ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მათეს სახარების განმარტება

 

თავი მეცხრე


1-2. და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსად ქალაქად. მაშინ მოართუეს მას განრღვეული ცხედარსა ზედა მდებარე. - მის ქალაქში მათე კაპერნაუმს გულისხმობს, რადგან უფალი იქ ცხოვრობდა. დაიბადა იგი ბეთლემში, ნაზარეთში აღიზარდა, ხოლო კაპერნაუმი მისი მუდმივი საცხოვრებელი იყო. ეს დავრდომილი სხვაა და არა ის, ვისზეც იოვანე ლაპარაკობს, რადგან ის იერუსალიმში იყო, ცხვრის საბანელთან, ეს კი - კაპერნაუმში: თანაც იმას კაცი არ ჰყავდა, ხოლო ეს, როგორც მარკოზი ამბობს, ოთხმა მოიყვანა და ჭერიდან ჩაუშვა, რაც მათესთან გამოტოვებულია.

და იხილა იესუ სარნმუნოებაჲ მათი. - ანუ მომყვანებელთა, რადგან სასწაულებს იგი ხშირად მომყვანებელთა ან თავად სნეულის რწმენის გამო აღასრულებდა.

და ჰრქუა განრღვეულსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი. - შვილი უწოდა ან როგორც ღმრთის ქმნილებას, ან როგორც მორწმუნეს. გვიჩვენა რა, რომ უძლურების უმთავრესი მიზეზი ცოდვებია, დავრდომილი ჯერ მათგან გაათავისუფლა.

3-5. და აჰა ესერა მწიგნობართაგანთა ვიეთმე თქუეს გულთა შინა მათთა, ვითარმედ: ესე გმობს. იცნოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაჲსა თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე? - უკვე იმითაც, რომ მათი ზრახვები იცის, ის თავს ღმერთად წარმოაჩენს, მათ კი ამხელს და თითქოს ეუბნება: თქვენ ფიქრობთ, რომ მე ვმკრეხელობ, რაკიღა თავს ცოდვათა მიტევების უფლებას ვაძლევ, რაც დიდი საქმეა. თქვენ გგონიათ, ამას იმიტომ მივმართავ, რომ არ მამხილონ. მაგრამ მე სხეულის განკურნებით დაგარწმუნებთ, რომ სულის განკურნებაც შემიძლია. იოლის მეშვეობით, რომელიც, ჩვეულებრივ, უფრო ძნელად ითვლება, დაგიმტკიცებთ ცოდვათაგან დახსნასაც, რაც დიდი საქმეა, მაგრამ თქვენ იოლად გეჩვენებათ, რადგანაც არ ჩანს.

6-8. ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღვეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა! და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თჳსა. იხილა რაჲ ესე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა. - სნეულს საწოლის აღება იმისთვის უბრძანა, რათა არ ეფიქრათ, რომ, რაც მოხდა, მოჩვენება იყო და ამასთან, იმიტომაც, რომ ხალხს, რომელიც ქრისტეს, თუმცა, ყველაზე აღმატებულად, მაგრამ მაინც ჩვეულებრივ კაცად თვლიდა, სასწაული ეხილა.

9. და წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა, მატთეოს სახელი მისი, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას. - პეტრესა და იოვანესთან ერთად კი არ მოუწოდა, არამედ მაშინ, როცა დაინახა, რომ უკვე ირწმუნებდა, ისევე როგორც პავლესაც მაშინ მოუწოდა, როცა ამის დრო მოვიდა. გვიკვირდეს მახარებელისა, როგორ ამხელს თავის ცხოვრებას, თუმცა სხვებმა მისი სახელი დამალეს და მას ლევი უწოდეს. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ იგი ერთი სიტყვით მოიქცა, ეს ღმრთის საქმეა.

10-11. და იყო ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანა-სხდეს ინაჴით იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა. და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ, ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღუარი თქუენი? - ქრისტეს სტუმრობით ფრიად გახარებულმა მათემ ხარკის ამკრეფნი მიიწვია. თუმცა ამის გამო გაკიცხავდნენ, ქრისტემ მაინც ჭამა მათთან ერთად, რათა მათთვის სარგებლობა მოეტანა. ფარისევლები კი, რომელთაც უნდოდათ მისთვის მოწაფეები ჩამოეშორებინათ, მეზვერეებთან ტაბლის გაზიარების გამო საყვედურობდნენ.

12-13. ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი. რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა. - ახლა მოვედი ვითარცა მკურნალი და არა როგორც მსაჯული, - ამბობს უფალი, - ამიტომაც სიმყრალესაც ვითმენ. სიტყვებით წარვედით და ისწავეთ მათ უვიცობას ამხელს, ანუ ეუბნება: რაკიღა მსხვერპლშეწირვის შესახებ აქამდე არ გისწავლიათ, ახლა მაინც წადით და ისწავლეთ, რომ ღმერთი მსხვერპლზე მაღლა ცოდვილთადმი გამოჩენილ გულმოწყალებას აყენებს; რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, - ეუბნება მათ ირონიით, ე. ი. არა თქვენს მოსაწოდებლად, რომელნიც თავს თვითონვე იმართლებთ, რადგან კაცთაგან მართალი არავინ არის, - არამედ მოეედი მოსაწოდებლად ცოდვილთა, რათა ცოდვილებად აღარ დარჩნენ და მოინანიონ.

14. მაშინ მოუჴდეს მას მოწაფენი იოვანესნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?- შურდათ რა ქრისტეს დიდება, იოვანეს მოწაფენი მას იმის გამო საყვედურობენ, რომ არ მარხულობდა. შესაძლოა, მათ ისიც აკვირვებდათ, თვინიერ ღვაწლისა, ვნებებზე როგორ იმარჯვებდა, რაც იოვანემ ვერ შეძლო. მათ არ იცოდნენ, რომ იოვანე ჩვეულებრივი კაცი იყო, რომელიც სათნოებისაგან განმართლდა, ხოლო იესო, ვითარცა ღმერთი, სათნოება თვითონ იყო.

15. ჰრქუა მათ იესუ: ჴელ-მე-ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოვად, ვიდრემდე მათ თანა არს სიძე? მოვლენან დღენი, რაჟამს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ. - ახლა, ამბობს უფალი, ვიდრე მე ჩემს მოწაფეებთან ვარ, სიხარულის ჟამია. სიძეს თავის თავს უწოდებს, რომელიც, რადგან ძველი მოკვდა, ახალ კრებულზე დაიწინდა, ხოლო "ძეთა სიძისათა"- მოციქულებს. დადგება დრო, - ამბობს, - როცა ისინიც, შემდგომად ჩემი ტანჯვისა და ამაღლებისა, იმარხულებენ, დამთმენელნი შიმშილისა და წყურვილისა და დევნილები. აჩვენებს რა მოწაფეთა არასრულყოფილებას, იგი დასძენს:

16-17. არავინ დაადგის სადგმელი უმურკნველი სამოსელსა ძუელსა, რამეთუ აღიღის სავსებაჲ სამოსლისა მისგან, და უფროჲსი განხეთქილებაჲ იქმნის. არცა შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განსთქდენ თხიერნი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ. არამედ შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა, და ორნივე დაიმარხნიან. - რამდენადაც, ამბობს იგი, მოწაფენი ჯერ კიდევ არ არიან განმტკიცებულნი და შეწყალებას საჭიროებენ, ისინი მძიმე დავალებებით არ უნდა დავტვირთოთ. ეს თქვა, რათა მოწაფეებისთვისაც ესწავლებინა, რომ რაჟამს მსოფლიოს განსწავლას შეუდგებოდნენ, თავადაც შემწყნარებელნი ყოფილიყვნენ. ამგვარად, ახალი საკერებელი (სადგმელი) და ახალი ღვინო (მაჭარი) - მარხვაა, ხოლო ძველი სიმოსი და ძველი თხიერი (ტიკი) - მოწაფეთა უძლურება.

18-19. და ვითარცა იგი ამას ეტყოდა მათ, მაშინ მოუჴდა მას მთავარი ერთი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აწღა აღესრულა; არამედ მოვედ და დასდევ ჴელი შენი მას ზედა, და ცხოვნდეს. და აღდგა იესუ და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მის თანა. - ცხადია, რწმენა ამასაც ჰქონდა, თუმცაღა არა დიდი, რადგან იესოს მხოლოდ სიტყვის თქმას კი არ სთხოვს, არამედ მისვლას და ხელის დადებას. თუმცა, ლუკას თქმით, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ამბობს, რომ ასული მისი უკვე აღესრულა, ან იმიტომ, რომ ასე ვარაუდობს, რადგან უკანასკნელი ამოსუნთქვისას დატოვა, ან კიდევ იმიტომ, რომ უბედურება გაზრდილად წარმოედგინა და ამით ქრისტე შეწყალებისათვის შეეგულიანებინა.

20-22. და აჰა ესერა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ათორმეტ წელ, მოუჴდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა, ვითარმედ: შე-ხოლო თუ-ვახო სამოსელსა მისსა, ვცხოვნდე. ხოლო იესუ მიექცა, იხილა იგი და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან. - ქალი, რომელიც სნეულების გამო უწმინდური იყო, ცხადად ვერ მივიდა მასთან, ეშინოდა რა, რომ ხელს შეუშლიდნენ. თუმცა მან იფიქრა, რომ დამალვას შეძლებდა, მაგრამ ისიც სჯეროდა, რომ მხოლოდ მისი სამოსის ბოლოს შეხებითაც კი გამოჯანმრთელდებოდა. მაგრამ მაცხოვარმა გაამჟღავნა იგი, ოღონდ არა დიდების სიყვარულის გამო, არამედ, რათა ჩვენთვის, ჩვენივე სარგებლობისათვის, მისი სარწმუნოება ეჩვენებინა და სინაგოგის უფროსსაც ერწმუნა. ნუ გეშინინ - ეუბნება მას, რადგან ქალი, ვითარცა მპარავი ნიჭისა, შეკრთა, და როგორც მორწმუნეს, ასული უწოდა. გვიჩვენებს, აგრეთვე, რომ თუმცა სამოსი წმინდა იყო, რწმენით რომ არ მიახლებოდა, ქალი მადლს ვერ მიიღებდა. ამბობენ, რომ ამ ქალმა მაცხოვრის ქანდაკება გააკეთებინა და მის ფეხებთან იზრდებოდა ბალახი, რომელიც სისხლმდინარე ქალებს შველოდა. იულიანეს დროს ქანდაკება უსჯულოებს დაუმსხვრევიათ.

23-24. და მოვიდა იესუ სახლსა მის მთავრისასა და იხილა მუნ მგოსნები და ერი კრებული და შფოთი და ჰრქუა მათ: განეშორენით, რამეთუ არა მომკუდარ არს ეგე, არამედ სძინავს. ხოლო იგინი ეკიცხევდეს მას. - რადგანაც მთავრის ასული უქორწინებელი იყო, იქცეოდნენ რა სჯულის მიხედვით, მას საქორწინო ავლოსებით (სალამურებით) დასტიროდნენ. უფალი მასზე ამბობს, სძინავსო, რადგან, მისთვის, ვისაც აღდგენა ადვილად შეუძლია, სიკვდილი ძილია. ნუ გაგაკვირვებს ის, რომ დასცინიან, რადგან ამით ყველაზე მეტად დაამოწმეს, რომ სასწაული მოხდა და რომ მან აღადგინა ის, ვინც მართლა მკვდარი იყო. ვინმეს რომ არ ეთქვა, სნეულს მხოლოდ შეტევა ჰქონდაო, მისი სიკვდილი ყველამ აღიარა.

25-26. და რაჟამს გამოასხა ერი იგი, შევიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა ქალი იგი. განჴდა ჰამბავი მისი ყოველსა მას ქუეყანასა. - სადაც ბრბო და ამაო ხმაურია, იესო იქ სასწაულებს არ აღასრულებს. მან ხელი ჩასჭიდა გოგონას ხელს და ძალა გადასცა. ასევე შენც, უკეთუ ცოდვები მოგაკვდინებენ, მყისვე აღდგები, როგორც კი ხელს ჩაგჭიდებს და ბრბოსა და ამაო ხმაურს განდევნის.

27. წარმო-რაჲ-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩეუნ, ძეო დავითისო! - ბრმები მას, ვითარცა ღმერთს, ეუბნებოდნენ შეგვიწყალეო, ხოლო ვითარცა კაცს, მიმართავდნენ - ძეო დავითისო, რადგან იუდეველთა შორის ფრიად გავრცელებული იყო აზრი, რომ მესია დავითის თესლისაგან მოვიდოდა.

28. და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო. - ბრმები სახლამდე იმიტომ მიიყოლა, რომ მათი რწმენის სიმტკიცე ეჩვენებინა და იუდეველები ემხილებინა; ეკითხება მათ, სწამდათ თუ არა, რითაც გვაჩვენებს, რომ რწმენას ყველაფერი შეუძლია.

29-30. მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა მათ: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ! და მეყსეულად აღეხუნეს თუალნი მათნი. - იგი მათ სახლში, სხვათა თანდასწრების გარეშე, კურნავს, რადგან დიდების მოყვარე არ იყო, და ყველგან სიმდაბლის სიბრძნეს ასწავლიდა.

30-31. და შეჰრისხნა მათ იესუ და ჰრქუა: იხილეთ, ნუმცა ვინ უწყის. ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი ყოველსა მას ქუეყანასა. - ხედავ, სიმდაბლეს ქრისტესი? მაგრამ მათ მაინც გათქვეს, თუმცა არა შეუსმენლობის, არამედ მადლიერების გამო. თუ ზოგჯერ უფალი ვინმეს ეუბნება: წადი და ღმრთის დიდება იქადაგეო, ეს ზემოთქმულს სრულიადაც არ ეწინააღმდეგება, რადგან მას სურს, რომ თავად მასზე არ თქვან არაფერი, თორემ ღმრთის დიდებაზე, პირიქით, იქადაგონ.

32-33. და ვითარცა-იგი გამო-ოდენ-ვიდეს, მოჰგუარეს მას კაცი ყრუჲ და ეშმაკეული. და ვითარცა განჴადა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუჲ იგი. - რაკი სნეულება მას არა ბუნებით, არამედ ეშმაკისაგან ჰქონდა, ამიტომაც მოიყვანეს სხვებმა. თავად არ შეეძლო განკურნება ეთხოვა, რადგან დემონისაგან ენა შეკრული ჰქონდა. ამიტომ უფალმა რწმენა კი არ მოსთხოვა, არამედ მსწრაფლ განკურნა, განდევნა რა ეშმაკი, რომელიც ღაპარაკს უშლიდა.

და დაუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა. - გაკვირვებულმა ხალხმა ქრისტე წინასწამეტყველთა და მამათმთავართა მაღლა დააყენა, რადგან ძალაუფლებით კურნავდა და არა ლოცვით, როგორც ისინი. ვნახოთ, რას ამბობენ ფარისეველნი:

34. ხოლო ფარისეველნი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა. - უკიდურესი სიგიჟის გამომხატველი სიტყვებია! რადგან არცერთი დემონი დემონს არ განდევნის. დავუშვათ, რომ იგი დემონებს, ვითარცა მსახური დემონთა მთავრისა, ან ვითარცა მოგვი, ისე დევნიდა, მაგრამ სნეულებათა და ცოდვათაგან როგორღა ათავისუფლებდა და სასუფეველზე როგორღა ქადაგებდა? დემონი ხომ სრულიად სხვაგვარად იქცევა; სნეულებებს წარმოშობს და ღმრთისგან განაშორებს.

35. და მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა ერსა შორის. - კაცთმოყვარე უფალი არ ელოდება, მასთან როდის მივლენ, არამედ თვითონ დადის, რათა თავი ვინმეს იმით არ ემართლებინა, რომ ჩვენთვის არავის უსწავლებიაო. საქმითაც და სიტყვითაც იზიდავდა მათ, ასწავლიდა და სასწაულებსაც აღასრულებდა.

36. და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი. - არ ჰყავდათ მნყემსი, რადგან მთავარნი არათუ მათი ცხოვრების სწორად წარმართვაზე არ ზრუნავდნენ, არამედ, პირიქით, ვნებდნენ კიდეც, მაშინ, როცა ჭეშმარიტი მწყემსის საქმე სამწყსოზე ზრუნვაა.

37-38. მაშინ ჰრქუა მოწფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ. ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა. - სამკალს ხალხს უწოდებს, რომელსაც მზრუნველობა სჭირდება, ხოლო მუშაკებს იმათ, რომელთაც უნდა ასწავლონ, მაგრამ რომელნიც იმ დროს იუდეველთა შორის არ იყვნენ. სამკალის უფალი თავად ქრისტეა, - უფალი წინასწარმეტყველთა და მოციქულთა. ეს იქიდანაც ცხადია, რომ თორმეტი მოციქული ისე დაადგინა, ღმრთისთვის არ უთხოვია. აბა, მოუსმინე!

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24
თავი 25 თავი 26 თავი 27 თავი 28