ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მათეს სახარების განმარტება

 

თავი პირველი

1. წიგნი შობისა.
- რატომ არ გამოიყენა აქ წმიდა მათემ მსგავსად წინასნარმეტყველთა "ხილვა" ან "სიტყვა" ნაცვლად შობისა? ისინი ხომ ასე წერდნენ: ხილვა, რომელი იხილა ესაია (ეს. 1.1), ან: სიტყვა, რომელი იყო ესაიასადმი (ეს. 2.1). გსურს გაიგო რატომ? წინასწარმეტყველები გულქვასა და ურჩ ხალხს მიმართავდნენ და იმიტომაც ამბობდნენ ეს საღმრთო ხილვა და ღმრთის სიტყვა არისო, რომ ხალხი შიშით მოკიდებოდა და მათი ნათქვამი აბუჩად არ აეგდო. მათე კი მორწმუნე, კეთილგონიერ და ამასთან დამჯერე ხალხს მიმართავდა და ამიტომ იმგვარს, რაც წინასწარმეტყველთა თქვეს, წინასწარ არაფერს ამბობს. სათქმელი სხვაც მაქვს: ის, რაც წინასწარმეტყველებმა იხილეს, გონებით იხილეს, სულიწმიდით წარმოისახეს და ამიტომაც უწოდებდნენ ხილვას, ხოლო მათემ ქრისტე გონებით კი არ იხილა და განჭვრიტა, არამედ გრძნობიერად იყო მასთან, გრძნობიერად უსმენდა და ხორციელად ჭვრეტდა. ამიტომაც არ თქვა: "ხილვა, რომელი ვიხილე", ან "წარმოსახვა", არამედ წიგნი შობისა.

იესო.
- სახელი "იესო" ბერძნული არ არის, არამედ ებრაულია და თარგმანში მაცხოვარს ნიშნავს, რამეთუ სიტყვით "იაო" ებრაელები ხსნას, ცხოვრებას გამოხატავენ.


ქრისტესი.
- ქრისტეს მეფეებს და მღვდელმთავრებს უწოდებდნენ. რადგან მათ წმინდა ზეთს სცხებდნენ. რომელიც რქაში იდგა და თავზე გადმოაპირქვავებდნენ ხოლმე. უფალს ეწოდება ქრისტე, როგორც მეფეს, რომელიც ცოდვის წინააღმდეგ გამეფდა, და როგორც მღვდელმთავარს, რომელმაც თავისი თავი ჩვენთვის მსხვერპლად მიიტანა. ის ხომ ცხებულია ჭეშმარიტი ზეთით - სულიწმიდით და ცხებულია სხვებზე აღმატებულად, რადგან სხვას ვის ჰქონდა ისეთი სული, როგორიც უფალს? წმინდანებში მადლი სულისა წმიდისა მოქმედებდა, ხოლო ქრისტეში მადლი სულისა წმიდისა კი არ მოქმედებდა, არამედ თავის ერთარს სულთან ერთად სასწაულებს თვით ქრისტე აღასრულებდა.


ძისა დავითისი.
- მას შემდეგ, რაც მათემ თქვა "იესო", დაუმატა "ძისა დავითისი", რათა შენ სხვა იესო არ იგულისხმო, რადგან სხვა იესოც იყო ცნობილი, რომელიც ებრაელებს მოსეს შემდეგ წინამძღოლობდა, მაგრამ მას ნავეს ძე ეწოდებოდა და არა დავითისა. იგი დავითამდე მრავალი თაობით ადრე ცხოვრობდა და იუდას ტომიდან კი არ იყო, საიდანაც დავითი წარმოიშვა, არამედ სხვა ტომიდან.


ძისა აბრაჰამისი.
- რატომ დააყენა მათემ დავითი აბრაჰამის წინ? იმიტომ, რომ დავითი უფრო ცნობილია, იგი აბრაჰამის შემდეგ ცხოვრობდა და დიდებული მეფე იყო. ღმრთის გული ისრაელში მეფეთაგან პირველმა მან მოიგო და მისგან აღთქმაც მიიღო იმის თაობაზე, რომ ქრისტე მისი თესლიდან აღდგებოდა, ამიტომაც უწოდებდა ქრისტეს ყველა დავითის ძეს. დავითმა ქრისტეს წინასახე მართლაც დაიმარხა: როგორც ის გამეფდა ღმრთისაგან მოძულებული და დამხობილი საულის ნაცვლად, ასევე ხორციელად მოსული ქრისტე ჩვენზე შემდეგ გამეფდა, რაც ადამი მოაკლდა სამეფოსა და მეფობას, რომელიც მას ყველა არსებასა და დემონებზე ჰქონდა.


2. აბრაჰამმა შვა ისაკი.
- მახარებელი ქრისტეს გენეალოგიას აბრაჰამით იწყებს, რადგანაც იგი იყო მამა ებრაელთა და პირველად მან მიიღო აღთქმა, რომ ყველა ხალხი მისი თესლით იკურთხეოდა. მაშასადამე, ქრისტეს გენეალოგიის მისგან დაწყება მართებულია, რადგანაც ქრისტე აბრაჰამის თესლია, რომლითაც ჩვენ ყეელამ, ვინც ადრე წარმართნი და დაწყევლილნი ვიყავით, კურთხევა მივიღეთ. აბრაჰამი ითარგმნება როგორც "მამა ერებისა", ისაკი კი, როგორც "სიხარული", "სიცილი". მახარებელი აბრაჰამის უკანონო შვილებს, მაგალითად, ისმაელსა და სხვებს, არ ახსენებს, რადგან იუდეველნი არა მათგან, არამედ ისაკისაგან წარმოიშვნენ.

2-3. ისაკმა შვა იაკობი. იაკობმა შვა იუდა და ძმანი მისნი.
- ხედავ, იუდა და ძმანი მისნი იმიტომაც მოიხსენია, რომ თორმეტი შტო მათგან წარმოიშვა.


4. იუდამ თამარისაგან ფარეზი და ზარა შვა.
- იუდამ თამარი ცოლად თავის ძეთაგან ერთ-ერთს, ჰერს შერთო, ხოლო როცა ჰერი უშვილოდ მოკვდა, იგი ცოლად ავნანს მისცა, რომელიც აგრეთვე მისი შვილი იყო. როცა თავისი სამარცხვინო საქციელის გამო სიცოცხლეს ისიც მოაკლდა, იუდას თამარი აღარავისზე აღარ დაუქორწინებია. მაგრამ რადგანაც თამარს აბრაჰამის თესლისგან შვილების ყოლა ძლიერ უნდოდა, ქვრივის სამოსი გაიხადა, ვითარცა მეძავი, ისე შეიმოსა და თავის მამამთილს შეერთო, ვისგანაც ტყუპები ჩაესახა. როცა მშობიარობის ჟამი დადგა, ერთ-ერთმა ბავშემა საშოდან ხელი გამოყო, თითქოს პირველად ის უნდა დაბადებულიყო. ბებია ქალმა გამოყოფილ ხელზე მყისვე წითელი ძაფი შეაბა, რათა სცოდნოდა პირველი რომელი დაიბადებოდა, მაგრამ მან ხელი უკანვე წაიღო და ჯერ მეორე ბავშვი დაიბადა, ხოლო შემდეგ უკვე ის, რომელმაც ხელი პირველმა გამოყო. ამიტომაც პირველად დაბადებულს ფარეზი ეწოდა, რაც, "მეყოვნებას" ნიშნავს, რამეთუ მან ბუნებრივი რიგი დაარღვია, ხოლო მას, ვინც ხელი უკან შეყო - ზარა.
ეს ისტორია ერთგვარ საიდუმლოზეც მიგვანიშნებს. ვითარცა ზარამ ხელი ჯერ გამოაჩინა, ხოლო შემდეგ ისევ უკან წაიღო, ასეთივეა ქრისტესმიერი მოქალაქეობა. იგი წმინდანებში ჯერ კიდევ სჯულამდე და წინადაცვეთამდე გამოჩნდა, რადგან ისინი არა სჯულისა და მცნებათა დაცვით, არამედ იმით, რომ სახარებისმიერი მოქალაქეობით იცხოვრეს, განმართლდნენ. შეხედე აბრაამს, ვინც მამა და სახლი ღმრთის გამო დატოვა და ბუნებას განუდგა. შეხედე იობს, მელქისედეკს! სჯულის მოსვლით ამგვარი ცხოვრება დაიფარა, მაგრამ ვითარცა იქ, შემდგომად ფარეზის შობისა, მოგვიანებით კვლავ ზარა გამოვიდა, ასევე სახარებისეული ცხოვრებაც, სჯულის მოცემის შემდეგ, მოგვიანებით განბრწყინდა, ნითელი ძაფით ანუ ქრისტეს სისხლით აღბეჭდილი. მახარებელმა ეს ორი ყრმა იმიტომაც ახსენა, რომ მათი დაბადება რაღაც საიდუმლოს მოასწავებდა. გარდა ამისა, თუმცაღა თამარი, რომელიც იმის გამო, რომ მამამთილს ჭეერთო, ალბათ, ქებას არ იმსახურებს, მახარებელმა მაინც მოიხსენია, რათა ეჩვენებინა, რომ ქრისტემ, ვინც ჩვენთვის ყოველივე იტვირთა, ამგვარი წინაპრებიც შეიწყნარა, უფრო ზუსტად: იგი თვითონ იშვა მათგან, რათა განეწმინდა, რადგან მოვიდა წოდებად არა მართალთა, არამედ ცოდვილთა.


3-5. ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; სალმონ შვა ბოოს რექაბისგან;
- ზოგიერთები ფიქრობენ, რომ რექაბი ის მეძავი რააბია, რომელმაც ისო ნავეს მსტოვარნი (მზვერავნი) შეიწყნარა, ისინიც გადაარჩინა და თვითონაც გადარჩა. მათემ რექაბი გაიხსენა, რათა ეჩვენებინა, რომ მსგავსად მისა წარმართთა მთელი კრებულიც მეძავი იყო, რადგან თავისი საქმეებით მეძაობდა. მაგრამ ის წარმართნი, რომელთაც ისოს მზვერავნი ანუ მოციქულები შეიწყნარეს და მათი სიტყვები ირნმუნეს, ყველა გადარჩა.
ბოოს შვა იობედ რუთისგან.
- ეს რუთი სხვა ტომიდან იყო, მაგრამ ბოოსს მაინც შეეუღლა. ასევე წარმართების ეკლესიამაც, რომელიც სხვა იყო და არც აღქთმანი ჰქონდა მიცემული, თავისი ხალხი, კერპთა თაყვანისცემა და თავისი მამა-ეშმაკი დაივიწყა და ძე ღმრთისას მიერ სასძლოდ იქნა შეწყნარებული.


5-6. იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან;
- და ურიის ცოლიც მათემ აქ იმის საჩვენებლად მოიხსენია, რომ წინაპართა გამო კი არ უნდა გვერცხვინებოდეს, არამედ მათ განბრწყინვებას ჩვენი სათნოებით უნდა შევეცადოთ, და, რომ ღმერთს ყველა, ვისაც სათნოება აქვს, თუნდაც მეძავისგან იყოს შობილი, ესათნოება.


7-11. სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია; ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა.
- ბაბილონში გადასახლება იმ ტყვეობას ეწოდება, რომელიც შემდგომში დაითმინეს ებრაელებმა, როცა ყველანი ერთად ბაბილონში წაასხეს, ბაბილონელებს ბრძოლა მათთან სხვა დროსაც ჰქონდათ, მაგრამ შედარებით ნაკლებ ზიანს აყენებდნენ, ხოლო ამჯერად ისინი სამშობლოდან საერთოდ გაასახლეს.


