პასუხი იმათ, რომელნიც ამბობენ, რომ სულიწმიდა არ იდიდება.
48. „დაე, იყოს ასე, – ამბობენ ისინი, – მაგრამ აქედან არ გამოდის, რომ სულიწმიდას დიდება უცილობლად ეკუთვნის და რომ ჩვენ მას დიდებისმეტყველება უნდა აღვუვლინოთ”. საიდან ავიღოთ მტკიცებულებანი იმისა, რომ ღირსება სულისა წმიდისა ყველა გონებაზე აღმატებულია, როცა ისინი მის ერთობას მამასა და ძესთან ამ ღირსების დასამოწმებლად არასარწმუნოდ თვლიან? თუ ყურადღებას მივაპყრობთ მნიშვნელობას სახელებისა, დიდებულებას სულიწმიდის ქმედებათა, უკეთესია ვთქვათ, ყველა ქმნილების მიმართ გაწეულ ქველმოქმედებას, შეიძლება მისი ბუნების სიდიადესა და გამოუთქმელ ძლიერებაზე წარმოდგენა რამდენადმე შევიქმნათ.
იგი იწოდება სულად, ხოლო სულ არს ღმერთი (ინ. 4, 24) და სული პირისა ჩუენისაი, ქრისტე უფალი (გოდ. 4, 20), იგი წმინდაა, ისევე როგორც წმინდაა მამა და წმინდაა ძე. ქმნილებაში სიწმინდე გარედან შედის, ხოლო სულიწმიდის ბუნებას სიწმინდე აღასრულებს. ამიტომაც იგი არა განწმენდილი, არამედ განმწმენდელია. სიკეთეა, ვითარცა სიკეთეა მამა და სიკეთეა ის, ვინც სიკეთისგან იშვა, და არსით სიკეთეა. წრფელია, ვითარცა წრფელ არს უფალი ღმერთი (ფს. 91, 15), რადგან თავად არის ჭეშმარიტება და თავად არის სამართლიანობა, და თავისი უცვალებელი არსის გამო არ მიიქცევა და არ იხრება არცერთ მხარეს. ნუგეშინისმცემელია, ვითარცა მხოლოდშობილი, რომელიც თვითონვე ამბობს: და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხუა" ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქუენ (ინ. 14, 16). ამგვარად, სულიწმიდის სახელები საერთოა მამისა და ძისა და მას ეს სახელწოდებანი მათთან ბუნების ერთობის გამო აქვს. სხვაგვარი სახელები რატომ უნდა ჰქონოდა? (Ποθεν γαρ αλλοθεν) კიდევ იწოდება მეუფედ, სულად ჭეშმარიტებისა და სულად სიბრძნისა: სული საღმრთოი არს, რომელმან შემქმნა მე (იობ. 30, 4). ბესელეელის შესახებაც ნათქვამია, რომ აღავსო იგი ღმერთმა სულითა საღმრთოითა სიბრძნითა და მეცნიერებითა (გამს. 31, 3). ამგვარია სახელები, ასე მაღალნი და დიდებულნი, თუმცა გადაჭარბებულ დიდებას სრულიადაც არ გამოხატავენ.
49. და ქმედებანი როგორია? გამოუთქმელია მათი სიდიადე და ურიცხვი – სიმრავლე. როგორ უნდა მოვიაზროთ ისინი, რომელნიც საუკუნეთა მიღმაა? როგორი იყო მისი საქმენი, ვიდრე გონიერი ქმნილება შეიქმნებოდა? და რამდენია რიცხვი ქმნილებისადმი მისთა ქველმოქმედებათა? როგორი იქნება მისი ძალა, მომავალ საუკუნეებში? რადგან სული იყო, იყო მამასა და ძესთან უწინარეს საუკუნეთა. ამიტომ თუკი იმას მოიაზრებ, რაც საუკუნეთა მიღმა იყო, ნახავ, რომ ის სულის შემდგომ იყო. ხოლო უკეთუ ქმნილებას გონებით წარმოიდგენ, ნახავ, რომ ზეცათა ძალნი სულისა მიერ არიან დამტკიცებულნი. დამტკიცებაში, ცხადია, შენ კეთილ ჩვევათა უცვალებლობა უნდა იგულისხმო. ღმერთთან ურთიერთობა, ბოროტისაკენ გადაუხრელობა და ყოფა ნეტარებასა შინა ძალებს ხომ სულისაგან წმიდისა ენიჭებათ. ქრისტეს მოსვლაა და სული წინა უძღვის, ხორცით გამოჩინებაა და სული მასთან განუყრელია. მოქმედებანი ძალთა, მადლი კურნებათა სულისა წმიდისაგანაა. ბოროტი სულებიც სულითა ღმრთისათა განიდევნენ. თანამყოფობით სულისა ეშმაკი უმოქმედო გახდა. სულიწმიდისაგანაა ცოდვათა გამოსყიდვაც. არამედ განიბანენით, არამედ განიწმინდენით... სახელითა უფლისა იესუისითა და სულისა ღმრთისა ჩუენისათა (I კორ. 6, 11).
