მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

სულიწმიდის შესახებ

 

თავი XVIII

იმის შესახებ, როგორ ვიცავთ სამი ჰიპოსტასის აღიარებისას ერთი საწყისის ღმრთისმოსავურ დოგმატს და ასევე მხილება იმათი, რომელნიც ამტკიცებენ, რომ სულიწმიდა ქვე შეირაცხება.

 

44. გადმოგვცა რა უფალმა მამისა, ძისა და სულიწმიდის შესახებ, თვლით არ მოუცია ისინი, რადგან არ უთქვამს: პირველი, მეორე, მესამე და არც: ერთი, ორი და სამი; არამედ წმინდა სახელებით მოგვმადლა მან ცოდნა რწმენისა, რომელსაც ხსნისაკენ მივყავართ. ამიტომ ჩვენი მაცხოვნებელი რწმენაა, ხოლო რიცხვი მოფიქრებულია ვითარცა ნიშანი, რომელიც მასში შემავალთა რაოდენობას გვაუწყებს. მაგრამ მათ, რომელნიც ზიანს თავიანთვის ყოველივედან კრებენ და თვლის უნარსაც სარწმუნოების წინააღმდეგ იყენებენ, თუმცაღა იციან, რომ არცერთი სხვა რამ რიცხვის მიმატებით არ იცვლება, ღმრთეებრივ ბუნებაზე მსჯელობისას, ეშინიათ რიცხვისა, რათა მის მიერ ზომას ნუგეშინისმცემლისთვის შესაფერისი პატივისა, არ გადააბიჯონ.

 

მაგრამ, ჰოი ყოვლად ბრძენნო, მიუწვდომელი რიცხვზე მაღლა უნდა იყოს. ისევე როგორც ებრაელთა ძველი კეთილკრძალულება განსაკუთრებული ნიშნებით ხაზავდა წარმოთქმულ სახელს ღმრთისა და ამით, ყველა დანარჩენ სახელთან შედარებით მის უპირატესობას გამოხატავდა, საჭიროც რომ იყოს დათვლა, უკიდურეს შემთხვევაში, მისით ჭეშმარიტებას ზიანი არ უნდა მიადგეს. გამოუთქმელს პატივი ან დუმილით მიაგე, ან სიწმიდენი ღმრთისმოსაობით დათვალე.

 

ერთია ღმერთი და მამა და ერთია მხოლოდშობილი ძე და ერთია სულიწმიდა. თითოეულ ჰიპოსტასს ცალ-ცალკე ვაუწყებთ, მაგრამ როცა დათვლაა საჭირო, არ ვუშვებთ, რომ უმეცრულმა დათვლამ მრავალი ღმერთის მოაზრებამდე მიგვიყვანოს.

 

 

45. ჩვენ რიცხვების ზრდის მიხედვით არ ვითვლით, რიცხვებს ერთიდან სიმრავლისაკენ არ ვზრდით და არ ვამბობთ: ერთი, ორი, სამი და არც: პირველი, მეორე, მესამე. მე ვარ ღმერთი პირველი და მევე ამათსა შემდგომად (ეს. 44, 6), ხოლო მეორე ღმერთზე დღემდე არაფერი გვსმენია. თაყვანს ვცემთ ღმერთს ღმრთისაგან და, ვაღიარებთ რა ჰიპოსტასთა სხვაობას, ერთ საწყისზე ვრჩებით და ღმრთისმეტყველებას ნაწევართა სიმრავლედ არ ვყოფთ, რადგან მამა ღმერთსა და ძე ღმერთში ერთ ხატს ვჭვრეტთ, ღმრთეების უცვლელობით გამოხატულს. ძე მამაშია, და მამა ძეში, რამეთუ ძე იმგვარივეა, როგორიც მამა, და მამაც იმგვარივეა, როგორიც ძე და ამ გაგებით ისინი ერთია. ამიტომაც პირების განმასხვავებელი თვისებებით ერთი და ერთია, ხოლო საერთო ბუნების მიხედვით, ორივე ერთია. და რატომაა, რომ თუმცა ერთი და ერთია, ორი ღმერთი მაინც არაა? მეფედ იწოდება ხატიც მეფისა, მაგრამ მეფე ორი არაა, რადგან (მათ შორის) არც ძალაუფლება განიყოფება და არც დიდება განაწილდება. ვითარცა ერთია საწყისი ჩვენი მპყრობელი ძალისა და ერთია ძალაუფლება, ასევე ერთია და არა მრავალი ჩვენი დიდებისმეტყველებაც; ამიტომაც პატივის მიგება ხატისათვის პირველსახეზეც (პროტოტიპზეც) გადადის, მაგრამ რაც აქ ბაძვითი ხატია, ის იქ ბუნებითი ძეა. ისევე როგორც ხელოვნების ქმნილებათა მსგავსება ხატშია, ასევე ღმრთეებრივი შეუდგენელი ბუნების ერთობაც საერთო ღმრთეებრიობაშია.

სულიწმიდა ერთია და მის შესახებ უწყებაც ცალკეა, ერთი ძის მიერ ერთ მამასთანაა შეერთებული და ზესთაქებულსა და ნეტარ სამებას აღავსებს; ერთობას მისას მამასა და ძესთან საკმარისად აჩვენებს ის, რომ ქმნილებათა სიმრავლეში მათთან ერთად ერთ რიგში კი არ დგას, არამედ ცალკე წარმოითქმება, რადგან ერთი მრავალთაგანი კი არაა, არამედ ერთია. ისევე როგორც ერთია მამა და ერთია ძე, ასევე სულიწმიდაც ერთია. ამიტომ ის იმდენადაა დაშორებული შექმნილ ბუნებას, რამდენადაც ერთი არაა მსგავსი შედგენილისა, რომელიც თავისთავში მრავალს მოიცავს. მამასა და ძესთან იმდენადაა შეერთებული, რამდენადაც ერთს ნათესაობა ერთთან აქვს.

 

 

46. მაგრამ მხოლოდ აქედან როდი ვიღებთ მტკიცებულებებს ბუნების ერთობისათვის, არამედ იმ ადგილებიდანაც, სადაც მის შესახებ ნათქვამია, რომ ის ღმრთისგანაა, არა ისე, როგორც საერთოდ ყველა ღმრთისაგანაა, არამედ ვითარცა ღმრთისაგან გამომავალი, არა შობილი, ვითარცა ძე, არამედ ვითარცა სული მისი პირისა. რა თქმა უნდა, არც პირია ნაწილი და არც სულიწმიდაა გაფანტული სუნთქვა. არამედ პირიც ღმრთივმშვენიერად იგულისხმება და სულიწმიდაც ცხოველი არსია, უფალი სიწმინდისა, საიდანაც თუმცა მისი ღმერთთან ერთობა ცხადდება, მაგრამ სახე არსებობისა გამოუთქმელი რჩება.

ის იწოდება ქრისტეს სულადაც, ვითარცა მასთან ბუნებით შეერთებული, ამიტომაც: უკეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი (რომ. 7, 9). უფალს ღირსეულად მხოლოდ იგი ადიდებს, რამეთუ უფალი ამბობს: მან მე მადიდოს (ინ. XVI, 14), არა ვითარცა ქმნილებამ, არამედ ვითარცა სულმა ჭეშმარიტებისა, რომელიც თავისთავში ჭეშმარიტებას ცხადად წარმოაჩენს, და ვითარცა სულმა სიბრძნისა, რომელიც ქრისტეს ღმრთის ძალასა და სიბრძნეს ღმრთისას, – მისი დიდებულებით განაცხადებს; ხოლო ვითარცა ნუგეშინისმცემელი, თავისი თავით გამოავლენს სიკეთეს მისი მომავლინებელი ნუგეშინისმცემელისა და თავისი ღირსებით დიდებულებას იმისას წარმოაჩენს, ვისგანაც გამოვიდა. ამიტომაც არის დიდება (რაღაც) ბუნებრივი, ისევე, როგორც დიდება მზისა – ნათელი, არის დიდება და რამდენადმე გარეგნული, განსჯით ბოძებული ღირსეულთათვის, მათ მიერვე ნებაყოფლობით არჩეული. მაგრამ ესეც ორგვარია, რადგან ნათქვამია: ძე ადიდებს მამასა და მონაი, უფალსა თვისსა (მალაქ. 1, 6). ამგვარად, მათგან ერთი – მონური ქმნილების მიერ ენიჭება, მეორე კი, ასე ვიტყოდი, საშინაო (οικελακη) – სულიწმიდის მიერ აღესრულება;


რადგან, როგორც უფალმა თავისთავზე თქვა: მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელიც მომეც, რაითა ვყო (ინ.17, 4), ასევე ნუგეშინისმცემელზეც ამბობს: მან მე მადიდოს, რარამეთუ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ (ინ. 16, 14). და ვითარცა ძე განიდიდება მამისაგან, რომელიც ამბობს: ვადიდე და კუალადცა ვადიდო (ინ.12, 28), ასევე იდიდება სულიწმიდაც მამასა და ძესთან ერთობის გამო, რასაც მხოლოდშობილიც ამოწმებს, როცა ამბობს: ყოველი ცოდვაი და გმობაი მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაი არა მიეტეოს კაცთა (მთ. 12, 31).

 

 

47. როცა განმანათლებელი ძალის შემწეობით მზერას უხილავი ღმერთის ხატის სილამაზისაკენ წავრმართავთ და ამ გზით ყოველგვარ სილამაზეზე აღმატებული პირველსახის საჭვრეტად ვმაღლდებით, ამ დროს ჩვენთან განუშორებლად მყოფობს სული შემეცნებისა, რომელიც ძეშმარიტების ჰვრეტის მოყვარულთ, თავით თვისით ხატის მისტიკური ხედვის ძალას ანიჭებს და მას თავისი თავის გარეშე კი არ აჩვენებს, არამედ მის შესაცნობად თავის თავში შემოყავს, რადგან, როგორც არცა მამაი ვინ იცის გარნა ძემან (მთ. 11, 27), ასევე არავის ხელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა (I კორ. 12,3). სულიწმიდის მიერ (δια πνεωματος) – კი არ თქვა, არამედ – სულით (εν Πνεωματι). სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემა» (ინ. 4,24), როგორც ეს დაწერილია: ნათლითა შენითა, ე. ი. ნათლითა სულისა წმიდისათა, ვიხილოთ ჩუენ ნათელი (ფს. 35, 9), ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად (ინ. 1, 9). სულიწმიდა თავისი თავით აჩვენებს დიდებას მხოლოდშობილისა და ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს თავისი თავით ღმრთის შემეცნებას მიანიჭებს. ამგვარად, გზა ღმრთის შემეცნებისა არის გზა ერთი სულიწმიდიდან, ერთი ძის მიერ ერთი მამისაკენ. და პირიქით, ბუნებითი სიკეთე, ბუნებითი სიწმინდე და მეფური ღირსება მამისაგან მხოლოდშობილის მიერ სულიწმიდაზე განივრცობა. ჰიპოსტასები ამგვარადაა აღიარებული და ღმრთისმოსავური დოგმატი არ ილახება.

 

ხოლო ისინი, რომელნიც ქვეშერაცხვას უშვებენ, ამბობენ პირველი, მეორე და მესამე, დაე, შეურყვნელ ქრისტიანულ ღმრთისმეტყველებაში, ელინური ცდომილების - მრავალღმერთიანობის შემომტანებად იქნენ აღიარებულნი; რადგან ამ ვერაგული ქვეშერაცხვის შემოტანას სხვა არაფრისკენ მივყავართ, თუ არა პირველი, მეორე და მესამე ღმერთის აღიარებამდე. ჩვენთვის კი საკმარისია მიმდევრობა, რომელიც უფალმა შემოგვთავაზა და ვინც მას დაარღვევს, ამ უსჯულოებზე მცირედ როდი შესცოდავს.

 

ამრიგად, იმის თაობაზე, რომ ქვეშერაცხვის გზით ბუნებითი ერთობა ოდნავადაც არ ირღვევა, როგორც ისინი მცდარად ფიქრობდნენ, საკმაოდ ითქვა. მაგრამ ჯიუტსა და ამაოდ განბრძნობილს მოწყალედ დავუთმოთ ის, რომ რაღაცის შემდეგ მეორეს მეორე ქვეშერაცხვის აზრით ეწოდება და ვნახოთ აქედან რა გამოვა. ნათქვამია: პირველი კაცი ქუეყანისაგან მიწისაი, ხოლო მეორე იგი კაცი უფალი ზეცით (I კორ. 15,47) და სხვაგან: არა პირველად სოლიერი იგი, არამედ მშვინვიერი, მაშინღა სულიერი (I კორ. 15, 46). ამრიგად, უკეთუ მეორე ქვე-შეერაცხება პირველს და ქვეშერაცხული ნაკლებად ღირებულია, ვიდრე ის, რომლის ქვეშეც შეირაცხა, თქვენი სწავლების მიხედვით, სულიერი ადამიანი ნაკლებად ღირებული ყოფილა მშვინვიერზე, ხოლო ზეციერი – მიწისაგანზე.

 


 

წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი