იმის შესახებ, რომ ყოველგვარი გაგებით, სულიწმიდა მამისა და ძისაგან განუყოფელია. გონიერ არსებათა შექმნის, კაცთა ზედა განგებულებისა და მოსალოდნელი სამსჯავროს შესახებ.
37. თავში ნათქვამს დავუბრუნდეთ იმის თაობაზე, რომ სულიწმიდა ყოვლითურთ სრულიად განუყოფელი და განუშორებელია მამისა და ძისაგან. პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს იმ ადგილას, სადაც ის ენათა მიმადლებაზე საუბრობს, ამბობს: ხოლო უკუეთუ ყოველნი წინაისწარმეტყუელებდენ, და შე-ვინმე-ვიდეს ურწმუნოი გინა უცები, ემხილოს ყოველთა მიერ, განიკითხოს ყოველთა მიერ. და ესრეთ დაფარულნი გულისა მისისანი განცხადნენ, და ესრეთ დავარდეს პირსა ზედა თვისსა და თაყუანის-სცეს ღმერთსა და აღიაროს, ვითარმედ: ნანდვილვე ღმერთი თქუენ შორის არს (I კორ. XIV, 24-25).
ამრიგად, თუ წინასწარმეტყველებით, რომელიც სულიწმიდის მიერ მადლთა გაყოფის შედეგად ხორციელდება, შეიცნობა, რომ წინასწარმეტყველთა შორის თავად ღმერთი იმყოფება, დაე მათ განსაჯონ რომელ ადგილს მიაკუთვნებენ სულიწმიდას, და რა უფრო სამართლიანი იქნება, მისი ღმერთის გვერდით დაყენება, თუ დამდაბლება ქმნილებამდე? პეტრეს მიერ თქმულიც საპფირასადმი: რაისათვის ესრეთ შეითქუენით თქუენ განცდად სულსა უფლისასა? (საქმე 5,9), და ანანიასადმი: არა ეცრუვე შენ კაცთა, არამედ ღმერთსა (საქმ. V, 4), გვიჩვენებს, რომ შეცოდებანი წინაშე სულისა წმიდისა და ღმრთისა ერთი და იგივეა. ასევე შეგიძლია შეიცნო, რომ სულიწმიდა ყოველი მოქმედებით განუყოფელია მამისა და ძისაგან. ღმრთისა თანა, რომელიც საქმეთა დაყოფას ქმნის, და უფლისა, რომელიც მსახურებათა განმანაწილებელია, თანამყოფობს სულიწმიდაც, რომელიც ნიჭთა განაწილებას, თითოეულისათვის მისი ღირსების მიხედვით, სრული უფლებით განაგებს, რადგან ნათქვამია: განყოფანი მადლთანი არიან, და იგივე სული არს. და განყოფანი მსახურებათანი არიან, და იგივე თავადი უფალი არს. და განყოფანი შეწევნათანი არიან და იგივე თავადი ღმერთი არს, რომელი შეიქმს ყოველსა ყოველთა შორის (I კორ. XII, 4-6).
ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული, განუყოფს თყთოეულად კაცად-კაცადსა, ვითარცა ჰნებავს (I კორ. XII, 14). იქიდან, რომ მოციქულმა პირველად სულიწმიდა მოიხსენა, მეორედ ძე და მესამედ ღმერთი და მამა, სრულიადაც არ უნდა ჩავთვალოთ, რომ მან რიგი დაარღვია; მოციქულმა საწყისად ჩვენთან დამოკიდებულება აიღო, რადგან ნიჭთა მიმღებელნი უწინარესად ფიქრს მომნიჭებელისკენ მივაქცევთ, შემდეგ წარმომგზავნელს მოვიაზრებთ და წარმოსახვით შემდეგ ვმაღლდებით სიკეთეთა წყაროსა და მიზეზამდე.
38. მამის, ძისა და სულიწმიდის ურთიერთობა შეგიძლია იმათგანაც შეიცნო, რომელნიც პირველად შეიქმნენ, რადგან წმინდა, გონიერი და ზესამყაროეული ძალები, წმინდად იმიტომაც იწოდებიან, რომ სიწმინდე სულიწმიდისაგან ბოძებული მადლით შეიძინეს. ამიტომაც, თუმცა (წმინდა წერილი) იმის შესახებ, როგორ შეიქმნა ზეციური ძალები, დუმს, რადგან შესაქმის აღმწერმა შემოქმედი ჩვენ მხოლოდ შეგრძნებად (ქმნილებათა) საშუალებით განგვიცხადა; ხოლო შენ, გაქვს რა ძალა ხილულთაგან დასკვნა უხილავთა შესახებაც გააკეთო, შემოქმედი განადიდე, ვის მიერაც (εν ω) დაებადა ყოველივე... ხილულნი და არახილულნი, გინა თუ მთავრობანი, ანუ თუ უფლებანი, ანუ თუ ძალნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ ხელმწიფებანი (კოლას. I,16) და კიდევ სხვა გონიერი ბუნებანი, რომელთაც სახელები არ აქვთ. მათი შესაქმით წარმოიდგინე პირველი მიზეზი დაბადებულთა – მამა, მიზეზი შემოქმედებითი (δημιουργικη) – ძე და მიზეზი დამასრულებელი (სრულმყოფელი) – სულიწმიდა. ასე რომ მსახურ სულებს არსებობა მამის სურვილებისამებრ ეძლევათ, ძის მოქმედებით ისინი ყოფიერებაში მოდიან, ხოლო თანამყოფობით სულისა, სრულყოფას აღწევენ. ანგელოზთა სრულყოფა სიწმინდე და მას შინა ყოფაა.
ნურავინ იფიქრებს, რომ მე ან სამი საწყისი ჰიპოსტასის არსებობას, ან ძის მოქმედების არასრულყოფილებას ვამტკიცებ, რადგან საწყისი არსებულთა, ძის მიერ შექმნილთა და სულიწმიდით გასრულებულთა, ერთია; არც მამას, რომელი შეიქმს ყოველსა ყოველთა შორის (I კორ. XII, 6) აქვს მოქმედება არასრული და არც ძის შემოქმედებას მოაკლდებოდა სისრულე, სულიწმიდას რომ არ გაესრულებინა. ამგვარად, არც მამას, რომელიც ერთი ნებით ქმნის, სჭირდება ძე, მაგრამ მოქმედება მაინც ძის მიერ ნებავს და არც ძეს, რომელიც მამის მსგავსად მოქმედებს, არ სჭირდება თანაქმედება, მაგრამ? ქმნილების გასრულება მაინც სულიწმიდის მიერ ნებავს. სიტყვითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაითა – ყოველი ძალი მათი (ფს. 32, 6). აქ არც სიტყვაა მნიშვნელოვანი ანაბეჭდი ჰაერსა შინა, სახმო ორგანოებით გამოცემული და არც სულია ორთქლი პირიდან სასუნთქ ასოთა მიერ აღმოფშვინველი, არამედ სიტყუაი, რომელიც პირველითგან იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო (ინ. 1, 1) და სული პირისაგან მამისა, – სული ჭეშმარიტებისაი, რომელი მამისაგან გამოვალს (ინ. 15, 26)
ამიტომაც სამი წარმოიდგინე: უფალი მბრძანებელი, სიტყვა შემოქმედი და სული დამამტკიცებელი და სხვას რას უნდა ნიშნავდეს დამტკიცება, თუ არა სიწმინდეში სრულყოფას? დამტკიცება ხომ არა უძლურებას, არამედ უცვალებლობასა და კეთილსა ზედა ურყევად დგომას წარმოაჩენს. მაგრამ სიწმინდე, გარეშე სულიწმიდისა, არ არსებობს; ზეციური ძალნი ხომ ბუნებით არ არიან წმინდანნი.
სხვაგვარად, არავითარი სხვაობა არ იქნებოდა მათსა და სულიწმიდას შორის. პირიქით, ისინი სულიწმიდისაგან მადლს იმ ზომით იღებენ, რა ზომის უპირატესობაც ერთმანეთთან შედარებით აქვთ. რადგან, ვითარცა სანთებელა ცეცხლთან ერთად მოიაზრება, თუმცა მისი ნივთიერი საფუძველი სხვაა და ცეცხლი სულ სხვა, ასევე ზეციურ ძალთა არსი ჰაეროვან, თუ შეიძლება ასე ითქვას, სულს ან ნივთიერ ცეცხლს წარმოადგენს, როგორც ეს დაწერილია: რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა (ებრ.1,7). ამიტომ მათ ადგილიც აქვთ, ხილულებიც ხდებიან და თავიანთ საკუთარი სხეულების სახით წმინდანებსაც ეცხადებიან. მაგრამ სიწმინდეს, რომელიც არა არსისეულია, ისინი, სულიწმიდასთან ზიარების შედეგად, სრულყოფასთან მიჰყავს; ხოლო თავიანთ სიწმინდეს სიკეთესა შინა ყოფით იცავენ და აქვთ რა თავისუფლება არჩევანისა, სწრაფვას ჭეშმარიტად კეთილისაკენ არასოდეს კარგავენ.
ამიტომ, თუ გონებაში მათ სულიწმიდას წავართმევთ, ანგელოზთა დასები დაიშლება, მთავარანგელოზთა მთავრობანი განადგურდება, ყველაფერი ერთმანეთში აირევა და მათი ცხოვრება არასჯულისმიერი, უწესრიგო და საზღვრებმოშლილი გახდება.
როგორ შეეძლოთ ეთქვათ ანგელოზებს: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა (ლკ. 1, 14), ამისი ძალა სულიწმიდის მიერ, რომ არ ჰქონოდათ მინიჭებული? და არავის ხელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა, და არავინ სულითა ღმრთისაითა იტყოდის და თქუას: შეჩუენებულ იესუ (I კორ.12 3). ეს უკანასკნელი შეეძლოთ ეთქვათ უკეთურთა და წინააღმდგომთა სულისა წმიდისა, რომელთა მარცხიც (წარწყმედა) ადასტურებს იმ აზრს, რომ უხილავი ძალები თავისუფალნი არიან და თანაბრად არიან მიდრეკილნი როგორც ბიწიერების, ისე სათნოებისაკენ და შემწეობას სულისაგან წმიდისა ამიტომაც საჭიროებენ. ვფიქრობ, რომ გაბრიელიც ვერასგზით სხვაგვარად ვერ იწინასწარმეტყველებს მომავალს, თუ არა სულიწმიდისაგან წინასწარ ბოძებული ცოდნით, რადგანაც ნიჭთაგან, რომელთაც სულიწმიდა ანაწილებს, ერთ-ერთი წინასწარმეტყველებაა. მიიღო რა ბრძანება, კაცისა გულისა თქმულისათვის (დან. 10, 11) ეუწყებინა საიდუმლო ხილვისა, ვისით იქნებოდა იგი განბრძნობილი დაფარულის სწავლებისათვის, თუ არა სულითა წმიდითა? რამეთუ საიდუმლოთა განცხადება საკუთრივ სულიწმიდას კუთვნილებაა, როგორც ეს დაწერილია: ხოლო ჩუენ ღმერთმა გამოგვიცხადა სულისა მიერ თვისისა (1 კორ. 2, 10). საყდარნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი და უფლებანი ნეტარი ცხოვრებით როგორ იცხოვრებენ, თუ არა მარადის ჭვრეტით პირისა მამისა, რომელ არს ცათა შინა (მთ. 18,10)? ხოლო ჭვრეტა შეუძლებელია გარეშე სულისა წმიდისა. რამეთუ ვითარცა ღამით სახლიდან სინათლის გატანისას თვალები გიბრმავდება, ძალები უმოქმედოა, საგანთა ღირსებანი კი შეუცნობელი, ხოლო ოქრო და რკინა ერთნაირად ითელება შეუცნობელობისა გამო, ასევე მოწესრიგება გონიერ ძალთა და მათთვის სჯულისმიერი ცხოვრების შენარჩუნება, გარეშე სულისა წმიდისა, შეუძლებელი ხდება; ისევე, როგორც შეუძლებელია კეთილი სიმწყობრე ჯარისა, რომელსაც მეთაური ჰყავს, ან შეთანხმება ხმებისა გუნდში, გარეშე ხმათა ერთმანეთისათვის შემწყობი კორიფევსისა.
როგორ იტყოდნენ სერაფიმნი: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს (ეს. 6, 8). სულისაგან წმიდისა რომ არ ჰქონოდათ ნასწავლი, ეს დიდებისმეტყველება კეთილმსახურებით რაოდენგზის უნდა ეღაღადათ? ამიტომ უკეთუ აქებენ ღმერთს ყოველნი ანგელოზნი მისნი და აქებენ მას ყოველნი ძალნი მისნი, სულიწმიდის შემწეობით აქებენ. უკეთუ წინაშე ღმრთისა ათასობით ანგელოზნი და ათიათასობით მსახურნი დგანან, თავიანთ საქმეს ისინი უბიწოდ სულიწმიდის ძალით ასრულებენ. ამიტომ როგორც ღმრთის მსახურებისას, ისე ზესამყაროულ ძალთა ერთმანეთთან შეთანხმებისას, მთელი ეს ზეციური და გამოუთქმელი სიმწყობრის შენარჩუნება, რომ არა მმართველობა სულისა წმიდისა, შეუძლებელი იქნებოდა. შესაქმისას სულიწმიდა არა იმ ქმნილებებთან მყოფობს, რომელთა სრულყოფა თანდათანობით ხდება, არამედ შესაქმისთანავე სრულყოფილებთან, და უზიარებს მათ თავის მადლს ყოველი არსების დასრულებისა და აღვსებისათვის.
39. ვინ უარყოფს იმას, რომ განგებულებანი ადამიანის შესახებ, რომელიც ღმრთის სიკეთითა და დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ განხორციელდა, საბოლოოდ სულისა მიერ წმიდისა გასრულდა?
თუ ძველი აღთქმისეულ მოვლენათა გადახედვას მოისურვებ – პატრიარქთა კურთხევებს, სჯულისაგან მიღებულ შემწეობას, წინასახეებს, წინასწარმეტყველებებს, სახელოვან საქმეებს ბრძოლათა შინა, მართალთა სასწაულებს და შემდეგ, საერთოდ, განგებულებას უფლის განკაცებისა – ყოველივე სულიწმიდის მიერ იყო.
უწინარესად, სული ხორცს უფლისას თანაეყო, მაცხოვარი მისით იყო ცხებული და, როგორც ეს წერია, განუშორებლად იმყოფებოდა მასთან: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა (ინ. 1, 33), ესე არს ძე ჩემი საყუარელი (მთ. 3,17), და: იესუს ნაზარეველსა, რომელსა-იგი სცხო ღმერთმან სულითა წმიდითა (საქმ. 10, 38). შემდეგ ყველა საქმე თანამყოფობით სულისა წმიდისა აღსრულდა: სული მაშინაც უფალთან იყო, როცა იგი ეშმაკისაგან გამოიცდებოდა, რადგან ნათქვამია: მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან (მთ. 4, 1). სული განუშორებლად მყოფობდა უფალთან სასწაულთა აღსრულებისას, რამეთუ ამბობს: უკუეთუ მე სულითა ღმრთისაითა განვასხამ ეშმაკთა (მთ. 11, 28). მას არც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მიუტოვებია იგი, რადგან განაახლა რა უფალმა ადამიანი და დაუბრუნა რა ღმრთისაგან შთაბერილი მადლი, რომელიც მან წარწყმიდა, მოწაფეებს სახეში შეჰბერა და რა უთხრა: მიიღეთ სული წმიდაი, უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვაი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ (ინ. 20, 21-22).
და ეკლესიის კეთილმოწყობაც განა ცხადად და უდავოდ სულისაგან წმიდისა არ აღესრულება? როგორც ნათქვამია, მან მისცა ეკლესიას პირველად მოციქულნი, მეორედ – წინაისწარმეტყუელნი, მესამედ – მოძღვარნი, მერმე – ძალნი, მაშინღა მადლნი კურნებათანი, შეწევნანი, ღუწოლანი, თესლად-თესლადი ენათაი (I კორ.12,28), რადგან ეს რიგი ხომ სულიწმიდის მიერ დანაწილებულ ნიჭთა მიხედვითაა დადგენილი?
40. გულმოდგინე გამომეძიებელმა შეიძლება ისიც იპოვოს, რომ ცათაგან უფლის მოსალოდნელი გამოცხადებისას, სულიწმიდა, როგორც ამას ზოგიერთი ფიქრობს, უმოქმედოდ კი არ დარჩება, არამედ უფლის გამოცხადების დღეს მასთან ერთად იქნება, როცა ნეტარი და ერთადერთი მბრძანებელი სამყაროს სამართლიანობით განსჯის. ადამიანს ძალიან მცირე ცოდნა აქვს იმის შესახებ, რა სიკეთენია განმზადებული ღმრთისაგან ღირსეულთათვის, რათა არ იცოდეს, რომ გვირგვინი მართალთა მადლია სულისა წმიდისა, რომელიც უფრო უხვად და სრულად მაშინ გაიცემა, რაჟამს სულიერი დიდება თითოეულს მისთა სახელოვანთა საქმეთა მიხედვით გაუნაწილდება, რადგან წმინდანთა ბრწყინვალებათა შინა მამასთან მრავალი სავანეა (ინ. 14,2), ანუ სხვადასხვა სახის ღირსებანი. ვითარცა-იგი ვარსკულავი ვარსკულავსა ჰმატს დიდებითა, ეგრეთვე აღდგომაი, მკუდართაი (I კორ. 15, 41-42). ამიტომ სულითა წმიდითა აღბეჭდილნი ხსნის
დღეს, რომელთაც მინიჭებული საწყისები სულისა წმინდად და დაუზიანებლად დაიცვეს, – ისინი არიან, რომელნიც მოისმენენ: მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დავადგინო შენ (მათე 25,21). მსგავსად ამისა, განმანაწყებელთ სულისა წმიდისა, თავიანთი უკეთური ცხოვრების წესით, ან იმით, რომ ბოძებულს ვერაფერი შეჰმატეს, რაც მიიღეს, ისიც წაერთმევათ და მადლი სხვებს გადაეცემათ, ან, ვითარცა ერთი მახარებელთაგანი ამბობს: ორად განიკვეთება (ლკ. 12, 46) სრულად. ხოლო ორად განკვეთაში სულისაგან წმიდისა საბოლოო გაუცხოება იგულისხმება, რადგან არა სხეულის განკვეთა ხდება, ისე რომ ერთი ნაწილი დასასჯელად მიეცეს, ხოლო მეორე – გათავისუფლდეს, ეს მითოსია და მსჯავრის გამოტანა ერთი ნახევრის დასასჯელად, მაშინ როცა მთელმა სხეულმა შეცოდა, სამართლიანი მსაჯულისათვის შეუფერებელია. ორად არც სულის განკვეთა შეიძლება, რადგან იგი მთელია, ცოდვილიანი აზროვნებაც მთელმა შეიძინა და ბოროტების ჩადენისას, სხეულთან თანამშრომლობს. პირიქით, ორად განკვეთა, როგორც ვთქვი, სულიწმიდისაგან სულის სამარადისო გაუცხოებაა. რამეთუ თუმცა ახლა სული უღირსთ არ ეზიარება, როგორც ჩანს, რამდენადმე მაინც მყოფობს მათთან, რომელნიც ერთხელ აღიბეჭდნენ მისით, ელოდება რა მათ მოქცევას ხსნისაკენ; ხოლო მაშინ სულს, რომელმაც მისი მადლი შეურაცხყო, სრულიად მოიკვეთს. ამიტომაც არ არსებობს ჯოჯოხეთსა შინა აღმსარებელი და არც სიკუდილსა შინა მომხსენებელი ღმრთისა (ფს. 6, 6), რადგან იქ უკვე აღარ არის თანამყოფობა სულიწმიდის შემწეობისა. როგორ შეიძლება წარმოდგენა იმისა, რომ სამსჯავრო აღესრულება გარეშე სულისა წმიდისა, მაშინ, როცა სიტყვა გვაჩვენებს, რომ იგი არის ჯილდო მართალთა, რაჟამს მათ, ნაცვლად საწინდარისა, სრულად ენიჭება და პირველი სასჯელი ცოდვილთათვის იმის წართმევა იქნება, რაც ეგონათ, რომ ჰქონდათ. სულიწმიდის უშუალოდ მამასა და ძესთან მყოფობაზე უდიდეს დამოწმებას წარმოადგენს თქმული იმის თაობაზე, რომ მას იმგვარივე დამოკიდებულება აქვს ღმერთთან, როგორიც თითოეულ ჩვენგანთან აქვს სულს, რომელიც ჩვენში იმყოფება, რამეთუ ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაი, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მის თანა? ეგრეცა ღმრთისაი არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან (I კორ. I, 11). და და ამის შესახებ საკმარისია.
წინა თავი < < < სარჩევი > > > შემდეგი თავი