მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

სულიწმიდის შესახებ

 

თავი XVII

იმათ მიმართ, რომელნიც ამბობენ, რომ სულიწმიდა მამასა და ძესთან არა თანა ირიცხება, არამედ ქვეშეირაცხება, და აქვე მოკლედ გადმოცემა სარწმუნოებისა ღმრთისმოსაურ თანაშერიცხულობაზე.

 

41. არ არის ადვილი გაგება იმისა, რას გულისხმობენ ისინი ქვე შერაცხვაში (υπαριθμησις) და რა მნიშვნელობას ანიჭებენ ამ სიტყვას, რამეთუ ყველასათვის ცნობილია, რომ ის მათ ამსოფლიური სიბრძნიდან ისესხეს. ვნახოთ, აქვს თუ არა მას რაღაც საკუთარი მნიშვნელობა ჩვენი საგნისათვის.

 

ამგვარად, ფუჭმეტყველებაში დახელოვნებულნი ამბობენ, რომ სახელთაგან ერთნი საერთოა ყველასათვის და მნიშვნელობით მრავალს მოიცავენ; ხოლო მეორენი უფრო საკუთრივნი არიან და ერთმანეთთან შედარებით ნაწილობრივი ძალა (მნიშვნელობა) აქვთ. მაგალითად, საერთო სახელია არსი, რომელიც ყველას, როგორც უსულოთა, ისე სულიერთა მიმართ თანაბრად გამოიყენება. შედარებით საკუთრივია ცხოველი და თუმცა მას უფრო მცირერიცხოვან საგანთა მიმართ ვიყენებთ, ვიდრე პირველს, მაინც უფრო მრავალს აღნიშნავს, ვიდრე სახელები, რომელნიც მის ქვეშ განიხილება. რადგანაც იგი როგორც გონიერთა, ისე უგუნურ ცხოველთა ბუნებას მოიცავს. კიდევ: სახელი ცხოველი უფრო საკუთრივია, ვიდრე სახელი ადამიანი, ხოლო მასზე უფრო საკუთრივი – კაცი და კიდევ უფრო საკუთრივია სახელები თითოეული კაცისა: პეტრე, პავლე, იოვანე!

 

ამგვარად, ამას ხომ არ გულოსხმობენ ტერმინში ქვე შერაცხვა, სახელდობრ, საერთო სახელთა უფრო ვიწრო მნიშვნელობის სახელებად დაყოფას? მაგრამ არ შემიძლია ვირწმუნო, რომ ისინი ისეთ უგუნურებამდე მივიდნენ და იმის მტკიცება დაიწყეს, რომ ყოველთა ღმერთი, მსგავსად რომელიმე საერთო გაგების სახელისა, რომელიც მხოლოდ ცნებით განიჭვრიტება, და ყოფიერება არცერთ არსებაში (εν υποστασει) არა აქვს, ქვემდებარეებად დაყონ და შემდეგ ამ ქვედაყოფას ქვე შერაცხვა უწოდონ. ამას შავი ნაღველით შეპყრობილნიც კი არ იტყოდნენ, რადგან ეს არა მხოლოდ უსჯულოებაა, არამედ იმგვარ გაგებას შეიცავს, რომელიც მათივე განზრახვის საწინააღმდეგოა, რამდენადაც ქვედანაყოფები არსით იგივენი არიან იმისა, რასაც გამოეყვნენ.

 

მაგრამ ჩანს, სიტყვას სწორედ ეს თვალსაჩინო სიცხადე შეუსაბამობისა მიძნელებს და ვერ ვპოულობ გამოთქმებს მათი უგუნურების გასაკიცხად, რადგან, როგორც მეჩვენება, სიგიჟით თავიანთვის რაღაც სარგებელსაც კი იძენენ, რადგან ვითარცა რბილი და დამყოლი სხეულებისათვის, რომელთაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ შესწევთ, მძლავრი დარტყმის მიყენება შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია მკაცრი მხილებით დარტყმის მიყენება მათთვის, რომელთა უგუნურებაც აშკარაა. ისღა გვრჩება, სისაძაგლეს მათი უსჯულოებისა გვერდი დუმილით ავუაროთ, მაგრამ დუმილის ნებას არც ძმების სიყვარული და არც მოწინააღმდეგეთა საქციელი არ გვაძლევს.

 

 

42. რამეთუ რას ამბობენ ისინი? იხილეთ მათი ქედმაღლობის გამომხატველი სიტყვები: „ჩვენ ვამტკიცებთ, რომ თანაბარი პატივის მქონეთ თანაშერაცხვა (συναριθμησις) შეჰფერის, ხოლო ნაკლები ღირსებით გამორჩეულებს – ქვე შერაცხვა“ (υπαριθμησις), და რას გულისხმობთ ამაში? მე თქვენი უცნაური სიბრძნის გაგება არ შემიძლია. იმას ხომ არა, რომ ოქრო ოქროსთან თანა შეირაცხება, ხოლო ტყვია მათთან თანაშერაცხვის ღირსი არაა? მაგრამ იმის გამო, რომ იაფფასიანი ნივთიერებაა, ოქროს ქვეშ კი შეირაცხება? ნუთუ თქვენ რიცხვებს ისეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, რომ მათ ნაკლებად ღირებულ საგანთა ღირსების ამაღლება, ხოლო ძვირფასთა მნიშვნელობის დამცირება შეუძლიათ? ამიტომ ოქროს კვლავ ძვირფას ქვათა ქვეშ შერაცხავენ, რომელთაგან ნაკლებად მბრწყინავნი და პატარები უფრო ელვარეთა და მსხვილების ქვეშ შეირაცხებიან. მაგრამ რას აღარ იტყვიან ადამიანები, რომელთაც მოცალეობის ჟამი მხოლოდ რაღაც ახალზე საუბრისა და მოსმენისათვის აქვთ? დაე, მომავალში სტოიკოსებისა და ეპიკურეელების დიდება გაიზიარონ მათ, რომელნიც ხმას უსჯულოებას მისცემენ, რადგან იაფფასიან საგანთა ძვირფასთა ქვეშ შერაცხვა როგორღა უნდა მოხდეს? სპილენძის ობოლი ოქროს სტატირის ქვეშ როგორ შეირაცხება? ამიტომაც, როცა ისინი გვაქვს, იმას კი არ ვამბობთ, რომ ორი მონეტა გვაქვს, არამედ ვამბობთ: გვაქვს ერთი და ერთი (ერთი ობოლი და ერთი სტატირი). ამ მონეტებიდან რომელი რომლის ქვეშ შეირაცხება? რადგან უკეთუ თითოეულ მონეტას ცალ-ცალკე დაითვლი, დათვლის ამ სახით მათი თანაბარი ღირებულება შემოგაქვს; თუ დათვლისას ერთმანეთთან შეაუღლებ, მიათვლი რა ერთს მეორეს, ღირსებით ისევ ისე შეაერთებ; ხოლო თუკი ქვეშ იმას შერაცხავ, რომელიც თვლისას მეორეა, მაშინ თვლის სპილენძის მონეტიდან დაწყება მთვლელზე იქნება დამოკიდებული. მაგრამ მხილება მათი უვიცობისა ჯერ-ჯერობით გვერდზე გადავდოთ და სიტყვა მთავარი საგნისკენ მივაქციოთ.

 

43. იმას ამტკიცებთ, რომ შვილი მამისა ქვე შეირაცხება და სული კიდევ ძისა, თუ ქვეშერაცხვას მხოლოდ სულიწმიდას განუსაზღვრავთ? უკეთუ ძესაც ქვე შერაცხავთ, უსჯულოების სწავლებას განაახლებთ და აღმოჩნდება, რომ უკვე ამ ერთი სიტყვით იმეორებთ არსით სხვაობას, ღირსებით დამდაბლებას, შემდგომში დაბადებასა და, საერთოდ, ერთად აღებულ ყველა მკრეხელობას მხოლოდშობილის მიმართ, რომელთა შეპასუხებისთვისაც უფრო დიდი დრო იქნებოდა საჭირო, ვიდრე ეს ჩვენი ახლანდელი განზრახვისთვის შეიძლებოდა დაგვეთმო; ამასთან, ეს მკრეხელური სწავლება ჩვენ სხვა დროს და სხვაგან შეძლებისდაგვარად ვამხილეთ. ხოლო უკეთუ იმას ფიქრობენ, რომ ქვე შერაცხვა მხოლოდ სულიწმიდას შეეფერება, დაე, ისწავლონ: სულიწმიდა ისევე წარმოითქმება როგორც ძე, ხოლო ძე – ისევე, როგორც მამა, რადგან სახელი მამისა, ძისა და სულისა წმიდისა ერთნაირადაა მოცემული (მათე 28, 19). ამიტომ ნათლობაში გადმოცემული სიტყვათშეწყობის მიხედვით, რა დამოკიდებულებაც ძეს მამასთან აქვს, სულიწმიდას იგივე აქვს ძესთან. რამდენადაც სულიწმიდა ძის გვერდითაა დაყენებული, ხოლო ძე მამის გვერდით დგას, მაშინ, ცხადია, რომ სულიწმიდაც მამის გვერდითაა. ამიტომ ადგილი უნდა ჰქონდეს თუ არა იმის მტკიცებას, რომ სახელთაგან, რომელნიც ერთსა და იმავე რიგსა შინა არიან შერაცხულნი, ერთი თანა, ხოლო მეორე ქვე შეირაცხება?

 

და საერთოდ, რომელ საგანს დაუკარგავს როდისმე თვლისას თავისი ბუნება? აღრიცხული საგნები ხომ იმადვე რჩებიან, რაც თავიდანვე იყვნენ, რიცხვს კი ჩვენ ხომ საგანს, როგორც ნიშანს, ისე ვურთავთ, რომელიც მასში შემავალთა სიმრავლეს აჩვენებს? საგანთაგან ჩვენ ზოგიერთებს ვითვლით, ზოგს ვზომავთ, ზოგსაც ვწონით. რომელთაც მჭიდრო ბუნება აქვთ, გასაზომად ვიღებთ, დაყოფილებს თვლას ვუქვემდებარებთ, ამასთან, ისინიც თუ წვრილ-წვრილები არიან, იზომებიან კიდევაც. მძიმე საგნებზე სასწორის გადახრის მიხედვით ვმსჯელობთ. მაგრამ რაოდენობის შესაცნობად კიდევაც რომ ჩვენთვის ნიშნები მოგვეფიქრებინა, მათით აღნიშნულთა ბუნებას მაინც ვერ შევცვლიდით, ისევე როგორც ასაწონ ნივთიერებებს ქვეშე ერთმანეთისა ვერ ავწონით, თუნდაც ის ოქრო ან კალა იყოს, და ვერც ზომვად საგნებს ქვე შევრაცხავდით, რა თქმა უნდა, ასევე ქვეშ ვერც აღრიცხვადებს შევრაცხავთ. და უკეთუ არცერთი სხვა ქვეშერაცხვას არ იწყნარებს, მაშინ როგორღა ამბობენ, რომ სულიწმიდას ქვეშერაცხვა შეეფერება? მაგრამ წარმართობით დასნეულებულნი ფიქრობენ, რომ თუკი ერთნი მეორეზე დაბლა დგანან ან ღირსების ხარისხის, ან არსის სიმცირის მიხედვით, მათ (ამგვარი) ქვეშერაცხვა შეეფერებათ.

 


 

წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი