ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მათეს სახარების განმარტება

 

თავი მეთექვსმეტე

1. და მოუჴდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს, რაჲთა სასწაული ზეცით უჩუენოს მათ.
- თუმცა ფარისევლებსა და სადუკევლებს ერთმანეთისაგან განსხვავებული დოგმატები ჰქონდათ, ქრისტეს წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ისინი სასწაულს ზეციდან ითხოვენ, მაგალითად, მზის ან მთვარის გაჩერებას, რადგანაც ფიქრობენ, რომ დედამიწაზე სასწაულები დემონური ძალითა და ბელზებულით ხდება. უგუნურებმა არ იცოდნენ, რომ მოსემაც ეგვიპტეში მრავალი სასწაული დედამიწაზე აღასრულა. ხოლო ცეცხლი კი, რომელიც იობის ქონებაზე ზეციდან გარდამოხდა, ეშმაკისა იყო. ამგვარად, ყოველივე, რაც ზეციდანაა, ღმრთისაგან როდი მოდის და არც დემონებისაგანაა ყველაფერი, რაც მიწაზე ხდება.

2-3. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე-რაჲ-მწუხრდის, სთქუთ: ყუდრო იყოს, რამეთუ წითს ცაჲ. და განთიად სთქუთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ. ორგულნო, პირი სამე ცისაჲ იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ გიცნობიეს გულისჴმის-ყოფად.
- ამხელს კითხვას, რომელიც მათ ცდუნების მიზნით დაუსვეს, ორგულებს უწოდებს და ეუბნება: ისევე როგორც ზეცაზე გამოჩენილი ნიშნებიდან ერთნი უამინდობის მომასწავებელნი არიან, ხოლო მეორენი - დარისა და არავინ ელოდება კარგ ამინდს მაშინ, რაჟამს ავდრის ნიშანს იხილავს და არც ავდარს, როცა დარის ნიშანი გამოჩნდება, ასევე უნდა იფიქროთ ჩემს შესახებაც, რამეთუ სხვა არის ჟამი ჩემი პირველი მოსვლისა და სხვა - მომავლისა. ახლა სასწაულები დედამიწაზეა საჭირო, ზეციური სასწაულები კი იმ დროისათვის გადაინახება, როცა მზე ჩაქრება, მთვარე დაბნელდება და ცაც შეიცვლება.

4. ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ. და დაუტევნა იგინი და წარვიდა.
- ბოროტია მათი მოდგმა, რადგან ისინი მის ცდუნებას ცდილობდნენ, ხოლო მემრუშეა, რადგან ღმერთს განუდგნენ და ეშმაკს ეტმასნებოდნენ. თუმცა ისინი სასწაულს ზეციდან ეძიებდნენ, მაგრამ არ მისცემს სასწაულს გარდა იონას სასწაულისა, ანუ დაჰყოფს რა სამ დღეს წიაღსა შინა დიდისა ვეშაპისა - სიკვდილისა, მკვდრეთით აღდგება. ამ სასწაულის შესახებ შეგიძლია თქვა, რომ იგი ზეციდან იყო, რადგან მისი სიკვდილისას მზე დააბელდა და ყველა ქმნილება შეიცვალა. ყურადღება მიაქციე გამოთქმას: სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინასწარმეტყუელისაჲ. სასწაულნი ეძლეოდნენ მათ, ანუ ისინი მათთვის ხდებოდა, მაგრამ მაინც არ ირწმუნეს. ამიტომაც დატოვა, ვითარცა განუკურნებელნი და წავიდა.

5-6. და მო-რაჲ-ვიდეს მოწაფენი მისნი მიერ წიაღ, და დაავიწყდა მათ პური მიღებად. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა.
- როგორც საფუარი არის ხოლმე მჟავე და ძველი, ასევე ფარისეველთა და სადუკეველთა დამჟავებული და უხუცესთა ძველი გადმოცემების შემომტანი სწავლება, სულებს აწყლულებდა. ვითარცა საფუარი ნაერთია წყლისა და ფქვილისა, ასევე ფარისეველთა მოძღვრებაც სიტყვისა და გახრწნილი ცხოვრების შენაერთს წარმოადგენდა. ცხადად არ უთქვამს, - ფარისეველთა მოძღვრებას მოერიდეთო, რათა მათთვის პურზე აღსრულებელი სასწაულები შეეხსენებინა.

