ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მათეს სახარების განმარტება

 

თავი ოცდამერვე

1-8. ხოლო მწუხრი შაბათთასა, რომელი განთენდებოდა ერთშაბათად, მოვიდა მარიამ მაგდალინელი და სხუაჲ იგი მარიამ ხილვად საფლავისა მის. და აჰა ძრვაჲ იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა. ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი. ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნნეს, ვითარცა მკუდარნი. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ თქუენ; ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ. არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი. და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით და აჰა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას. მუნ იხილოთ იგი. აჰა ესერა გარქუ თქუენ. ხოლო იგინი გამოვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა, მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა.
- მწუხრი შაბათისა იგივეა, რაც ლუკას მიერ ნათქვამი ცისკარსა მსთუად და მარკოზის - აღმოსლვასა ოდენ მზისასა, რადგან აქ მზეში დილის მზის სხივები უნდა ვიგულისხმოთ. ღამის მერვე საათის დადგომისას დასაბამი ედება მეორე დღეს და როგორც ფიქრობენ, დილა დგება. ამიტომაც მაშინ, ერთი მხრივ, შაბათის საღამო იყო, ხოლო მეორე მხრივ, დასაწყისი უფლის დღისა, რომელსაც მახარებელი ერთშაბათს უწოდებს, რადგანაც შვიდეულის დღეებს შაბათები ეწოდებოდათ; ერთს კი ანუ პირველს, რომელიც უფლის დღეა, - ერთშაბათს ანუ პირველს შვიდეულის დღეებიდან. პირველის უახლოეს დღეს მეორეს უწოდებდნენ, შემდეგს - მესამეს და ა. შ. დანარჩენებსაც. უფალი მაშინ აღდგა, როცა საფლავზე ჯერ ისევ ლოდი იდო. მისი აღდგომის შემდეგ, ანგელოზი მოვიდა, რათა ლოდი გადაეგორებინა და დედებისათვის სამარხში შესასვლელი მიეცა. მიწისძვრა კი იმიტომ მოხდა, რომ მცველებს გაღვიძებოდათ და მომხდარის სიახლე შეეცნოთ. ამგვარად, უფალი მესამე დღეს აღდგა. როგორ გამოითვლება ეს სამი დღე? პარასკევს, მეექვსე ჟამზე ჯვარზე გააკრეს, აქედან ვიდრე ცხრამდე სიბნელეა. ეს დრო ჩემთან ერთად ღამედ ჩათვალე. შემდეგ, ცხრიდან უკვე სინათლეა, ესეც დღე, და აი, დღე-ღამეც. შემდეგ, პარასკევის ღამე და შაბათის დღე - ესეც მეორე დღე-ღამე და ისევ შაბათის ღამე და დილა უფლის დღისა, რომელიც მათესთან ასე იხსენიება: რომელი განთენდებოდა ერთშაბათად, რადგან დილა მთელ დღედ ითვლება; აჰა, ესეც მესამე დღე-ღამე. სამი დღე-ღამის გამოთვლა სხვაგვარადაც შეიძლება: პარასკევს უფალმა სული მიაბარა - ეს ერთი დღე, შაბათს საფლავსა შინა ესვენა - ეს მეორე დღე, ხოლო უფლის დღის (კვირის) ღამეს აღდგა, მაგრამ ცალკე უფლის დღეც სხვა დღედ ითვლება, ასე რომ, აი, სამი დღეც. ასევე ითქმის გარდაცვლილებზეც, უკეთუ ერთი დღის ათ საათზე მოკვდა, ხოლო მეორე იმავე დღის პირველ საათზე, ისინი ერთსა და იმავე დღეს გარდაცვლილებად ითვლებიან. სხვა საშუალებაც მაქვს, შენ რომ გითხრა, სამი დღე და სამი ღამე როგორ გამოითვალო. აბა, მომისმინე! ხუთშაბათ საღამოს უფალმა სერობა აღასრულა და მოწაფეებს უთხრა: მიიღეთ და ჭამეთ ხორცი ჩემი, რადგანაც ძალაუფლება ჰქონდა სული თვისი თავისივე ნებით დაედო; ცხადია, რომ რაკიღა მოწაფეებს ხორცი შესთავაზა, მას უკვე თავისი თავი დაკლული