დამოწმებანი წმიდა წერილიდან სულიწმიდის, ვითარცა უფლის, სახელთა შესახებ.
52. საჭიროა კი დამამცირებელ გაგებათა შესახებ კამათისას სიტყვის ძიება სამარცხვინო გამარჯვებისათვის, როცა უმნიშვნელოვანეს ცნებათა წარმოდგენით დიდების უდავოდ უპირატესობის დამტკიცებაა შესაძლებელი? ის რომ ვთქვათ, რაც წმიდა წერილიდან ვისწავლეთ, შეიძლება სულიწმიდის წინააღმდეგ მებრძოლებმა ხმამაღალი და ძლიერი ღაღადისის ხმა ამოუშვან, სასმენელნი დაიხშონ, ქვები აიღონ, ან, რაც კი ხელში მოხვდებათ, იარაღად აქციონ და თავს დაგვესხან. მაგრამ ჩვენ ჭეშმარიტებას ჩვენი უსაფრთხოება არ უნდა ვამჯობინოთ.
ამგვარად, მოციქულთან ვიპოვეთ: ხოლო უფალმან წარუმართენ გულთა თქუენთა სიყუარულსა ღმრთისასა და მოთმინებასა ქრისტესსა (2 თეს. 2,5). ვინ არის ეს უფალი, რომელიც წარმართავს ღმრთის სიყვარულისა და ქრისტესათვის მწუხარების დათმენისაკენ? დაე, გვიპასუხონ მათ, რომელნიც სულიწმიდას მონად აცხადებენ. სიტყვა რომ ღმერთსა და მამას ეხებოდეს, უეჭველად ასე იქნებოდა თქმული: უფალი წარგმართავს თქვენ მისი სიყვარულისაკენ; ხოლო უკეთუ სიტყვა ძეს ეხება, მაშინ იტყოდა: მისი დათმენისაკენ. დაე, მოძებნონ რომელია სხვა პირი, რომელიც უფლად წოდების პატივის ღირსი იქნებოდა.
მსგავსად ამისა, სხვა ადგილასაცაა თქმული: ხოლო თქვენ უფალმან გარდაგრიენ და გარდაგმატენ სიყუარულითა ურთიერთარს და ყოველთა მიმართ, ვითარცა-ესე ჩუენ თქუენდა მიმართ, განმტკიცებად გულთა თქუენთა სიწმიდით და უბიწოდ წინაშე ღმრთისა და მამისა ჩუენისა მოსლვასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ყოველთა თანა წმიდათა მისთა (I თეს. 3, 12-13). რომელ უფალს ევედრება მოციქული წინაშე ღმრთისა და მამისა ჩუენისა და მოსლვასა მას უფლისა ჩუენისა თესალონიკში მყოფთა გულნი უბიწოდ განამტკიცოს, სიწმიდეთა მიერ დამტკიცებული? დაე, გვიპასუხონ მათ, რომელნიც სულიწმიდას მსახური სულების, რომელნიც მსახურებისათვის არიან წარმოგზავნილნი, გვერდით აყენებენ. მაგრამ პასუხი არ აქვთ.
ამიტომ, სხვა დამოწმებანიც მოისმინონ, რომელშიც სულიწმიდა უფლად ასევე ცხადად იწოდება; ნათქვამია: ხოლო უფალი სულ არს (II კორ. 3, 17); და კიდევ: ვითარცა-იგი უფლისაგან სულად (18); მაგრამ წინააღმდეგობისთვის არავითარი საბაბი რომ არ დარჩეთ, თავად მოციქულის ნათქვამს შემოგთავაზებთ: ვიდრე დღენდელად დღემდე იგივე საბურველი საკითხავსა მას ზედა ძუელისა შჯულისასა ჰგიეს აღუძარცუელად, რამეთუ ქრისტეს მიერ განქარდების... ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუვის საბურველი იგი. ხოლო უფალი სულ არს (II კორ. 3, 14, 16, 17). რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ასოთა შიშველ გაგებაზე შეჩერებულთა, და იუდეური გაგებით, სჯულის კანონთა დამცველთათვის, ვითარცა რაღაც საფარველით, ასოები გულს იხურავენ. მატერიალური დაცვა სჯულისა ქრისტეს მოსვლით გაუქმდა, როცა პირველსახენი ბოლოს და ბოლოს სინამდვილედ გარდაიქმნენ. აღარაა ხომ საჭირო ლამპარნი, როცა მზე ამოვა. როგორც კი ჭეშმარიტება ამობრწყინდა, სჯულიც გაუქმდა და წინასწარმეტყველნიც დადუმდნენ. ვინც სჯულისმიერი აზრის სიღრმესა შინა შეაღწია და სიტყვა-სიტყვით გაგების ბუნდოვანების, ვითარცა რაღაც საფარველის, ახდა შეძლო და დაფარულსა შინა შევიდა, მან მიბაძა მოსეს, რომელმაც ღმერთთან საუბრისას საბურველი აიხადა და ასოდან სულამდე მიიქცა. ამგვარად, საბურველს მოსეს პირისახისა სჯულისმიერ სწავლებათა ბუნდოვანება შეესაბამება, ხოლო მოქცევას უფლისაკენ - სულიერი ჭვრეტა. ამიტომაც ვინც სჯულის კითხვისას ასოს განიშორებს და უფლისაკენ მიიქცევა, უფალი კი ახლა სულიწმიდას ეწოდება, მოსეს ემსგავსება, ვისაც ღმრთის გამოცხადებისა გამო დიდებული სახე ჰქონდა. ისევე როგორც ფერადი ნივთებისაგან მომდინარე სხივების გამო, ისიც იღებება, რაც მათ გვერდით დევს, ასევე ისიც, ვინც სულიწმიდას გულისხმისყოფით მოუსმენს, მისი დიდებისაგან ნათლითმოსილად გარდაიქმნება და გულსაც, ვითარცა რაღაც ნათელი, ჭეშმარიტება სულისა წმიდისა გაუნათებს. და ეს გარდაქმნა სულიწმიდის დიდებიდან საკუთარ დიდებამდე, არა ძუნწად და არა ძლივს შესამჩნევად ხდება, არამედ იმდენად, რამდენიც სულიწმიდისაგან განათლებულს შეეფერება. ნუთუ არ გრცხვენია, ადამიანო, ვისაც მოციქულმა გითხრა: ტაძარნი ღმრთისანი ხართ და სული ღმრთისაი, დამკვიდრებულ არს თქუენ შორის (I კორ. 2, 16)? განა ის ოდესმე დათანხმდებოდა, მონური საცხოვრისისათვის პატივის მიგებას წოდებით ტაძრისა? და კიდევ რა? ვინც წმიდა წერილს ღმრთივსულიერს უწოდებს იმისა გამო, რომ იგი სულიწმიდის შთაგონებითაა დაწერილი, ნუთუ სულის შეურაცხმყოფელსა და დამამცირებელ გამოთქმებს გამოიყენებს?
წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი