1-2. და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა ჰხედავთა ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. - ტაძრიდან გამოსვლით იესომ აჩვენა, რომ იუდეველებს განშორდა, როგორც თქვა: დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად, ისევე მოიქცა. მოწაფეებს ტაძრის დანგრევას უწინასწარმეტყველებს. მაშინ, როცა ისინი მიწიერისას ზრახვიდნენ, ნაგებობის სილამაზე უკვირდათ და მას ქრისტეს აჩვენებდნენ, თითქოს ეუბნებოდნენ: ნახე, ცარიელს როგორ შენობას ტოვებო. მან ისინი მიწიერ ზრახვებს მოსწყვიტა, მათი ყურადღება ზეციერი იერუსალიმისკენ წარმართა და თქვა: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა. თქვა რა ეს, ჰიპერბოლის გამოყენებით, ნაგებობის სრულ განადგურებაზე მიანიშნა.
3. და ვითარცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული იგი შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ? - მარტოდ დარჩენილთან მოწაფენი მივიდნენ, რომელთაც განზრახული ჰქონდათ მისთვის ფრიად მნიშვნელოვანი რამ ეკითხათ, სახელდობრ, ისინი ორი საქმის შესახებ ეკითხებიან: როდის მოხდება ეს, ანუ ტაძრის დარღვევა და იერუსალიმის აღება და მეორე: რა იქნება ნიშანი მისი მოსვლისა?
4-5. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ. - ამბობს, რომ მრავალი გამოჩნდება ისეთი, რომელიც თავს ქრისტედ გამოაცხადებს; მართლაც, დოსითეოს სამარიელი ამბობდა, მე ვარ ქრისტე, რომლის, ვითარცა წინასწარმეტყველის, შესახებ მოსემ იწინასწარმეტყველაო. ასევე, სიმონ სამარიელიც თავის თავს ღმრთის დიდ ძალას უწოდებდა.
6-8. და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული. რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილად-ადგილად. ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს. - უფალი რომაელების იერუსალიმთან ბრძოლაზე საუბრობს. მაგრამ, - ამბობს იგი, - არა მხოლოდ ბრძოლები იქნება, არამედ შიმშილობაცა და ჭირიც, რითაც აჩვენებს, რომ იუდეველებზე ღმრთისგან მოვლენილი რისხვა მოაწევს. რადგან, უკეთუ ბრძოლებზე კიდევ შეიძლება თქმა იმისა, რომ მათ ადამიანთა ბოროტება წარმოშობს, შიმშილობა და ჭირი შეიძლება მხოლოდ ღმრთისაგან მოდიოდეს. შემდეგ: მოწაფეებმა რომ არ იფიქრონ, ვიდრე ჩვენ სახარების ქადაგებას მოვასწრებთ, სამყაროს აღსასრულის ჟამი დაუდგებაო, ამბობს: ნუ შესძრწუნდებით... არამედ არღარა არს აღსასრული, ანუ საერთო აღსასრული იერუსალიმის დანგრევასთან ერთად არ მოხდება. ხალხები ხალხთა ზედა აღდგებიან და სამეფონი სამეფოებზე და ეს იქნება იუდეველთა ზედა დასაბამი ტკივილთა, ანუ მომავალი უბედურებისა. მსგავსად მშობიარესი, რომელსაც ჯერ ტკივილები აქვს და შემდეგ შობს, ასევე ეს საუკუნეც მომავალს მხოლოდ შფოთის და ომების შემდეგ შობს.
9-13. მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყჳდნენ თქუენ, და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათჳს. და მაშინ დაჰბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთას შინა-განსცემდენ და სძულობდენ ურთიერთას. და მრავალნი ცრუ-წინაწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნებდენ მრავალთა. და განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს. - მომავალ უბედურებათა შესახებ მაცხოვარი იმიტომაც წინასწარმეტყველებს, რომ ამით მოწაფენი განამხნეოს, რადგან ჩვეულებრივ ყველაზე საშიში და შემაძრწუნებელი მოულოდნელობაა. ამიტომაც არბილებს ქრისტე შიშს წინასწარმეტყველებით ისეთ მომავალ საშინელებათა შესახებ, როგორიცაა: შური, მტრობა, ცდუნებანი, ცრუ წინასწარმეტყველნი, ანტიქრისტეს წინამორბედნი, რომელნიც მრავალთ თავგზას აუბნევენ და ყოველგვარ უსჯულოებასა შინა ჩააგდებენ. უსამართლობის გაზრდისა და ანტიქრისტესაგან მოტყუების გამო, ისე გამხეცდებიან, რომ ლმობიერება სიყვარულისა არათუ თვით შინაურთა შორისაც კი აღარ შენარჩუნდება, არამედ ისინი ერთმანეთისაგან გაიცემიან. ის, ვინც ბოლომდე დაითმენს, მამაცურად გადაიტანს ანუ ცდუნებებს არ მიეცემა, ვითარცა გამოცდილი მეომარი, გადარჩება.
14. და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა, და მაშინ მოიწიოს აღსასრული. - ნუ დაბრკოლდებით ქადაგებისათვის, არამედ გამხნევდით; სახარება ყოველთა ხალხთა შორის იქადაგება. საწამებელად (დასამოწმებლად) ანუ მათ სამხელად და ბრალის დასადებად, რომელთაც იგი არ ირწმუნეს, და მაშინ მოიწევა აღსასრული, ოღონდ არა სამყაროსი, არამედ იერუსალიმისა. სახარება, ვიდრე აღებამდე იერუსალიმისა, როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს, მართლაც იქნა ნაქადაგები ყოვლისა შორის დაბადებულისა ცისა ქუეშე (კოლას. 1.23). ის, რომ ნათქვამი იერუსალიმის აღსასრულს ეხება, ცხადია მომდევნო სიტყვებიდანაც:.
15. რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ. - საძაგელი მოოჴრებისაჲ სტელას უწოდა, რომელიც ქალაქის ამღებელმა ტაძრის იმ ადგილას აღამართვინა, სადაც შესვლა არ შეიძლებოდა. მოოჴრებისაჲ, - იმიტომ რომ ქალაქი განადგურდა, ხოლო საძაგელი კი იმიტომ, რომ ებრაელები, რომელთაც კერპთმსახურება სძულდათ, სტელებსა და ადამიანთა გამოსახულებებს საძაგელს უწოდებდნენ.
16-18. მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რასმე სახლისაგან თჳსისა. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა. - მიანიშნებს რა საშინელ უბედურებათა გარდაუვალობაზე, უფალი მათ უკან მოუხედავად გაქცევას უბრძანებს, ისე რომ, არ უნდა ეზრუნათ არაფერზე, რაც სახლში ჰქონდათ, არც სამოსსა და არც სხვა რამ ნივთზე. ზოგიერთები "საძაგელში მოოჴრებისა" ანტიქრისტეს გულისხმობენ, რომელიც სამყაროს ნგრევისა და ეკლესიათა რღვევის ჟამს გამოჩნდება და ტაძარში დაჯდება, და შესაბამისად ამისა, ბრძანებაც გაქცევისა ასე ესმით; ის ვინც სათნოებათა მწვერვალზე იქნება, იმის ასაღებად, რაც სხეულისაა, დაე, სათნოებათა სიმაღლიდან ნუღარ ჩამოვა, რამეთუ სხეული სახლია სულისა. საჭიროა დატოვება მინდვრისა ანუ იმისა, რაც მიწიერია, რადგან მინდორი ცხოვრებაა. არც სამოსის აღებაა საჭირო, რადგან იგი ძველი ბოროტებაა, რომლითაც ჩვენ შევიმოსეთ.
19. ხოლო ვაჲ მიდგომილთა და რომელნი აწოებენ მათ დღეთა შინა! - ორსულნი, დამძიმებული მუცლის მიზეზით გაქცევას ვერ შეძლებენ, ხოლო ძუძუს მაწოვებელთ სიბრალულის გამო, არც ჩვილების მიტოვების ძალა ექნებათ და არც მათი წაყვანისა და ერთად გადარჩენისა; ასე რომ, რისხვას ვერც ისინი ასცდებიან. შესაძლებელია, ქრისტე აქ დედებისაგან საკუთარ შვილთა შეჭაზეც მიანიშნებდეს, რადგან, როგორც იოსები გვიამბობს, იერუსალიმის გარემოცვის დროს ჩამოვარდნილი შიმშილობისას ერთმა ქალმა თავისი ბავშვი შეწვა და შეჭამა.
20. არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთარსა შინა გინა შაბათსა. - ამას უფალი საერთოდ იუდეველებს ეუბნება, და არა უშუალოდ მოციქულებს, რომელნიც იერუსალიმიდან მის მოოხრებამდე გავიდნენ. იგი იუდეველებს ეუბნება, აფრთხილებს, რომ ილოცონ, რათა გაქცევა არც ზამთარში მოუხდეთ, რადგან არა ხელსაყრელი დროის გამო ამას ვერ შეძლებდნენ, და არც შაბათს, რომელსაც ისინი სჯულის მიხედვით უქმობდნენ და ამიტომ გაქცევას ვერ გაბედავდნენ. შენ კი ეს ასეც მოიაზრე, რომ საჭიროა ვილოცოთ, რათა ამ ცხოვრებიდან ჩვენი გაქცევა ანუ აღსასრული არც შაბათს - ე. ი. კეთილ საქმეთათვის უქმ დღეს და არც ზამთარში - სიკეთისათვის უნაყოფობის ჟამს მოგვიხდეს, არამედ სულიერი სიმშვიდისა და უშფოთველობისას.
21-22. რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაჲთ, ვიდრე აქამდე, არცაღა ყოფად არს. და უკუეთუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ჴორციელი, ხოლო რჩეულთა მათთჳს შემოკლდენ დღენი იგი. - და იყი მაშინ მწუხარება აუტანელი, რადგან რომაელ მეომრებს ებრძანათ არავინ დაენდოთ. მაგრამ ღმერთმა იმათ გამო, რომელთაც რწმენის მიღება განზრახული ჰქონდათ, ან უკვე ირწმუნეს, არ დაუშვა სრული განადგურება ერისა, არამედ უბედურებანი და ომი შენყვიტა, რადგან ომი კიდევ რომ გაგრძელებულიყო, ყველანი, ვინც ქალაქში იყვნენ დარჩენილები, შიმშილისაგან ამოწყდებოდნენ. ზოგიერთები ამაში ანტიქრისტეს დღეებს გულისხმობენ, მაგრამ აქ საუბარია, არა ანტიქრიტეს, არამედ იერუსალიმის აღების შესახებ. წინასწარმეტყველება ანტიქრისტეზე ამის შემდეგ იწყება; აბა, მოუსმინე:
23-25. მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე გინა იქი, ნუ გრწამნ. რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა. აჰა ესერა წინაჲწარ გარქუ თქუენ. - რადგანაც მოწაფეებმა ორი კითხვა მისცეს - იერუსალიმის აღებისა და უფლის მოსვლის შესახებ, ამიტომ მან ჯერ იერუსალიმის აღებაზე ილაპარაკა, ხოლო შემდეგ - თავის მოსვლასა და სამყაროს აღსასრულზე, სიტყვა "მაშინ" იმას კი არ ნიშნავს, რომ "მაშინვე, იერუსალიმის აღებისთანავე, თუ ვინმე გეტყვით თქვენ" და ა. შ., არამედ იმ დროს წარმოაჩენს, როცა უნდა მოხდეს. ნათქვამის აზრი ამგვარია: მაშინ, ანუ რაჟამს ანტიქრისტე მოსვლას განიზრახავს, მრავალი ცრუ ქრისტე და ცრუ წინასწარმეტყველი იქნება, რომელნიც დემონთა ძალით ჩადენილი საკვირველი მოვლენებით მაყურებელთა მზერას მიიტაცებენ და ბევრსაც მოატყუებენ. ამ დროს, უკეთუ არ იფხიზლებენ, თვით მართალნიც კი შეცდებიან. აი, მე გიწინასწარმეტყველეთ თქვენ და საბაბი თავის მართლებისა ვეღარ გექნებათ, რადგან შეგიძლიათ ცდუნებას არ აჰყვეთ.
26-28. უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ. რამეთუ, ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. რამეთუ სადაცა იყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები. - სადაც იქნება დაცემული, ორბებიც იქ მოგროვდებიან. უკეთუ მოვლენ, - ამბობს ქრისტე, - მატყუარები და გეტყვიან, რომ ქრისტე მოვიდა, მაგრამ უდაბნოში, ან რომელიმე სახლში და მის საუნჯესა, ან ფარულ ადგილას იმალება, ნუ მოტყუვდებით, რამეთუ ქრისტეს მოსვლას მიმთითებელი არ სჭირდება, იგი ვითარცა ელვა, ყველასათვის ცხადი იქნება. რადგან მსგავსად ელვისა, რომელიც მეყსეულად გამოჩნდება, მაგრამ ყველასათვის დასანახია, ასევე მის მოსვლასაც, ვინც კი სამყაროში ცხოვრობს, ყველა იხილავს. მეორედ მოსვლა ისეთი აღარ იქნება, როგორიც პირველი იყო, როცა უფალი ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა, არამედ იგი, მეყსეულად გამოჩნდება. ისევე როგორც ორბნი და, ცხადია, ძერებიც, მძორთან მყისვე მოგროვდებიან, ასევე იქ, სადაც ქრისტე გამოჩნდება, გაემართება ყველა წმინდანი, ვინც კი მაღალთა შინა ფრინავს და მსგავსად არწივთა, ღრუბლებით იქნება ატაცებული. გვამში აქ ქრისტე იგულისხმება, რომელიც ჩვენთვის დაეცა და მოკვდა, როგორც ამას სიმონი ამბობს: "ის დადგენილია, რათა დაეცეს".
29. ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ. - ანტიქრისტეს მოსვლის შემდეგ, რომელიც სწრაფად განადგურდება, რასაც ნათელყოფს სიტყვა მეყსეულად, მზე დაბნელდება, ანუ ნათლით, რომელიც ქრისტეს მოსვლას თან მოჰყვება, ძლეული შეუმჩნეველი გახდება. ასევე მთვარეცა და ვარსკვლავებიც. და მართლაც რისთვისღა იქნება საჭირო გრძნობადი ნათელი, როცა ღამე აღარ იქნება და მზე სიმართლისა გამობრწყინდება? მაგრამ ძალნი ცათანი შეიძრნენ, ანუ განცვიფრდებიან და შეძრნწუნდებიან, მხედველნი ქმნილების გარდასახვისა და იმისა, თუ ყველა ადამიანი, ვისაც კი ადამიდან მოყოლებული იმ დრომდე უცხოვრია, როგორ აგებს პასუხს.
30. და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა. - მაშინ, სამხილებლად იუდეველთა, ცათა შინა ჯვარიც გამოჩნდება, რომელიც მზეზე მეტად იბრწყინებს. უფალი ჯვრით, ვითარცა იუდეველთა წინააღმდეგ უდიდესი სამხილით, მოვა, მსგავსად ვინმე ქვით მოწყლულისა, რომელიც ამ ქვას აჩვენებს ხოლმე. სასწაული აქ ჯვარს ეწოდება, ვითარცა მეფური ძლევის მაჩვენებელსა და ნიშანს. და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი იუდეველთა, რომელნიც თავიანთ ურჩობას დაიტირებენ. აგრეთვე, ის ქრისტიანებიც, რომელნიც მიწიერზე ზრუნავდნენ, რადგან ტომნი ქვეყანისანი შეიძლება ეწოდოს ყველას, ვინც მიწიერი ზრახვებითაა გატაცებული. უფალი ჯვრით, ე. ი. დიდითა ძალითა და დიდებით მოდის.
31. და წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი საყჳრითა ჴმისა დიდისაჲთა და შეკრიბნეს რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცისაჲთ, ვიდრე კიდედმდე მათა. - ანგელოზებს წმინდანთა და მკვდრეთით აღმდგართა შესაკრებად წარგზავნის, რათა ისინი მას, ღრუბლებით მომავალს, შეეგებონ. ამგვარად, პატივს მიაგებს მათ იმითაც, რომ ანგელოზთა მიერ მოუწოდებს. პავლე მოციქულის სიტყვები აღვიტაცნეთ ღრუბლითა (I თესალონიკ. 4.17) ამას არ ეწინააღმდეგება, რადგან ანგელოზთაგან შეკრებილთ შემდეგ ღრუბლები აღიტაცებენ. ხოლო საყვირი დიდ ელდაზე მიანიშნებს.
32-33. ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს ტრონი მისნი დაჩჩჳან, და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული. ეგრეცა თქუენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა. - რაჟამს ყოველივე ეს მოხდება, სამყაროს აღსასრულსა და ჩემს მოსვლამდე დიდი დრო აღარ დარჩებაო, ამბობს. ზაფხულს მომავალ საუკუნეს უწოდებს, როცა მართალთ ქარიშხალთაგან მოსვენების ჟამი დაუდგებათ, ხოლო ცოდვილებს - ქარიშხალთა და შფოთისა. ვითარცა თქვენ, - ამბობს მაცხოვარი, - მხილველნი ლეღვის რტოებისა და ფურცლებისა, ზაფხულს ელოდებით, ასევე, იხილავთ რა იმ ნიშნებს, რომელთა შესახებაც გითხარით, სახელდობრ, შეცვლას მზისა და მთვარისა, გქონდეთ მოლოდინი ჩემი მოსვლისა.
34-35. ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ. - ნათესავი ესე აქ არა იმდროინდელ თაობას, არამედ მორწმუნეთა მოდგმას ეწოდება და იმ აზრს გამოხატავს, რომ, ვიდრემდე ყოველივე ეს არ მოხდება, არც მორწმუნეთა მოდგმა გარდაეგება. როცა შიმშილობასა და ჭირზე მოისმენთ, ნუ იფიქრებთ, რომ მორწმუნეთა მოდგმა ამ ბოროტებათაგან დაიღუპება, არა, იგი გადარჩება და მას ვერავითარი უბედურება ვერ დაამარცხებს. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ესე ყოველი მხოლოდ იერუსალიმის აღებას მიეკუთვნება და არა მეორედ მოსვლას და ასე განმარტავენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ანუ მოციქულთა შთამომავლობა, რაც იერუსალიმს თავს გარდახდება, ყოველივეს მოესწრება. ამტკიცებს რა ნათქვამს, უფალი ამბობს, უფრო ადვილია წარხდენა ცისა და მიწისა - ამ მტკიცე და ურყევი სტიქიებისა, ვიდრე არ გამართლება მისი ნათქვამიდან თუნდაც ერთი სიტყვისა.
36. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან. - აქ უფალი მოწაფეებს ასწავლის, რომ არ ეძიონ ცოდნა იმისა, რაც კაცობრივ გონებას აღემატება. ამბობს რა არცა ანგელოზთაო, მოწაფეთა სწრაფვას, ახლავე შეიტყონ ის, რაც ანგელოზებმაც არ იციან, ზღვარს უდებს, ხოლო სიტყვებით გარნა მამამან მხოლომან, ლტოლვას ამის გაგებისაკენ მომავალშიც გზას უღობავს. რომ ეთქვა: მე კი ვიცი, მაგრამ არ მსურს თქვენ გითხრათო, დამწუხრდებოდნენ, რადგან იფიქრებდნენ, რომ არაფრად აგდებდათ. ხოლო როცა უთხრა, რომ არც ძემან1 იცის, არამედ მხოლოდ მამამო, ამით გამოძიება დაუშალა. ისევე როგორც მამებს ხშირად უჭირავთ ის, რასაც ბავშვები ეძებენ, მაგრამ რადგან მიცემა არ უნდათ, მალავენ და ეუბნებიან, ჩვენ არ გვაქვს ის, რასაც თქვენ ეძებთო, და ბავშვებიც ტირილს წყვეტენ, ასევე უფალიც მოციქულთა დასაწყნარებლად, რომელთაც დღისა და საათის შეტყობა სურდათ, ამბობს, რომ არც მე ვიცი, არამედ მხოლოდ მამამო. სინამდვილეში კი იმაზე, რომ მან ის დღეც იცის და საათიც, მრავალი რამ მეტყველებს. ყოველივე, რაც მამას აქვს, აქვს ძესაც, უკეთუ მამამ იცის ის დღე, იცის იგი ძემაც. და ეს კიდევ უფრო ცხადი გახდება, თუ ასე ვიმსჯელებთ: როგორ შეიძლება დავუშვათ, რომ მან, ვინც ყოველივე, რაც ამ დღეს წინ უძღვის, იცის, თვითონ დღის შესახებ არ იცოდეს? ვისაც წინკართან მიყავს, რა თქმა უნდა, კარიც იცის, მაგრამ იგი ისევ ჩვენივე სარგებლობისათვის არ გაგვიღო. ცოდნა იმისა, როდის იქნება აღსასრული, ჩვენთვის მავნებელია, რადგანაც ეს უზრუნველებად გვაქცევდა, მაშინ, როცა არცოდნა, პირიქით, გვაფხიზლებს.
37-39. ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოვესთა, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. რამეთუ ვითარცა-იგი იყვნეს დღეთა მათ შინა პირველ წყლით-რღუნისათა: ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს მუნ დღედმდე, ვიდრემდე შევიდა ნოე კიდობნად, და ვერ ცნეს, ვიდრემდე მოიწია წყლით-რღუნაჲ იგი და წარიღო ყოველი. ესრეთ იყოს მოსლვაჲცა ძისა კაცისაჲ. - მათ, თავისი სიტყვების ჭეშმარიტებაში რომ დაერწმუნებინა, უფალმა მაგალითად ნოეს დროს მომხდარი მოვლენები მოუყვანა. ისევე როგორც მაშინ ბევრმა კიდობნის მშენებლობა, ვიდრე თავს უბედურება დაატყდებოდათ და ყოველივეს გაანადგურებდა, დასაცინად გაიხადა, ასევე ახლაც ზოგიერთები ქადაგებას სამყაროს აღსასრულის შესახებ დასცინიან. მაგრამ დაღუპვა მოულოდნელად მოვა, - ამბობს იგი და აჩვენებს, რომ ანტიქრისტეს მოსვლის ჟამს ადამიანებს ტკბობის წადილი შეიპყრობს, და ქორწინებისა და ფუფუნებისაკენ კიდევ უფრო მეტი თავაშვებულობით მიიდრიკებიან, როგორც ნოეს დროს გოლიათები.
40-41. მაშინ ორნი იყვნენ ველსა გარე: ერთი წარიყვანოს, და ერთი დაეტეოს. ორნი ფქვიდენ ფქვილსა: ერთი წარიტაცოს, და ერთი დაეტეოს. - მაშინ, ამბობს, ე. ი. როცა ყველანი უზრუნველნი იქნებიან და თავიანთ საქმეებს მიეცემიან, ერთი, ანუ მართალი უფალთან შესახვედრად ჰაერში აღიტაცება, ხოლო, მეორე, ცხადია, ცოდვილი, იქვე დარჩება. იმათგან, რომელნიც ფქვავენ, ანუ მონები არიან, ერთნი, ვითარცა ღირსეულნი, წარიყვანებიან, ხოლო მეორენი, როგორც უღირსნი, დარჩებიან. აქედან ვსწავლობთ, რომ არცა მონებსა და არცა ქალებს სათნოებისაკენ სწრაფვაში დაბრკოლება არ ექნებათ.
42-44. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს. ხოლო ესემცა იცით: უკუეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა საჴუმილავსა მპარავი მოსლვად არს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა. ამისთჳს თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს. - უფალი გვიბრძანებს მღვიძარენი და მომზადებულნი ანუ სათნოების საქმეებით განმდიდრებულნი ვიყოთ, რათა რაჟამს უფალი მოვა, რაც მას ნებავს, ის მივუძღვნათ. ყურადღება მიაქციე, ის კი არ უთქვამს: მე არ ვიცი მპარავი რომელ დროს მოვაო, არამედ თქვენ არ იცითო. მპარავს უფალი ყოველი ჩვენგანის აღსასრულსა და სიკვდილს უწოდებს, ამით მიანიშნებს, რომ მისი მოსვლა ღამით მოხდება, და მსგავსად მპარავისა, ისიც შეუმჩნევლად მოვა. ამიტომაც გვეუბნება, უზრუნველნი ნუ იქნებით, არამედ იფხიზლეთო. ის რომ ვიცოდეთ, რომელ დღეს აღვესრულებით, მაშინ ღმრთისთვის სათნოყოფას მხოლოდ იმ დღეს შევეცდებოდით, მაგრამ რაკიღა არ ვიცით, კეთილ საქმეთათვის მუდმივად ვფხიზლობთ.
45-47. ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თჳსმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად საზრდელი მათი ჟამსა თჳსსა. ნეტარ არს მონისა მის, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი. ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი. - საგონებელში ჩავარდნილი უფალი კითხულობს: ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თჳსმან მონათა თჳსთა ზედა, რითაც გვაჩვენებს, რომ ამგვარნი იშვიათნი და ძნელად საპოვნელნი არიან. სახლის განმგებელს ორი თვისება მოეთხოვება: ერთგულება და გონიერება. უკეთუ ერთგულია, თვითონ არაფერს იპარავს, მაგრამ უგუნურია და ქონებას ამაოდ ანიავებს, ან: გონიერია, მაგრამ თვითონ იპარავს, სულ ერთია, ორსავე შემთხვევაში უსარგებლოა. ხოლო ის, ვინც ერთგულიცა და გონიერიც ერთდროულად გამოდგება, უმაღლეს ჯილდოს - ცათა სასუფეველზე ვამბობ - მიიღებს. ყოველივესი, რაც კი ღმერთს ეკუთვნის, მემკვიდრენი წმინდანები იქნებიან. სანდო და გონიერი მონა ის მოძღვარია, რომელიც ყოველს იმათგან, ვისაც ასწავლის, შესაბამის სულიერ საზრდელს დროულად აწვდის. მაგალითად პავლე, რომელიც ჯერ მგმობელი იყო ღმრთისა, ხოლო შემდეგ - ერთგული მსახური, ერთს რომ რძეს ასმევდა, მეორეს სიბრძნეს აუწყებდა. იგი გონიერიც იყო, რადგან მტრის ჩანაფიქრი იცოდა. ასეთი უნდა იყოს ყველა, ვინც კი ღმრთისაგან რამეს იღებს - ქონება იქნება ეს, ძალაუფლება თუ მმართველობა. მისთვის მიბარებულნი მან ერთგულებითაც უნდა მართოს და გონიერებითაც, რადგანაც მათთვის პასუხს აგებს.
48-54. ხოლო უკუეთუ თქუას ბოროტმან მან მონამან გულსა თჳსსა: ჰყოვნის უფალი ჩემი მოსლვად, და იწყოს გუემად მისთანათა მათ მონათა და ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა, მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა უწყოდის, და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. - თქვა რა როგორი პატივი მიეგება ერთგულ მონას, უფალი ახლა იმაზე საუბრობს, ბოროტი მონა როგორ დაისჯება. უკეთუ ვინმე, რომელსაც რომელიმე მადლით განმგებლობა აქვს მინდობილი, თავის მსახურებას არად ჩააგდებს და რადგანაც მყისვე არ დაისაჯა, იტყვის, იგვიანებსო უფალი ჩემი და ღმრთის მოთმინებას უზნეობის საბაბად აქცევს, სხვა მონებს ცემას დაუწყებს, ანუ ჩემი განმარტებით, აცდუნებს და მათ სინდისს ზიანს მიაყენებს, რადგანაც როცა ხელქვეითნი ხედავენ, რომ უფროსები მიცემულს ბოროტად იყენებენ, თვითონაც ცდუნდებიან და ზიანდებიან - ამგვარი მონა ორად გაიჭრება ანუ მადლისაგან განიძარცვება და მაშინ გამოჩნდება, როგორია იგი და სიბნელესა შინა გადაიგდება. ადრე კი იგი თავისი გარეგნობით სხვებს ატყუებდა. ასე რომ, მაშინ მღვდელმთავართაგან მრავალთ, რომელნიც წმინდანებად და ღირსეულებად ჩანან, მადლი წაერთმევათ, რადგანაც სხვანი იყვნენ და თავს სხვად აჩვენებდნენ.
--
1 - ცნობილია ამგვარი რედაქციაც 36-ე მუხლისა: ”არცა ანგელოზთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან მხოლომან”.