ჰყავდა, რადგან ვერავინ შეჭამს რამეს, თუ იგი ჯერ არ დაიკლა. გამოიანგარიშე! საღამო საკუთარი ხორცის დარიგებისა, იგივე ღამე და პარასკევი დღე ვიდრე მეექვსე ჟამამდე, - აჰა ერთი დღე-ღამე; შემდეგ მეექვსე ჟამიდან სიბნელე მეცხრემდე და მეცხრედან სინათლე ვიდრე საღამომდე - მეორე დღე-ღამე. პარასკევის შემდგომი ღამე და შაბათი დღე - ესეც სამი დღე-ღამე. შაბათ ღამეს კი უფალი აღდგა: აჰა, სრული სამი დღე-ღამე. ანგელოზის შესახებ მათე ამბობს, რომ იგი ლოდზე იჯდა, მარკოზი კი, გადააგორა რა ლოდი, სამარხის შიგნით, მარჯვენა მხარეს დაჯდაო. ერთმანეთის საწინააღმდეგო რამეს ხომ არ ამბობენ? რა თქმა უნდა, არა. როგორც ჩანს, თავიდან ანგელოზი დედებს ლოდზე მჯდარი ეჩვენა, ხოლო შემდეგ, როცა შევიდნენ, წინ წარუძღვა მათ და შიგნით ისევ გამოეცხადათ, ოღონდ უკვე სამარხის მარჯვენა მხარეს მჯდომარე. მან დედებს უთხრა: ნუ გეშინინ თქვენ, ანუ შიშის ღირსნი მცველები არიან, ხოლო თქვენ, უფლის მოწაფეებს, ნუ გეშინიათ. ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი შიშისაგან გაათავისუფლა, აღდგომის შესახებ ახარა, რადგან ვიდრე ახარებდა, ჯერ შიშის განდევნა იყო საჭირო. ანგელოზს არ რცხვენია უფალს ჯვარცმული უწოდოს, რადგანაც ჯვრით, ვითარცა ნაალაფევით, რომელიც ჩვენ ყოველგვარ სიკეთეს გვანიჭებს, თავი მოაქვს კიდეც.

9-10. და ვითარ-იგი მივიდოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა, და აჰა იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ! ხოლო იგინი მოვიდეს და შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ, წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე.
- უფალი დედებს მიმართავს: გიხაროდენ! რადგანაც ქალთა მოდგმას სასჯელად მწუხარება ერგო, უფალმა თავისი აღდგომით სიხარული მიანიჭა და აკურთხა იგი. დედები კი ფეხებზე დიდი მოკრძალებითა და პატივით იმიტომაც მოეხვივნენ, რომ მორიდების გამო მისი სხეულის სხვა ნაწილთა შეხება, გარდა კიდურებისა, ვერ გაბედეს. ზოგიერთის თქმით, ისინი ფეხებზე განზრახ ეხვეოდნენ, რათა გაეგოთ ჭეშმარიტად აღდგა, თუ ეჩვენებოდათ, ან კიდევ სული ხომ არ იყო, რადგან მაინც ფიქრობდნენ, რომ სულია. ამგვარად, მის ფეხებს ორივე მარიამი შეეხო. იოვანეს მიხედვით კი, თუმცა მარიამ მაგდალენელი ცდილობდა შეხებოდა, მაგრამ ამის ნება თვითონ უფალმა არ მისცა, რამეთუ მას, ისევე როგორც ადრე, მუდმივად მასთან ყოფნა სურდა, ან, უფრო სწორად იოვანეს მიხედვით, იგი მასთან შესახებად უფალმა იმიტომაც არ მიუშვა, რომ ზედმეტად ჩათვალა. რამდენადაც, როგორც მათე ამბობს, მარიამი მის ფეხებს უკვე შეეხო, ამდენად, კვლავ შეხება რაღა საჭირო იყო? ამიტომ, რადგანაც ეს ზედმეტი იყო, აღარ მიუშვა.

11-15. და ესენი ვითარცა წარვიდეს, აჰა ესერა დასისა მისგანნი შევიდეს ქალაქად და უთხრეს მღდელთ-მოძღუართა მათ ყოველი ესე, რაჲცა იქმნა. ხოლო იგინი შეკრბეს მოხუცებულთა თანა და ზრახვა-ყვეს, ვეცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ და ჰრქუეს: ესრეთ თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა. უკუეთუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ და თქუენ უზრუნველ-გყვნეთ. ხოლო მათ მიიღეს ვეცხლი იგი და ყვეს ეგრე, ვითარცა ისწავეს მათგან. და განითქუა სიტყუაჲ ესე ჰურიათა შორის, ვიდრე დღეინდელად დღედმდე.