სულიწმიდის მიერაა შეთვისებაც ღმერთთან. გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თვისისაი, გულთა შინა ჩუენთა, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო (გალატ. 4, 6). მკვდართა აღდგომაც სულიწმიდის ქმედებითაა. გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისაი (ფს. 103, 30). უკეთუ ვინმე დაბადებადი დარღვეულის გაცოცხლებას გაიგებს, განა დიდებული არ იქნება ქმედება სულისა, რომელიც ცხოვრებას აღდგომის მიერ გვაძლევს და ჩვენს სულებს სულიერი სიცოცხლისათვის გარდაქმნის? ხოლო უკეთუ დაბადებას ცოდვით დაცემულთა აქვე გარდაქმნას ვუწოდებთ, რადგან წმიდა წერილი ჩვეულებრივ ამ სიტყვას ასე იყენებს, მაგალითად, როცა პავლე ამბობს: არამედ რაი-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული (2 კორ. 5, 17), მაშინ აქაური განახლება და მიწიერი და შფოთიანი ცხოვრებიდან ზეციურ სამყოფელსა შინა გადასვლა, რომელიც ჩვენში სულიწმიდით აღესრულება, ჩვენს სულებს ყველაზე მეტად აოცებს.
ამის შემდეგ რისი უნდა გვეშინოდეს, იმისი ხომ არა, რომ გადაჭარბებულ პატივთა მიგებით ღირსებას ავუმაღლებთ? თუ, პირიქით, იმისა, რომ გაგება მისი მაშინაც კი არ დავამდაბლოთ, როცა იმდენად ვადიდებთ, რამდენადაც ამ დიდების გამოთქმა კაცობრივ სჯასა და ენას შეუძლია? ამას ამბობს სულიწმიდა, რადგან ამას ამბობს უფალიც: არამედ აღდეგ და გარდაგვალე და მივედ მათ თანა და ნურარას ორგულებ, რამეთუ მე მომივლინებიან იგინი (საქმ. 10, 20). ნუთუ ეს სიტყვები დამდაბლებულისა და უგულვებელსაყოფელისაა? გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ (საქმ. 13, 2). – განა მონა ასე იტყვის? ესაიაც ამბობს: უფალმან მომავლინა მე და სული მისი (ესაია 48, 16). და: შთამოვიდა სული უფლისა მიერ და გზა უყო მათ (ესაია 63,14). აქ სიტყვას გზაუყო (ωδηγησεν), ვითარცა მდაბალ მსახურებას, ისე ნუ გაიგებ, რადგან ეს საქმეა ღმრთისა, როგორც ამას წმიდა წერლიც ამოწმებს: უძეღუ ვითარცა ცხოვარსა ერსა შენსა (ფს. 76, 20); და: რომელი უძღვი ვითარცა ცხოვარსა იოსებსა (ფს. 79, 1); და უძღოდა მათ სასოებითა და არა შეეშინა (ფს. 77, 53). ამიტომ, როცა მოისმენ: ოდეს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი, იგი გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა (ინ. 16, 13), მაშინ სიტყვაში წინამძღოლობა სწავლება იგულისხმე და მის გაგებას ნუ დაამახინჯებ.
50. მაგრამ ნათქვამია: სული მეოხ არს ჩვენთვის (რომ. 8,26); მაშასადამე, ამბობ შენ, რამდენადაც მთხოვნელი დგას დაბლა ქველმოქმედზე, იმდენად დაშორებულია სული ღირსებით ღმრთისაგან. მაგრამ განა შენ არ მოგისმენია მხოლოდშობილის შესახებ, რომ იგი არის მარჯუენით ღმრთისა, რომლიცა-იგი მეოხ არს ჩუენთვის? (რომ. 7,34). იმის გამო, რომ სული შენშია, თუ სრულადაა შენში, დაბრმავებულებს არჩევას უკეთესისას გვასწავლის და გვმოძღვრავს, მის შესახებ ღმრთისმოსაურსა და წმინდა თვალსაზრისს ნუ დააზიანებ, რადგან უკიდურესი უსამართლობაა ის, რომ კაცთმოყვარეობა ქველმოქმედისა უმადურობის საბაბად აქციო. ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა (ეფ. 4, 30). მოისმინეთ, რას ამბობს პირველმოწამე სტეფანე, საყვედურობს რა ხალხს, შეუსმენელსა და დაუმორჩილებელს: თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინა-აღუდგებით (საქმ. 6, 51); და ესაიაც ამბობს: განაძვინეს სული წმიდაი მისი, და გარდაექცა მათ (უფალი) მტერად (ეს. 63, 10). და სხვაგან: სახლმან იაკობისმან განარისხა სული უფლისაი (მიქ. 2, 7). განა ცხადად არაა წარმოდგენილი სრულუფლებიანი ძლიერება? მკითხველებს წარვუდგენ განსასჯელად: ამის მომსმენთ, როგორი გაგება უნდა ჰქონდეთ სულისა წმიდისა: ვითარცა იარაღისა, ქვეშევრდომისა, ღირსებით ქმნილების თანასწორისა და ჩვენისა თანამსახურისა? თუ ღმრთისმოსავთათვის ეს მკრეხელობა უმძიმესი და, ერთი სიტყვით, დამაბრკოლებელია? მონას უწოდებ სულიწმიდას? მაგრამ ნათქვამია: მონამან არა იცინ, რასა იქმნ უფალი მისი (ინ. XV, 15), სულიწმიდამ კი ისე იცის ღმრთისა, ვითარცა სულმა იცის კაცისა, რომელი არ მის თანა (I კორ. 2, 11).
წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი