ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მათეს სახარების განმარტება

 

თავი მეთოთხმეტე


1-2. მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს, ოთხთა მათ სამთავროთა მთავარსა, ჰამბავი იესუჲსი, და ჰრქუა მონათა თჳსთა: ესე არს იოვანე ნათლის-მცემელი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის თანა. - ეს ჰეროდე იმ ჰეროდეს შვილია, ვინც ბეთლემში ყრმები ამოაწყვეტინა. აქედან დესპოტის ქედმაღლური ცხოვრება გულისხმაჰყავ, რამდენი ხნის შემდეგ შეიტყო ჰეროდმ იესოს შესახებ! მმართველნი ამგვარ რამეს გვიან იგებენ, რადგან, მათ, რომელნიც სიკეთით ბრწყინავენ, ყურადღებას არ აქცევენ. როგორც ჩანს, ნათლისმცემლისა ეშინოდა, ამიტომაც სხვებთან დალაპარაკება ვერ გაბედა და ყრმებს, ე. ი. თავის მონებს უთხრა. რამდენადაც იოვანე სიცოცხლემი სასწაულებს არ სჩადიოდა, ჰეროდემ იფიქრა, რომ ეს მადლი სასწაულთქმედებისა ღმრთისაგან მან აღდგომის შემდეგ მიიღო.

3-5. რამეთუ ამან ჰეროდე შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისა. რამეთუ ეტყოდა მას იოვანე, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად. და უნდა ღათუ მისი მოკლვაჲ, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი ეპყრა მათ იგი. - მათე მახარებელს ეს ამბავი იოვანეს შესახებ ადრე არ მოუხსენებია, რადგანაც მისი მიზანი მხოლოდ იმის აღწერა იყო, რაც უშუალოდ ქრისტეს უკავშირდება. და არც ამჯერად მოიხსენიებდა, ასევე ესეც ქრისტეს რომ არ ეხებოდეს. იოვანემ ამხილა ჰეროდე, რომელმაც სჯული დაარღვია და ცოლად ძმის ქვრივი ჰყავდა. სჯული კი ბრძანებდა, რომ ძმას ძმის ცოლი მაშინ უნდა მოეყვანა, თუ იგი უშვილოდ აღესრულებოდა. ამ შემთხვევაში კი ფილიპე უშვილოდ არ გადაგებულა, რადგან მას ჰყავდა ასული, რომელიც ცეკვავდა. ზოგიერთი ამბობს, რომ ჰეროდემ ფილიპეს ცოლიცა და ოთხი სამთავროს მთავრობაც სიცოცხლეშივე წაართვა. ასეა თუ ისე, იმით, რაც ჩაიდინა, სჯული დაარღვია. არ ეშინოდა რა ღმრთისა, მას ხალხის ეშინოდა და ამიტომაც იოვანეს მოკვლისაგან თავს იკავებდა, მაგრამ ეშმაკმა ხელსაყრელი შემთხვევა მისცა.

6-8. და ვითარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაჲსი შორის, და სთნდა ჰეროდეს როკვაჲ იგი მისი. რომლისათჳს ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაჲცა ითხოვოს. ხოლო იგი წინაჲსწარ ბირებულ იყო დედისაგან თჳსისა და ჰრქუა: მომეც მე აქა ლანკნითა თავი იოვანესი, ნათლის-მცემელისაჲ. - ნახე, როგორი ურცხვობაა! მეფის ასული ცეკვავს და რაც უფრო კარგად ცეკვავს, მით უარესი, რადგან უმსგავსობაა ხომ, როცა მეფის ასული რამეს ცბიერებით სჩადის. ნახე, სხვა უგუნურებაც ჰეროდესი, რომელმაც დაიფიცა, რომ მისცემდა, რასაც კი ითხოვდა: - შენი თავი რომ მოეთხოვა, მისცემდი? მომეც მე, - ეუბნება, - აქა თავი იოვანესი. რისთვისღა დაამატა აქა? იმიტომ, რომ ეშინოდა ჰეროდე გონს არ მოგებულიყო და შემდეგ არ გადაეფიქრებინა. ამიტომაც აჩქარებს მას და ეუბნება: მომეც მე აქა.

9-12. და შე-ღავე-წუხნა მეფე იგი, არამედ ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა ბრძანა მიცემად იგი მას. და მიავლინა იგი და მოჰკუეთა თავი იოვანესი საპყრობილესა შინა. და მოართუეს თავი მისი ლანკნითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თჳსსა. და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი. - შეწუხდა სათნოებისა გამო, რადგან სათნოება მტერსაც აოცებს, მაგრამ მიცემული ფიცის გამო არაადამიანურ საჩუქარს მაინც უძღვნის. აქედან ვსწავლობთ, რომ უმჯობესია ფიცი გავტეხოთ, ვიდრე ფიცისა გამო რამე უსჯულოება ჩავიდინოთ. ნათლისმცემლის სხეული კესარიის სებასტიაში დაფლეს, ხოლო თავი მისი პატიოსანი პირველად ემესაში იქნა დადებული.

და მოვიდეს და უთხრეს იესუს. - რა უთხრეს იესოს? არა ის, რომ იოვანე მოკვდა, რადგან ცნობა ამის შესახებ ხალხში უკვე გავრცელებული იყო, არამედ ის, რომ ჰეროდე მის შესახებ ამბობდა, იოვანე არისო.

13. ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. - მიდის რა იესო იქიდან ჰეროდეს მიერ ჩადენილი მკვლელობის გამო, გვასწავლის, რომ საფრთხეში თავი აშკარად არც ჩვენ უნდა ჩავიგდოთ; ამასთან, მიდის იმიტომაც, რათა არ ეფიქრათ, რომ ხორცი მოჩვენებითად ჰქონდა შესხმული; რადგან უკეთუ ჰეროდე შეიპყრობდა და მის მოკვლას შეეცდებოდა, ხოლო თვითონ თავს საფრთხეს იმიტომაც გამოსტაცებდა, რომ ჟამი მისი სიკვდილისა ჯერ არ დამდგარიყო, არ ეფიქრათ მოჩვენება არისო. აი, ამიტომაც წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან, რათა იქ პურის სასწაული აღესრულებინა.

13-14. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან. და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი. - ხალხი რწმენას ამჟღაბნებს და განმარტოებულ იესოსთან მიდის, ამიტომაც, ვითარცა საზღაურს რწმენისათვის, კურნებას იღებს, და როცა მას, საკვების გარეშე, ფეხით მისდევს - ესეც რწმენისაგანაა.

15-16. და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა უჴმს მათ წარსლვაჲ; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. - კაცთმოყვარენი არიან მოწაფენი, ხალხზე ზრუნავენ და ამიტომაც არ სურთ, რომ მან იშიმშილოს. ხოლო მაცხოვარი რაღას ეუბნება? თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. ამას იმიტომ კი არ ეუბნება, რომ არ იცოდა, რამდენად ღარიბნი იყვნენ მოციქულები, არამედ იმიტომ, რომ, როცა ისინი ეტყოდნენ, არ გვაქვსო, გამომჟღავნებულიყო, რომ სასწაულს არა დიდების მოყვარეობის, არამედ აუცილებლობისა გამო აღასრულებდა.

17-19. ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი. ჰრქუა მათ იესუ: მომართჳთ მე იგი აქა! და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ თივასა ზედა. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხა. - მომართვით მე პურები აქ, რადგან თუმცაღა გვიანაა, მაგრამ ჟამთა შემოქმედიც მე ვარ და თუმცა ეს ადგილი უდაბნოა, მე ვარ ის, ვინც ყოველ ხორციელს საზრდელს აძლევს. აქედან ვსწავლობთ: მცირეც რომ გვქონდეს, სტუმართმოყვარეობისათვის მაინც უნდა გამოვიყენოთ, რადგან მოციქულებსაც მცირე ჰქონდათ, მაგრამ ხალხისთვის მაინც გაიღეს; და როგორც მათი მცირედი გამრავლდა, შენი მცირედიც ასევე გამრავლდება. ხალხი ბალახზე დასხა, რითაც უბრალოება გვასწავლა, რათა ძვირფას საწოლებსა და ხალიჩებზე არც შენ განისვენო. ზეცად თვალები აღაპყრო და პურები შეიძლება იმიტომაც აკურთხა, რომ ერწმუნათ: ღმრთის მტერი კი არ იყო, არამედ ზეციდან მოსული მამისგან; და კიდევ იმიტომაც, რომ ჩვენთვის ესწავლებინა, რაჟამს ტრაპეზს მივეახლებით, ვმადლობდეთ და ისე ვჭამოთ.

19-21. და განტეხა და მისცნა პურნი იგი მოწაფეთა თჳსთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას. და ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსე. ხოლო იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა - მოწაფეებს იმიტომაც მისცა, რომ ეს სასწაული ყოველთვის ხსომებოდათ და სამარადისოდ გონებაში დარჩენოდათ, თუმცაღა მათ მყისვე დაივიწყეს. რომ არ იფიქრო, სასწაული მოჩვენებითად აღასრულაო, პურები ამიტომაც გამრავლდა. თორმეტი გოდორი იმიტომაც იყო, რომ იუდასაც წაედო და, სასწაულზე დაფიქრებული, გაცემის სურვილს აღარ გაეტაცა. პურებიც გაამრავლა და თევზებიც, რათა ეჩვენებინა, რომ შემოქმედია ხმელეთისა და ზღვისაც და რომ ყოველივეს, რასაც ყოველდღიურად ვჭამთ, მისგან ბოძებულს ვჭამთ და მის მიერ გამრავლებულს. სასწაული უდაბნოში აღსრულდა, რათა ვინმეს არ ეფიქრა, პურები მეზობელ ქალაქში იყიდა და ხალხს გაუნაწილაო, რადგან უდაბნო იყო. ამას ყოველივეს ისტორია გვაუწყებს, ხოლო გამოკვლევით ისწავლე, რომ რაჟამს ჰეროდემ, - ხორციელმა, უხეშმა იუდეურმა გონებამ (რამეთუ ჰეროდე ამას ნიშნავს), იოვანეს, წინასწარმეტყველთა თავს, თავი მოჰკვეთა, ანუ წინასწარმეტყველება ქრისტეს შესახებ არ ირწმუნა, იესო უდაბნო ადგილას, წარმართებთან წავიდა, რომელნიც ღმრთისათვის უდაბნოები იყვნენ და სულით სნეულნი განკურნა, ხოლო შემდეგ ასაზრდოვა ისინი. უკეთუ იგი ჩვენ ცოდვებს არ მოგვიტევებს და სნეულებებს ნათლისღებით არ განკურნავს, არც უწმინდეს საიდუმლოებთან ზიარებით გვასაზრდოებს, რადგანაც მათ მოუნათლავთაგან ვერავინ ეზიარება. ხუთი ათასი - ეს ხუთი გრძნობაა, რომელიც ცუდ დღეშია და რომელიც ხუთი პურისაგან განიკურნება. რამდენადაც ავად ხუთი გრძნობა იყო, რამდენიც ჭრილობაა, სალბუნიც იმდენივე სჭირდებოდა. ორი თევზი მეთევზურთა სიტყვებია. ერთი თევზი სახარებაა, მეორე კი - სამოციქულო. მაგრამ ზოგიერთები ხუთ პურში მოსეს ხუთწიგნეულს - დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე შჯული - გულისხმობენ. თორმეტი გოდორი მოციქულებმა აიღეს და მოიკიდეს, რადგან, რისი შეჭმაც ანუ მოაზრებაც ჩვენ, უბრალო ადამიანებმა, ვერ შევძელით, ის მოციქულებმა იტვირთეს და შეითვისეს. თჳნიერ ყრმებისა და დედებისა, რადგან ქრისტიანს რაღაც ბავშვური ან ქალური და არაკაცური არ უნდა ჰქონდეს.

22. და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა და წინა-წარძღუანვად მისა წიაღკერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი იგი. - მიანიშნა რა მასთან მოწაფეთა განუყრელობაზე, მათემ თქვა: აიძულა, რადგან მათ მუდამ იესოსთან ყოფნა სურდათ, ხალხი გაუშვა, რათა არ გაეცილებინა იგი და ამდენად დიდებისმოყვარედ არ წარმოჩენილიყო.

