდისა ვერ შეიწყნარებს. ხოლო თავის მოწაფეებს, რომელთა შესახებაც უფალმა დაამოწმა, რომ მის სწავლებათა შედეგად განწმენდილი ცხოვრება ჰქონდათ, ძალა მისცა, რომ სულიწმიდის საიდუმლოდ მხედველნი და მჭვრეტელნი ყოფილიყვნენ, რადგან ეუბნება: ხოლო თქუენ აწვე წმიდა ხართ სიტყვითა მით, რომელსა გეტყოდე თქუენ (ინ. XV, 3). სამყაროს მისი მიღება იმიტომაც არ შეუძლია, რომ ვერ ჭვრეტს მას, ხოლო თქუენ იცით იგი, რამეთუ თქუენ თანა არს. ესაიაც ამასვე ამბობს: ქუეყანაი დაამტკიცა და დაამყარა მის შორისნი და მისცა ერსა მისსა სამშვინველი, რომელ არს მას ზედა, სული ყოველთა მთრგუნველთა მისთა (ეს. 42, 5). იმათ შესახებ, რომელთაც მიწა დათრგუნეს და მასზე მაღლა დადგნენ, წინასწარმეტყველი ამოწმებს, რომ ღირსნი არიან სულიწმიდის ნიჭთა მიღებისა. ამიტომ რად უნდა მივიჩნიოთ იგი, ვისაც სოფელი ვერ იტევს და მხოლოდ წმინდანთა მიერ გულის სიწმინდით იჭვრიტება, ან ვითარი პატივისმიგება შეჰფერის მას?
წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი