1. და ვითარცა იხილა იესუ ერი იგი, აღვიდა მთასა. - მთაზე ადის, რითაც გვასწავლის, რომ მოსაჩვენებლად არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. განზრახული აქვს რა, რომ გვასწავლოს, გვარიგებს, რომ რაჟამს ვსწავლობთ, ხმაურს უნდა გავშორდეთ. და დაჯდა იგი მუნ. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი. - ბრბო მიდის მასთან, რათა სასწაულები იხილოს, ხოლო მოწაფენი - რათა განისწავლონ. ამიტომ სასწაულთა აღსრულებითა და სხეულთა განკურნებით, იგი სულებსაც კურნავს, რათა ვისსავლოთ, რომ თვითონ არის შემოქმედი სულისაც და ხორცისაც.
2. და აღაღო პირი თჳსი. - რისთვისაა დართული "აღაღო პირი თჳსი?" ჩანს, რომ ზედმეტია, მაგრამ არა; მანამდე იგი პირის გაუღებლად ასწავლიდა, როგორ? ცხოვრებითა და სასწაულებით. ახლა კი აღაღო პირი და ასწავლის. ასწავებდა მათ და ეტყოდა, არა მხოლოდ მოწაფეებს, არამედ მთელ ხალხს. სწავლებას ნეტარებით იწყებს, ისევე როგორც დავითმაც ნეტარებით დაიწყო.
3. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ. - წინ სწევს სიმდაბლეს, ვითარცა საფუძველს ცხოვრებისა, რამდენადაც ადამი ქედმაღლობის გამო დაეცა, ქრისტე ჩვენ სიმდაბლის გამო აღგვადგენს. ადამს ხომ იმედი ჰქონდა, რომ ღმერთი გახდებოდა. გლახაკნი სულითა - ესენი სულით შემუსრვილნი არიან.
4. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ. - ე. ი. ისინი, რომელნიც არა რაღაც ცხოვრებისეულს, არამედ ცოდვებს გლოვობენ. "მგლოვარენი"-ო ამბობს, ანუ არა ისინი, რომელთაც ერთხელ იგლოვეს, არამედ რომელნიც მარადის გლოვობენ და თანაც არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მახლობელთა ცოდვების გამოც. ისინი ხომ ნუგეშინისცემულნი აქვე არიან, რადგან, ვინც ცოდვათა გამო გლოვობს, სულით აქვე ხარობს და მით უმეტეს იხარებს იქ.
5. ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ. -ზოგიერთი "ქვეყანაში" სულიერ ქვეყანას ანუ ზეცას გულისხმობს, მაგრამ შენ ეს ქვეყანაც იგულისხმე. რაკი საერთოდ მშვიდნი უგულვებელსაყოფად და არად ჩასაგდებად ითვლებიან, ამიტომაც ამბობს, რომ უპირატესნი არიან და ყველაფერი აქვთ. მაგრამ მშვიდს იმათ კი არ უწოდებს, რომელნიც არასოდეს მრისხანებენ (რადგან ამგვარნი გონებაჩლუნგნი არიან), არამედ, რომელნიც მრისხანებას კი განიცდიან, მაგრამ თავს იკავებენ და მაშინ მრისხანებენ, როცა ეს საჭიროა.
6. ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ. - როცა განზრახული აქვს გულმოწყალებაზე ისაუბროს, პირველად გვაჩვენებს, რომ სამართლიანობასთან ზიარებაა საჭირო და რომ მიტაცებულიდან მოწყალების გაღება არ შეიძლება. სიმართლე დიდი გულმოდგინებით უნდა ვეძიოთ, რადგან რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის ამას ნიშნავს. რაკი ანგარებისმოყვარენი კმაყოფილებად და მაძღრებად წარმოგვიდგებიან, ამიტომაც ამბობს, რომ მით უფრო მართალნი განძღებიან აქვე, რადგან თავიანთ ქონებას უსაფრთხოდ ფლობენ.
7. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ. - მონყალების გაცემა არა მხოლოდ ქონებით, არამედ სიტყვითაც შეიძლება, ხოლო უკეთუ არცერთი გაქვს, - ცრემლებით. ისინი კაცთაგან აქაც იქნებიან შეწყალებულნი, რადგან მას, ვინც გუშინ მოწყალებას გასცემდა, ხოლო დღეს აღარაფერი აქვს, ყველა შეიწყალებს, მაგრამ კიდევ უფრო დიდ წყალობას ღმრთისგან იქ მიიღებს.
8. ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ. - ბევრი არა თუ მძარცველი, არამედ მოწყალეც კი არის, მაგრამ მრუშობს და ამგვარად სხვა მხრივ ბიწიერია. ბოლო ქრისტე სხვა სათნოებებთან ერთად სიწმინდის, ანუ უბიწოების დაცვასაც ბრძანებს, და თანაც - არა მხოლოდ სხეულით, არამედ გულითაც, რადგან უფალს, სიწმინდისა და უბიწოების დაუცველად, ვერავინ იხილავს. ისევე როგორც სარკე, გამოსახულებას მაშინ აირეკლავს, თუ იგი სუფთაა, ასევე ღმრთის ჭრეტაცა და წმინდა წერილის გულისხმისყოფაც მხოლოდ წმინდა სულს ხელეწიფება.
9. ნეტარ იყვნენ მშჳდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ. - იგულისხმება არა მხოლოდ ისინი, რომელნიც ყველასთან მშვიდობით ცხოვრობენ, არამედ ისინიც, რომელნიც გადამტერებულებს ერთმანეთთან არიგებენ. მშვიდობისმყოფელია, აგრეთვე, ისიც, ვინც ღმრთის მტრებს სწავლებით მისკენ მიაქცევს. ამგვარნი ღმრთის ძენი არიან, რადგან ღმერთთან ჩვენ მისმა მხოლოდშობილმა ძემ შეგვარიგა.
10. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ. - არა მხოლოდ მოწამენი იდევნებიან, არამედ მრავალი სხვაც, ჩაგრულთა შემწეობისა და საერთოდაც ყოველგვარი სათნოებისა გამო, რადგან ყველა სათნოება სიმართლეა. მპარავნიცა და კაცისმკვლელნიც იდევნებიან, მაგრამ ისინი ნეტარნი არ არიან.
11. ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ. - და ბოლოს უფალი მოციქულებს ეუბნება, რომ ლანძღვის მოთმენა ყველაზე მეტად მოძღვრებს ჰმართებთ. და თქუან ყოველი სიტყვაჲ ბოროტი თქუნდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს. - ყველა გალანძღული კი არაა ნეტარი, არამედ ის, ვინც ქრისტესათვის, ან უსამართლოდ ილანძღება. უკეთუ ეს ორი მიზეზი არ არსებობს, იგი უბედურია, რადგანაც მრავალთათვის საცდური ხდება.
12. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა. - სხვა სათნოებებთან დაკავშირებით დიდ საზღაურზე უფალი არაფერს ამბობს. აქ კი ამბობს და ამით გვაჩვენებს, რომ დათმენა ლანძღვისა დიდი და უძნელესი საქმეა. ბევრმა სიცოცხლე ამის გამო თვითონვე მოისწრაფა. თვით იობიც კი, რომელმაც სხვა განსაცდელნი დაითმინა, განსაკუთრებით მაშინ აღშფოთდა, როცა მეგობრებმა დააყვედრეს, რომ თითქოს ცოდვის გამო იტანჯებოდა. რამეთუ ეგრეთვე დევნნეს წინასწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა. - მოწაფეებს რომ არ ეფიქრათ, დევნილნი ქრისტეს სწავლების რაღაც საწინააღმდეგო ქადაგებისთვის ვიქნებითო, უფალი ანუგეშებს მათ და ეუბნება, რომ თქვენამდე სათნოებისათვის წინასწარმეტყველნი იდევნებოდნენო, ამიტომაც ნუგეში იმათ ტანჯვაში გექნებათო.
13. თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი. - წინასწარმეტყველნი ერთ ხალხთან იგზავნებოდნენ, თქვენ კი მთელი ქვეყნის მარილი ხართ, რომელნიც უძლურებს სწავლებითა და მხილებით განამტკიცებთ, რათა მათ მარადიული მატლი არ შობონ. ამიტომაც ნუ უარყოფთ სიმწარეს მხილებისა, თუნდაც ამისთვის გაყვედრებდნენ და გდევნიდნენ თქვენ. ამიტომაც ამბობს: უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა-მე დაიმარილოს? არღარა შემძლებელნ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ. - უკეთუ მოძღვარი გაუგნურდება, ე. ი. არც ამხელს და არც განამტკიცებს, არამედ თვითონვე მოუძლურდება, რითი დაიმარილება ანუ გამოსწორდება? მაშინ მას მასწავლებლის პატივი უნდა წაერთვას და დაითრგუნოს, ანუ მოძულებულ იქნეს.
14. თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. - პირველად მარილი უწოდა, შემდეგ - ნათელი, რადგან ის, რაც დაფარულ საქმეებს ამხელს, ნათელია. ყოველივე, რაც ცხადდება, ნათელია. მოციქულებმა კი არა ერთი ხალხი, არამედ მთელი სამყარო გაანათეს. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა. - უფალი მოძღვრავს მათ, რომ იმოღვაწეონ და საკუთარ ცხოვრებას ყურადღებით მოეკიდონ, რადგან ყველას მზერა მათკენ იქნება მიპყრობილი. ნუ იფიქრებთ, - ეუბნება მათ, რომ დაიმალებით, არამედ, პირიქით, ყეელასათვის საჩინო იქნებით. ამიტომაც თვალყური ადევნეთ, რომ უბიწოდ იცხოვროთ, რათა სხვებისთვის საცდურად არ იქცეთო.
15. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. - მეო, ამბობს, აღვანთე დაუშრეტელი ნათელი მადლისა. დაე, თქვენი მოღვაწეობის საქმეც ის იყოს, რომ ნათელი თქვენი ცხოვრებისა სხვებსაც უნათებდეს.
16. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა. - ის კი არ უთქეამს, "თქვენ აჩვენეთ თქვენი სათნოება"-ო (რადგან ეს კარგი არ იქნებოდა), არამედ თვითონ იგი ბრწყინავდეს ისე, რომ თქვენი მტრებიც ჰკვირობდნენ და არა თქვენ, არამედ თქვენს ზეციერ მამას ადიდებდნენო. ამიტომაც, როცა ჩვენ კეთილ საქმეს ვაკეთებთ, იგი არა საკუთარი თავის, არამედ ღმრთის სადიდებლად უნდა ვაკეთოთ.
17. ნუ ჰგონებთ ვითარმედ მოვედ დაჴსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად.
- რადგანაც ახალი სჯულის შემოღება აქვს განზრახული, ღმრთის მოწინააღმდეგედ რომ არ ჩათვალონ და მრავალთა მხრიდან ამგვარი ეჭვიც აიცილოს, ამბობს, რომ მოვიდა არა დასახსნელად სჯულისა, არამედ უფრო აღმასრულებლად. და როგორ აღასრულა? უწინარესად აღსრულებით ყოველივე იმისა, რასაც მის შესახებ წინასწარმეტყველები ამბობდნენ. ამიტომაც იმეორებს მახარებელი ასე ხშირად: რათა აღესრელოს თქუმული იგი წინასწარმეტყუელისა მიერ. შემდეგ, მან აღასრულა ყველა მცნება სჯულისა. რადგან ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა (1 პეტ. 2,22). სჯული მან სხვა მხრივაც აღასრულა, ანუ შეავსო, კერძოდ სრულად შემოხაზა ის, რასაც სჯულისაგან აჩრდილის სახე ჰქონდა მიცემული. ის ასწავლიდა: "არა კაც ჰკლა", ხოლო ეს - უბრალოდ ნუ განურისხდები!
- მსგავსად მხატვრისა, პირველმონახზი მან უფრო შეავსო, ვიდრე წაშალა.
18. ამენ გეტყჳ თქუენ.
- ამენ (ჭეშმარიტად) მტკიცებითი (დადასტურებითი) ნაწილაკია, ნაცვლად ამისა: დიახ, თქვენ გეუბნებით. ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს სჯულისაგან და წინასწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს.
- უფალი აქ გვიჩვენებს, რომ სამყარო წარხდება და სახეს შეიცვლის, მაგრამ ვიდრე ყოველივე დგას, უმცირესი ასოც კი სჯულისა არ დაიკარგება. ერთნი "იოტასა" და "რქაში" სჯულის ათ მცნებას გულისხმობენ, მეორენი - ჯვარს. იოტა (ι) სწორი ძელია ჯვრისა, ხოლო რქა -გადამკვეთი და ამბობენ, რომ თქმული ჯვრის შესახებ აღსრულდება.
19. უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწავოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა.
- უმცირეს მცნებებს მათ უწოდებს, რომელთა გადმოცემაც თვითონ ჰქონდა განზრახული და არა მცნებებს სჯულისა. უმცირესებად სახელსდებს სიმდაბლისა გამო, რათა მოკრძალება მოძღვრების წინაშე შენც გასწავლოს. უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა ნაცვლად ამისა: "აღდგომისას უკანასკნელი იქნება და გეჰენიასა შინა შთავარდება", რადგან იგი ვერ შევა ცათა სასუფეველში, სასუფეველში კი აღდგომა მოიაზრე. ხოლო რომელმან ყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა.
- პირველად დგას "ყოს" და შემდეგ "ასწავოს", რადგანაც, როგორ უნდა წარვუძღვე იმ გზაზე სხვებს, რომლითაც მე თავად არ მივლია? მეორე მხრივ, უკეთუ მე ვყოფ, მაგრამ არ ვასწავლი, შესაძლოა, არა თუ საზღაური არ მივიღო, არამედ დავისაჯო კიდეც, თუკი შურისა ან სიზარმაცისა გამო არ ვასწავლიდი.
20. ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.
- უფალი სიმართლეს ყველა სათნოებას უწოდებს, როგორც ეს იობზეა ნათქვამი: "ხოლო იყო იობი კაცი მართალი და ყოვლისაგან უბიწო" (იობ. 1,1). ამგვარად, შეძრწუნდი, კაცო, რაჟამს მოიაზრებ, რამდენი რამ მოგვეთხოვება. შემდეგ გვასწავლის, როგორ აღვემატოთ (მწიგნობრებსა და ფარისევლებს) და სათნოებებს ჩამოთვლის.
21. გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანა-მდებ არს სასჯელისა (გამოს. 20.13).
- მაგრამ ვინ თქვა, არ ამბობს, რადგანაც რომ ეთქვა: მამამან ჩემმან უთხრა ძველებს, ხოლო მე თქვენ გეუბნებითო, მამის საწინააღმდეგო სჯულის დამდგენლად გამოჩნდებოდა. რომ ეთქვა, "მე ვეუბნებოდი ძველებსო", მის სიტყვებს აღარავინ მოუსმენდა. ამიტომაც განუსაზღვრელად ამბობს: ითქუა პირველთა მათ მიმართ-ო. ამ სიტყვებით იგი აჩვენებს, რომ სჯული მოძველდა, ხოლო უკეთუ მოძველდა და გაქრობას მიუახლოვდა, მისი დატევება და ახლისკენ სწრაფვაა საჭირო.
22. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა;
- წინასწარმეტყველნი, როცა წინასწარმეტყველების გადმოცემას განიზრახავდნენ, აცხადებდნენ: "ამას ამბობს უფალი". ხოლო ქრისტე, გვიჩვენებს რა თავის ღმრთეებრივ ძალაუფლებას, ამბობს: მე გუებნებით, რადგან ისინი მონები იყვნენ, ეს კი ძეა და ყოველივე, რაც მამას აქვს, მასაც ეკუთვნის. ვინც თავის ძმას ცუდად განურისხდება, იგი დაისჯება, მაგრამ ის, ვინც ძმაზე გონივრულად, მისი აღზრდის მიზნით, ან სულიერი მოშურნეობისა გამო, მრისხანებს, არ დაისჯება. პავლემაც უთხრა მრისხანების სიტყვები ელიმე მოგვსა და მღვდელმთავარს, მაგრამ არა ტყუილუბრალოდ, არამედ მოშურნეობისა გამო. ცუდად ვმრისხანებთ ჩვენ მაშინ, როცა მრისხანება ქონების ან დიდების გამო გვიპყრობს.
და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა რაკა, თანა-მდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად.
- კრებულში ებრაელთა სამსჯავრო იგულისხმება, ხოლო "რაკა" იმავეს ნიშნავს, რასაც "შენ". ჩვენ ჩვევად გვაქვს, მას ვისაც არაფრად ვაგდებთ, მივმართოთ: "მოდი, შენ". სურს რა ჩვენი აღზრდა, უფალი გვასწავლის, რომ შედარებით უმნიშვნელოსაც ყურადღებით მოვეკიდოთ და ერთმანეთს პატივით მოვეპყრათ. ზოგიერთის თქმით, "რაკა" სირიულად არად ჩასაგდებს ნიშნავს. ამგვარად, ვინც ძმას უპატიოდ მოექცევა და არად ჩასაგდებს არარაობას უწოდებს, წმინდა მოციქულთა კრებულს გადაეცემა, რაჟამს ისინი თორმეტი ტომის განსასჯელად დასხდებიან.
და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა.
- ბევრი ამბობს და თვლის, რომ ეს მძიმე და მკაცრი განაჩენია, მაგრამ არა. ნუთუ ის, ვინც ძმას გონებასა და აზროვნებას ართმევს, რომელთა წყალობითაც ჩვენ ცხოველებისგან განვირჩევით, არ არის ღირსი გეჰენიისა? ვინც ილანძღება და სხვას შეურაცხყოფს, სიყვარულს არღვევს, ხოლო როცა სიყვარული ირღვევა, სათნოებანიც ნადგურდება, რომელნიც მხოლოდ მასთან თანაარსებობის პირობებში არიან მტკიცენი. ამგვარად, ყოველი, ვინც შეურაცხყოფს, ყველა სათნოებას არღვევს, რითაც სიყვარულსაც ანადგურებს და ამიტომაც ცეცხლსაც სამართლიანად მიეცემა.
23-24. უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი. - ღმერთი მისთვის პატივის მიგებასაც უგულებელყოფს, ოღონდ კი ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს. სიტყვებს: "ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს" სხვა აღარაფერი დაამატა, რადგან სამართლიანად აქვს წყენა შენს მიმართ თუ უსამართლოდ, მაინც უნდა შეურიგდე! არ უთქვამს, უკუეთუ შენ ხარ გულ-ძჳრად მის მიმართო, არამედ იგი თუ არს გულძჳრ შენთჳსო, ეცადე შემოირიგოო, ხოლო მანამდე შესაწირავის დატოვებას გიბრძანებს, რათა შენ შერიგების აუცილებლობა გაგრძნობინოს, რადგან უკეთუ ძღვენის შეწირვა გსურს, აუცილებლად უნდა შეურიგდე. ამასთან, იგი გვიჩვენებს, რომ ჭეშმარიტი მსხვერპლი სიყვარულია.