- მცველებმა ყველაფერი თქვეს: ის, რომ მიწისძვრა მოხდა, ისიც, რომ ლოდი თავისით გადაგორდა და ისიც, რომ შიშისაგან კინაღამ დაიხოცნენ, მაგრამ იუდეველები გონს ვერც ჯვარზე წამების მომხდარმა სასწაულებმა და ვერც მეომართა დამოწმებამ იმ შიშისმომგერელ სანახაობაზე, რაც მათ საფლავთან იხილეს, ვერ მოიყვანეს; პირიქით, მათ ვერცხლისმოყვარეობის თავიანთი სენით მეომრებიც დააავადეს და დაარწმუნეს ისინი, რომ ეთქვათ ის, რაც ყველაზე დიდი უსჯულოება და უგუნურება იყო: გვამი მოიპარესო. ჰოჲ, უგუნურნო, მოწაფენი, რომელნიც შიშით ჩაიკეტნენ და გარეთ გამოსვლას საერთოდ ვერ ბედავდნენ, გვამს როგორღა მოიპარავდნენ? ხოლო უკეთუ მართლა მოიპარეს, შემდეგში მისთვის როგორღა მოკვდნენ და ქადაგებდნენ რა აღდგომას, სიცრუისათვის როგორღა ეწამნენ?

16-20. ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ. იხილეს იგი და თაყუანის-სცეს მას; ხოლო რომელნიმე შეორგულდეს. მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.
- იოვანეს მიხედვით, იესო მოწაფეებს პირველად აღდგომის დღეს გამოეცხადა, როცა კარები დახშული იყო, შემდეგ მერვე დღეს, როცა თომამაც ირწმუნა; შემდეგ, როცა მათ გალილეაში წასვლა ჰქონდათ განზრახული, მაგრამ ყველანი ერთად შეკრებილნი ჯერ კიდევ არ იყვნენ, და ზოგიერთი მათგანი ტიბერიადის ზღვაში თევზაობდა, მაშინ მხოლოდ იმათ გამოეცხადა, რომელნიც თევზაობდნენ და ესენი იყვნენ შვიდნი. რასაც ახლა მათე გადმოსცემს, იგი შემდგომად იმისა მოხდა, რის შესახებაც იოვანე გვიყვება, რადგან ორმოცი დღის განმავლობაში ხშირად ეცხადებოდათ, წარმოუდგებოდათ და დაშორდებოდათ, ისე რომ ყოველთვის და ყველგან მათთან არ ყოფილა. ამგვარად, თერთმეტმა მთავარმა მოციქულმა, ყველა თავისი მიმდევრით ქრისტეს თაყვანი სცა. რომელნიმე შეორგულდესო (შეეჭვდნენო), თქვა ნაცვლად იმისა, ეთქვა: სხვები დაეჭვდნენო, რაც, როგორც ჩანს, ასე უნდა გავიგოთ: გალილეაში თერთმეტი მოწაფე წავიდა და მას თერთმეტივემ თაყვანი სცა. ხოლო ზოგიერთნი ანუ სხვანი, ალბათ, სამოცდაათთაგანნი, ქრისტეში დაეჭვდნენ, თუმცა საბოლოოდ მათაც მტკიცედ ირწმუნეს. ზოგიერთს კი ეს ასე ესმის, რომ მათემ მაინც თავი აარიდა იმის თქმას, ვინ იყვნენ ზოგიერთები, რომელნიც დაეჭვდნენ, მაგრამ რასაც მან თავი აარიდა, იოვანემ თქვა, სახელდობრ, რომ თომა იყო ის, ვინც დაეჭვდა. შეიძლებოდა ისეც მომხდარიყო, რომ ეჭვი ყველას გასჩენოდა, როგორც ამას ლუკა გვეუბნება. შენ კი ეს ასე უნდა გაიგო, რომ გალილეაში მისულებმა ქრისტეს თაყვანი სცეს, მაგრამ მათ, რომელთაც თაყვანი სცეს, ადრე იერუსალიმში ეჭვი შეიტანეს, ვითარცა ეს ლუკამ გვაუწყა. იესო მათ ეუბნება: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, რაც ნიშნავს: თუმცა ვითარცა ღმერთსა და შემოქმედს ძალაუფლება ყოველთა ზედა ყოველთვის მქონდა, როგორც ამას ღმერთის მიმართ დავითი ამბობს: ყოველივე შენ გმსახურებს (ფს. 118.91). მაგრამ ნებით დამორჩილებულნი არ მყოლია; ახლა კი, როცა ჯვრის მეშვეობით სიკვდილის მეუფებაზე