ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მათეს სახარების განმარტება

 

თავი მეოცე

1-7. რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე. ხოლო მათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ. - სასუფეველი ცათა ქრისტეა, რომელიც, მიიღო რა ჩვენი ხატი, ადამიანს დაემსგავსა. იგი არის უფალი სახლისა, რამდენადაც სახლზე ანუ ეკლესიაზე მეუფებს. ეს ქრისტე მამის წიაღიდან გამოდის და ვენახში სამუშაოდ, ე. ი. საღმრთო წერილისა და მისი მცნებების შესასწავლად, მუშებს ქირაობს. იგი ყოველ ადამიანს ქირაობს, რათა ვენახში იმუშაოს, ანუ საკუთარი სული სრულყოს. ერთს დილით, ე. ი. ყრმობის ასაკში ქირაობს, მეორეს - მესამე ჟამს, ე. ი. სიჭაბუკეში, სხვას - ექვსსა და ცხრა ჟამზე (საათზე), ე. ი. 25-30 წლისას, ანუ დავაჟკაცების ასაკში, ხოლო თერთმეტი საათისათვის - მოხუცებს, რადგან მრავალმა მოხუცებულობის ასაკშიც იწამა. ან სხვაგვარად: დღეში ახლანდელი საუკუნე იგულისხმება, რადგან ჩვენ მის მანძილზე, ვითარცა დღის განმავლობაში, ისე ვიღვწით. პირველ საათზე უფალმა ენოქსა და ნოეს მოუწოდა, მესამეზე - აბრაამს, მეექვსეზე - მოსეს, მეცხრეზე - წინასწარმეტყველებს, ხოლო მეთერთმეტზე, ანუ საუკუნეთა დასასრულს - წარმართებს, რომელნიც ყველა კეთილი საქმისთვის უმოქმედონი იყვნენ. ისინი არავინ დაიქირავა, ანუ წარმართებთან არცერთი წინასწარმეტყველი არ მივლინებულა.

8-16. და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავენაჴისამან ეზოჲს-მოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც მათ სასყიდელი; იწყე უკუანაჲსკნელთაგან, ვიდრე პირველთამდე. მოვიდეს მეათერთმეტისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი. მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი. ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყუენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არარას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ? მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ. ესრეთ იყვნენ წინანი უკანა, და უკანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ. - საღამო საუკუნის დასასრულია. დასასრულს ყველა იღებს თითო-თითო დინარს - სულიწმიდის მადლს, რომელიც ადამიანს ღმრთის მსგავსად აქცევს და ღმრთეებრივ ბუნებასთან აზიარებს. უმეტესად ისინი დაშვრნენ, რომელნიც ქრისტემდე ცხოვრობდნენ, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დათრგუნვილი სიკვდილი, არც ეშმაკი შემუსვრილი და ცოდვაც ჯერ კიდევ ცოცხლობდა. ხოლო ჩვენ ქრისტეს მადლითა და ნათლისღების წყალობით განვმართლდით და მივიღეთ ძალა ჩვენს მტერზე გამარჯვებისა, ქრისტეს მიერ ერთხელ უკვე დამარცხებულისა და მოკვდინებულისა. პირველი განმარტების მიხედვით, იმათ, რომელთაც სიჭაბუკეშივე ირწმუნეს, უფრო მეტი ჯაფა დაადგათ, ვიდრე მათ, რომელნიც ქრისტესთან სიბერეში მივიდნენ. რადგან ჭაბუკი ვნებებთან ბრძოლისას ტვირთად სიმძიმეს რისხვისა და სიცხეს გულისთქმისას იღებს, მოხუცს კი ისინი აღარ აღელვებენ. მიუხედავად ამისა, ორივენი სულიწმიდისაგან ერთნაირი მადლის ღირსნი ხდებიან. ეს იგავი გვასწავლის, რომ, სინანულის წყალობით, ცათა სასუფევლის მიღება სიბერეშიც შეიძლება, რადგან მეთერთმეტე ჟამი მოხუცებულობას ნიშნავს. მაგრამ ხომ არ აღეძვრებათ წმინდანებს შური იმათ მიმართ, რომელთაც იგივე ჯილდო მიიღეს? არავითარ შემთხვევაში. აქ მხოლოდ ისაა ნაჩვენები, რომ სიკეთე, რომელიც მართლებს ეძლევათ, იმდენგვარია და იმდენი, რომ, შესაძლოა, შურიც აღძრას.

17-21. და ვითარცა აღვიდოდა იესუ იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილად. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ტანჯვად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს. მაშინ მოუჴდა იესუს დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ ძეთა მისთა თანა, თაყუანის-სცემდა მას და ითხოვდა რასმე მისგან. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: რაჲ გნებავს? ჰრქუა მას: თქუ, რაჲთა დასხდენ ორნი ესე ძენი ჩემნი ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა სასუფეველსა შენსა.
- ზებედეს ძენი ფიქრობდნენ, რომ უკეთუ უფალი იერუსალიმში წავიდოდა, ამქვეყნიური მეფე გახდებოდა, რადგან ხშირად ესმოდათ, როგორ ამბობდა: იერუსალიმში ავიდეთო. განიზრახეს რა კაცობრივად, დედა დაარწმუნეს მისულიყო მასთან, რადგან თვითონ აშკარად მისვლისა შერცხვათ, თუმცა, როგორც მარკოზი გვამცნობს, ფარულად თვითონაც მივიდნენ. იგი გვეუბნება: მივიდნენ მასთან იაკობი და იოვანე, ე. ი. ისინი შეუმჩნევლად და ფარულად მისულან.

22. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა იცით რასა ითხოვთ. ძალ-გიცა შესუმად სასუმელი, რომელი მე მეგულების შესუმად, ანუ ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო ნათლის-ღებად? ხოლო მათ ჰრქუეს: ძალ-გჳც
- დატოვა რა დედა უყურადღებოდ, უფალმა პასუხი შვილებს გასცა, რათა ეჩვენებინა, რომ იცოდა: მათ აიძულეს დედა მასთან მისულიყო, და უთხრა: არა იცით, რასა ითხოვთ, არ იცით, რომ ეს თვით ანგელოზთა ძალებისთვისაც კი დიდია და საკვირველი. ამის შემდეგ, ამგვარი ფიქრებისაგან რომ გამოეყვანა, მათი გონება განსაცდელთაკენ წარმართა. იმიტომ კი არ ჰკითხა, რომ არ იცოდა, არამედ იმიტომ, რომ პასუხის გაცემით იძულებული გაეხადა ისინი სენი სულისა გამოეაშკარავებინათ და ცდა არ დაეკლოთ დაპირებულის აღსრულებისათვის. უფალი ამას ამბობს: რამდენადაც ჩემს სამეფოში წილი მას, ვინც ჩემს ტანჯვას არ გაიზიარებს, არ ექნება, მითხარით მე, შეგიძლიათ ამგვარ ვნებათა დათმენა? სასუმელს იგი საკუთარ ტანჯვასა და სიკვდილს უწოდებს, რათა გვაჩვენოს, რომ, ერთი მხრივ, ეს ტანჯვა სასმისის შესმასავით იოლია და ამიტომ მასთან მიახლება ჩვენც უნდა გვეიოლებოდეს, ხოლო მეორე მხრივ, რათა ცხადყოს, რომ სიკვდილზე თავისი ნებით მიდის. ისევე როგორც, ვინც სასმელს შესვამს, უმალ მძიმდება და იძინებს, ასევე ტანჯვის სასმისის გამომცლელიც სიკვდილის ძილს ეძლევა. თავის სიკვდილს იგი ნათლობას უწოდებს, რადგან მისით ყოველი ჩვენგანი განგვწმინდა. მათ აღთქმა (დაპირება) ისე მისცეს, არც იცოდნენ, ლაპარაკი რაზე იყო და საერთოდაც ყოველივეს ადვილად აღუთქვამდნენ, ოღონდ კი ის მიეღოთ, რაც სურდათ.

23. ჰრქუა მათ იესუ: სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ, ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა.
- ვიცი, რომ თქვენ ტანჯვას დაითმენთ; და მართლაც ასე მოხდა: იაკობი ჰეროდემ მოაკვლევინა, ხოლო იოვანე ტრაიანემ გაასამართლა, რადგან იგი ჭეშმარიტების სიტყვას ამოწმებდა. სიტყვები: ხოლო დაჯდომაჲ არა არს ჩემი მიცემად,... არამედ ვიეთდა განმზადებულ არს - ნიშნავს: უკეთუ აღმოჩნდება ვინმე, რომელსაც, გარდა იმისა, რომ ტანჯვას დაითმენს, ყველა სხვა სათნოებაც ექნება, ჯილდოს მიიღებს, - მისთვის, ვითარცა მოღვაწისათვის, გვირგვინია განმზადებული. ჰიპოდრომზე გამართუღ შეჯიბრზე, მეფესთან, რომელიც ჯილდოებს არიგებს, ვინმე რომ მივიდეს, ვისაც არ უასპარეზია და უთხრას: მომეც მე გვირგვინი, მომნიჭებელო ჯილდოებისა, თუმცა შეჯიბრში მონაწილეობა არ მიმიღიაო, ხომ ეტყვის მეფე: ვერ მოგცემ ტყუილად გვირგვინს, რომელიც იმისთვის განმზადდა, ვინც იასპარეზა და გაიმარჯვა. ასევე ამბობს აქ ქრისტეც: არ შემიძლია დაუმსახურებლად მოგცეთ თქვენ ადგილი ჩემს მარჯვნივ, რადგანაც ის მათთვისაა განმზადებული, რომელთაც იღვაწეს. შენ იკითხავ: ზოგიერთები ხომ მაინც დასხდებიან? იცოდე, რომ იქ ვერავინ დაჯდება, რადგან ეს მხოლოდ ღმრთეებრივი ბუნების თვისებაა. განა ანგელოზთაგან რომელს უთხრა ღმერთმა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა? (ფს. 109.1) მაგრამ ეს მათი მიხვედრილობის შესაბამისად თქვა; ვერ გაიგეს რა, რომ უფლის მიერ ზემონათქვამი სიტყვები თორმეტი ტახტის შესახებ იმ დიდებას, რომელიც სათნოებისთვის ელოდათ, ხატოვნად წარმოსახავდა, ტახტებს პირდაპირი მნიშვნელობით ითხოვდნენ.

24-28. ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს. ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი ჴელმწიფებენ მათ ზედა? ხოლო თქუენ შორის არა ეგრეთ იყოს, არამედ რომელსა უნებს თქუენ შორის დიდ ყოფაჲ, იყავნ თქუენდა მსახურ; და რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაჲ, იყოს იგი თქუენდა მონა. ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს.
- როცა ათმა მოწაფემ დაინახა, ქრისტემ ორს როგორ უსაყვედურა, განრისხდნენ, რითაც ნათელი გახდა, რომ ისინიც იმავე პატივს ესწრაფვოდნენ. მოწაფეები ჯერ კიდევ იმდენად არასრულყოფილნი იყვნენ, რომ ორი მათგანი დანარჩენ ათზე ამაღლებას ცდილობდა, ხოლო იმ ათს ამ ორისა შურდა. რადგანაც ათნი, რომელთაც ეს სიტყვები მოისმინეს, აღშფოთდნენ, უფალმა მათ მოუწოდა და ვიდრე საუბარს დაიწყებდა, უკვე ამ მოწოდებით დაამშვიდა. თუ მანამდე ზებედეს ძენი სხვებს გამოეყვნენ, რომ მასთან ესაუბრათ, ახლა თვითონ ყველას ერთად მიმართა. იცოდა რა, რომ სხვებზე მეუფებისა და პირველობის სიყვარული მეტისმეტად ძლიერია და ამიტომაც მისთვის მძლავრი დარტყმის მიყენებაა საჭირო, მოწაფეებს შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნება და რამდენადაც დიდება უფრო სურდათ, წარმართებსა და უსჯულოებს მიაკუთვნებს. ამგვარად, არცხვენს მათ და ეუბნება: სხვა ადამიანები თავს ძალაუფლებით განიდიდებენ, მაგრამ პირველობის სიყვარული წარმართული ვნებაა, ჩემს მოწაფეებს კი პატივი თავმდაბლობით მიეგებათ. ვისაც სურს დიდი იყოს, იგი მასზე უფრო სუსტებს უნდა ემსახუროს. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი სიმდაბლე და მე ეს თვითონ გაჩვენეთ, როცა უფალმა და მეუფემ ცათა თავი დავიმდაბლე, რათა თქვენი ხსნისათვის გემსახუროთ და იმდენად დავმდაბლდი, რომ სულს ვაძლევ მრავალთა ანუ ყოველთა ხსნისათვის, რადგან მრავალი აქ იგივეა, რაც ყოველი.

29-33. და ვითარცა გამოვიდოდეს იგინი იერიქოჲთ, მისდევდა მას ერი მრავალი. და აჰა ესერა ორნი ბრმანი სხდეს გზასა ზედა. და ვითარცა ესმა, ვითარმედ იესუ წარმოვალს, ჴმობდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო! ხოლო ერი იგი ჰრისხვიდა მათ, რაჲთა დადუმნენ. ხოლო იგინი უფროჲს ღაღადებდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო! და დადგა იესუ, მოუწოდა მათ და ჰრქუა: რაჲ გნებავს, და გიყო თქუენ? ჰრქუეს მას: უფალო, რაჲთა აღვიხილნეთ თუალნი ჩუენნი. შეეწყალნეს იგინი იესუს და შეახო თუალთა მათთა, და მეყსეულად აღიხილნეს და შეუდგეს მას. - ბრმებმა გავრცელებული ხმებით იცოდნენ უფლის შესახებ და როცა გაიგეს, რომ აქეთ გამოივლიდა, ხელსაყრელი დრო იპოვეს. მათ ირწმუნეს, რომ იესო ხორციელად დავითის თესლისაგან იყო და მათ განკურნებას შეძლებდა. ჰქონდათ რა ამგვარი მხურვალე რნმენა, ვერ აიძულეს გაჩუმებულიყვნენ, პირიქით, უფრო ხმამაღლა აყვირდნენ. ამიტომაც უფალი მათ იმას კი არ ეკითხება, რწმენა ჰქონდათ თუ არა, არამედ იმას, რა სურდათ მისგან, რათა ვინმეს არ ეფიქრა, რომ ბრმებს სხვა რამ სურდათ და მან სხვა მისცაო. ამ კითხვით იგი იმასაც ცხადყოფს, რომ ისინი არა ვერცხლის, არამედ განკურნების მისაღებად ღაღადებდნენ. მან ისინი შეხებით განკურნა, რათა ჩვენ ვიცოდეთ, რომ მისი წმინდა ხორცის ყველა ნაწილი ცხოველმყოფელი და ღმრთეებრივია. თუმცა ლუკა და მარკოზი ერთ ბრმაზე საუბრობენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მათეს ეწინააღმდეგებიან. მათ ის მოიხსენიეს, ვინც უფრო იყო ცნობილი. შეიძლება სხვაგვარადაც ავხსნათ: ლუკა გვეუბნება, რომ ბრმა იერიქონში შესვლამდე განკურნა, ხოლო მარკოზი - იერიქონიდან გამოსვლის შემდეგო. მათე კი, რომელსაც სისხარტე უყვარს, ორივეს შესახებ ერთდროულად გვიყვება. ბრმებში წარმართთაგან ისინი იგულისხმე, რომელნიც ქრისტემ გზად გავლისას განკურნა. ქრისტე უწინარესად არა წარმართებისთვის, არამედ ისრაელიანებისათვის მოვიდა, მაგრამ მსგავსად იმ ბრმებისა, რომელთაც იესოს შესახებ მოსმენით შეიტყვეს, ასევე წარმართებმაც იგი გაგონილით ირწმუნეს. ისინი კი, ბრმებს რომ აჩუმებდნენ და იესოს სახელის წარმოთქმას უკრძალავდნენ, ქრისტიანთა მდევნელი მმართველები არიან, რომელნიც ცდილობდნენ ძალით დაეხშოთ ეკლესიის ბაგენი, მაგრამ ქრისტეს სახელს იგი კიდევ უფრო და უფრო მეტი სიმტკიცით აღიარებდა; ამიტომაც განიკურნა, ცხადად იხილა ნათელი ჭეშმარიტებისა და ქრისტეს გაჰყვა, მიბაძა რა მას თავისი ცხოვრებით.

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24
თავი 25 თავი 26 თავი 27 თავი 28