25-26. იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან – მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე. ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაჲსკნელი კოდრატი. - ზოგიერთი თვლის, რომ მოცილეში (წინამოსაჯული) ეშმაკი იგულისხმება, ხოლო გზაში - ცხოვრება, და ფიქრობს, რომ უფალი შემდეგს შეგვაგონებს: ვიდრე ამ ცხოვრებასა შინა ხარ, კავშირი გაწყვიტე ეშმაკთან, რათა შემდეგში მან ცოდვაში მხილება შენი, რომ რაღაც გქონდა მისი, ვერ შეძლოს და სასჯელს მანამდე არ გადაეცე, ვიდრე უმცირეს ცოდვასაც კი არ დათმობ (კოდრატი ხომ ორი ლეპტის ტოლია). ხოლო შენ მოიაზრე, რომ უფალი ამას აქაურ მოცილეებზე ამბობს და გვასწავლის: მათთან ერთად არ გავსამართლდეთ და ღმრთის საქმეებიდან არ გადავუხვიოთ. კიდევაც რომ შეურაცხგყოს, სამსჯავროში ნუ წაიყვან, არამედ გზაშივე შეურიგდი, რათა უარესი ტანჯვა არ შეგემთხვეს მოცილეს ძლიერებისა გამო.
27. გესმა, რამეთუ ითქვა, არა იმრუშო. მრუშობა სხვაა და სიძვა სხვა, მრუშობა შეცოდებაა ქმრიანთან, ხოლო სიძვა - განტევებულთან.
28. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა. - ვინც შესათვალიერებლად შეჩერდება და მზერით გულისთქმა აღეგზნება, მაგრამ მზერას, კიდევ უფრო დიდი ნდომით, მაინც გააგრძელებს, მან უკვე ჩაიდინა თავის გულში ცოდვა მრუშობისა. თუ საქმეც არ მიუმატა, მერე რა? არ შეეძლო და იმიტომ, რომ შეძლებოდა, უკეთურ საქმეს მყისვე აღასრულებდა. ისე კი იცოდე: უკეთუ სურვილი გაგვიჩნდება, მაგრამ მისი საქმით აღსრულებისას დაბრკოლებას წავაწყდებით, ცხადია, რომ მადლის მფარველობის ქვეშ ვიმყოფებით. ასევე ქალებიც, თუკი ისინი იმისთვის ირთვებიან, რომ ვინმეს თავი მოაწონონ, კიდევაც რომ არ მოიწონონ, მაინც სცოდავენ, რადგანაც მათ შეამზადეს სასმელი, რომელიც არავინ შესვა.
29-30. უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა. და უკუეთუ მარჯუენე ჴელი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და არა ყოველი გუამი შენი შთავარდეს გეჰენიასა. - როცა თვალსა და ხელზე ისმენ, ნუ იფიქრებ, რომ ეს სხეულის ნაწილების შესახებ ითქვა, რადგან მაშინ ორივე შემთხვევაში "მარჯუენე"-ს არ დაუმატებდა. არამედ მათში მოჩვენებითი მეგობრები იგულისხმება, რომელნიც სინამდვილეში ვნებას გვაყენებენ. ასე მაგალითად: ახალგაზრდას გარყვნილი მეგობრები ჰყავს, რომელნიც მას ვნებენ. მოიკვეთე ისინი - გეუბნება უფალი. ამით, უკეთუ გონებას მოეგებიან, შესაძლოა, შენ იხსნა ისინი, ხოლო უკეთუ არა - საკუთარი თავი მაინც გადაირჩინო; მაშინ, როცა, თუ მათთან მეგობრობას არ მოეშვები, შენც დაიღუპები და ისინიც.
31. თქუმულ არს, რამეთუ რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი, მიეცინ მას განსატევებელი. - მოსემ ბრძანა, რომ უკეთუ ვინმე ცოლს მოიძულებდა, შეეძლო გაყროდა მას, რათა უარესი არ მომხდარიყო, რადგან ის, ვისაც მოიძულებენ, შეიძლება მოკლან კიდეც. გაყრილისათვის მას განთავისუფლების წერილი უნდა მიეცა, რომელსაც განტევების წერილიც ეწოდებოდა, რათა უკან აღარასოდეს მიბრუნებულიყო და იმის გამო, რომ ქმარი უკვე სხვასთან ცხოვრობდა, შფოთი არ წარმოშობილიყო.
32. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა. - უფალი მოსეს რჯულს კი არ არღვევს, არამედ ასწორებს და ქმარს ცოლის უგუნური მიზეზით მოძულებას უკრძალავს. უკეთუ საფუძვლიანი მიზეზით, ანუ როგორც მემრუშეს გაუშვებს, არ განისჯება, ხოლო უკეთუ გაშვების მიზეზი მრუშობა არ იქნება, მაშინ სამსჯავროს გადაეცემა, რადგან სიძვისაკენ უბიძგა. მაგრამ ვინც გაშვებულს [52]მიიღებს, ისიც მემრუშეა, რამეთუ რომ არ მიეღო, შესაძლოა, უკან დაბრუნებულიყო და ქმარს დამორჩილებოდა. ქრისტიანი კი მშვიდობისმყოფელი უნდა იყოს სხვების და, მით უმეტეს, საკუთარი ცოლის მიმართ.
33. კუალად გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მისცე უფალსა ფიცი შენი. - ე. ი. როცა იფიცებ, მართალი უნდა იყო.
34-35. ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად ყოვლადვე ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ; ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი არს ფერჴთა მისთაჲ; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ. - რაკი იუდეველებმა მოუსმინეს ღმერთს, რომელიც ამბობდა: "ცა ტახტია ჩემთვის, ხოლო ქუეყანა კვარცხლბეკი"-ო, მათ იფიცებდნენ. უფალი უკრძალავს მათ დაფიცებას, მგრამ არა იმიტომ, რომ ცა მშვენიერია და ვრცელი, ხოლო დედამიწა - სარგებლიანი, არამედ იმიტომ, რომ რამდენადაც ერთი მათგანი ტახტია ღმრთისა, ხოლო მეორე - კვარცხლბეკი, არ უნდოდა საბაბი ჰქონოდათ კერპთაყვანისმცემლობისათვის, რადგან სტიქიები მათ მიერ, ვინც მათ იფიცებდა, ღმერთებად იქცეოდნენ, როგორც ეს ძველად ხდებოდა.
36. ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისაცა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად. - თავისი თავის დაფიცება მხოლოდ ღმერთს შეუძლია, რამდენადაც ის არავისზე არაა დამოკიდებული. ჩვენ კი, რომელთაც ჩვენი თავი არ ხელგვეწიფება, საკუთარი თავი როგორღა უნდა დავიფიცოთ? იგი ხომ სხვისი კუთვნილებაა. უკეთუ თავი შენი შენია, მაშინ შეცვალე, თუ შეგიძლია, თუნდაც ერთი ღერი თმისა.
37. არამედ იყავნ სიტყუაჲ თქუენი ჰჱ ჰე და არაჲ არა. - შენ რომ არ გეთქვა: - მაშინ როგორღა დავაჯეროო. გეუბნება: დააჯერებ, უკეთუ ყოველთვის სიმართლეს იტყვი და არასოდეს დაიფიცებ, რადგან ისე არავინ კარგავს ნდობას, როგორც ის, ვინც მაშინვე ფიცს იწყებს.
ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგან არს. - ფიცი, გარდა "ჰოსი" და "არასი", ზედმეტია და ეშმაკისაა; მაგრამ შენ იკითხავ: ნუთუ სჯული მოსესი, რომელიც დაფიცებას ბრძანებს, უვარგისი იყო? მაშინ იცოდე, რომ იმ დროისათვის დაფიცება არ იყო ცუდი, ხოლო ქრისტეს შემდგომ კი უკვე ცუდია, ისევე როგორც წინადაცვეთა და საერთოდ იუდეველობა. ხომ შვენის ჩვილებს ძუძუს წოვა, მაშინ როცა იგი კაცისათვის სამარცხვინოა.
38. გესმა, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ (გამოს. 21,24) - სჯულმა, დამდაბლდა რა ჩვენამდე, სამაგიეროს თანაბრად მიზღვა შეიწყნარა, რათა იმის შიშით, რომ ისევე გადაეხდებოდათ, ერთმანეთისათვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ.
39. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა. - ბოროტს აქ უფალი ეშმაკს უწოდებს, რომელიც ადამიანში მოქმედებს. ე. ი. ეშმაკს წინ არ უნდა აღვუდგეთ? რა თქმა უნდა, უნდა აღვუდგეთ, მაგრამ არა დარტყმით ჩვენი მხრიდან, არამედ მოთმინებით, რადგანაც ცეცხლს ცეცხლით კი არ აქრობენ, არამედ წყლით. ნუ იფიქრებ, რომ აქ მხოლოდ ლოყაში გარტყმაზეა საუბარი, არამედ ყოველგვარ დარტყმასა და შეურაცხყოფაზე.
40. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი. - მიეცი მას ზედა სამოსიც შენი, ოღონდ მაშინ, უკუეთუ სამსჯავროზე გადაგცემს და გაწყენინებს და არა მაშინ, როცა უბრალოდ მოგთხოვს. პერანგს (კვართი) ჩვენ საკუთრივ შიგნით ჩასაცმელს ვუწოდებთ, ხოლო სამოსელს იმას, რასაც ზემოდანაც ვიცვამთ. მაგრამ ეს სახელები ერთმანეთის ნაცვლადაც იხმარება.
41. და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა. - რა სამოსელსა და პერანგზე ვლაპარაკობ? - ამბობს უფალი. თვით შენი სხეულიც დაანებე მას, ვინც ძალით მიგათრევს და იმაზე მეტი გააკეთე, ვიდრე მას სურს.
42. და რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე-მიიქცევი. - გინდ მტერი იყოს, გინდ მეგობარი, გინდაც ურწმუნო, ფულს გთხოვს, თუ სხვა რამ დახმარებას, უარს ნუ ეტყვი. ხოლო სესხს, ამბობს უფალი, ვახშით კი ნუ გასცემ, არამედ ისე, მოყვასის სასარგებლოდ, რადგან იგი სჯულის დროსაც სარგებლის გარეშე გაიცემოდა.
43-44. გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი. - სათნოებათა მწვერვალს მისწვდა, რადგან რა არის ამაზე დიდი? და არც შეუძლებელია; ხომ უყვარდათ მოსესა და პავლეს საკუთარ თავზე მეტად, იუდეველები, რომელნიც მათ მტრობდნენ? მტერი უყვარდა ყველა წმინდანსაც.
და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. - პატივი მათ მართლაც უნდა მივაგოთ ვითარცა ქველმოქმედებს, რადგან ყოველი, რომელიც გვდევნის და გვაცდუნებს, ცოდვებისათვის სასჯელს გვიმცირებს; მეორე მხრივ, დიდ ჯილდოს ამისთვის ღმერთიც გვიბოძებს. აბა, მოუსმინე:
45. რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა. - ხედავ, რამხელა სიკეთეს განიჭებს შენ ის, ვისაც სძულხარ და შეურაცხგყოფს, უკეთუ მოთმენას მოისურვებ? წვიმასა და მზეში როგორც ცოდნას, ასევე მოძღვრებასაც გულისხმობს, რადგან ღმერთი ყველას განანათლებს და განსწავლის.
46. უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან. - ვძრწოდეთ, რადგან მეზვერეებზე უარესები ვართ, ჩვენ ხომ ისინიც გვძულს, ვისაც ვუყვარვართ.
47-48. და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიანა? იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს. – ადამიანთაგან ერთნი, - მეგობარნი, გიყვარდეს, ხოლო მეორენი გძულდეს, არასრულყოფილებაა; სრულყოფილება ისაა, ყველა გიყვარდეს.
---
1 - იგულისხმება დავით მეფისა და წინასწარმეტყველის ფსალმუნები, რომელნიც ასე იწყება "ნეტარ არის კაცი...".
2 - ყველაზე წვრილი სპილენძის მონეტა.