1. მათ დღეთა შინა. - არა მაშინ, როცა უფალი ყრმა იყო და ნაზარეთში ცხოვრობდა, არამედ მახარებელი საერთოდ იმ დროზე ამბობს, რომელიც აწმყოს უსწრებდა წინ და რომელშიც იოვანე ნათლისმცემელი მოვიდა. იოვანე ღმრთისაგან იმიტომ მოივლინა, რომ იუდეველნი ემხილებინა, საკუთარი ცოდვების შეგნებამდე მიეყვანა და ამგვარად ქრისტეს მისაღებად მოემზადებინა. რადგანაც ვისაც თავისი ცოდვები შეგნებული არა აქვს, ის ვერც მონანიებამდე მივა.
1-2. მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი ქადაგებად უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ. - ვინაიდან იუდეველნი ქედმაღალნი იყვნენ, მონანიებისაკენ მათ ამიტომაც მოუწოდებდა. რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ. - "ცათა სასუფეველს" იგი ქრისტეს პირველსა და მეორე მოსვლასა და სათნოებით აღსავსე ცხოვრებას უწოდებს, რადგან უკეთუ ჩვენ მიწაზე ისე დავაბიჯებთ, თითქოს ზეცის მოქალაქენი ვიყოთ, ვნებათა გარეშე, მაშინ ცათა სასუფეველიც მოპოვებული გვაქვს.
3. რამეთუ ესე არს, რომელ-იგი თქუმულ არს ესაია წინასწარმეტყუელისა მიერ და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი. - გზა სახარებას ეწოდება. ალაგნი (ბილიკნი) კი სჯულის დადგენილებებს, რადგანაც გაცვდნენ და მოძველდნენ. ამიტომაც ამბობს წინასწარმეტყველი: მოემზადეთ სახარებისეული ცხოვრებისათვის და სჯულის მცნებანი წრფელ ანუ სულიერ ჰყავთ, რადგანაც სული წრფელია. რაჟამს იხილავ, რომ იუდეველი სჯულს ხორციელად იაზრებს, თქვი, რომ წრფელ არც ბილიკები უყვია (არ მოუსწორებია).
4. ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა. - წინამორბედი სინანულისაკენ თავისი გარეგნობითაც მოუწოდებდა, რადგანაც სამგლოვიარო სამოსი ეცვა. ამბობენ, რომ აქლემი წმინდა და უწმინდურ ცხოველთა შორისაა; როგორც მცოხნელი, იგი წმინდაა, ხოლო როგორც ჩლიქგაუყოფელი - უწმინდური. რადგანაც იოვანეს წმინდად მიჩნეული იუდეველი ხალხიცა და უწმინდური წარმართებიც ღმერთთან მიჰყავდა და ძველსა და ახალ აღთქმას შორის შუამავალი იყო, აქლემის ბეწვის სამოსელს ამიტომაც ატარებდა.
და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა. - წმინდა წერილში ყველა წმინდანი სარტყლითაა წარმოდგენილი, ან ვითარცა მუდმივ ჯაფაში მყოფნი, რადგან უზრუნველნი და ნებიერნი სარტყელებს არ ირტყამენ, როგორც, მაგალითად, ახლა სარაცინები, ან კიდევ იმის გამო, რომ თავიანთ თავში ხორციელ გულისთქმათა ვნებანი ჩაკლეს, რადგანაც ტყავი ნაწილია მკვდარი ცხოველისა.
ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური. - ზოგნი ამბობენ "მკალი" ბალახიაო, რომელსაც მელაგრასაც უწოდებენ, ხოლო ზოგიერთები მასში კაკალს ან ველურ ნაყოფებს გულისხმობენ. ველური თაფლი კი ის თაფლია, რომელსაც გარეული ფუტკრები ამზადებენ და ხეებსა და კლდეებში იპოვება.
5-6. მაშინ განვიდოდა მისა იერუსალიმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაჲ. და ნათელს-იღებდეს იორდანესა შინა მისგან და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა. - თუმცა ინათლებოდნენ, მაგრამ იოვანესაგან ნათლობა ცოდვათა მიტევებას არ ნიშნავდა. იოვანე მხოლოდ სინანულს ქადაგებდა და ცოდვათა შენდობისაკენ ანუ ქრისტესგან ნათლობისკენ მიჰყავდა, რომლითაც ცოდვები მოგვეტევება.
