1-2. და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ ყოველნი ესე სიტყუანი, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: უწყითა, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა ვნებაჲ იყოს, და ძე კაცისაჲ მიეცეს ჯუარ-ცუმად?
- მას შემდეგ, რაც სასუფეველი და სატანჯველი მოიხსენა, დროულად საუბრობს საკუთარ ტანჯვაზეც, თითქოს ამბობს: "ჯვარზე გამკვრელნი ჩემნი ცეცხლს დაიმსახურებენ".
3-5. მაშინ შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფა მღდელთ-მოძღუარისასა და ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრნა და მოკლან ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იქმნეს ერსა შორის.
- მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმთავრის შეცვლა, ვიდრე იგი არ გარდაიცვლებოდა, სჯულის ბრძანებით არ შეიძლებოდა, სჯულის საწინააღმდეგოდ, იუდეველები მათ ყოველ წელს ცვლიდნენ. იმ წლის მღვდელმთავართან ქრისტეს მოკვლის შესახებ სათათბიროდ ისინი მივიდნენ, რომელთაც მკვლელთა დასჯა ევალებოდათ. მღვდელმოძვართ მახარებელი იმათ უწოდებს, რომელთაც წლის მსახურება უკვე აღსრულებული ჰქონდათ. დანაშაულებრივი მკვლელობის განმზრახველთ ღმრთის კი არ ეშინიათ, არამედ ხალხისა; ეშინოდათ იმისა, რომ ქრისტეს დღესასწაულზე მოკვლის გამო ხალხი შურის საძიებლად არ აღმდგარიყო; ამასთან, იმის შიშიც ჰქონდათ, რომ ჩადენილ სამარცხვინო მკვლელობას ხალხი მსხვერპლშეწირვისაგან არ დაეყენებინა და მისგან მიღებული მოგება არ დაკარგვოდათ. რადგან მისი ხსენების გაქრობა სურდათ, ეშინოდათ, აგრეთვე იმისაც, რომ უკეთუ დღესასწაულზე მოკლავდნენ, ეს სიკვდილი საყოველთაოდ ცნობილი და დიდებული არ გამხდარიყო; ასე რომ, დღესასწაულის წინ კი ითათბირეს, მაგრამ მოკვლა დღესასწაულის შემდეგ გადაწყვიტეს. აჩვენა რა, რომ არა მაშინ ევნება, როცა ისინი მოისურვებენ, არამედ მაშინ, რაჟამს თვითონ ინებებს, უფალმა ნება მისცა მათ პასექის წინა დღეს შეეპყროთ, რათა, რაჟამს ჩვეულებრივ პასექის წინა სახეს იდღესასწაულებდნენ, ჭეშმარიტი პასექიც მაშინ აღსრულებულიყო. საჭიროა, აგრეთვე ყურადღების მიქცევა იმაზეც, ამ მკვლელობით ჩირქი როგორ მოიცხეს. თუმცა თითქოს მისი მოკვლა დღესასწაულზე არ უნდოდათ, მაგრამ როგორც კი გამცემი იპოვეს, მაშინვე მოკლეს და საკუთარი სურვილი რომ აეხდინათ, ხალხიც არად ჩააგდეს.
6-7. ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა, მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალ-სასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴით მჯდომარესა.
- ზოგიერთები ამბობენ, რომ უფალს ზეთი სამმა ქალმა სცხო, რომელთაც ოთხივე მახარებელი იხსენიებს. სხვები კი ფიქრობენ, რომ ისინი ორნი იყვნენ; ერთი მათგანი, რომელიც იოვანესთანაა მოხსენიებული, მარიამია, დაჲ ლაზარესი, ხოლო მეორე, ვისაც მათე ახსენებს, ისაა, რომელიც ლუკასა და მარკოზთანაც გვხვდება. ზოგიერთის თქმით, ეს სიმონ კეთროვანი ლაზარეს მამაა, რომელმაც უფალს, ვინც იგი კეთრისაგან განწმინდა, უმასპინძლა. ფიქრობენ, აგრეთვე, რომ, როცა უფალმა მოწაფეებს უთხრა: წადით ამა და ამ კაცთან და "მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი", ისინი მასთან წარგზავნა. როგორც ამბობენ, მან მიიღო იგი და უფალმა პასექი მასთან აღასრულა. როცა ქალმა განწმენდილი კეთროვანი იხილა, დარწმუნდა, რომ შენდობას ისიც მიიღებდა და სულიერი კეთრისაგან განიწმინდებოდა. მტკიცედ დაიჯერა რა ეს, ძვირფასი მირონი იყიდა და უფალს თავზე დაუნანებლად დაასხა, რითაც პატივი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს მიაგო. ასევე შენც, უკეთუ სელიერი კეთრი, კეთრი ფარისევლობისა გჭირს, გაბრმავებს და ღმერთს გაშორებს, მიიღე სახლსა შინა შენსა იესო და მას მირონი სათნოებისა სცხე. შენც ხომ მეგიძლია, იესოს, რომელიც კეთრისაგან გწმენდს, მირონი მოუმზადო და მას თავზე დაასხა. და რას წარმოადგენს ქრისტეს თავი? ეს მისი ღმრთეებაა, რომელსაც სათნოებათა კეთილსურნელება ეძღვნება, როგორც ნათქვამია: წარემართენ ლოცვაჲ ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, უფალო (ფს. 140.20). ქრისტეს ღმრთეებას კეთილსურნელება სათნოებისაგან შედგენილი მირონისა შენც მიუძღვენი და აღიარე იგი არა მხოლოდ ჩვეულებრივ კაცად, არამედ ღმერთადაც და მაშინ სცხებ მის თავს ღმრთეების სურნელოვან მირონს ანუ იღმრთისმეტყველებ.
8-11. ხოლო იხილეს რაჲ მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის? რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად დადძალის და მიცემად გლახაკთა. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და ჰრქუა მათ: რაჲსა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.
- მოწაფეებმა, რომელთაც მრავალი რამ სმენოდათ მოწყალების შესახებ და სიტყვას მასზე დიდადაც აფასებდნენ, ქალს უსაყვედურეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ღმერთი საკუთარ პატივზე მეტად წყალობას ეძიებს. მაგრამ მან მოწაფენი იმის გამო, რომ ქალს შეუფერებელ დროს უსაყვედურეს, დატუქსა. საერთოდაც, ახლადმოქცეულთაგან, და მით უფრო სუსტი ქალისაგან, ბევრი არ უნდა მოვითხოვოთ, არამედ ისინი თავიანთი ზომიერი რწმენითაც უნდა შევიწყნაროთ. რაჟამს ვინმე ღმერთს ძღვენს უძღვნის, უკან ნუ კი მიაქცევ მას, და ნურც მის გულმოდგინებას შეეხები იმით, რომ ამ ძღვენის გლახაკებისათვის დასარიგებლად წარგზავნი, არამედ მიეცი საშუალება ძღვენი შეწიროს. ხოლო უკეთუ ვინმე რჩევას გკითხავს იმის თაობაზე, შესაწირავი გლახაკებს დაურიგოს, თუ ღმერთს შესწიროს, მაშინ ურჩიე, რომ გლახაკებს დაურიგოს, მაგრამ უკეთუ ძღვენი ღმრთისათვის უკვე მიტანილი აქვს, მისი უკან გაბრუნება უსარგებლოა. ამასთან, პატივი, რომელიც უშუალოდ ღმერთს მიეგება, საერთოდ ყოველივეს, და მათ შორის მოწყალებასაც, უნდა ვარჩიოთ. რადგანაც ქრისტე კაცთმოყვარეობისა გამო მოწყალებას საღმრთო საქმედ თვლის, ნუ იფიქრებ, რომ ღმერთი უნდა უგულებელყო და მხოლოდ მოწყალებაზე უნდა იზრუნო, თორემ ისე გამოვა, რომ, უკეთუ ნაძარცვისაგან მოწყალებას გაიღებ, მკრეხელობაც კი შეგიძლია ჩაიდინო. მაგრამ ეს არ შეიძლება. ხოლო იმის შესახებ, რომ გლახაკთათვის გაღებული მოწყალება და თავად ქრისტესათვის პატივის მიგება და მისი მსახურება ერთი და იგივე არაა, მოუსმინე: გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქვენ თანა ვარ. ამგვარად, ყურადღება მიაქციე, რომ სხვა არის ქრისტეს მსახურება და სხვა გლახაკთა შეწყალება, თუმცა ქრისტე, კაცთმოყვარეობისა გამო, რასაც გლახაკებს უკეთებენ, მისთვის გაკეთებულად თვლის.
12-13. რამეთუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა და დასაფლველად ჩემდა ყო. ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელიცა ესე ყო მაგან საჴსენებელად მაგისა.
- უფალი გვასწავლის, რომ ქალი ასე ღმრთის ნებით მოიქცა, წინასწარ განასახიერა რა მისი ხიკვდილი და დაფლვა მისი სხეულისა, რადგან უფალი მისთვის მირონის ცხების ნებას არ მისცემდა, ამით საიდუმლოს რამდენადმე გაცხადება რომ არ ნდომებოდა. ვითარცა ღმერთმა, მან მომავალი იწინასწარმეტყველა, სახელდობრ, ის, რომ საქციელი, რომელიც ამ ქალმა ჩაიდინა, მის საქებრად ყველას აალაპარაკებდა. ნახე კაცთმოყვარეობა ღმრთისა, რა დიდი ჯილდო მიაგო დედაკაცს! უფალმა ისე მოაწყო, რომ ვიდრე სახარება იარსებებს, მასაც ყველგან მოიხსენებენ. მაგრამ მირონი ქრისტეს დაფლვაზე როგორღა მიუთითებს? იუდეველებს წესად ჰქონდათ სხეულის მირონის ცხებით დაკრძალვა, როგორც ამას ეგეიპტელებიც აკეთებდნენ, რათა იგი განუხრწნელად და ცუდი სუნის გარეშე შენახულიყო. ამჯერად, - ამბობს იგი, - ამ ქალმა მირონის დასხმით აჩვენა, რომ სხეული ჩემი საფლავად დაიდება. ყოველივე ამას უფალი იუდას შესარცხვენად და შესაგონებლად ამბობს, რომლისგანაც იგი დაკრძალვისათვის გაიცემოდა. გადატანითი მნიშვნელობით კი ასე მოიაზრე: კეთროვანი წარმართი ხალხებია, ცოდვილი დედაკაცი - ეკლესია წარმართთა კრებულისაგან, რომელმაც მირონი ანუ რწმენა ქრისტეს თავს, ან რაც იგივეა, მის ღმრთეებას დაასხა, რადგან ყოველი, რომელსაც სწამს, რომ ქრისტე ღმერთია, ქრისტეს თავსა ზედა მირონს ასხამს. იუდა კი, ვინც, როგორც იოვანე ამბობს (XII, 4-5), ამ ქალის გამო დრტვინავდა, იუდეველებს განასახიერებს, რომელნიც ქრისტეს ეკლესიის გამო აქამდე დრტვინავენ.
14-16. მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, მღდელთ-მოძღუართა მათ და ჰრქუა: რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი? ხოლო მათ მიუწონეს მას ოც და ათი ვეცხლი. და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ.
- როცა უცხო ქალმა, თანაც მეძავმა უფალს ასე დიდი პატივი მიაგო, მოწაფე სწორედ მაშინ წავიდა, რათა გაეცა იგი. ამაოდ როდია ნათქვამი: მაშინ წავიდა, არამედ იგი იუდას ურცხვობას წარმოაჩენს. ისკარიოტელი იმიტომ დაუმატა, რომ ამით დაეზუსტებინა, რომელ იუდაზე იყო ლაპარაკი, რადგან სხვა იუდაც არსებობდა, იუდა ლებბაიოსი. ეს გამცემი იუდა წარმოშობით ერთ-ერთი სოფლიდან იყო, რომელსაც ისკარა ეწოდებოდა. მათ მიუწონეს მას ოცდაათი ვეცხლი, ანუ შეთანხმდნენ და მიცემა დაადგინეს და არა მაშინვე მიუწონეს, როგორც ამას ბევრი ფიქრობს. იუდა ხელსაყრელ ჟამს ეძიებდა, რათა მაშინ გაეცა, როცა მარტო იქნებოდა. რადგანაც ხალხის ეშინოდათ, იუდა მოისყიდეს, რომ მას ეცნობებინა, როდის დარჩებოდა იესო მარტო.
17-19. ხოლო პირველსა მას დღესა უცომოებისასა მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქაჲ ესე? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა მისამე და არქუთ მას: მოძღუარი ეგრეთ იტყჳს: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო პასქაჲ ესე მოწაფითურთ ჩემით. და ყვეს ეგრეთ მოწაფეთა, ვითარცა უბრძანა მათ იესუ, და მოუმზადეს პასქაჲ იგი.
- ვფიქრობ, რომ უცომოების პირველ დღეს მახარებელი უცომოების წინა დღეს უწოდებს. წესით პასექი მათ პარასკევ საღამოს უნდა ეჭამათ; ამიტომაც ეწოდებოდა მას დღე უცომოებისა. მაგრამ უფალი მოწაფეებს ხუთშაბათს გზავნის, რომელსაც მახარებელი უცომოების პირველ დღეს უწოდებს, რადგანაც იგი წინ უსწრებს პარასკევს, რომლის საღამოსაც ჩვეულებრივ ჭამდნენ უცომოებს. მოწაფეები მიდიან იესოსთან და ეკითხებიან: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქაჲ ესე? რადგან არც მათ და არც თავად ქრისტეს საკუთარი სახლი არ ჰქონდათ. იგი მოწაფეებს აგზავნის კაცთან, ვისაც არც თვითონ იცნობდნენ და არც იგი იცნობდა მათ (ასე მოიქცა იგი სახედართან დაკავშირებითაც), რითაც აჩვენა, რომ იმ კაცს შეეძლო ერწმუნა მისთვის უცნობი ადამიანის უბრალო სიტყვებისა და უფალი მიეღო. პასექის აღსრულება კი იმიტომ ინება, რომ არ ეფიქრათ, სჯულის წინააღმდეგი არისო. ჟამი ჩემი თავის დაკვლას უწოდა, რათა ჩვენ გვცოდნოდა, რომ მან ეს იცოდა და მისი ნების გარეშე არ დაკლულა. სიტყვებს: შენ თანა ვყო პასქაჲ ესე, ანუ შენს სახლში, დაურთო სიტყვები: მოწაფითურთ ჩემით, რათა საჭმელი საკმარისად მოემზადებინათ, რადგან პასექის ჭამა მრავალს ჰქონდა განზრახული.
20-22. და ვითარცა შემწუხრდა, ინაჴით-ჯდა იესუ ათორმეტთა მათ თანა. და ვითარცა ჭამდეს იგინი, ჰრქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე. და იგინი შეწუხნეს ფრიად, და იწყეს კაცად-კაცადმან მათმან სიტყუად: ნუუკუე მე ვარ, უფალო?
- ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზოგიერთები ფიქრობენ, რომ იმ წელს უფალს პასექი არ უჭამია, რადგან, როგორც ამბობენ, კრავს ჩვეულებრივ, ფეხზე მდგომნი ჭამდნენ, ქრისტე კი ინაჴით იჯდა და მაშასადამე, არც პასექი უჭამია. ჩვენ კი ვამბობთ, რომ მან პასექი ჯერ ფეხზე მდგომმა შეჭამა, ხოლო შემდეგ ინაჴით მჯდარმა გადმოსცა თავისი საიდუმლო, რადგან ჯერ პასექის წინა სახე აღასრულა, ხოლო შემდეგ - ჭეშმარიტი პასექი. იუდას საქციელზე წინასწარ იმიტომ თქვა, რომ გამოესწორებინა და შეერცხვინა, თუ სხვა რამით არა, საერთო ტრაპეზით მაინც, და მიანიშნა, რომ მას სურდა გაცემა ღმრთისა, რომელმაც მისი გულის ზრახვანი იცოდა. მოწაფენი შეშფოთდნენ, მართალია, სინდისი სუფთა ჰქონდათ, მაგრამ საკუთარ თავზე მეტად ქრისტეს ენდობოდნენ, რადგან უფალი უკეთ იცნობდა მათ გულებს, ვიდრე თვითონ ისინი.
23-25. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე. ძე სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ხოლო ვაჲ კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისაჲ მიეცეს. უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი. მიუგო იუდა, რომელმანცა მისცა იგი, და თქუა: ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ.
- რადგანაც ფარულად მხილებული იუდა გონს ვერ მოეგო, ახლა პირდაპირ ამხელს. ამიტომაც ამბობს რა: რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი, მის შესახებ აცხადებს, რათა ამით მაინც გამოასწოროს. მაგრამ იუდამ, რადგანაც ურცხვი იყო, ლუკმა მაინც იმავე ჯამში ან პინაკში ამოაწო. შემდეგ ამბობს: ძე სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ანუ სამყაროს დასახსნელად ქრისტეს ვნება კიდევაც რომ წინასწარ განსაზღვრული ყოფილიყო, იუდასათვის პატივის მიგება არა თუ სრულიადაც არ გვმართებს, არამედ, პირიქით, ვაი მას, რადგან იგი ასე იმიტომ კი არ მოიქცა, რომ ღმრთის განზრახვას შეწეოდა, არამედ საკუთარი ბოროტებისათვის სამსახურის გასაწევად. ამასთან, უკეთუ ყურადღებით განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ქრისტეს ჯვარზე გაკვრა წინასწარ განზრახული არ ჰქონია. ამას იგი მაშინ გვაჩვენებს, როცა სასმელის აცილებისათვის ლოცულობს. მაგრამ, რადგანაც მან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა იცოდა, რომ ადამიანთა ხსნა, მტრის ბოროტებისა გამო, სხვა გზით შეუძლებელი იყო, იმის გაკეთება ინება, რისი გაკეთებაც თავდაპირველად არ უნდოდა. როცა ამბობს, უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი, ამით ცოდვილ არსებობაზე უმყოფობის უპირატესობას წარმოაჩენს. ყურადღება მიაქციე სიტყვას წარვალს, რომელიც გვაჩვენებს, რომ ქრისტეს მოკვდინება გადასვლა უფრო იქნებოდა, ვიდრე სიკვდილი.
26. და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი.
- სიტყვები: ვითარცა ჭამდეს მახარებელმა იუდას არაკაცობის წარმოსაჩენად დაურთო, რადგან, მხეციც რომ ყოფილიყო, საერთო ტრაპეზზე საჭმლის მიღებას უფრო ლმობიერი უნდა გაეხადა; იგი კი, ადრეც მხილებული, არა თუ გონს მოვიდა, არამედ მაცხოვრის ხორციც ისე იგემა, რომ არ მოუნანიებია. ზოგიერთების თქმით, ქრისტემ საიდუმლო სხვა მოწაფეებს მაშინ გადასცა, როცა იუდა გავიდა. ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ და უკეთურნი საიდუმლოებებს განვარიდოთ. განიზრახავს რა პურის გატეხას, უფალი ჰმადლობს, ჯერ ერთი იმისათვის, რომ პურის მოღებისას მადლობის თქმა ჩვენც გვასწავლოს და მეორეც, რათა გვაჩვენოს, რომ მისი სხეულის გადატეხას ანუ მოკვდინებას მადლობით იღებს, და ამის, ვითარც რაღაცა მისი ნებისაგან დამოუკიდებლად მომხდარის გამო, არ მრისხანებს, და კიდევ იმიტომ, რომ მოწამეობა ჩვენც მადლობით მივიღოთ. როცა ამბობს: ესე არს ხორცი ჩემი, გვაჩვენებს, რომ პური, განწმენდილი საკურთხეველზე, თვითონ ქრისტეს სხეულია და არა სახე მისი, რადგან არ უთქვამს; ეს არის სახე, არამედ: ესე არს ხორცი ჩემი. პური გამოუთქმელი მოქმედებით გარდაიქმნება, თუმცა ჩვენთვის ისევ პურად ჩანს. რადგანაც ჩვენ, ჩვენი უძლურებისა გამო, უმი და თანაც ადამიანის ხორცის ჭამას ვერ შევიწყნარებთ, ამიტომაც გვეჩვენება პურად, თუმცა სინამდვილეში ხორცია.
27-28. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა.
- როგორც ძველ აღთქმაში იყო დაკვლა და სისხლი, ასევეა ახალ აღთქმაშიც - სისხლი და დაკვლა. არა ყველასათვის, არამედ მრავალთათვის დათხეულიო, - თქვა. ყველანი ხომ მრავალნი არიან. რატომ ზემოთაც არ თქვა; მიიღეთ და ჭამეთ ყველამო, როგორც აქ ამბობს: სუთ ამისგანი ყოველთა? - ერთნი ამბობენ, რომ მან ეს იუდას გამო თქვა, რადგან, როცა იუდამ პური აიღო, კი არ შეჭამა, არამედ დამალა, რათა იუდეველთათვის ეჩვენებინა, რომ იესო თავის სხეულს პურს უწოდებდა; სასმელი კი, თუმცა არ უნდოდა, მაინც დალია, რადგან მის დამალვას ვერ შეძლებდა. ამიტომაც ეუბნებაო მათ უფალი: სუთ ყოველთა. ხოლო მეორენი ამას გადატანითი მნიშვნელობით განმარტავენ, სახელდობრ, რამდენადაც მაგარი საჭმლის მიღება არა ყველას, არამედ მხოლოდ ზრდასრულებს შეუძლიათ, შესმა კი ყველას, ამიტომაც თქვა აქ: სუთ ყოველთა, რადგან უმარტივესი დოგმატების მიღება ყველას ძალუძს.
29. ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენაჴისა, ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა თქუენ თანა ახალი სასუფეველსა მამისა ჩემისასა.
- იგემა რა თასიდან, ამიერიდან უარს ამბობს ხორციელ (ამქვეყნიურ) სასმელზე და სასუფეველში ანუ აღდგომისას რაღაც ახლის გემებაზე (გემოჲსხილვაზე) იუწყება. შემდგომად აღდგომისა, მართლაც, ჭამდა და სვამდა, ოღონდ რაღაც ახალი სახით, არა იმიტომ, რომ ხორციელი საკვების გემება სჭირდებოდა, არამედ რათა საკუთარი სხეულის ჭეშმარიტი ბუნება დაედასტურებინა. თავის აღდგომას სასუფეველს სამართლიანად უწოდებს, რადგან რაჟამს სიკვდილი გააუქმა (გაანადგურა), თავი ჭეშმარიტ მეფედ წარმოაჩინა. შეგიძლია ასეც მოიაზრო: ახალი სასმელი ღმრთის საიდუმლოთა განცხადებაა, რომელნიც მაშინ ანუ მეორედ მოსვლისას, ღმრთის სასუფეველსა შინა, განცხადდებიან. ახალი, ე. ი. იმგვარი, რომლის შესახებაც არასოდეს არაფერი გვსმენია. ქრისტე ამბობს, რომ მას ჩვენთან ერთად თვითონაც შესვამს, რადგან ჩვენთვის სასარგებლოს თავის საკვებად და სასმელად ჩათვლის.
30. და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა.
- შემდგომად სერობისა იგალობეს, რათა ვისწავლოთ, რომ ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. რომ არ ეფიქრათ, გაიქცაო, არა სხვაგან სადმე, არამედ ზეთისხილის მთაზე, იუდეველთათვის არა უცნობ, არამედ ნაცნობ ადგილას მიდის. ამასთან, ტოვებს რა მას, სისხლმოწყურებულ ქალაქს შორდება, რათა დევნილს შემდგომში ემხილებინა ისინი, რომ განშორებულს დაედევნენ.
31-32. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი. ხოლო შემდგომად აღდგომისა ჩემისა წინა-წარგიძღუე თქუენ გალილეას.
- ვითარცა ღმერთი მომავალზე წინასწარმეტყველებს და მოწაფენი რომ არ ცდუნებულიყვნენ, თავის თავს საყვედურობს, როცა ამბობს, რომ დაწერილია: დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი, რაც ნიშნავს: მე თქვენ შეგაკავშირეთ, მაგრამ ჩემი წასვლით განიბნევით (დაიფანტებით). რადგანაც მამამ იუდეველთაგან ძის ჯვარზე გაკვრა დაუშვა, ამიტომაცაა ნათქვამი, რომ ძეს მამა დასცემს. შეეძლო რა ხელის შეშლა მათთვის, მაგრამ არ შეუშალა და დაუშვა, რის გამოც ითქვა, რომ დასცა. შემდეგ, მათი მწუხარების დასახსნელად, უფალი მოწაფეებს ახარებს, რომ აღდგება და წინა-წარუძღვება, ანუ ჩაასწრებს გალილეაში, აჩვენებს რა, რომ იერუსალიმს დატოვებს და წარმართებთან წავა, რადგან გალილეაში წარმართები ცხოვრობდნენ.