23-24. და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თჳსაგან. და შე-რაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იყო მუნ. ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო. - გვიჩვენებს რა ჩვენ, რომ ლოცვისას ყურადღების მოკრებაა საჭირო, უფალი მთაზე ადის; ამასაც, ისევე როგორც ყოველივეს, ჩვენთვის აკეთებს, რადგან მას ლოცვა სრულიადაც არ სჭირდება. გვიანობამდე ლოცულობს, რითაც გვასწავლის, რომ ჩვენც ლოცვა არა თუ მალევე არ უნდა შევწყვიტოთ, არამედ, რამდენადაც ამ დროს მეტი სიწყნარეა, განსაკუთრებით ღამით უნდა ვილოცოთ. მან დაუშვა, რომ მოწაფეებს საფრთხე დამუქრებოდა, რათა განსაცდელთა მტკიცედ გადატანაც ესწავლათ და მისი ძალაც შეეცნოთ. ნავი შუა ზღვასა შინა კი გვიჩვენებს, რომ საშიშროება დიდი იყო.

25-27. და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა მას ზედა. ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს, ვიდოდა რაჲ ზღუასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქუეს: ვითარმედ: საოცარ რაჲმე არს, და შიშისაგან ღაღად-ყვეს. მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ! - მაშინვე კი არ წარდგა მათ წინაშე, ვითარცა ჩამწყნარებელი ქარიშხლისა, გვასწავლა რა ამით, რომ უბედურებათა არა მყისვე თავიდან აცილების თხოვნა, არამედ მათი მამაცურად გადატანა გვმართებს, არამედ დაახლოებით მეოთხე ცვლისას მოვიდა, რადგანაც ღამე მეომრებისთვის, რომელნიც სადარაჯოზე მორიგეობით იდგნენ, ოთხ ნაწილად იყოფოდა, ისე რომ თითოეული სახუმილავი სამ საათს გრძელდებოდა. ამგვარად, უფალი მათთან ღამის ცხრა საათის შემდეგ მისულა, მიაბიჯებდა რა წყლის ზედაპირზე, ვითარცა ღმერთი. მოწაფეებს, ამ უჩვეულო და უცხო სანახაობისა გამო, მოჩვენება ეგონათ, და რადგანაც ღამეც იყო და შეეშინდათ კიდეც, იგი ვერც შესახედავად იცნეს. ხოლო უფალმა უწინარესად გაამხნევა ისინი და უთხრა: ეს მე ვარ, ვისაც ყოველივე ძალუძს, გამხნევდით.

28. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა. - იმის გამო, რომ ქრისტე ფრიად მხურვალედ უყვარდა, პეტრეს სურს მსწრაფლ და ყველაზე ადრე მიუახლოვდეს მას. სწამს რა, რომ იესოს არა მხოლოდ თვითონ შეუძლია წყალზე სიარული, არამედ იმავეს მასაც შეაძლებინებს, იმას კი არ ეუბნება: მიბრძანე მე სლვადო, არამედ მისლვად შენდაო, რადგანაც პირველი ქედმაღლობის ნიშანი იქნებოდა, მაშინ, როცა მეორე ქრისტეს სიყვარულს გამოხატავს.

29-30. ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესუჲსა. და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო მიჴსენ მე! - აჩვენა რა თავისი ძლიერება, უფალმა პეტრეს ზღვა ფერხთით დაუფინა. მაგრამ ნახე! უფრო მძლავრზე გამარჯვებულ პეტრეს, ზღვას ვგულისხმობ, ქარისა შეეშინდა; ასე სუსტია ბუნება კაცისა. როგორც კი შეეშინდა, მყისვე ჩაძირვა დაინყო, ანუ ჩაძირვა პეტრემ დაიწყო მაშინ, რაჟამს რწმენა შეუსუსტდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა არც მას შექმნოდა და სხვა მოწაფენიც დამშვიდებულიყვნენ, რადგანაც მათ შეიძლება შეშურებოდათ მისი. მაგრამ ეს იმასაც აჩვენებს, რამდენად აღემატებოდა მას ქრისტე.

31-33. და მეყსეულად განყო ჴელი იესუ და უპყრა მას და ჰრქუა: მცირედ-მორწმუნეო, რაჲსა შეორგულდი? და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას შინა, დაცხრა ქარი იგი. ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანის-სცეს მას და ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ. - აჩვენა რა, რომ ჩაძირვის მიზეზი არა ქარი, არამედ სულმოკლეობა იყო, იესომ ქარი კი არა, სულმოკლე პეტრე გაკიცხა. ამიტომაც ამოიყვანა იგი და წყალზე დააყენა, ხოლო ქარს კვლავ ქროლის ნება მისცა. პეტრე სრულად კი არ დაეჭვებულა, არამედ რამდენადმე, ანუ ნაწილობრივ, რადგან, რამდენადაც შეეშინდა, იმდენად არ სწამდა. რაჟამს მან ღაღადყო: უფალო, მიჴსენ მე, ამით თავისი ურწმუნოება განკურნა. ამიტომაც მოისმინა: მცირედ მორწმუნეო და არა ურწმუნო. შიშისაგან ისინიც განთავისუფლდნენ, რომელნიც ნავში იყვნენ, რადგან ქარი დაცხრა და ამით იცნეს რა იესო, მისი ღმრთეებრიობა აღიარეს. ზღვაზე სიარული ხომ არა კაცის, არამედ ღმრთის თვისებაა, როგორც ამას დავითიც ამბობს: ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი ნყალთა ზედა მრავალთა (ფს. 76.20). უკეთუ სიტყვას გამოვიკვლევთ, ხომალდი მიწაა, ტალღები - ცხოვრება, ბოროტი სულებისაგან აღელვებული, ხოლო ღამე - უვიცობა; მეოთხესა საჴუმილავსა, ანუ საუკუნეთა დასასრულს, მოვიდა ქრისტე. პირველი საჴუმილავი (ჟამი) აბრაამისთვის მიცემული აღთქმაა, მეორე - სჯული მოსესი, მესამე - წინასწარმეტყველები, მეოთხე - მოსვლა უფლისა; რამეთუ მოვიდა და იყო რა ჩვენთან, ღელვათაგან მოცულნი გვიხსნა, რათა შეგვეცნო იგი, ვითარცა ღმერთი და თაყვანი გვეცა მისთვის. ყურადღება მიაქციე იმასაც, რომ ის, რაც პეტრეს ზღვაზე შეემთხვა, მის მიერ იესოს უარყოფასა, ხოლო შემდეგ მოქცევასა და სინანულზე წინასწარ მიანიშნებს. როგორც იქ ამბობს გაბედულად, მე არ უარგყოფო, ასევე აქაც: მიბრძანე მე შენთან წყალსა ზედა მოსვლაო, და როგორც იქ დაუშვა უფალმა, რომ პეტრეს უარეყო, ასევე აქაც - მისი ჩაძირვა. აქ უფალმა ხელი გაუწოდა მას და დახრჩობისაგან იხსნა, ხოლო იქ მონანიების გზით უარყოფის ცოდვის უფსკრულიდან ამოიყვანა.

34-36. და განვიდეს და მივიდეს მიერ ქუეყანასა მას გენესარეთისასა. და იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და წარავლინნეს ყოველსა მას სანახებსა და მოართუეს მას ყოველი ბოროტად ვნებული და ევედრებოდეს მას, რაჲთა შე-ხოლო-ახონ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და რაოდენთა შეახეს, ცხონდეს. - რადგანაც იესო გენესარეთში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა, ადამიანები მას არა მხოლოდ შესახედავად, არამედ სასწაულებითაც იცნობდნენ, რის გამოც მხურვალე რწმენა გამოამჟღავნეს. ისე რომ, მისი სამოსის ბოლოს შეხებას ესწრაფოდნენ და რომელნიც ამას აკეთებდნენ, იკურნებოდნენ კიდეც. ამგვარად, ქრისტეს სამოსის კიდეს, ანუ მისი ხორციელი არსებობის დასასრულს შენც შეეხე, რადგან უკეთუ იმას ირწმუნებ, რომ ქრისტე ამაღლდა, გადარჩები, რამდენადაც სამოსი აქ ხორცია, ხოლო კიდე მისი - დედამიწაზე ცხოვრების აღსასრული.

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24
თავი 25 თავი 26 თავი 27 თავი 28