7. და ვითარცა იხილა მრავალი ფარისეველი. - ფარისეველი ითარგმნება როგორც "გამოყოფილი", რადგანაცც ისინი ცხოვრებითაც და ცოდნითაც გამოყოფილნი იყვნენ და სხვებზე ბატონობდნენ. და სადუკეველნი. - ამათ არც მკვდართა აღდგომისა სწამდათ, არც ანგელოზი და არც სული. სადუკეველნი ითარგმნება როგორც "მართაღნი", რადგანაც "სედეკი" სიმართლეს ნიშნავს. ისინი თავიანთ თავს "მართლებს" ან თვითონვე უწოდებდნენ, ან ასე მათ ერესის მამამთავრის, სადოკის გამო ეწოდათ. მომავალნი ნათღის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ. - რადგანაც ფარისეველნი და სადუკეველნი სხვებისაგან განსხვავებით წრფელი განზრახვით არ მიდიოდნენ, ამიტომაც საყვედურობს მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? - იცის რა მათი გულარძნილობა, მკაცრად მიმართავს, თუმცა აქებს კიდეც, როცა ეუბნება: "ვინ გიჩუენა"-ო. წინამორბედს უკვირს, როგორ მოხდა, რომ ამ ბოროტ მოდგმას სინანული აღეძრა. იქედნეს ნაშობთ იმიტომაც უწოდებს, რომ ამათ ისე დახოცეს თავიანთი მამები, ანუ მოძღვარნი და წინასწარმეტყველნი, როგორც იქედნე ღრღნის დედის საშოს, რაჟამს იბადება. მერმისა მისგან რისხვისა. - გეჰენიის შესახებ ამბობს.
8. ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ. - ხედავ, რას ამბობს? რომ ბოროტებას არა მხოლოდ უნდა გაექცე, არამედ კეთილი ნაყოფიც უნდა გამოიღო, რადგანაც ნათქვამია: მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი (ფს. 33,15).
9. და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. - ისინი იმან დაღუპა, რომ თავიანთი კეთილშობილური წარმოშობის გამო არ ეშინოდათ. რამეთუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა. - ქვებში წარმართები იგულისხმებიან, რომელთაგან მრავალმა ირწმუნა. გარდა ამისა, იოვანე პირდაპირი მნიშვნელობითაც ამბობს, რომ ღმერთს აბრაამისათვის შვილების შექმნა ქვებისგანაც შეუძლია. რადგან ქვა იყო ხომ უნაყოფობისა გამო სარას საშო, მაგრამ მაინც შობა, და როდის აღუდგინა უფალმა აბრაამს ქვათაგან შვილები? მაშინ, როცა მისი ჯვარცმისას მრავალთა იხილეს რა, რომ კლდენი განსთქდეს (მთ. 27,51), ირწმუნეს.
10. რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. - ცულს ქრისტეს სამსჯავროს უწოდებს, ხოლო ხეებს ყოველ ჩვენგანს. ამგვარად, ვინც არ ირწმუნა, ურწმუნოების გამო ძირში მოიჭრება და გეჰენიაში ჩავარდება. ყოველმან ხემან, თუნდაც ის აბრაამისაგან იყოს წარმოშობილი, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი. - ის კი არ თქვა, არ გამოიღოო, არამედ არ გამოიღებსო, რადგან კეთილ ნაყოფს ყოველთვის უნდა ვიძლეოდეთ. თუკი შენ გუშინ მოწყალება გაიღე, ხოლო დღეს მტაცებლობ, ღმრთის სათნომყოფელი ვერ იქნები. მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
11. მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად. ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს. - წინამორბედმა უთხრა მათ: გამოიღეთ ნაყოფი და აჩვენა კიდეც რომელი ნაყოფი, რწმენა იმისა, ვინც შემდგომად მისა მოვიდოდა, მის შემდეგ კი ქრისტე მოდიოდა. რადგან იგი არა მხოლოდ მასზე ექვსი თვით გვიან იშვა, არამედ გამოჩენითაც პირველად წინამორბედი გამოჩნდა, ხოლო შემდეგ ქრისტე, როგორც თავადვე დაამოწმა. რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. - მეო, ამბობს იგი, იმის ღირსიც კი არა ვარ, მისი უკანასკნელი მონა ვიყო და მისი ფეხსაცმელები ვატაროო. ფეხსაცმელებში ქრისტეს ორი გარდამოსვლა იგულისხმება: ზეციდან დედამიწაზე და დედამიწიდან ჯოჯოხეთში, რადგან ფეხსაცმელები ხორცის ტყავი და სიკვდილია. წინამორბედს არ შეეძლო ეს ორი გარდამოსვლა ეტვირთა, უკეთუ იმის გულისხმისყოფას, როგორ მოხდა ისინი, ვერ შეძლებდა. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა, ანუ უშურველად აღგავსებთ თქვენ მადლითა სულისა წმიდისა, მაშინ როცა ჩემი ნათლობა, ამბობს იოვანე, ვერც სულიწმიდის მადლს მოგანიჭებთ და ვერც ცოდვათა შენდობას. ის კი ცოდვათა მიტევებასაც და სულიწმიდის ნიჭთაც უხვად გიბოძებთ.
12. რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა. - ნვ იფიქრებთ, რომ მისგან მოინათლებით, ხოლო შემდეგ შესცოდავთ და ისიც მოგიტევებთ. მას ხელთ ნიჩაბი, ანუ განსჯა და სამსჯავრო უპყრია. განწმიდოს კალოჲ თჳსი. - ე. ი. ეკლესია, რომელსაც ნათელღებული მრავლად ჰყავს, მსგავსად კალოსი, სადაც ყოველივე, მინდვრებიდან მოწეული, ერთად გროვდება, მაგრამ მისი ერთი ნაწილი ღვარძლია, ვითარცა თავქარიანნი და ბოროტი სულებით აღძრულნი, ხოლო მეორე - ხორბალი, ანუ ისინი, რომელთაც სხვებისთვის სარგებლობა მოაქვთ და მათ სწავლებითაც და საქმეებითაც ასაზრდოებენ. და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ბოლო ბზე დაწუას ცეცხლითა მით უშრეტითა. - ცეცხლი იგი დაუშრეტელია, ამიტომაც ცდება ორიგენე, რომელიც ამბობდა, რომ სასჯელს დასასრული ექნებაო.
13-14. მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მისგან. ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა. - ნმინდა ინათლება, რათა ჩვენ განგვბანოს და გვიჩვენოს, რომ უკეთუ მონათვლა გვსურს, ჯერ უნდა განვიწმიდოთ, რათა ნათლობა არ შევაგინოთ. შემდგომად მისა ადვილია ცოდვაში ჩაფლობა უკეთური ჩვევის გამო. იოვანე მას აყენებს, რათა მხილველთ არ ეფიქრათ, რომ ვითარცა ერთი მრავალთაგანი, ქრისტეც მოსანანიებლად ინათლებოდა. მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ. - განწმენდას უფლისაგან წინამორბედიც საჭიროებდა, რადგან ვითარცა ადამისგან წარმომავალი, საძაგელი ურჩობის ტვირთს ისიც ატარებდა, მაგრამ ქრისტემ ყველა განწმინდა. და შენ ჩემდა მოხუალა? - ვერ გაკადნიერდა, რომ ეთქვა: "და შენც ჩემგან ინათლები?" - იმდენად მოერიდა.
15. მიუგო იესუ და პრქუა მას: აცადე აწ. - ახლა დამითმეო, ეუბნება, დადგება დრო და შესაფერისი დიდება ჩვენც გვექნება, თუმცა ახლა მას არ ვაჩენთო. რამეთუ აწ ესერა შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. - სიმართლეს სჯულს უწოდებს. დაწყევლილია, - ამბობს იგი, - კაცობრივი ბუნება, რადგან სჯულის აღსრულება ვერ შეძლო. ამიტომ სჯულის სხვა განწესებანიც მე აღვასრულე, ესღა დამრჩა - ნათლისღება. მისი აღსრულებით, ბუნებას წყევლისაგან განვათავისუფლებ, რადგანაც ეს მე შემფერისო.
15-16. მაშინ მიუშვა მას და ნათელ-იღო იესუ. - უფალი ოცდაათი წლის მოინათლა, რადგან ყველა ცოდვას ამ ასაკში ვიწყნარებთ. ყრმობის ასაკში უგუნურება ჭარბობს, სიჭაბუკეში-ძლიერია ცეცხლი გულისთქმისა და რისხვისა, ხოლო სიმწიფის ასაკში - მოხვეჭის [36]სიყვარული. ამგვარად, უფალი ამ ასაკს დაელოდა, რათა სჯული ყველა ასაკში აღესრულებინა და ჩვენ განვეწმინდეთ.
16. და მეყსეულად აღმოვიდა რაჲ წყლისა მისგან. - მანიქეველები ამბობენ, რომ მან თავისი სხეული იორდანეში ჩამოიშორა და მოჩვენებითად სხვა სხეული მიიღო. მაგრამ მათ შეხედულებას ეს ადგილი უარყოფს, სადაც ნათქვამია: "აღმოვიდა იესო ", ანუ სხვა კი არ ამოვიდა, არამედ ის, ვინც წყალში ჩავიდა. და აჰა განეხუნეს მას ცანი. - ისინი ადამმა დახშა, ქრისტემ კი განაღო, რათა შეიცნო, რომ, რაჟამს ინათლები, შენც აღებ მათ.
16-17 და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა. - სული გარდამოდის, რათა დაამოწმოს, რომ ნათელღებული ნათლისმცემელზე უდიდესია, რადგან იუდეველნი ფიქრობდნენ, რომ იოვანე დიდი იყო, ხოლო ქრისტე -არა. ყველამ დაინახა, რომ სული იესოზე გარდამოვიდა, რათა არ ეფიქრათ, ხმა, რომელმაც თქვა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, იოვანესთვის იყო, არამედ სულის მხილველთ ერწმუნათ, რომ ეს ხმა ქრისტესკენ იყო მიმართული. ვითარცა ტრედი. - მტრედი მოხსენიებულია მისი უწყინარობისა და სიმშვიდის გამო და იმის გამოც, რომ ყველაზე წმინდაა და იქ, სადაც უწმინდურებაა, ვერ ჩერდება, ისევე როგორც სულიწმიდა. ნოესაც ხომ, მიუტანა რა ზეთისხილის რტო, წარღვნის შეწყვეტა მტრედმა აუნყა. ასევე აქაც ცოდვათაგან დახსნას სულიწმიდა ცხადყოფს. იქ ზეთისხილის რტო, ხოლო აქ - წყალობა ღმრთისა. ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, ანუ რომელშიც მე განვისვენებ, რომელიც მომწონს.