33-34. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაჰბრკოლდნენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავჰბრკოლდე. ჰრქუა მას იესუ, ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე.
- დიდი თავდაჯერებულობის გამო, მხოლოდ პეტრე არწმუნებს, რომ არ ცდუნდება. ქრისტემ მისი დაცემა დაუშვა, რათა არა საკუთარი მხნეობის, არამედ ღმრთის სასოება ჰქონოდა და საკუთარ სინდისზე (ცნობიერებაზე, გონებაზე) მეტად ქრისტეს ხიტყვებისა ერწმუნა. ამასთან სიტყვები: დაღათუ ყოველნი დაჰბრკოლდენ, გამოძახილია სიამაყისა, რადგანაც პეტრეს ქედმაღლობასა და მის მიერ საკუთარი უძლურების შეუცნობლობას წარმოაჩენს. უფალი მას დროსაც უწინასწარმეტყველებს და რიცხვსაც უარყოფისა, სახელდობრ: იგი მას იმავე ღამეს, ვიდრე ქათმისა ხმობადმდე, და თანაც სამგზის უარყოფდა.
35-36. ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ ჯერ-იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს. მაშინ მოვიდა იესუ მათ თანა ადგილსა, რომელსა ჰრქჳან გეთსიმანია, და ჰრქუა მათ: დასხედით მანდა, ვიდრემდე მივიდე იქი და ვილოცო.
- პეტრე, რომელსაც სურდა ეჩვენებინა, რომ ჭეშმარიტად მისი ერთგული იყო, მაცხოვარს შეეპასუხა. განთავისუფლდა რა იმ შიშისაგან, რომ შეიძლებოდა გამცემი თვითონ ყოფილიყო, ქრისტესადმი დიდი სიყვარულისა და პატივმოყვარეობის გამო, სხვების წინააღმდეგ ამხედრება და ქრისტესთვის წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. მაგრამ სხვა მოწაფეებიც, რომელთაც განსაცდელი არ იცოდნენ, რადგან ჯერ კიდევ არ ჰქონდათ განცდილი, უფალს იმაში არწმუნებდნენ, რისი გაკეთებაც არ შეეძლოთ.
37-39. და წარიყვანნა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით ჩემ თანა. და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ.
- ყველა მოწაფე კი არ წაიყვანა, არამედ სამნი, ისინი, რომელთაც თაბორის მთაზე თავისი დიდება აჩვენა, რადგან იხილავდნენ რა მას შეშფოთებულსა და მლოცველს, არ ცდუნებულიყვნენ; თუმცა ესენიც დატოვა და განშორდა, მარტოს რომ ელოცა. იგი კეთილი განგებულებით ღელავს და წუხს, რათა ირწმუნონ, რომ ჭეშმარიტად კაციც იყო, რადგანაც შიში სიკვდილისა კაცობრივ ბუნებას ახასიათებს. რამდენადაც სიკვდილი კაცთა მოდგმაში ბუნებით არ შემოსულა, ამიტომ კაცობრივი ბუნება გაურბის მას. ამასთან, იმისთვისაც მწუხარებს, რომ ეშმაკს დაემალოს, და რომ ეშმაკი მას, ვითარცა უბრალო (ჩვეულებრივ) კაცს, თავს ისე დაესხას, მოაკვდინოს და ამგვარად თვითონაც შეიმუსროს. მეორე მხრივ, უფალი სიკვდილზე თვითონ რომ წასულიყო, ამით იუდეველებს თავის მართლების საშუალებას მისცემდა, სახელდობრ, რომ მოკვლით იმისა, ვინც ჩვენთან თვითონ მოვიდა, რათა ვნებულიყო, არ შეგეიცოდავსო. აქედან ჩვენც ვსწავლობთ, რომ თავი საფრთხეში კი არ უნდა ჩავიგდოთ, არამედ მისგან დასახსნელად უნდა ვილოცოთ. ამიტომ დიდი მანძილით კი არ დაშორდა, არამედ შორიახლოს დარჩა სამი მონაფისა, რათა მოესმინათ მისი და ხსომებოდათ, რომ უკეთუ განსაცდელსა შინა ჩავარდებოდნენ, თვითონაც მის მსგავსად უნდა ელოცათ. თავის ტანჯვას სასმელს უწოდებს, ან იმის გამო, რომ მისგან დაიძინა, ან კიდევ იმიტომ, რომ იგი ჩვენი სიხარულისა და ხსნის მიზეზად იქცა. სურს ეს სასმელი აიცდინოს, ან იმის საჩვენებლად, რომ ვითარცა კაცს, ბუნების კანონით, ეშინია სიკვდილისა, როგორც ეს უკვე ითქვა, ან იმის გამო, რომ არ სურდა, ებრაელებს ისე მძიმე ცოდვა ჩაედინათ, რომლის გამოც ტაძარიც განადგურდებოდა და ხალხიც დაიღუპებოდა. მას სურს, ასრულება მამის ნებისა, რათა ჩვენც ვისწავლოთ, რომ თუმცა ბუნება გარემიგვაქცევს, ჩვენ მაინც ღმრთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ასრულება საკუთარი ნებისა.
40-41. და მოვიდა მოწაფეთა თანა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: ესოდენ ვერ უძლეთ ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა? იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა; სული გულს-მოდგინე არს, ხოლო ჴორცნი უძლურ.
- რადგანაც პეტრე და სხვა მოწაფენიც გაბედულნი იყვნენ, ამხელს მათ უძლურებას, ვითარცა ადამიანებისა, რომელნიც ფრიად დაუფიქრებლად ლაპარაკობდნენ; განსაკუთრებით კი პეტრეს მიმართავს: როგორ ვერ შეძელით ერთი საათი გეფხიზლათ ჩემთან ერთად? და სულს თქვენსას ჩემთვის როგორღა დადებთ? მაგრამ მას შემდეგ, რაც მხილებით განგმირა, ისევ კურნავს მათ, როცა ეუბნება: სული ფხიზელია, მაგრამ ხორცი თავისი უძლურებით ეწინააღმდეგება მას, ანუ: მე გპატიობთ თქვენ, რადგანაც უძლურებისაგან ჩათვლიმეთ და არა იმის გამო, რომ უგულებელმყავით. ასე რომ, რადგანაც უძლურნი ხართ, ნუ კადნიერდებით, არამედ ილოცეთ, რომ როგორმე განსაცდელსა შინა არ ჩავარდეთ. სხვები ფიქრობენ, რომ სიტყვები: რაჲთა არ შეხჳდეთ განსაცდელსა ნათქვამია ნაცვლად სიტყვებისა: რაჲთა განსაცდელისაგან არ იძლიოთ. რადგან, ამბობენ ისინი, განსაცდელთა გარეშე ყოფნას კი არ გვიბრძანებს, რომელნიც ჩვენ გვირგვინოსანგვყოფენ, არამედ თავის დაცვას განსაცდელთაგან, რათა არ დავინთქათ და წიაღსა შინა მისსა, ვითარცა რაღაც ცხოველისა, არ აღმოვჩნდეთ, რადგანაც ვინც განსაცდელისგან დამარცხდა, მას შინა შევიდა, ანუ მისგან იქნა დანთქმული.
42-44. კუალად მეორედ წარვიდა და ილოცვიდა და თქუა: მამაო ჩემო, უკუეთუ ვერ შესაძლებელ არს სასუმელი ესე თანა-წარსლვად ჩემდა, რაჲთამცა არა შევსჳ იგი, იყავნ ნებაჲ შენი. და მოვიდა და კუალად პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ. და დაუტევნა იგინი და კუალად წარვიდა მესამედ და ილოცვიდა და მასვე სიტყუასა იტყოდა.
- ჰოჲ კაცო, გესმის რა, რომ უფალიც ხშირად ლოცულობდა, განსაცდელსა შინა განუწყეეტელი ლოცვა ისწავლე. იხილა რა ისინი ისევ მძინარენი, აღარ ამხილა, რათა აღარ დაემწუხრებინა, არამედ განშორდა და მესამედ წავიდა სალოცავად, დასამტკიცებლად იმისა, რომ კაციც იყო, რადგანაც რიცხვი სამი ჭეშმარიტებისა და უეჭველობის მაჩვენებელია.
45-46. მაშინ მოვიდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ: აჰა ესერა მოახლებულ არს ჟამი, და ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა ცოდვილთასა. აღდეგით, წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მოიწია მიმცემელი ჩემი.
- აჩვენებს რა, რომ რადგანაც დანებება განიზრახა, მათი შემწეობა არ სჭირდება, ეუბნება მათ: დაიძინეთ ამიერითგან. ამ სიტყვებს ირონიით წარმოთქვამს, თითქოს ეუბნება: "აჰა მოახლოვდა გამცემი და უკეთუ თქვენ ეს მოგწონთ, და ჟამიც ნებას გაძლევთ, იძინეთ". შემდეგ მან წამოაყენა ისინი იმ ადგილიდან, სადაც ლოცულობდა, იმათკენ გაემართა, ვინც მის შეპყრობას განიზრახავდა და ისე შეეგება, თითქოს რაღაც სასიხარულო რამის გადაცემა ჰქონდათ განზრახული. იგი ლოცულობდა იმისთვის, რომ განგებულება გვერწმუნა, ხოლო თუ ტანჯვა არ სურდა, ესეც იმიტომ, რომ ებრაელები ეხსნა დაღუპვისაგან, რომელიც მის წინაშე ჩადენილი ცოდვისათვის მოეწეოდათ.
47-50. და ვიდრე იგი იტყოდაღა, აჰა ესერა იუდა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, მოვიდა, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთ-მოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა. ხოლო მიმცემელსა მას მისსა მიეცა სასწაულად და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი. და მეყსეულად მოუჴდა იესუს და ჰრქუა: გიხაროდენ, მოძღუარ! და ამბორს-იყო მას. ხოლო იესუ ჰრქუა: მოყუასო, რომლისათჳსცა მოსრულ ხარ? მაშინ მოუჴდეს და დაასხნეს ჴელნი მათნი იესუს ზედა და შეიპყრეს იგი.
- ხედავ მღვდელმთავართა იარაღებს? კეტებსა და მახვილებს? აი, ამგვარი მშვიდობისმყოფელნი იყვნენ ისინი და მქონენი სათნო სულისა. ერთი იგი ათორმეტთაგანი, - ამბობს მახარებელი და უკვირს, რომ იუდამ, მიუხედავად იმისა, რომ რჩეული იყო და პირველთა შორის დადგენილი, საკუთარი თავი ეშმაკს მისცა. ასევე შენც, კიდევაც რომ ერთი მის მახლობელთაგანი იყო, მაინც გეშინოდეს ადამიანო, რათა სულით არ დაუძლურდე და მისგან არ განვარდე. იუდა ნიშანს აძლევს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ღამეში გამოცნობა შეუძლებელი იყო და მეორეც: შესაპყრობად მოსულნი არა იმდენად ხალხიდან, რამდენადაც მღვდელმთავართა მსახურებიდან იყვნენ, ამიტომ შეიძლებოდა მათ იესო საერთოდაც არ სცნობოდათ. მოწაფე მასწავლებელზე მათ ამბორისყოფით მიუთითებს; იცის რა კაცთმოყვარეობა უფღისა, კადნიერდება და ვოცნის. ისიც ბოლო შუთამდე ითმენს და მის სინანულად მოყვანას სულგრძელობით ცდილობს. მაგრამ როცა გონს ვერც ამით მოიყვანა, მაშინ, როგორც იოვანე ამბობს, ისე გააკეთა, რომ მოსულნი მიწაზე დაეცნენ. ასე იმიტომ მოიქცა, რომ დაცემისაგან მაინც შეეცნოთ მისი ძალა, მაგრამ, როცა თავხედობაზე ხელი არც ამის შემდეგ აიღეს, თავისი თავი თვითონ მისცა. არცხვენს რა ამით და საყვედურობს, იუდას მეგობარს უწოდებს, რომელმაც, ვითარცა მეგობარმა, კოცნა უძღვნა. რომლისათჳსცა მოსრულ ხარ? ნაცვლად ამისა: რა მიზნით მოხვედი აქ? როგორც მეგობარი? მაგრამ მაშინ მახვილებით არ უნდა მოსულიყავი, როგორც მტერი? მაგრამ მაშინ როგორღა მკოცნი? ასე ამხელს მას ვითარცა ცბიერს.
51-54. და აჰა ერთმან იესუჲსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი. მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ. ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ? და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?
- როგორც იოვანე ამბობს, პეტრე იყო ის, ვინც მახვილი ამოიღო (ინ. 18, 10). მახვილი თან ჰქონდა, რადგან მანამდე კრავი დაკლა, რომელიც სერობაზე იგემეს. ჩვენ პეტრეს არ განვსჯით, რადგან იგი ასე არა საკუთარი თავის, არამედ მასწავლებლისათვის მოშურნეობის გამო მოიქცა, ხოლო უფალი გარდაქმნის რა მას სახარებისეული მოქალაქეობისათვის, ასწავლის, რომ არ შეიძლება გამოყენება მახვილისა, თუნდაც ღმრთისათვის შურისძიების მიზნით. მოჰკვეთა რა ყური, პეტრე გვაჩვენებს, რომ იუდეველები შეუსმენლობით იყვნენ ავად. შემდეგ უფალს მოჰყავს გამონათქვამი სჯულიდან, რომ მკვლელი უნდა მოიკლას, რადგანაც სჯულის სწავლებით მახვილის ამღებნი მახვილითვე მოწყდებიან. ამით იგი იმაზე მიანიშნებს, რომ იუდეველნი, რომელთაც მახვილი მის წინააღმდეგ აიღეს, რომაელთა მახვილით ამოწყდებოდნენ. არ უთქვამს: მე შემიძლია წარმოვადგინო ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი, არამედ შევევედრო მამასა ჩემსაო. ამას იგი კეთილი განგებულებით ამბობს, ვითარცა კაცი, მოწაფეთა უძლურებისა გამო. რამდენადაც მან მაშინ მრავალი კაცობრივი რამ აჩვენა - ოფლი, შიში, უკვე დამაჯერებელი აღარ იქნებოდა, რომ ეთქვა: ანგელოზთა წარმოდგენა მე თვითონ შემიძლიაო; ამიტომაც ამბობს: თუკი ვისურვებდი, ნაცვლად თორმეტი მოწაფისა, ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი წარმომიდგებოდაო; ლეგიონი კი ყველაზე დიდი რაზმია - ექვსიათასი მხედარი. მაგრამ, - ამბობს, - ეს ყოველივე უნდა მოხდეს, რათა აღსრულდეს წერილი, რომელიც ყოველივე ამას წინასწარ გვაუწყებს. იუდეველები ბოროტნი არიან არა იმიტომ, რომ წმინდა წერილი ამას წინასწარ იუწყება, არამედ, რადგანაც მომავალში ყოველივეს ბოროტი განზრახვით აღასრულებდნენ, და წმინდა წერილშიც იმიტომ გადმოიცა ყველაფერი სულიწმიდის მიერ.
55-56. მას ჟამსა ჰრქუა იესუ ერსა მას: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა. დღითი-დღე თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვჯედ და გასწავებდ, და არა შემიპყართ მე. ხოლო ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულნენ წიგნნი წინაწარმეტყუელთანი.
- უფალმა მათი უგუნური თავდასხმაც წარმოაჩინა და ისიც, რომ მისი შეპყრობა მათი ძალით არ მომხდარა. როცა ტაძარში ვიყავი, - ამბობს, - თქვენ მაშინაც გინდოდათ ჩემი შეპყრობა, მაგრამ, რადგანაც ეს მე არ დავუშვი, ვერც შეძელით; ახლა კი ჩემივე ნებით გეძლევით, რადგანაც ვიცი, რომ შეუძლებელია ტყუოდეს წმინდა წერილი, რომელმაც თქვენი ბოროტება იწინასწარმეტყველა.
55-58. მაშინ მოწაფეთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს. ხოლო მათ შეიპყრეს იესუ და მიიყვანეს კაიაფაჲსა მღდელთ-მოძღურისა, სადა-იგი მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი შეკრებულ იყვნეს. ხოლო პეტრე მისდევდა მას შორით, ვიდრე ეზოდმდე მღდელთ-მოძღურისა, და შევიდა შინა და დაჯდა მსახურთა თანა ხილვად აღსასრულისა.
- მაშინ, როცა სხვა მოწაფეები გაიქცნენ, პეტრე, რომელსაც მასწავლებელი მხურვალედ უყვარდა, შორიახლო მისდევდა მას. მართალია, უფალს იოვანეც მიჰყვებოდა, მაგრამ არა როგორც მოწაფე, არამედ როგორც მღვდელმთავრის ნაცნობი.
59-60. ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და მოხუცებულნი და ყოველი კრებული ეძიებდეს ცრუ-მოწამეთა იესუჲსთჳს, რაჲთამცა მოკლეს იგი, და არა ჰპოებდეს; და მრავალნი მოსრულ იყვნეს ცრუ-მოწამენი, და არა პოვნეს.
- იესო კაიაფასთან მიიყვანეს, რადგანაც იმ წლის მღვდელმთავარი იგი იყო. ღამე სხვებმაც იქ გაათიეს და რადგანაც უფლის მოკვლას ელოდებოდნენ, პასექიც არ უჭამიათ, რითაც სჯული დაარღვიეს. თავად უფალმა პასექი დადგენილ დროს ჭამა, მათ კი, ოღონდ იესო მოეკლათ და სჯულიც არაფრად ჩააგდეს.
60-64. ხოლო უკუანაჲსკნელ მო-ვინმე-ვიდეს ორნი და თქუეს, ვითარმედ: ამან ესრეთ თქუა: ძალ-მიც დარღუევად ტაძარი ესე ღმრთისაჲ და მესამესა დღესა აღშენებად. მაშინ აღდგა მღდელთ-მოძღუარი იგი და ჰრქუა მას: არარას მიუგება, რასა-ეგე შეგწამებენ შენ? ხოლო იესუ დუმნა. მაშინ მღდელთ-მოძღუარმან მან ჰრქუა მას: გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რაჲთა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ:
- ჭეშმარიტად ცრუ მოწამენი იყვნენ ისინი, რადგანაც ქრისტეს არ უთქვამს: მე შემიძლია დავარღვიო, არამედ დაარღვიეთო (იოან. 2.19). არც ის უთქვამს: ტაძარი ღმრთისა, არამედ ტაძარი ესე, ანუ სხეული ჩემი, და არც ის: აღვაშენებო. არამედ: აღვადგენო. ამჯერად, ცხადია, რომ ისინი ცრუმოწმენი იყვნენ და ხმაზე ამტკიცებდნენ ქრისტემ თქვაო, რაც არ უთქვამს. ამიტომაც დუმდა ქრისტე, რომელმაც მათი უკანონო სამსჯავრო იხილა. ისინი, რომელნიც სასწაულებმა ვერ დაარწმუნეს, თავის მართლება როგორღა დაარწმუნებდათ? მღვდელმთავარმა ეს კითხვა იმიტომ მისცა, რომ მისი მკრეხელობაში ჩათრევა სურდა. თუ იგი ეტყოდა, რომ მე ვარო ძე ღმრთისა, ვითარცა მკრეხელს, განსჯიდა, ხოლო თუ უარყოფდა, საკუთარი თავის წინააღმდეგ მოწმედ ეყოლებოდა. მაგრამ უფალმა, ვინც ბრძენთ მათ ვერაგობაში იჭერდა ხოლმე, უპასუხა: შენ სთქუ, ან, რაც იგივეა: შენმა პირმა აღიარა, რომ მე ძე ღმრთისა ვარ.
64. ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მჯდომარე მარჯუენით ძლიერებასა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა.
- უფალი მათ დანიელ წინასწარმეტყველის სიტყვებს ეუბნება, რომელმაც თქვა: და ვიხილე მე ვითარცა ძე კაცისა, მომავალი ღრუბლით. რადგანაც ისინი თვლიდნენ, რომ იგი მატყუარა იყო, და თავმდაბალი გარეგნულად ჩანდა, ამიტომაც ეუბნება მათ: მიხილავთ მე, ძლიერებით მომავალს და მამისა თანა მჯდომარეს. ძლიერებას აქ მამის ძალას უწოდებს, ხოლო მომავალს - ვინც არა მიწიდან, არამედ ზეციდან მოდის.
65-66. მაშინ მღდელთ-მოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა, ვითარმედ: გმო; აწ უკუე რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? აჰა ესერა გესმა გმობაჲ მაგისი. რაჲ გნებავს თქუენ? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: თანამდებ არს სიკუდილისა.
- იუდეველებს ჩვევა ჰქონდათ, რომ თუ აუტანელი რამ შეემთხვევოდათ, სამოსელი შემოეხიათ. თითქოსდა აშკარა მკრეხელობის გამო, ბრბოს მოსატყუებლად კაიაფაც ასე მოიქცა, რათა მათთვის ქრისტე უდიდეს მკრეხელად წარმოეჩინა და ამგვარად გაეხადა იძულებული ეთქვათ: თანამდებ არს სიკუდილისა. ამასთან, ისიც ისწავლე, რომ კაიაფას მიერ სამოსის შემოხევა ძველი აღთქმის მღვდელმთავრობის დარღვევის სიმბოლოც იყო.
67-68. მაშინ ჰნერწყუვიდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?
- როდესაც ასამართლებდნენ, თან ლანძღავდნენ და დასცინოდნენ, როგორც ამას სხვა მახარებელიც ამბობს, მოსასხამს თავზე ახურავდნენ, და ასე იმიტომაც დასცინოდნენ, რომ წინასწარმეტყველად ჰყავდათ იგი. ჴურთით ცემა ხელის მოხრილი თითებით ან, უკეთ რომ ვთქვათ, მუშტებით (მჯიღებით) ცემას ნიშნავს.
69-75. ხოლო პეტრე ჯდა გარეშე ეზოსა შინა. მოუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა მას: და შენცა იყავ იესუჲს თანა, გალილეველისა. ხოლო მან უვარ-ყო წინაშე ყოველთასა და ჰრქუა: არა ვიცი, რასა იტყჳ. და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესეცა იყო იესუჲს თანა, ნაზარეველისა. და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და შემდგომად მცირედისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი პეტრეს და ჰრქუეს მას: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამეთუ სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს შენ. მაშინ იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და მეყსეულად ქათამმან იყივლა. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ.
- უზომო შიშით შეპყრობილ პეტრეს თავისი აღთქმა დაავიწყდა და კაცობრივ უძლურებას დაემორჩილა, თითქოს შიშისაგან მოკვდა და არ იცოდა, რა ეთქვა. შენ კი ეს ჩემთან ერთად ამაღლებული აზრით გულისხმაჰყავ, რომ პეტრეს მოახლის, ანუ მდაბალი და მონებისათვის შესაფერისი კაცობრივი უძლურება ამხელს. მას მანამდე ამხელდნენ, ვიდრე მამალმა არ იყივლა და გრძნობაზე არ მოიყვანა. მამალი ქრისტეს სიტყვას ნიშნავს, რომელიც არა თუ უზრუნველობისა და ჩაძინების ნებას არ გვაძლევს, არამედ პირიქით შეგვაგონებს: იღვიძებდეთ და აღდეგით ძილისაგან. ამგვარად სწორედ ამ სიტყვისაგან - თითქოსდა მამლის ყივილისაგან - გამოფხიზლებული პეტრე მღვდელმთავრის ეზოდან, ანუ გონებრივი დაბრმავებიდან გამოვიდა და გრძნობაზე მოსული მწარედ ატირდა. ვიდრე დაბრმავებული გონების ეზოსა შინა იმყოფებოდა, არ უტირია, რადგან ვერაფერს გრძნობდა, მაგრამ როგორც კი იქიდან გამოვიდა, გრძნობაზეც მოვიდა.
--
1 - მომზადებული დარბაზი.