7-12. ხოლო იგინი განიზრახვიდეს გულსა თჳსსა და იტყოდეს, ვითარმედ: პური არა მოვიღეთ. გულისჴმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა, მცირედ-მორწმუნენო, რამეთუ პური არა მოიხუენით? არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ ხუთთა მათ პურთაჲ და ხუთ ათასთაჲ მათ, და რაოდენი გოდორი აღიღეთ? და არცა შჳდთა მათ პურთაჲ და ოთხ ათასთაჲ მათ, და რაოდენი სფჳრიდი აღიღეთ? ვითარ არა გიცნობიეს, რამეთუ არა პურისათჳს გარქუ თქუენ: ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა? მაშინ გულისჴმა-ყვეს, რამეთუ არა ჰრქუა მათ კრძალვაჲ ცომისაგან პურისა, არამედ მოძღურებისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა.
- ისინი ფიქრობდნენ: ეს იმიტომ გვითხრა, რომ იუდეური საჭმლისაგან წაბილწვას მოვერიდოთო. ამიტომაც ბჭობდნენ ერთმანეთში: პურები ჩვენ არ მოგვიღიაო. უფალი საყვედურობს მათ, ვითარცა უგუნურებსა და მცირედმორწმუნეებს. უგუნურნი არიან იმიტომ, არ ახსოვდათ, რამდენი პურით რამდენი კაცი დააპურა, ხოლო მცირედმორწმუნენი - რადგან არ დაიჯერეს, თუმცა იუდეველთაგან პური არც თვითონ უყიდიათ და შორს წასვლა არც მას შეეძლო. მაგრამ როცა უფალმა მკაცრად ამხილა ისინი, რადგან უწყინარობა ყოველთვის კარგი როდია, მყისვე მოიაზრეს, რომ საფუარი მოძღვრებას უწოდა. ასეთი ძალა აქვს ყოველთვის კეთილგონივრულ მხილებას.

13. მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად?
- მათე ფილიპეს იმიტომ უმატებს, რომ არსებობდა სხვა კესარიაც - სტრატონისა, მაგრამ უფალი არა იქ, არამედ ამ კესარიაში ეკითხება მათ. მოწაფენი მას იუდეველთაგან შორს მიჰყავს, რათა ისე, რომ შიში არავისი ჰქონდეთ, გულახდილად უპასუხონ. უწინარესად იგი კითხულობს, როგორია ხალხის აზრი, რათა მათი შეგნება აამაღლოს და მრავალთა მსგავსად გონებრივად არ დაქვეითდნენ. ის კი არ უკითხავს, ვინ ვგონივარ მე ფარისევლებსო, არამედ ადამიანებსო, რომლებშიც წრფელ ხალხს გულისხმობს.

14. ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე იოვანე ნათლის-მცემელი, რომელთამე ელია და სხუათა იერემია გინა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.
- ვინც მას იოვანეს უწოდებდა, ისინი იყვნენ, რომელნიც, მსგავსად ჰეროდესი, ფიქრობდნენ, რომ აღდგომის შემდეგ იოვანემ ეს ნიჭიც - ნიჭი სასწაულთქმედებისა შეიძინა. სხვანი ელიას უწოდებდნენ, რადგან ამხელდა და კიდევ იმიტომაც, რომ მის მოსვლას ელოდებოდნენ; მესამენი - იერემიას, რადგან მისი სიბრძნე ბუნებრივი იყო და არა ნასწავლი, ისევე როგორც იერემიაც წინასწარმეტყველებისათვის ყრმობიდანვე იქნა მოწოდებული.

15-16. ხოლო მან ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად? მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა მას: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ.
- კვლავ პეტრე, ვითარცა მგზნებარე, ყველას ასწრებს და სიწრფელით აღიარებს, რომ იგი არის ქრისტე, ძე ღმრთისა. ის კი არ უთხრა: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა, ანუ უარტიკლოდ, არამედ არტიკლით - ὁ υἱός, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად იგი არის ერთი და მხოლო, ძე არა მადლით, არამედ თვით მამის არსისაგან შობილი, რადგან ცხებულნი (χριστοί) მრავალნი იყვნენ, სახელდობრ, ყველა მღვდელი და მეფე ძველი აღთქმისა, ხოლო ქრისტე არტიკლით (ὁ Χριστός) ერთია.

17. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიხცადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან.
- ნეტარს უწოდებს პეტრეს, რადგან მან ცოდნა ღმრთეებრივი ძალით მიიღო. ეთანხმება რა მას, ამით უფალი აჩვენებს, რომ სხვა ადამიანთა აზრი მცდარია: ხოლო როცა მიმართა: ბარ იონა, ანუ ძეო იონასო, თითქოს, ეს უთხრა: როგორც შენ ხარ შვილი იონასი, ასევე მეც მამისა ჩემისა ზეციერისა, ერთარსი მისი. ცოდნას გამოცხადებას უწოდებს, რადგან ის, რაც დაფარული და შეუცნობელი იყო, მამისაგან განცხადდა.

18. და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.
- თავის მხრივ, უფალი პეტრეს დიდ ჯილდოს ანიჭებს, კერძოდ, ეკლესია მასზე დაფუძნდება. რადგან პეტრემ იგი ძედ ღმრთისა აღიარა, ეუბნება: ეს აღსარება, რომელიც შენ აღიარე, მორწმუნეთათვის საფუძველი გახდება, რადგანაც ყოველი ადამიანი, რომელიც რწმენის შენობის აგებას განიზრახავს, საფუძვლად ამ აღსარებას დაუდებს; რადგან: ათასი სათნოებაც რომ შევიძინოთ, უკეთუ საფუძვლად სწორი აღმსარებლობა არ გვექნება, უვარგისს ავაგებთ. ამბობს რა, ეკლესიაჲ ჩემი, ამით წარმოაჩენს, რომ იგია მეუფე ყოველივესი, რამეთუ ყოველივე ღმერთს ემსახურება. ბჭენი ჯოჯოხეთისანი - მდევნელებია, რომელნიც ქრისტიანებს ჯოჯოხეთისკენ აგზავნიან; ერეტიკოსებიც კარებია, რომელსაც ჯოჯოხეთში შეჰყავს. ამგვარად, ეკლესიამ მრავალ მდევნელსა და ერეტიკოსზე გაიმარჯვა. ყოველი ჩვენგანი ეკლესიაა, რადგან სახლია ღმრთისა. ასე რომ, უკეთუ ქრისტეს აღმსარებლობაზე მტკიცედ ვდგავართ, ბჭენი ჯოჯოხეთისანი, ანუ ცოდვები ჩვენზე ვერ გაიმარჯვებენ. ამაღლებულ იქნა რა ამ ბჭეთა ზედა, დავითმა თქვა: რომელმან აღმამაღლე მე ბჭეთაგან სიკუდილისათა (ფს. 9.15). რომელ ბჭეთაგან, დავით? ორი ბჭისაგან - მკვლელობისა და მრუშობისა.

19. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.
- ქრისტე, ვითარცა ღმერთი და ძალაუფლების მქონე, ეუბნება: როგორც მამამ შენ გამოცხადება გიბოძა, ასევე მე გასაღებს მოგცემ. გასაღებში ცოდვათა შემკვრელი და გამხსნელი მიტევებანი ან აკრძალვანი იგულისხმე, რადგან, მათ, რომელნიც მსგავსად პეტრესი, ეპისკოპოსოპის მადლის მიღების ღირსი გახდნენ, მიტევებაც ხელეწიფებათ და შეკვრაც თუმცა მხოლოდ პეტრეს მიმართ თქვა: მიგცნე შენ, მაგრამ ყველა მოციქულს მიეცა; როდის? როცა უფალმა უთხრა მათ: "ვისაც თქვენ მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ". მიგცნე მომავალ, ანუ აღდგომის შემდეგ დროს აღნიშნავს. ზეცად სათნოებანი იწოდება, ხოლო მათ გასაღებად - ღვაწლნი, რადგან სათნოებათაგან თითოეულში, თითქოსდა რაღაც გასაღებს ვარგებდეთ, ღვაწლით შევდივართ. უკეთუ მე მხოლოდ ვიცი, რა არის სიკეთე, მაგრამ საქმით არ ჩავდივარ, ე. ი. მხოლოდ ცოდნის გასაღები მაქვს და გარეთ დავრჩები. ცათა ანუ სათნოებათა შინა შეკრულია ის, ვინც მათში არ შეაბიჯებს, ხოლო გახსნილი - ვინც გულმოდგინეა. მაშ, ნუღარ შევცოდავთ, რათა საკუთარმა ცოდვებმა არ გაგვთოკოს.

20. მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა რაჲთა არავის უთხრან, ვითარმედ იგი არს იესუ ქრისტე.
- ქრისტეს სურდა, რომ ჯვარცმამდე მისი დიდება ჩრდილში დარჩენილიყო, რადგან უკეთუ ადამიანები ვიდრე ვნებამდე მოისმენდნენ, რომ იგი ღმერთია და შემდეგ წამებულს ნახავდნენ, როგორღა არ ცდუნდებოდნენ? ამგვარად, თავი მრავალთათვის იმიტომ დაფარა, რომ შემდგომად აღდგომისა, რაჟამს სული სასწაულებით ყოველივეს სწორად წარმოაჩენდა, ცდუნების გარეშე შეეცნოთ.

21 . მიერითგან იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ჯერ-არს მისა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და ფრიად ვნებაჲ მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა, და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.
- უფალი წინასწარ ეუბნება მოწაფეებს მომავალი ვნების შესახებ, რათა, როცა ჟამი მისი მოულოდნელად დადგებოდა, არ ცდუნებულიყვნენ და არ ეფიქრათ, რომ საკუთარი ნების წინააღმდეგ ეწამა და თანაც ისე, რომ წინასწარ არაფერ იცოდა. ამიტომაც ვნების თაობაზე მოწაფეებს მაშინ უმჟღავნებს, როცა მათ პეტრეს აღსარების შედეგად შეიტყვეს, რომ იგი ძე ღმრთისა იყო. მაგრამ სამწუხარო ამბავს სასიხარულოსაც ურთავს, სახელდობრ, რომ მესამე დღეს აღდგებოდა.

22. და მოუჴდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე.
- რაც გაცხადდა, პეტრემ ის სწორად აღიარა, ხოლო იმაში, რაც დაფარული იყო, შეცდა, რათა ვიცოდეთ, რომ გარეშე ღმრთისა, ვერც იმ დიდს (იხ. მუხლი 15-16) წარმოთქვამდა. არ იცოდა რა აღდგომის საიდუმლო, პეტრეს არ სურდა ქრისტე ვნებულიყო და ამიტომაც უთხრა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე.

23. ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან, სატანა, საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა.
- იმის გამო, რაც პეტრემ სწორად თქვა, ქრისტემ მას ნეტარი უწოდა, ხოლო როცა უგუნური შიში გამოიჩინა და არ სურდა, რომ იგი ვნებულიყო, საყვედურით უთხრა: წარვედ ჩემგან, სატანა. სატანაში მოწინააღმდეგე იგულისხმება. წარვედ ჩემგან, ანუ წინ ნუკი აღუდგები ჩემს ნებას, არამედ მოჰყევ მას. პეტრეს ასე იმიტომ უწოდა, რომ ქრისტეს წამება სწორედ სატანას არ უნდოდა. ამგვარად, ეუბნება: შენ კაცობრივი განსჯით ფიქრობ, რომ მე ტანჯვა არ შემეფერება, მაგრამ არ გესმის, რომ ღმერთი ხსნას მისით აღასრულებს, და ამიტომაც ყველაზე მეტად შემფერის.

24. მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.
- როდის "მაშინ?"- როცა პეტრე გაკიცხა. უნდოდა რა ეჩვენებინა, რომ პეტრე, რომელიც ტანჯვისთვის აბრკოლებდა, შეცდა, ეუბნება მას: შენ გინდა დამაბრკოლო, მაგრამ მე გეტყვი, რომ შენ არა მხოლოდ ის გავნებს, რომ მე არ ვეწამო, არამედ გადარჩენას ვერ შეძლებ, თუკი თვითონაც არ მოკვდები, ისევე როგორც ყველა სხვაც: კაცი იქნება ის თუ ქალი, ღარიბი, თუ მდიდარი. რომელსა ჰნებავსო - ამბობს, რათა აჩვენოს, რომ სათნოება თავისუფალი არჩევანის საქმეა და არა ძალდატანებისა. ქრისტეს კი ის შეუდგება, ვინც მას არა მხოლოდ ღმრთის ძედ აღიარებს, არამედ ყველა საშინელებასაც გამოცდის და დაითმენს. უვარ-ყავნ თავი თჳსი - ამბობს და წინდებულ από - ს (ἁπαρνησάσθω) იმის გამოსახატავად იყენებს, რომ უარყოფა სრული უნდა იყოს, ე. ი. აღარაფერი საერთო უნდა ჰქონდეს სხეულთან და საკუთარ თავს არად აგდებდეს, როგორც ჩვეულებისამებრ ვამბობთ ხოლმე, რომ ვინმე ვინმეზე უარს ამბობს ნაცვლად იმისა, ვთქვათ, არც მეგობარი ჰყავს და არც ნაცნობიო. ამრიგად, იმისთვის, რომ ჯვარი ავიღოთ ანუ სიკვდილი ავირჩიოთ და ამასთან, სამარცხვინო სიკვდილი გულმოდგინედ ვეძიოთ, სხეულისადმი არავითარი სიყვარული არ უნდა გვქონდეს; ასეთი სიკვდილი ძველებისათვის ჯვარცმა იყო. მაგრამ ამბობს: და შემომიდეგინ მე, რადგან ჯვარს მრავალ ავაზაკსა და ქურდს აცვამენ, მაგრამ ისინი ჩემი მოწაფენი როდი არიან. შემომიდეგინ, ანუ ყველა სხვა სათნოებაც აჩვენე. თავის თავს უარყოფს ის, ვინც გუშინ თავაშვებული იყო, დღეს კი, თავშეკავებულია. ასეთი იყო პავლე, რომელმაც უარყო თავი თვისი და თქვა: ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე (გალატ. 2.20). ქრისტემ ჯვარი აირჩია, და მოაკვდინა რა თავისი თავი, ჯვარს ეცვა სოფლისათვის.

25. რამეთუ უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.
- ჩვენც წამებისაკენ აღგვძრავს. ვინც უფალს უარყოფს, იგი თავის სულს მოიპოვებს, ანუ იხსნის, აწმყოსათვის, მაგრამ ღუპავს მომავლისათვის, ხოლო ქრისტესათვის ღუპავს სულს ის, ვინც მისთვის ეწამება, მაგრამ მას უხრწნელს მოიპოვებს მარადიულ ცხოვრებაში.

26-27. რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა? რამეთუ მოსლვად არს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.
- ვთქვათ და, მთელი სამყარო მოიგე, - გვეუბნება, - რა სარგებელი გექნება სხეულის კეთილდღეობით, უკუეთუ სული შავ დღეშია? ეს იმას ჰგავს, დიასახლისი დახეულ ძონძებს ატარებდეს, ხოლო მოახლენი - ბრწყინვალე სამოსელს. არავის შეუძლია ხომ მომავალ ცხოვრებაში გამოსასყიდის მიცემა თავისი სულისათვის; აქ შეგვიძლია მისთვის ცრემლნი, სულთქმანი და მოწყალებანი გავიღოთ, იქ კი - არა. იქ თითოეულს საქმეთა მიხედვით მოუყიდველი მსაჯული განგვსჯის, რომელიც საშიშიც იქნება, რადგან ანგელოზთა თანხლებით დიდებითა თვისითა მოვა და არა დამცირებული.

28. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა.
- თქვა რა, რომ ძე კაცისა დიდებითა თვისითა მოვა, მათ დასარწმუნებლად ამბობს: ზოგიერთნი აქა მდგომარეთაგან, ფერისცვალებისას, რამდენადაც ეს მათ ხელეწიფებათ, მეორედ მოსვლის დიდებას იხილავენ. ამასთან, იმასაც აჩვენებს, ვითარი დიდება ექნებათ მათ, რომელნიც მისთვის ეწამებიან, რადგან, როგორც მაშინ გაბრწყინდა მისი ხორცი, ასევე გაბრწყინდებიან წმინდანებიც მეორედ მოსვლის ჟამს. აქ იგი პეტრეზე, იაკობსა და იოვანეზე მიანიშნებს, რომელნიც მთაზე აიყვანა და სასუფეველი თვისი ანუ მომავალი მდგომარეობა უჩვენა, როცა თვითონაც მოვიდოდა და მართალნიც გაბრწყინდებოდნენ. ამიტომაც ამბობს: ზოგიერთი აქ მდგომი მანამდე არ მოკვდება, ვიდრე ჩემს ფერისცვალებას არ იხილავსო. ყურადღება მიაქციე, რომ იესოს ბრწყინვალე ფერისცვალებას ისინი იხილავენ, რომელნიც კეთილად და მტკიცედ დგანან და მარადის რწმენითა და მცნებათა დაცვით წარემატებიან.

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24
თავი 25 თავი 26 თავი 27 თავი 28