12-16. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.
- რატომ არის აქ გადმოცემული გენეალოგია იოსებისა და არა ღმრთისმშობლისა? რა წილი უდევს იოსებს ამ უთესლოდ შობაში? იოსები ხომ ქრისტეს ნამდვილი მამა არ ყოფილა, რომ გენეალოგია მისგან იწყებოდეს! მაშ, მოისმინე: რამდენადაც იოსებს მართლაც არავითარი წილი არ უდევს ქრისტეს შობაში, ამიტომ აქ ღმრთისმშობლის გენეალოგია უნდა ყოფილიყო გადმოცემული, მაგრამ რადგანაც არსებობდა კანონი, რომლითაც გენეალოგიის გადმოცემა ქალის ხაზით არ შეიძლებოდა, ქალწულის გენეალოგია არც მათემ გადმოგვცა. გარდა ამისა, იოსების გენეალოგიის გადმოცემით მისიცაა გადმოცემული, რადგან არსებობდა კანონი რომლის მიხედვითაც კაცს ცოლი არა სხვა ტომიდან, მოდგმიდან და გვარიდან, არამედ მისივე ტომიდან და გვარიდან უნდა მოეყვანა. რადგან კანონი ასეთი იყო, ცხადია, იოსების გენეალოგიით ღმრთისმშობლის გვარტომობაც გადმოიცა, რადგანაც ღმრთისმშობელი მისივე ტომისა და გვარის იყო. ასე რომ არ ყოფილიყო, მარიამი მასზე როგორ დაიწინდებოდა? ამგვარად მახარებელმა თუმცა კი დაიცვა კანონი, რომელიც გენეალოგიის გადმოცემას ქალის ხაზით კრძალავდა, მაგრამ მოგვცა რა გენეალოგია იოსებისა, ღმრთისმშობლის გვარტომობაზე მაინც მოგვითხრო. იოსებს მარიამის ქმარი მან საერთო ჩვევის მიხედვით უწოდა, რადგანაც ჩვენ ჩვევად გვაქვს დამწინდველს დაწინდულის ქმარი მანამდე ვუწოდოთ, ვიდრე ქორწილი შედგება.


17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.
- მათემ თაობები სამ ნაწილად დაყო, რათა იუდეველთათვის ეჩვენებინა, რომ მსაჯულებისაგან იმართებოდნენ, როგორც ეს დავითამდე იყო, თუ მეფეები განაგებდნენ, რაც ბაბილონის ტყვეობამდე გაგრძელდა თუ მდვდელმთავრებს ემორჩილებოდნენ, როგორც ქრისტეს მოსვლის წინ, სულერთია, სათნოებისათვის მაინც ვერავითარ სარგებელს ვერ იღებდნენ და ისეთ ჭეშმარიტ მსაჯულს, მეფესა და მღვდელმთავარს საჭიროებდნენ, როგორიც ქრისტეა. რაჟამს, თანახმად იაკობის წინასწარმეტყველებისა, მეფობა შენყდა, ქრისტე მოვიდა. მაგრამ ბაბილოვნის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე თოთხმეტი თაობა როგორღა არის, როცა მხოლოდ ცამეტი პირი ჩანს? გენეალოგიაში რომ ქალის შეყვანა შეიძლებოდეს, მარიამს მივათვლიდით და რიცხვიც შესრულდებოდა, მაგრამ ქალი გვარტომობის სიაში არ შედის; მაშ, ეს საკითხი როგორღა უნდა გადაიჭრას? ზოგიერთები ამბობენ, რომ მათემ "გადასახლება" (ტყვეობა) რიგს, როგორც პირი, ისე მიათვალა.


18. ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო, რამეთუ: თხოვილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსებისა.
- რისთვის დაუშვა ღმერთმა ეს დაწინდვა და საერთოდ, რატომ მისცა ადამიანებს საბაბი ეჭვისა, რომ იოსებმა იგი შეიცნო? იმიტომ, რომ ქალწულს ჭირთა შინა მფარველი ჰყოლოდა. ეგვიპტეში ლტოლვისას ხომ იოსებმა იზრუნა მასზე და გადაარჩინა იგი. გარდა ამისა, იმისთვისაც დაიწინდა, რომ ეშმაკს დამალვოდა, რადგან უკეთუ ეშმაკი ქალწულის მუცლადღებას შეიტყობდა, თვალთვალს დაუწყებდა; ამგვარად, მარიამი იოსებზე მატყუარას მოსატყუებლად დაიწინდა. ქორწილი მხოლოდ გარეგნულად შედგა, საქმით - არა.
და ვიდრე შერთვამდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა. - შერთვა აქ შეერთებას (ერთად ყოფნას) ნიშნავს. მარიამმა მუცლად მანამდე იღო, ვიდრე შეერთდებოდნენ. ამიტომაც წამოიძახა განცვიფრებულმა მახარებელმა "იპოვა"’-ო, თითქოს რაღაც მოულოდნელზე თქვა


19. ხოლო იოსებ, ქმარი ამისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი.
- როგორ შეიძლებოდა იოსები მართალი ყოფილიყო, როცა სჯული მრუშის გამოაშკარავებას, ე. ი. მხილებასა და დასჯას ბრძანებდა, მან კი ცოდვის დაფარვა განიზრახა, რითაც სჯული დაარღვია? ეს საკითხი უპირველესად იმ აზრით უნდა გადავნყვიტოთ, რომ იოსები სწორედ ამ განზრახვის გამო იყო მართალი. მას არ სურდა მკაცრი ყოფილიყო, არამედ პირიქით, კაცთმოყვარეობითა და დიდი სიკეთით სჯულის მცნებებზე მაღალი ცხოვრებით მცხოვრებმა, თავისი თავი სჯულზე ამაღლებულად წარმოაჩინა და მისი, ვინც სულიწმიდისაგან იყო მიდგომილი და არა მრუშობით, გამოაშკარავება და დასჯა არ მოინდომა; არამედ ნახე, რას ამბობს მახარებელი: იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა. ვინ იპოვა? იოსებმა, ე. ი. მან შეიცნო, რომ მარიამმა სულისაგან წმიდისა იღო მუცლად. მისი ფარულად განტევებაც იმიტომ განიზრახა, რომ ვერ გაკადნიერდა ცოლად ჰყოლოდა ის, ვინც ესოდენ დიდი მადლის მიღების ღირსი შეიქნა.


20. და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა მას და ჰრქუა.
- ამ მერყეობის ჟამს მართალს ანგელოზი გამოეცხადა და ასწავლა, როგორ უნდა მოქცეულიყო. ძილში იმიტომაც გამოუჩნდა, რომ მტკიცე რწმენა ჰქონდა. მწყემსებს, როგორც განუსწავლელებს, ანგელოზი ცხადში ესაუბრება, ხოლო იოსებს, ვითარცა მართალსა და მორწმუნეს - ძილში. როგორ არ უნდა ერწმუნა, როცა ანგელოზმა ის ასნავლა, რასაც თავისთავში განსჯიდა და რის შესახებაც არავისთან არაფერი ჰქონდა ნათქვამი? როცა თავისთვის ფიქრობდა, მაგრამ არავის არაფერს ეუბნებოდა, ანგელოზი მაშინ გამოეცხადა; ამიტომ, რაღა თქმა უნდა, ირწმუნა, რომ იგი ღმრთისაგან იყო, რადგან ის, რაც ხმამაღლა არ თქმულა, მხოლოდ ღმერთმა იცის.


იოსებ, ძეო დავითისო.
- დავითის ძედ უხმო მას, რათა შეეხსენებინა წინასწარმეტყველება, რომ ქრისტე დავითის თესლისაგან უნდა ყოფილიყო. უთხრა რა ეს, ანგელოზმა იოსებს შეაგონა, ურწმუნოება არ გამოეჩინა და დავითზე ეფიქრა, ვინც ქრისტეს შესახებ აღთქმა მიიღო.


ნუ გეშინინ მიყვანებად.
- აქ მახარებელი გვიჩვენებს, რომ იოსებს მისი მოყვანისა ეშინოდა, რათა მრუშის ცოლად ყოლით ღმერთი არ განერისხებინა, ან სხვაგვარად: ნუ გეშინინ ანუ გეშინოდეს მისი შეხებისა, ვინც მუცლად სულიწმიდისაგან იღო, მაგრამ ნუ შეგეშინდება "მიყვანებად" ანუ მისი შინ ყოლისა, რამეთუ გონებითა და ფიქრით იგი უკვე გაშვებული ჰყავდა.


მარიამისა, ცოლისა შენისა.
- ამით ანგელოზი ეუბნება: "შეიძლება შენ ფიქრობ, რომ იგი მრუშია, ხოლო მე გეუბნები, რომ შენი ცოლია, ანუ არავის განუხრწნია, არამედ შენი სასძლოა".


რამეთუ რომელი-იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს.
- ე. ი. იგი არა მხოლოდ შორსაა უკანონო კავშირისაგან, არამედ მუცლად ღმრთეებრივი სახით იღო და ამგვარად, შენც სიხარული უფრო გმართებს.


21. შვეს ძე.
- რათა ვინმეს არ ეთქვა: "რატომ უნდა დაგიჯერო შენ, რომ სულისაგან წმიდისა არს?" ანგელოზი მომავალზე ამბობს, რომ ძე იშვება. უკეთუ ამ შემთხვევაში მართალი გამოვდგები, მაშინ, ცხადია, ჭეშმარიტება იქნება ისიც, რომ სულისაგან წმიდისა იშვება. არ უთქვამს: "შენ გიშობს", არამედ უბრალოდ "იშვება", რადგან მარიამი არა მისთვის, არამედ მთელი სამყაროსათვის შობდა და მადლიც არა მხოლოდ მასზე, არამედ ყველაზე გარდამოვიდოდა.


და უწოდიან სახელი მისი იესუ.
- რაღა თქმა უნდა, შენ უწოდებ, ვითარცა მამა და ვითარცა მფარველი ქალწულისა, რადგან იოსებმა შეიტყო თუ არა, რომ მუცლადღება სულისაგან წმიდისა იყო, ქალწულის უპატრონოდ გაშვებაზე აღარც უფიქრია, პირიქით, ყველაფერში ეწეოდა.


რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათაგან.
- აქ განმარტებულია, რას ნიმნავს "იესო", სახელდობრ, "მაცხოვარს", რადგანაც ნათქვამია, რომ მან "იჴსსნეს ერი თჳსი ცოდვათაგან" - ოღონდ, არა მხოლოდ იუდეველები, არამედ ის წარმართებიც, რომელნიც ისწრაფვიან იწამონ იგი და მის ერად იქცნენ. რისგან უნდა იხსნას? ომებისაგან ხომ არა? რა თქმა უნდა, არა, არამედ ცოდვათაგან მათთა. აქედან ცხადია, რომ ის, ვინც უნდა იშვეს, ღმერთია, რადგანაც ცოდვათა მიტევება მხოლოდ ერთს - ღმერთს ხელეწიფება.


22. ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ პირითა წინასწარმეტყუელისაჲთა თქუმული.
- ნუ იფიქრებ, რომ ეს ღმერთმა ცოტა ხნის წინათ განიზრახა, არამედ პირველითგან, დასაბამიდანვე. შენ, იოსებ, ვითარცა წინასწარმეტყველთა მცოდნემ და სჯულსა შინა განსწავლულმა, უფლის ნათქვამს დაუფიქრდი, რადგან მახარებელმა არა ესაიას მიერ თქმულიო თქვა, არამედ უფლისაგანო, ანუ კაცმა კი არ თქვა, არამედ ღმერთმა კაცისა პირით; ასე რომ, წინასწარმეტყველება სავსებით სარწმუნოა.


23. აჰა ქალწული მიუდგეს.
- ებრაელები ამბობენ, რომ წინასწარმეტყველთან არა "ქალწული", არამედ "ახალგაზრდა ქალი" წერია. მათ უნდა ვუთხრათ, რომ, რამდენადაც ახალგაზრდა ქალს განუხრწნელს უწოდებს, ამდენად წმინდა წერილში "ახალგაზრდა ქალი" იგივეა, რაც "ქალწული". შემდეგ: უკეთუ ქალწული არ შობდა, ნიშანი და სასწაული როგორღა იქნებოდა? მოუსმინე, რას ამბობს ესაია: "ამისთვის უფალი თქვენ ნიშანს თავად მოგცემთ" (ეს. 6.14), და მაშინვე უმატებს: "აჰა ქალწული" და ა. შ. რადგანაც უკეთუ ქალწული არ შობდა, არც სასწაული იქნებოდა. ასე რომ, ებრაელები წმინდა წერილს ბოროტი განზრახვით აყალბებენ და ტექსტში ნაცვლად "ქალწულისა" "ახალგაზრდა ქალს" სვამენ: თუმცა, მიუხედავად იმისა, "ახალგაზრდა ქალი" ეწერება თუ "ქალწული", ყველა შემთხვევაში ის უნდა მივიჩნიოთ, რომ ქალწულმა შვა, რათა ეს შობა სასწაულებრივი იყოს.


შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი.
- ებრაელები ამბობენ, თუკი ეს ასეა, მაშინ რატომ არ იწოდა იგი ემმანუელად, არამედ იესო ქრისტედ? ამის თაობაზე უნდა ვთქვათ, რომ წინასწარმეტყველი არ ამბობს: "უწოდებ", არამედ "უწოდიან", ანუ თავად საქმენი უჩვენებენ, რომ ღმერთია, თუმცაღა ჩვენთან იცხოვრებს. საღმრთო წერილი ხომ სახელებს საქმეთაგან აძლევს, როგორც მაგალითად: "უწოდე სახელი მისი, მსწრაფლ იავარ-ჰყავ" (ეს. 8,3), მაგრამ სად და ვის ეწოდა ასეთი სახელი? რამდენადაც უფლის შობასთან ერთად ცდომილება3 იავარყოფილ და დატყვევებულ იქნა, ამიტომაც ითქვა, რომ, მიიღო რა სახელი საქმისაგან თვისისა, ასე იწოდა.


24. და განიღჳძა იოსებ ძილისა მისგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან.
- დაუკვირდი, გამოღვიძებულმა სულმა რა მსწრაფლ ირწმუნა.


და წარიყვანა ცოლი თჳსი.
- მარიამს მათე ყოველთვის იოსების ცოლს უწოდებს, რათა ბოროტი ეჭვი განაგდოს და გვასწავლოს, რომ იგი სწორედ მისი ცოლი იყო და არა სხვა ვინმესი.


25. და არა იცოდა იგი ვიდრემდე შვა.
- ანუ არასოდეს აღრეულა მასთან, რამეთუ "ვიდრემდე" აქ იმას კი არ ნიშნავს, რომ თითქოს შობამდე არ იცოდა იგი და მერე შეიცნო, არამედ იმას, რომ არც არასოდეს შეუცვნია იგი. ასეთია თავისებური ენა წმინდა წერილისა, როგორც მაგალითად: არ დაბრუნებულა ყორანი კიდობანში "ვიდრე განხმობამდე ნყლისა ქუეყანისაგან" (დაბ. 8,6), მაგრამ იგი ხომ არც ამის შემდეგ დაბრუნებულა, და კიდევ: "მე თქუენ თანა ვარ ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მთ. 28,20) და აღსასრულის შემდეგ აღარ იქნება? მაშინ მით უმეტეს! მსგავსად ამისა, აქაც სიტყვები "ვიდრემდე შვა" იმ აზრით გაიგე, რომ იოსებს იგი არც შობამდე და არც შობის შემდგომად შობისა არ შეუცვნია, რადგან, როგორ შეეხებოდა ამ სიწმინდეს, როცა მისი გამოუთქმელი შობის შესახებ კარგად უწყოდა?


ძე იგი მისი პირმშოჲ.
- პირმშოს მას იმის გამო კი არ უწოდებს, რომ თითქოს მარიამმა მეორე შვილიც შვა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ იგი პირველი და ერთადერთი იშვა. ქრისტე პირმშოა, რადგან პირველი იშვა და მხოლოდშობილი, რადგან ძმა არ ჰყოლია.


და უწოდა სახელი მისი იესუ.
- იოსებმა ამ შემთხვევაშიც მორჩილება გამოიჩინა, რადგან ისე მოიქცა, როგორც ანგელოზმა უთხრა.


1 - ქრისტე ბერძნულად ცხებულს ნიშნავს.
2 - ქართული ტრადიციით ნავეს ძის სახელად არა ”იესო”, არამედ ”ისო” დამკვიდრდა.
3 - იგულისხმება კერპთაყვანისმცემლობა.

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24
თავი 25 თავი 26 თავი 27 თავი 28