გავიმარჯვე, ვფიქრობ, ყოველივე დამემორჩილება. მორჩილება ხომ ორგვარია: უნებური, რომლის მიხედვითაც ყველანი ღმრთის მონანი და მორჩილნი ვართ, თვით დემონებიც კი, და ნებსითი, ვითარცა, მაგალითად, პავლე იყო მონა ქრისტესი. ადრე, როცა ყველა მხოლოდ უნებურად ემორჩილებოდა, მაცხოვარსაც თითქოს ყოველთა ზედა ნახევარი ძალაუფლება ჰქონდა; ხოლო შემდგომად ჯვარცმისა, როცა ღმრთის შემეცნება ყველასათვის მისაწვდომი გახდა და, როცა ყოველი ნებაყოფლობითი მორჩილებით დაემორჩილა, ქრისტე სამართლიანად, ამბობს: მომეცა ყოველი ჴელმწიფებაჲ, რადგან უკეთუ ადრე ჩემი ძალაუფლება ნაწილობრივი იყო, რაკიღა ვითარცა შემოქმედს, მხოლოდ უნებურად მემორჩილებოდნენ, ახლა, როცა ადამიანები შეგნებულად მემსახურებიან, მე უკვე სრული და მთლიანი ძალაუფლება მაქვს. და ვისგან მიეცა? საკუთარი თავისა და თვისი სიმდაბლისაგან, რადგან, რომ არ დამდაბლებულიყო და მოწინააღმდეგეს ჯვრით არ შებმოდა, მაშინ ვერც დაგვიხსნიდა. ასე რომ, მომეცა ჴელმწიფება ასე გაიგე: ადამიანები საკუთარი ღვაწლითა და ბრძოლით დავიხსენი და ისინი ჩემს წილხვედრად, რჩეულ ხალხად იქცნენ. ამგვარად, უფალს ძალაუფლება მთელს ქვეყანასა ზედა იმიტომაც აქვს, რომ მთელმა ქვეყანამ შეიცნო იგი, ხოლო ცათა შინა იმიტომ, რომ მორწმუნეთა ჯილდოცა და მათი სამკვიდრებელიც ცათა შინაა. მეორე მხრივ, რამდენადაც კაცობრივი ბუნება ადრე განსჯილი, ხოლო შემდეგ სიტყვა ღმერთთან ჰიპოსტასურად შეერთებული, ცათა შინა ზის და ანგელოზთაგან თაყვანისცემას იღებს, სამართლიანად ამბობს: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა, რადგან კაცობრივი ბუნება, რომელიც ადრე მსახური იყო, ახლა ქრისტეში ყოველთა ზედა მეუფებს. მოკლედ რომ ვთქვათ, უკეთუ სიტყვებს: მომეცა მე ჴელმწიფებაჲ, ვითარცა სიტყვა ღმერთისაგან თქმულს, ისე მიიღებ, რომ: მომეცა ყოველი ძალაუფლება, რადგანაც ყველამ, რომელიც უწინ მხოლოდ უნებლიე მორჩილების გამო მემსახურებოდა, ახლა ნებსით თუ უნებლიეთ, ღმერთად შემიცნო. ხოლო უკეთუ ამ სიტყვებს კაცობრივი ბუნებისაგან ნათქვამად შეიწყნარებ, მაშინ ასე გაიგე: მე, ადრე განსჯილმა ბუნებამ, რომელიც ძე ღმრთისას შეურწყმელად შეუერთდი და ღმერთ ვიქმენ, ძალაუფლება მივიღე ყოველთა ზედა, ამგვარად, ცათა შინა თაყვანს ანგელოზები მცემენ, ხოლო ქვეყანასა ზედა კიდით კიდემდე ვიდიდები. ამიტომაც უფალი თავის მოწაფეებს მხოლოდ იუდეველებთან როდი გზავნის; არამედ, რამდენადაც მან ძალაუფლება ყოველთა ზედა მიიღო და კაცობრივი ბუნება თავის თავში აკურთხა, ამიტომაც მართებულად გზავნის მათ ყველა ხალხთან და მათ მონათვლას მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით ავალებს. მაშ, რცხვენოდეთ არიოზსა და საბელიოზს, არიოზს იმიტომ, რომ ქრისტემ მონათვლა არა სახელებით, არამედ სახელით მოითხოვა, მაშინ, როცა სახელი სამივეს ერთი აქვს - ღმრთეება; ასე რომ, ერთი ღმერთია სამი. ხოლო საბელიოზს იმიტომ, რომ უფალმა სამი პირი ახსენა და არა ერთი, რომელსაც როგორც ამის შესახებ საბელიოზი ცუდადმეტყველებდა, თითქოს სამი სახელი ჰქონდა და ხან მამად, ხან ძედ და ხან კიდევ სულიწმიდად იწოდებოდა. უფალმა კი სამი პირი ახსენა, რომელთაც ერთი სახელი აქვთ - ღმერთი. შემდეგ, რამდენადაც მხოლოდ მონათვლა საკმარისი არაა, შემდგომად მონათვლისა, კეთილ საქმეთა ქმნაა საჭირო, ამიტომაც ამატებს: ასწავლეთ მათ დაცვა ყოველივესი, რაც მე თქვენ გამცნეთ, ე. ი. არა დაცვა ერთისა, ან ორისა, არამედ ყველა ჩემი მცნებისა. შეგვაკრთოს, ძმანო, გააზრებამ იმისა, რომ ერთი მათგანიც რომ დაგვრჩეს შეუსრულებელი, ქრისტეს სრულყოფილი მონები ვეღარ ვიქნებით, რადგან ჩვენ ყოველი მათგანის დაცვა მოგვეთხოვება. ყურადღება მიაქციე ნათქვამს უფლისა, როგორ მოიცავს იგი ორივე თავს ქრისტიანობისა - ღმრთისმეტყველებასა და კეთილ საქმეთა მსახურებას. რადგან, როცა გვითხრა, რომ საჭიროა ნათლობა სამების სახელით, ღმრთისმეტყველება გადმოგვცა, ხოლო როცა თქვა, რომ საჭიროა სწავლება და დაცვა მცნებებისა, კეთილ საქმეთა მსახურებისკენ წარგვმართა. გზავნის რა მოწაფეებს წარმართებთან, სადაც მათ სიკვდილი და საფრთხე ელოდებოდათ, თანაც ამხნევებს და ეუბნება, რომ არ შეშინებოდათ, რადგან თვითონაც მათთან იქნებოდა, ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. ისიც ნახე, როგორ შეახსენებს აღსასრულის შესახებ, რათა ისინი საფრთხეთა კიდევ უფრო არად ჩაგდებისათვის განაწყოს (წააქეზოს). დაითმინეთო, - ეუბნება, რადგან დასასრული ყოველივეს ექნება, ამქვეყნიური მწუხარება იქნება ეს თუ კეთილდღეობა; ამიტომ ნურც მწუხარებასა შინა დაეცემით, რამეთუ გაივლისო იგი და ნურც კეთილდღეობასა შინა ცდუნდებითო, რადგან ისიც დასრულდება. მხოლოდ მოციქულებს როდი აღუთქვა მათთან ყოფნა, არამედ საერთოდ ყველა მის მოწაფეს, რადგან უეჭველია, რომ მოციქულები ქვეყნის აღსასრულამდე ვერ იცხოვრებდნენ. ასე რომ, ეს აღთქმა ყველას ეკუთვნის, ჩვენც და იმათაც, რომელნიც ჩვენს შემდეგ იქნებიან. მაგრამ ისე კი არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენთან მხოლოდ აღსასრულამდე იქნება, ხოლო შემდგომად აღსასრულისა, განგვშორდება. არა! პირიქით, მაშინ მისი ჩვენთან ყოფნა კიდევ უფრო ცხადი და ნათელი გახდება, რადგან სიტყვა ვიდრე (εως) წმინდა წერილში, სადაც კი გვხვდება, არ გამორიცხავს იმას, რაც შემდეგ უნდა იყოს.

ამგვარად, ვმადლობდეთ უფალს, რომელიც აქაც ჩვენთანაა და ყოველგვარ სიკეთეს გვანიჭებს და აღსასრულის შემდგომაც კვლავ ჩვენთან იქნება კიდევ უფრო მეტი სრულყოფილებითა და აქ დავასრულოთ ჩვენი განმარტება სადიდებლად იმისა, რომელსა შვენის ყოველგვარი მადლობა, დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
--
1 - დედანშია τὸ τρόπαιον, რაც სიტყვა-სიტყვით გამარჯვების აღსანიშნავად აღმართულ ძეგლს ნიშნავს: ჩვეულებრივ იგი წარმოადგენდა მტრისათვის წართმეულ აბჯრებს, ან ბრძოლის ველზე ერთგროვად შეკრებილს, ან სვეტზე მიკრულს.

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24
თავი 25 თავი 26 თავი 27 თავი 28