ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მათეს სახარების განმარტება

 

თავი მეთვრამეტე

1. მას ჟამსა შინა მოუჴდეს იესუს მოწაფენი და ეტყოდეს: ვინ-მე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა? - როცა მოწაფეებმა დაინახეს, რომ პეტრეს ქრისტესაგან პატივი მიეგო (პატივი მიეგო, რადგან ებრძანა სტატირი მიეცა ქრისტესა და თავისი თავის გამო), რაღაც ადამიანური განიცადეს, შურით მოწყლულნი უფალთან მივიდნენ და გადაკრულად ჰკითხეს: - ვინმე უფროჲს იყოს?

2-4. და მოუწოდა იესუ ყრმასა და დაადგინა შორის მათსა და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ვითარცა ყრმაჲ ესე, იგი უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა. - დაინახა რა, რომ მოწაფეებს პატივმოყვარეობის ვნება იპყრობდა, უფალმა შეაჩერა ისინი და მათ მოკრძალებული ყრმის მეშვეობით სიმდაბლის გზა უჩვენა. საჭიროა, რომ ჩვენც ყრმები ვიყოთ, ოღონდ სულიერი სიმდაბლით და არა უმეიფრობით აზროვნებისა, უბოროტობით და არა უგუნურებით. როცა უთხრა: უკუეთუ არა მოიქცეთ-ო, აჩვენა, რომ ისინი სიმდაბლის სიბრძნიდან პატივმოყვარეობაზე გადავიდნენ. ასე რომ, საჭიროა მიბრუნება კვლავ იქ, სიმდაბლის სიბრძნესთან, რომელსაც თქვენ გადაუხვიეთო.

5-6. და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა. - ეუბნება: არა მხოლოდ თქვენ უნდა იყოთ თავმდაბალნი, არამედ უკეთუ ჩემი გულისთვის სხვა თავმდაბალთაც პატივს მიაგებთ, ჯილდოს მიიღებთ, რადგან რაჟამს ყრმებს, ანუ თავმდაბალთ შეიწყნარებთ, მე შემიწყნარებთ. შემდეგ პირიქითაც ამბობს: რომელმან დააბრკოლოს, ანუ შეურაცხყოს, ერთი მცირეთა ამათგანი, ანუ ისინი, რომელნიც თავს იმცირებენ და იმდაბლებენ, დიდიც რომ იყოს, უმჯობეს არს მისა დამოთუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა თჳსსა. თვალსაჩინოდ წარმოადგენს რა ფიზიკურ სასჯელს, სურს აჩვენოს, რომ მრავალ ტანჯვას გადაიტანენ ისინი, რომელნიც ქრისტესმიერი სიმდაბლის მქონეთ შეურაცხყოფენ და აცდუნებენ. შენ კი მოიაზრე, რომ უკეთუ ვინმე მართლაც მცირეს ანუ სუსტს აცდუნებს, ნაცვლად იმისა, რომ ყოველი ღონით წამოაყენოს, დაისჯება, რადგან პატარას ცდუნება უფრო ადვილია, ვიდრე დიდისა.

7. ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური. - ვითარცა კაცთმოყვარე, უფალი დასტირის სოფელს, რომელიც ცდუნებათაგან ვნებული იქნება. მაგრამ შეიძლება ვინმემ თქვას: ტირილი კი არაა საჭირო, არამედ შემწეობა და ხელის გაწვდენა. ჩვენ კი ვიტყვით, რომ ესეც შემწეობაა - დატირება ვინმესი, რადგან ხშირად მათთვის, რომელთაც ჩვენმა შეგონებამ ეერაფერი არგო, რაჟამს დავტირით, სარგებლობა მოგვაქვს, რაკი ისინი გრძნობაზე მოდიან. თუკი უფალი ამბობს, რომ ცდუნებათა მოსვლა აუცილებელია, მათგან გაქცევას როგორღა შევძლებთ? მათი მოსვლა აუცილებელია, მაგრამ აუცილებელი არაა დავიღუპოთ, რადგან არსებობს საშუალებანი ცდუნებათათვის წინააღდგომისა. ცდუნებებში ისინი იგულისხმე, რომელნიც სიკეთისაკენ სწრაფვას აბრკოლებენ; სამყაროში კი - ქვემძრომი ადამიანები, რომელნიც მართლაც ადვილად ბრკოლდებიან.

8-9. უკუეთუ ჴელი შენი ანუ ფერჴი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთენ იგი და განაგდენ შენგან: უმჯობეს არს შენდა შესლვაჲ ცხორებასა მკელობელისა გინა უჴელოჲსაჲ, ვიდრე ორნი ჴელნი და ორნი ფერჴნი თუ გესხნენ და შთაჰვარდე ცეცხლსა მას საუკუნესა. და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან: უმჯობეს არს შენდა ერთ-თუალისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა თუალთა სხმასა და შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისასა. - ხელსა, ფეხსა და თვალში მეგობრები იგულისხმე, რომელნიც სნეულის ნაწილებად გვყავს. თვით ამგვარი, ანუ უახლოესი მეგობრებიც კი, უკეთუ ისინი ჩვენთვის მავნებელნი გამოდგებიან, უნდა მოვიძულოთ და, ვითარცა დამპალი ნაწილები, მოვიკვეთოთ, რათა სხვებიც არ დააზიანონ. ამგვარად აქედან ნათელია, რომ ცდუნებათა ანუ ვნების მომტან ადამიანთა მოსვლა აუცილებელიც რომ იყოს, არ არსებობს აუცილებლობა ჩვენი წახდენისა. უკეთუ ისე მოვიქცევით, როგორც უფალმა გვითხრა, და ვინც ზიანს გვაყენებს, თუნდაც ისინი მეგობრები იყვნენ, მოვიკვეთთ, არ ვევნებით.

10-11. ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ ცხორებად წარწყმედულისა. - გვიკრძალავს დავამციროთ ისინი, რომელნიც მცირედ ითვლებიან, ანუ გლახაკნი სულითა, მაგრამ წინაშე ღმრთისა დიდნი არიან. რადგან ღმერთმა ისინი ისე შეიყვარაო, - ამბობს, - რომ მცველებად ანგელოზები ჰყავთ, რათა დემონებმა ვერ ავნონო. ყოველ მორწმუნეს და უფრო მეტიც, ყოველ ადამიანს თავისი ანგელოზი ჰყავს; მაგრამ ქრისტეს მიერ მცირეთა და მდაბალთა ანგელოზნი ღმერთთან ძალიან ახლოს არიან, და, დგანან რა მის წინაშე, ღმრთის სახეს მუდმივად ჭვრეტენ. აქედან ჩანს, რომ თუმცაღა ანგელოზი ყველას ჰყავს, მაგრამ ცოდვილთა ანგელოზებს, თითქოსდა ჩვენი გაუბედაობით დარცხვენილებს, არც თვითონ ყოფნით გამბედაობა ღმერთს სახეში შეხედონ და ჩვენთვის ევედრონ. თავმდაბალთა ანგელოზები კი, რომელთაც ამისთვის კადნიერება აქვთ, ღმრთეებრივ სახეს ჭვრეტენ. მაგრამ რატომ ვსაუბრობ იმაზე, ამბობს უფალი, რომ ამგვარებს ანგელოზები ჰყავთ? მე იმიტომ მოვედი, რომ წარწყმედული გადავარჩინო და იმათი ახლობელი გავხდე, რომელნიც მრავალთაგან არარაობად არიან მიჩნეულნი.

12-14. ვითარ ჰგონებთ თქუენ: კაცსა თუ ვისმე ედგას ასი ცხოვარი და შეცსთეს ერთი მათგანი, არამე დაუტევნესა და ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი მთათა ზედა და წარვიდეს და მოიძიოს შეცთომილი იგი? და რაჟამს პოოს იგი, ამენ გეტყჳ თქუენ: უფროჲს უხაროდის მის ზედა, ვიდრე ოთხმეოცდა ათცხრამეტთა მათ, რომელნი არა შეცთომილ იყვნეს. ესრეთ არა არს ნებაჲ მამისა თქუენისა ზეცათაჲსაჲ, რაჲთა წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი. - რომელ კაცს ჰყავდა ასი ცხვარი? - ქრისტეს, რადგან ყოველი გონიერი ქმნილება - ანგელოზნი და კაცნი - ასი ცხვარია, რომელთა მნყემსიც ქრისტეა; თვითონ იგი ცხვარი როდია, რადგანაც არა ქმნილება, არამედ ღმრთის ძეა. მან თავისი ოთხმოცდაცხრამეტი ცხვარი ზეცაში დატოვა და მიიღო რა სახე მონისა, ერთი ცხოვრის, ანუ კაცობრივი ბუნების მოსაძიებლად მოვიდა და მისით უფრო ხარობს, ვიდრე ანგელოზთა სიმტკიცით. ეს ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთი ცოდვილთა მოქცევისათვის ზრუნავს და მათი მოქცევით უფრო ხარობს, ვიდრე იმათით, რომელნიც მტკიცენი არიან სათნოებით.

15-17. ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაჲ იგი შენი. ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ. ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკუეთუ კრებულისაჲცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი. - წარმართა რა მძლავრი სიტყვა მაცდუნებელთა წინააღმდეგ. ახლა უფალი ცდუნებულთა გამოსწორებისათვის ზრუნავს. რათა შენ, ცდუნებული, საბოლოოდ არ დაეცე და ისევე როგორც მაცდუნებელი, შენც არ დაისაჯო, - ამბობს: რაჟამს გაცდუნებენ, ანუ ვნებას გაყენებენ, მსურს, რომ ამხილო ისინი, რომელნიც უსამართლოდ გექცევიან და გავნებენ, ოღონდ მაშინ, თუ ქრისტიანები არიან. დაუკვირდი, რას ამბობს: უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, ანუ ქრისტიანმა. უკეთუ უსამართლოდ უსჯულო გექცევა, იმაზეც უარი თქვი, რაც შენ გეკუთვნის, ხოლო უკეთუ ძმაა, ამხილე იგი. არ უთქვამს: შეურაცხყავიო, არამედ ამხილეო. უკუეთუ ისმინოს შენი, ე. ი. უკეთუ გონს მოეგება. უფალს სურს, რომ ცოდვილნი პირველად პირისპირ, მარტონი იქნენ მხილებულნი, რადგან მრავალთა წინაშე მხილებისა გამო კიდევ უფრო ურცხვნი არ გახდნენ. უკეთუ ორი ან სამი მოწმის წინაშე მხილებულს არ შერცხვება, მაშინ მისი დაცემა ეკლესიის წინამძღვართ უნდა აუწყო. რადგან თუ ორს, ან სამს არ მოუსმინა, თუმცაღა, სჯულის მიხედვით, ყოველი სიტყვა ორის ან სამის დამოწმებით დგას, ანუ მტკიცდება, მაშინ, ბოლოს და ბოლოს, დაე, მას ეკლესიამ შეაგონოს, ხოლო უკეთუ აღარც მას დაემორჩილა, მაშინ იგი მოკვეთილ უნდა იქნეს, რათა თავისი ბოროტება სხვასაც არ გადადოს. ამგვარ ძმებს უფალი მეზვერეებს ადარებს (რადგან მეზვერე სიძულვილის ობიექტი იყო). ამიტომ შეურაცხყოფილს შეურაცხმყოფელის მეზვერედ და წარმართად, ანუ ცოდვილად და უსჯულოდ მიჩნევა ერთგვარად ნუგეშს სცემდა. მაგრამ მხოლოდ ეს უნდა ყოფილიყო სასჯელი შეურაცხმყოფელისა? რაღა თქმა უნდა, არა! ისიც მოისმინე, რასაც შემდეგ ამბობს.

18. ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა. - უკუეთუ შენ, - ამბობს, - შეურაცხყოფილი, იმას, ვინც უსამართლოდ მოგექცა, ვითარცა მეზვერესა და წარმართს, ისე მიიჩნეე, ასევე იქნება იგი მიჩნეული ცათა შინაც. ხოლო, უკეთუ გახსნი, ანუ შეუნდობ, ცათა შინაც შენდობილი იქნება, რადგან არა მხოლოდ ისინი არიან გახსნილნი, რომელთაც მღვდლები ხსნიან, არამედ შეკრული თუ გახსნილი იქნებიან, აგრეთვე, ისინიც, რომელთაც ჩვენ, შეურაცხყოფილნი, შევკრავთ ან გავხსნით.

19-20. კუალად ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათჳსვე საქმისა, რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა. რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა. - ამ სიტყვებით მას სიყვარულისაკენ მივყავართ. აგვიკრძალა რა ჩვენ ცდუნება ერთმანეთისა, ერთმანეთისათვის ვნების მიყენება და ერთმანეთისაგან ვნების დათმენა, ახლა ერთმანეთს შორის თანხმობაზე გვესაუბრება. შეთანხმებულებში იგულისხმებიან არა თანამდგომნი ერთმანეთისა ბოროტებაში, არამედ სიკეთეში. დაუკვირდი, რას ამბობს: უკუეთუ ორი თქვენგანი, ანუ მორწმუნენი და სათნონიო, რადგან შეთანხმებულნი ანაცა და კაიაფაც იყვნენ, მაგრამ გასაკიცხ საქმეში. ამიტომაც ხშირად ასეც ხდება, რომ ვითხოვთ და ვერ ვიღებთ, რადგან ჩვენს შორის თანხმობა არ სუფევს. არ უთქვამს: ვიქნებიო, რადგან ეს არ არის განზრახვა მომავლისათვის, ამიტომ არც აგვიანებს და ამბობს ვარ-ო, ანუ მყისვე იქ აღმოვჩნდებიო: შეგიძლია იფიქრო, რომ უფალი ჩვენთანაა მაშინაც, რაჟამს ჩვენს სულს, და ხორცს შორის თანხმობა სუფევს და ხორცი სულზე არ ავხორცობს. ერთმანეთთან თანხმობაშია, აგრეთვე, სულის სამი ძალაც: გონება, გრძნობა და ნება. თანხმობა სუფევს ძველსა და ახალ აღთქმას შორისაც, რადგან მათ შორის ქრისტეა, რომლის შესახებაც ორივე ქადაგებს.

21-22. მაშინ მოუჴდა მას პეტრე და ჰრქუა: უფალო, რაოდენ-გზის შემცოდოს ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას? ვიდრე შჳდ-გზისამდეა? ჰრქუა მას იესუ: არ გეტყჳ შენ ვიდრე შჳდ-გზისამდე, არამედ ვიდრე სამეოც და ათ შჳდ-გზის. - პეტრემ უფალს ეს ჰკითხა: უკეთუ ძმა ჩემს წინაშე შეცოდავს, ხოლო შემდეგ მონანული მოვა და შენდობას ითხოვს, რამდენგზის უნდა შევუნდო მას? მან დაუმატა: უკეთუ წინაშე ჩემსა შეცოდავს, რადგან უკეთუ ღმრთის წინაშე შეცოდა, მე, უბრალო ადამიანს, არა მაქვს ძალა მისი შენდობისა, არამედ ეს მღვდლის საქმეა, რომელსაც საღმრთო ხარისხი აქვს. ხოლო თუკი ჩემს წინაშე შეცოდა და მე შევუნდობ, შენდობილი იქნება, თუმცა უბრალო კაცი ვარ და არა მღვდელი. უფალმა უპასუხა: სამეოც და ათ შჳდ-გზისო, არა იმიტომ, რომ შენდობა, რიცხვით შემოეფარგლა; უგუნურება იქნებოდა ხომ, ვინმე რომ დამჯდარიყო და ცოდვები ეთვალა, ვიდრე ოთხასოთხმოცდაათი არ გახდებოდა (რადგან შვიდჯერ სამოცდაათი ასე ბევრია), არამედ აქ მას უსასრულობის მნიშვნელობა აქვს, ანუ ეს გვითხრა: იმდენგზის შეუნდე, რამდენგზისაც შეგცოდავს და მოინანიებს. მომდევნო იგავითაც იმას გვეუბნება, რომ ჩვენ ერთმანეთის თანალმობა უნდა გვქონდეს.

23. ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა. - შინაარსი ამ იგავისა გვასწავლის, რომ ჩვენც მიუტევოთ მოყვასთ, რომელნიც ჩვენს წინაშე სცოდავენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიტევებას მუხლებზე დაცემულნი ითხოვენ. გამოწვლილვით გამოკვლევა ამ იგავისა, მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ქრისტეს გონება აქვს, მაგრამ გავკადნიერდეთ და ჩვენც შევეცადოთ. სასუფეველი ღმრთის სიტყვაა, მაგრამ არა რაღაც მცირეთა, არამედ ცათა და მსგავსია მეუფისა, რომელიც ჩვენთვის განხორციელდა და კაცის მსგავსად იქმნა. იგი ანგარიშს იბარებს თავისი მონებისაგან, რათა ისინი კეთილად განსაჯოს, სამსჯავროს გარეშე კი არავის სჯის, რადგანაც ეს სისასტიკე იქნებოდა.

24-25. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანა-მდები ბევრისა ტალანტისაჲ. და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდაჲ ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი. - ჩვენც ბევრეული (ათიათასი) ტალანტი გვმართებს, რადგან მადლს ყოველდღე ვიღებთ, სანაცვლოდ კი ღმერთს არანაირ სიკეთეს არ მივაგებთ. ბევრეული ტალანტი ჰმართებს იმათაც, რომელთაც წინამძღვრობა მიიღეს ხალხისა და მრავალი ადამიანისა (ყველა ადამიანი ხომ ტალანტია, რადგანაც ნათქვამია: ადამიანი დიდი საქმეა), მაგრამ ძალაუფლებას კარგად ვერ იყენებენ. მოვალეს გაყიდვა ცოლსა და შვილებთან ერთად ღმრთისაგან გაუცხოებას ნიშნავს, რადგან ვინც იყიდება, იგი უკვე სხვა ბატონის კუთვნილება ხდება. ცოლი ხომ ხორცია, მეუღლე სულისა, ხოლო შვილები - საქმენი, რომელნიც სულმა და ხორცმა ბოროტად აღასრულეს? ამგვარად, უფალი ბრძანებს, რომ ხორცი წარსაწყმედელად სატანას, ანუ სნეულებებსა და დემონს უნდა მიეცეს ტანჯვისათვის, ხოლო შვილები, ბოროტ ძალებს ვგულისხმობ, შეკრულ უნდა იქნენ, ისევე როგორც, როცა ვინმეს ხელი იპარავს, ღმერთი ახმობს მას, ან რომელიმე დემონის მეშვეობით კრავს. ამგვარად, ცოლი ხორცია, შვილები - ძალნი ბოროტებისა, სულის გადასარჩენად წამებისათვის გადაცემულნი, რადგან ასეთ კაცს ქურდობა უკვე აღარ შეუძლია.

26-27. დავარდა უკუე მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, უფალო, და ყოველივე მიგცე შენ. შეეწყალა უფალსა მისსა მონაჲ იგი და განუტევა იგი და თანა-ნადებიცა იგი მიუტევა მას. - ნახე ძალა სინანულისა და კაცთმოყვარეობა უფლისა! სინანულმა ქმნა ის, რომ მონა ბოროტებისთვის დაეცა, რადგან ის, ვინც ბოროტებაზე მტკიცედ დგას, შენდობილი ვერ იქნება. კაცთმოყვარეობამ ღმრთისა მევალეს ვალი მთლიანად აპატია, თუმცა იგი არა მთლიანად პატიებას, არამედ ვადის გაგრძელებას ითხოვდა. ამგვარად, იცოდე, რომ ღმერთი იმაზე მეტს გვაძლევს, ვიდრე ვითხოვთ. კაცთმოყვარეობა მისი იმდენად დიდია, რომ ეს ბრძანებაც მისი გაყიდვისა, რომელიც სასტიკი ჩანს, სისასტიკის გამო კი არ გასცა, არამედ დასაშინებლად მონისა, რათა იგი დაერწმუნებინა და ლოცვისა და ნუგეშისცემისაკენ მოექცია.

28-30. და ვითარცა გამოვიდა მიერ მონაჲ იგი, პოვა ერთი მის თანა მონაჲ, რომელსა თანა-ედვა მისი ასი დრაჰკანი; შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაჲცა-იგი თანა-გაც. შეუვრდა მას მოყუასი იგი მისი და ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ. ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ წარვიდა და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანა-ნადები იგი. - შეიწყალეს რა, გამოვიდა და თანამოძმეს ახრჩობს. იმათგან, ვინც ღმერთთან რჩება, არავინაა უწყალო; ულმობელი მხოლოდ იგია, ვინც ღმერთს შორდება და მისთვის უცხო ხდება. რამდენად დიდია არაადამიანურობა მისი, ვისაც ბევრი აპატიეს ბევრეული ტალანტი), თვითონ კი სხვას მცირეს (ას დინარს) არათუ მთლიანად არ პატიობს, არამედ ვადასაც არ უგრძელებს, თუმცაღა თანამოძმე იმავე სიტყვებით მიმართავს, რომლითაც თვითონაც გადარჩა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა და ყოველივე მიგცე შენ.

31. ხოლო იხილეს რაჲ მის თანა მონათა მათ საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად; და მივიდეს და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი, რაჲცა იქმნა. - აქედან ბოროტებისადმი ანგელოზთა სიძულვილი და სიკეთის სიყვარული ჩანს. ისინი ღმრთის თანამსახურნი არიან და ამას ღმერთს იმიტომ კი არ ეუბნებიან, რომ მან ეს არ იცის, არამედ, რათა შენ ისწავლო, რომ ანგელოზნი ჩვენი მცველები არიან და ულმობელნი სძულთ.

32-34. მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე. არა ჯერ-იყო შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე შენ შენ თანა მონაჲ იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე? და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი. - უფალი მონას კაცთმოყვარეობისა გამო სჯის, რათა აჩვენოს, რომ საჩუქარი მონას არა მან, არამედ მისმავე სისასტიკემ და უგუნურებამ წაართვა. და რომელ მტანჯველებს მისცა? შესაძლოა, დამსჯელ ძალებს, რათა იგი სამუდამოდ დასჯილიყო, რადგან სიტყვები: ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი - ამას ნიშნავს: დაე, დასჯილი იყოს მანამ, ვიდრე ვალს არ გადაიხდის, მაგრამ რაკიღა იგი ვალს ვერასოდეს გადაიხდის, ამიტომ ვითარცა მოვალე და ღირსი სასჯელისა, მარადიულად დასჯილი იქნება.

35. ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი მათნი. - არ უთქვამს: მამამან თქვენმან-ო, არამედ მამამან ჩემმან-ო, რადგან ამგვარნი ღირსნი არ არიან იმისა, რომ მამად ღმერთი ჰყავდეთ; მას სურს, რომ გულით მიუტევონ და არა მხოლოდ ბაგეებით. მოიაზრე, რამდენად დიდი ბოროტებაა გულღვარძლიანობა, რომელსაც შეუძლია ღმრთის მადლს განგვაშოროს. მართალია, მადლი ღმრთისა ცვალებადი არაა, მაგრამ მისი დაკარგვა შესაძლებელია.

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24
თავი 25 თავი 26 თავი 27 თავი 28