ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მათეს სახარების განმარტება

 

თავი მერვე


1-2. და გარდამოვიდოდა რაჲ იგი მიერ მთით, მოსდევდა მას ერი მრავალი. და აჰა ესერა კეთროვანი ვინმე მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალგიც განწმედაჲ ჩემი. - კეთროვანი გონიერი იყო და მთაზე არ ავიდა, რათა სწავლება არ შეეწყვეტინებინა; ხოლო მთიდან ჩამოსულს თაყვანი სცა და დიდი სარწმუნოებაც აჩვენა. რადგან ის კი არ უთხრა, თუ ღმერთს შეევედრები განმკურნავო, არამედ უკეთუ გინდეს-ო. ამიტ[68]ომაც მოიქცა ქრისტე ასე:

3-4. და მიყო ჴელი თჳსი იესუ, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი! და მეყსეულად განწმიდნა იგი კეთროვნებისა მისგან. და ჰრქუა მას იესუ: იხილე, ნუვის უთხრობ, არამედ წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათა. - შეეხო რა კეთროვანს, უფალმა აჩვენა, რომ არა თუ არ ემორჩილებოდა სჯულს, რომელიც ბრძანებდა კეთროვანს არ შეხებოდნენ, არამედ თვითონ იყო მეუფე მისი და რომ წმინდისთვის არაფერია უწმინდური და რომ მისმა ნმინდა ხორცმა კურთხევა გადასცა. გაურბის რა დიდებას, უბრძანა არავისთვის ეთქვა, არამედ თავი მღვდლისათვის ეჩვენებინა, რადგანაც უკეთუ იგი არ იტყოდა, რომ კეთროვანი განიწმინდა, ქალაქს გარეთ დარჩებოდა. უბრძანებს, აგრეთვე, შესაწირავის მიტანას იუდეველთათვის დასამოწმებლად, ანუ, თითქოს ეუბნება: რაჟამს მე ბრალად სჯულის დარღვევას დამდებენ, შენ იყავი მოწმე, რომ ჩემგან გქონდა ნაბრძანები მიტანა იმისა, რის მიტანასაც რჯული ბრძანებს.

5-6. და შე-რაჲ-ვიდა იგი კაპერნაუმდ, მოუჴდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას და ეტყოდა: - არც ეს მისულა მასთან მთაზე, რათა სწავლებაში ხელი არ შეეშალა. ეს ის ასისთავია, რომელიც ლუკასთანაც გვხვდება. თუმცა ლუკა ამბობს, რომ იესოსთან მან მოციქულებად სხვები გააგზავნა, მაგრამ მაინც არ ეწინააღმდეგება მათეს, რომლის თქმითაც ასისთავი მასთან თვითონ მივიდა, რადგან, როგორც ჩანს, ჯერ სხვები წარგზავნა, მაგრამ როცა საფრთხე გაიზარდა, უკვე თავად მივიდა და უთხრა:

6-7. უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღვეული და ფრიად იგუემების. ჰრქუა მას იესუ: მე მოვიდე და განვკურნო იგი. - ასისთავმა ყრმა საწოლით არ მიუყვანა, სწამდა რა, რომ უფალს მისი განკურნება დაუსწრებლადაც შეეძლო. ამიტომაც,

8-10. მიუგო ასისთავმან მან და ჰრქუა: უფალო, არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ. არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი. რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე და მქონან ჩემ ქუეშე ერისაგანნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! და ქმნის. ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მისდევდეს მას: ამენ გეტყჳ თქუენ: არცაღა ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოვე. - უკეთუ მე, ამბობს ასისთავი, მეფის მონა, ჩემს მეომრებზე ვმბრძანებლობ, მით უფრო შეგიძლია უბრძანო შენ სიკვდილსა და სნეულებებს, რომ ერთს განშორდნენ და მეორისკენ მიიქცნენ, რადგან ხორციელი სნეულებანი ღმრთის მეომრები და მისი სასჯელის აღმსრულებელნი არიან. ამიტომაც გაუკვირდა ქრისტეს და თქვა: "ისრაიტელთა შორისაც კი ვერ ვპოვე ისეთი რწმენა, როგორიც ამ წარმართში".

11-12. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალნი მზისა-აღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. - არ უთქვამს, მრავალი წარმართი გვერდით დადგებაო, რათა იუდეველები არ გაენაწყენებინა, არამედ შეფარვით უთხრა: აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდანო. აბრაამი იმის საჩვენებლად მოიხსენა, რომ არ იყო წინააღმდეგი ძველი აღთქმისა. ლაპარაკობს რა გარესკნელზე, ცხადყოფს, რომ შიდასკნელიც (შიდა სიბნელეც) არსებობს, თუმცაღა უფრო მსუბუქი, რამეთუ ხარისხები ტანჯვასაც აქვს. სასუფევლის ძეებს ისრაიტელებს უწოდებს, რადგან მათ მიმართ იყო აღთქმუღი: "ძე ჩემი, პირმშო ჩემი ისრაელი".

13. და ჰრქუა იესუ ასისთავსა მას: წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ და განიკურნა მონაჲ იგი მისი მას ჟამსა შინა. - განკურნა რა სიტყვით, ამით უფალმა გვაჩვენა, რომ ჭეშმარიტება იყო ისიც, რაც იუდეველთა განდევნის შესახებ თქვა.

14-15. და მოვიდა იესუ სახლსა პეტრესსა და იხილა სიდედრი იგი მისი, დავრდომილი მჴურვალებითა. და შეახო ჴელსა მისსა, და დაუტევა იგი მჴურვალებამან, აღდგა და ჰმსახურებდა მას. - პეტრეს სახლში შევიდა, რათა ეჭამა. შეეხო რა მის ხელს, არა მხოლოდ ცხელება დაუცხრო, არამედ ქალი სრულიად გამოაჯანმრთელა, ისე რომ, მას ძალა დაუბრუნდა და მსახურებაც კი შეძლო. ჩვენ ხომ ვიცით, რომ სინამდვილეში სნეულის მოღონიერებას დიდი დრო სჭირდება. მაშინ, როცა სხვა მახარებლები ამბობენ, რომ უფალს სთხოვეს და იმიტომ განკურნაო. მათეს, რომელიც თხრობის სისხარტეზე ზრუნავს, ამის შესახებ არაფერი უთქვამს. მე ხომ დასანყისშივე გითხარი შენ, რასაც ერთი ტოვებს, მეორე ამბობს-მეთქი. აქედან ისიც ისწავლე, რომ ქორწინება სათნოებას ხელს სრულიადაც არ უშლის, რადგან მოციქულთა თავს სიდედრი ჰყავდა.

16-17. და ვითარცა შემწუხრდა, მოჰგუარეს მას ეშმაკეულები მრავალი, და განასხა სულები იგი სიტყჳთა და ყოველნი, რომელნი ბოროტად სნეულ იყვნეს, განკურნა. რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: მან უძლურებანი ჩემნი მიიხუნა და სნეულებანი ჩუენნი იტჳრთნა. - უძლურნი მასთან უდროო დროს, საღამოს მიიყვანეს, მაგრამ ვითარცა კაცთმოყვარემან, უფალმა ყველანი განკურნა. შემდეგ, შენ რომ ეჭვი არ აღგძვროდა, ამდენი სნეული ასეთ მოკლე დროში როგორ განკურნაო, მახარებელი ესაიას იმოწმებს. მართალია, წინასწაარმეტყველი ამას ცოდვათა შესახებ ამბობს, მაგრამ მათემ მისი სიტყვები სნეულებებზე გადაიტანა, რადგან მათი უმეტესობა სწორედ ცოდვებისაგან ჩნდება.

18. ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისა, უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო. - რადგან არც პატივმოყვარე იყო და, ამასთან, იუდეველთა შურსაც განერიდა.

19-20. და მოუჴდა მას ერთი მწიგნობარი და ჰრქუა: მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი. ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს. - მწიგნობარს სჯულის წიგნთა მცოდნეს უწოდებს. ამან, იხილა რა მრავალი სასწაული, იფიქრა, რომ იესოს მათგან შემოსავალი ჰქონდა და მის გაყოლასაც იმიტომ შეეცადა, რომ ქონება თვითონაც დაეგროვებინა. მაგრამ იესო განზრახვას მიუხვდა და თითქმის ეს უთხრა: "ჩემი გაყოლით შენ ქონების დაგროვებას ფიქრობ, მაგრამ ვერ ხედავ, რომ უსახლკარო ვარ? ჩემი მიმდევარიც ასეთი უნდა იყოს". უფალმა ეს მის დასარწმუნებლად თქვა, რათა განწყობილება შეცვლოდა და გაჰყოლოდა, მაგრამ მწიგნობარი გაშორდა. ზოგიერთი მელიებსა და ფრინველებში დემონებს გულისხმობს, ე. ი. უფალი მწიგნობარს ეუბნება: "შენში დემონები განისვენებენ, ამიტომ მე სულსა შინა შენსა განსასვენებელი არ მაქვს".

21-22. და სხუამან მოწაფეთა მისთაგანმან ჰრქუა მას: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა. ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ მომდევდი მე და აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა. - როცა ვინმე თავს ღმერთს მიუძღვნის, კვლავ ცხოვრებისეულისკენ აღარ უნდა მიიქცეს, რადგან, მართალია, მშობლების პატივისცემა საჭიროა, მაგრამ უფრო დიდი პატივი ღმერთს უნდა მივაგოთ. ამ შემთხვევაში კი მშობელი ურწმუნოც იყო, რაც ჩანს სიტყვებიდან: აცადე მკუდართა, ე. ი. ურწმუნოებს, დამარხვა თავიანთი მკვდრებისა. თუკი ამან ვერ მიიღო უფლება მამა დაემარხა, ვაი იმათ, რომელნიც მონაზვნობის მიღების შემდეგ ცხოვრებისეულ საქმეებს უბრუნდებიან.

23-24. და აღვიდა იგი ნავსა, და მისდევდეს მოწაფენი მისნი. და აჰა ესერა აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა შინა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა. - უფალმა თან მხოლოდ მოწაფენი წაიყვანა, რათა სასწაული ეხილათ. მან დაუშვა, რომ მათ საფრთხე დამუქრებოდათ, რათა განსაცდელთა გადატანისათვისაც გაწვრთნილიყვნენ და ამ სასწაულით რწმენაც უფრო განმტკიცებოდათ. დაიძინა კი იმიტომ, რომ შეშინებულებს საკუთარი უძლურება შეეცნოთ და შველას მას შევედრებოდნენ. ამიტომაც ამბობს მათე:

25-26. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და აღადგინეს იგი და ეტყოდეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით. და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეშინდით, მცირედ-მორწმუნენო? - უფალი მათ არა ურწმუნოებს, არამედ მცირედმორწმუნეებს უწოდებს, რადგან, როცა უთხრეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, სარწმუნოება გამოამჟღავნეს, მაგრამ სიტყვა წარვწყმდებით ურწმუნოებისგან თქვეს. რადგან უფალი მათთან ერთად მიცურავდა, აღარ უნდა შეშინებოდათ. ყურადღება მიაქციე! საყვედურობს რა მათ სიმხდალისა გამო, გვიჩვენებს, რომ შიში საფრთხეს იზიდავს. უფალმა ჯერ მათ სულში ატეხილი ქარიშხალი ჩააწყნარა და მღელვარება ზღვისა შემდეგ დააცხრო.

26-27. მაშინ აღდგა და შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა. და იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ. ხოლო კაცთა მათ უკჳრდა და იტყოდეს: რაბამ ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲ ერჩიან მას? - უკვირდათ, რადგან შესახედავად კაცი იყო, საქმით კი - ღმერთი.

28. და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი. - მაშინ, როცა ხომალდზე მყოფთ უკვირთ, საიდან არის ეს, ვისაც ქარნი და ზღვა ემორჩილებიანო, მაცნეებად დემონები გვევლინებიან. მართალია, მარკოზი და ლუკა ერთს ასახელებენ, რომელსაც ეშმაკთა ლეგიონი ჰყავდა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ამ ორიდან ერთი უფრო საშიში იყო ვიდრე მეორე. რაკიღა საშიშნი იყვნენ და უფალთან მათ მიყვანას ვერავინ ბედავდა, იგი თვითონ მივიდა მათთან.

რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვიდრეღა ვერვის ჴელ-ეწიფებოდა წარსლვაჲ მიერ გზით. - დემონები სამარხებში ცხოვრობდნენ, რადგან სურდათ კაცთათვის შთაეგონებინათ აზრი, რომ გარდაცვლილთა სულები დემონები ხდებიან, მაგრამ ასე ნურავინ იფიქრებს, რადგან სხეულიდან გამოსული სული სამყაროში კი არ ხეტიალობს, არამედ მართალთა სულნი ღმრთის ხელთაა, ხოლო, რაც ცოდვილთა სულებს შეეხება, აქედან ისინიც მიჰყავთ, როგორც, მაგალითად, სული მდიდრისა.

29. და ღაღად-ყვეს და იტყოდეს: რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩეუნდა. - აჰა, ძედ ღმრთისად აცხადებენ, მაშინ, როცა პირველად მის მიმართ მტრობა გამოამჟღავნეს. ტანჯვად ისინი იმას მიიჩნევენ, რომ ნება არ მიეცათ კაცთათვის ვნების მიყენებისა. სიტყვები უწინარეს ჟამისა კი შემდეგნაირად მოიაზრე: დემონები ფიქრობდნენ, რომ ვერ გაუძლებდა რა მათ გარდამეტებულ ბოროტებას, ქრისტე სასჯელის დროს აღარ დაელოდებოდა, რაც სინამდვილეში ასე სულაც არაა, რადგან მათ ჩვენთან ბრძოლის უფლება ვიდრე აღსასრულამდე ჟამთა მიეცათ.

30-32. და იყო შორს მათგან კოლტი ღორთაჲ მძოვარი. ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა. და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიიმართეს კოლტსა მას ღორთასა. - დემონებმა ეს იმიტომ ითხოვეს, რომ ღორების დაღუპვით შეწუხებულ პატრონებს ქრისტე აღარ მიეღოთ. ქრისტემ დაუთმო დემონებს, რათა ეჩვენებინა, რა მწარედ მტრობენ ისინი ადამიანებს, ხოლო უფლება რომ ჰქონდეთ და ხელი არ ეშლებოდეთ, ჩვენ უარესად მოგვექცეოდნენ, ვიდრე ღორებს. იგი იცავს ეშმაკეულებს, რათა მათ თავი თვითონვე არ მოეკლათ.

32-34. და მიიმართა ყოველმან მან კოლტმან ღორთამან კბოდესა მას ზღჳსასა და მოსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა. ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე ეშმაკეულთა მათთჳს. მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუჲსა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაჲთა წარვიდეს საზღუართა მათთაგან. - ისინი ამას სთხოვენ იესოს, რადგან შეწუხებულნი ფიქრობენ, რომ შემდგომად ამისა, უარესი ტანჯვა შეემთხვეოდათ. ხოლო შენ ისწავლე, რომ, სადაც ღორული ცხოვრებაა, იქ არა ქრისტე, არამედ დემონები მყოფობენ.

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24
თავი 25 თავი 26 თავი 27 თავი 28