იმათ მიმართ, რომელნიც ამტკიცებენ, რომ სულიწმიდა არც მონის ხარისხითაა და არც უფლის, არამედ თავისუფალთა შორისაა.
51. ამბობენ, რომ სულიწმიდა არც მონაა და არც უფალი, არამედ თავისუფალია. საკვირველია გონებაშეზღუდულობა და შესაბრალისი უშიშრობა ამის მთქმელთა. რა უფრო უნდა დავიტიროთ მათი? უვიცობა? თუ მკრეხელობა? ისინი ხომ ღმრთისმეტყველების დოგმატებს კაცობრივი მაგალითებით შეურაცხყოფენ და ცდილობენ, აქაური ჩვევა ღირსებათა სხვაგვარად გარჩევისა ღმრთეებრივსა და გამოუთქმელ ბუნებას მიუსადაგონ, ვერ იაზრებენ რა იმას, რომ კაცთა შორის მონა ბუნებით არავინაა. ადამიანები ხომ მონობის უღელქვეშ ძალის გამოყენებით არიან შეყვანილნი, როგორც დატყვევებისას, ან სიღარიბით არიან დამონებულნი, ვითარცა ეგვიპტელები ფარაონისადმი; ან რაღაც ბრძნული და საიდუმლო განგებულებით, ყრმათაგან უარესთ, სიტყვისამებრ მამისა, უფრო კეთილგონიერთა და უკეთესთა მონობა აქვთ მისჯილნი, რომელსაც ვინმე მართალი გამომძიებელი არა სასჯელს, არამედ ქმედებას დაარქმევდა. რადგან ვინც გონიერების ნაკლებობის გამო თავის თავში ბუნებით მმართველს არ მოიცავს, მისთვის სხვისი მფლობელობის ქვეშ მოხვედრა უფრო სასარგებლოა, რათა მფლობელის გონიერებით იმართოს, მსგავსად ეტლისა, რომელსაც მეეტლე ჰყავს, ან ხომალდისა, რომლის საჭესთან მესაჭე ზის. იმიტომაც გახდა იაკობი, კურთხევით მამისა, უფალი ესავისა, რომ უგუნურს, რომელსაც საკუთარი მცველი, გონება არ ჰქონდა, საწინააღმდეგოდ მისი სურვილისა, გონიერის ქველმოქმედებით ესარგებლა. და ქანაანიც იმიტომაც იქმნა მონა ძმათა მისთაი (დაბ. 9, 25), რომ ჰყავდა რა უგუნური მამა ქამი, თვითონაც ქველმოქმედებაში განუსწავლელი იყო. აი, რატომ არიან აქ მონები; თავისუფალნი კი ისინი არიან, რომელთაც თავი დააღწიეს სიღარიბესა და ომებს და სხვათა მზრუნველობას არ საჭიროებენ. ამიტომ, თუმცა ერთი ბატონად (უფლად) იწოდება, ხოლო მეორე (მონად), ყველანი თანამსახურნი ვართ, როგორც ერთიმეორის მიმართ პატივის მიგების მიხედვით, ისე, როგორც საკუთრებანი იმისა, ვინც შეგვქმნა. იქ კი რას შეიძლებ მონობისაგან გასათავისუფლებლად? რადგან ერთიანად ყველა მონად შეიქმნა და განმზადდა. ზეციური არსებანი ერთმანეთზე არ მთავრობენ, რადგან არ აქვთ ვნება გაბატონებისა, არამედ ყველანი ღმერთს ემორჩილებიან და მას, ვითარცა უფალს, სათანადო შიშს, ხოლო ვითარცა შემოქმედს შესაფერის დიდებას მიაგებენ, რადგან ძე ადიდებს მამასა და მონაი ეშიშვის უფალსა თვისსა. ღმერთი ამ ორიდან ერთს უცილობლად ითხოვს, როცა ამბობს: უკეთუ მამაი ვარ მე, სადა არს დიდებაი ჩემი? და უკეთუ უფალი ვარ მე, სადა არს შიში ჩემი? (მალაქ. 1, 6). გარეშე უფლის ზედამხედველობისა, ყველას ცხოვრება ფრიად შესაბრალისი იქნებოდა. ის განდგომილნი ძალნი, რომელთაც ქედი ყოველთა მპყრობელის წინააღმდეგ აღიმაღლეს, მონობაზე უარს ამბობენ არა იმიტომ, რომ სხვაგვარნი დაიბადნენ, არამედ შემოქმედისადმი დაუმორჩილებლობის გამო. ამიტომ, ვის უწოდებ შენ თავისუფალს? ვისაც უფალი არ ჰყავს? თუ იმას, რომელსაც არც თვითონ აქვს ძალა სხვათა მართვისა და ვერც სხვისგან მართვას იწყნარებს? მაგრამ არსებულთა შორის ასეთი ბუნების მქონე არ არსებობს და ასეთი ფიქრი სულიწმიდის შესახებ ცხადი უსჯულოებაა. ამიტომ, უკეთუ იგი შექმნილია, მაშინ უეჭველად მონაა ყველა დანარჩენ ქმნილებასთან ერთად, რადგან ნათქვამია: ყოველივე გმონებს შენ (ფს. 118, 91); ხოლო თუკი ის ქმნილებაზე მაღლაა, მაშინ მოზიარეა სამეფო ძალაუფლებისა.
წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი