ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მათეს სახარების განმარტება

 

თავი მეათე


1. და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა. - თორმეტი მოწაფე თორმეტი ტომის მიხედვით აარჩია. მისცა რა ძალა, თუმცა ცოტანი იყვნენ, მაინც წარგზავნა, რადგან საერთოდაც ცოტანი არიან ისინი, რომელნიც ვიწრო გზით მიდიან. სასწაულთმოქმედების ძალაც უბოძა, რათა განაცვიფრებდნენ რა სასწაულებით, სწავლებისადმი ყურადღებიანი მსმენელნი ჰყოლოდათ.

2. ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი. - მოციქულთა სახელებს მათე, ცრუმოციქულთაგან მათ გასარჩევად ჩამოთვლის. უწინარესად პეტრესა და ანდრეას ასახელებს, რადგან მაცხოვარმა პირველად მათ მოუწოდა, შემდეგ - ზებედეს ვაჟებს, მათგან იაკობს იოვანეზე წინ აყენებს, რადგან მოციქულებს არა ღირსების მიხედვით, არამედ უბრალოდ, როგორც მოხვდება, ისე ჩამოთვლის. ამგვარად ის ამბობს:

2-4. იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი. - ყურადღება მიაქციე მათეს თავმდაბლობას, რომელმაც თავისი თავი თომას შემდეგ დააყენა, ხოლო როცა იუდამდე მივიდა, ეს საძაგელი და ეს ღმრთის მტერიო კი არ თქვა, არამედ სახელი ისკარიოტელი მისი მამულის მიხედვით უწოდა, რადგან მეორე იუდაც იყო - ლებეოსი ანუ თადეოზი. ამრიგად, ორი იყო იაკობი: ერთი ზებედესი, ხოლო მეორე - ალფესი, და ორი იუდა: თადეოზი და გამცემი; სამი სიმონი: პეტრე, კანანელი და გამცემი, რადგან იუდა ისკარიოტელიც სიმონად იწოდებოდა.

5-7. ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, არამედ მივედით უფროჲს ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ. - ესე! რომელნი ესე? მეთევზენი, უბრალო ადამიანები, მეზვერენი. უწინარესად ისინი იუდეველებთან წარგზავნა, რათა სათქმელად არ ჰქონოდათ: - რადგანაც მოციქულები წარმართებთან წარივლინენ, ამიტომ ჩვენ, იუდეველებმა, არ ვირწმუნეთო. ასე წაართვა უფალმა იუდეველებს თავის გამართლების საბაბი. სამარიელები მან წარმართების გვერდით დააყენა, რადგან ისინი, ყოფილი ბაბილონელები, იუდეაში დამკვიდრდნენ და წინასწარმეტყველები არ მიიღეს, არამედ მხოლოდ მოსეს ხუთ წიგნს ცნობდნენ, ზეცათა სასუფეველში კი მომავალ ტკბობას მოიაზრებდნენ. შეაიარაღა რა მოციქულები სასწაულებით, უფალი მათ ეუბნება:

8. უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით. - არაფერი ისე არ შეშვენის მასწავლებელს, როგორც სიმდაბლე და უანგარობა. ამიტომაც წარმოაჩენს ორივეს აქ, როცა ეუბნება: უსასყიდლოდ მიგიღებიეს, მაგრამ ამ სიკეთეთა მფლობელნი და გამცემნი თავს ნუ აიმაღლებთ, რადგან მათ უსასყიდლოდ და მადლით ფლობთ, არამედ სიმდაბლის სიბრძნესთან ერთად გულუხვნიც იყავით და უსასყიდლოდ მიეცითო - ეუბნება. ძირფესვიანად თხრის რა ყოველგვარ ბოროტებას, ასწავლის:

9-10. ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა, ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლთა, ნუცა კეურთხსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა. - განსწავლის რა ყოველგვარი სიმკაცრით, და განაშორებს რა მათ ფუფუნებისაგან, უზრუნველებად აქცევს და კვერთხის ტარებასაც კი უკრძალავს, რადგან ეს სრული უანგარობა რწმენას წარმოშობს მის მიმართ, ვინც უანგარობას ასწავლის. შემდეგ, რომ არ იკითხონ, საჭმელი საიდან ვიშოვოთო, ეუბნება: ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა, ანუ თქვენი მოწაფეები გასაზრდოებენ, რადგან თქვენ, ვითარცა მუშაკებს, საზრდელი მათ უნდა მოგიპოვონო. საზრდელზე ლაპარაკობს და არა ფუფუნებაზე1, რადგან მასწავლებელი ფუფუნებით არ უნდა ცხოვრობდეს.

11. რომელსა ქალაქსა ანუ დაბასა შეხჳდეთ, გამოიკითხეთ; ვინ ღირს იყოს, მუნ დაადგერით ვიდრე გამოსლვადმდე. - უბრძანებს ყველასთან არ მივიდნენ, რათა უღირსებთან ურთიერთობების გამო ცილი არ დაეწამებინათ მათთვის, ხოლო უკეთუ მხოლოდ ღირსეულებთან მივიდოდნენ, რაღა თქმა უნდა, საზრდელიც ექნებოდათ. უბრძანებს, აგრეთვე, დარჩენას და არა გადასვლას სახლიდან სახლში, რათა ვითარცა ღორმუცელები არ გაკიცხულიყვნენ და იმათაც, რომელნიც პირველნი მიიღებდნენ, თავი შეურაცხყოფილად არ ჩაეთვალათ.

12-13. და შე-რაჲ-ხჳდოდით სახლსა მას, მოიკითხეთ იგი და თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას! და უკუეთუ სახლი იგი ღირს იყოს, მოვიდეს მშჳდობაჲ თქუენი მას ზედა; უკუეთუ არა ღირს იყოს, მშჳდობაჲ თქუენი თქუენდავე მოიქეცინ. - მოკითხვა და მშვიდობა კურთხევად მოიაზრე, რომელიც მხოლოდ ღირსეულებზე რჩება. აქედან კი ისწავლე, რომ ჩვენ უპირატესად ჩვენი საქმენი გვაკურთხებენ.

14-15. და უკუეთუ არავინ შეგიწყნარნეს თქუენ და არცა ისმინნეს სიტყუანი თქუენნი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ სახლით გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერჴთა თქუენთაჲ. ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი. - უფალს სურს, მტვერიც ჩამოიფერთხონ, რათა აჩვენონ, რომ მათი ურწმუნოებისა გამო, იქიდან არაფერი წამოუღიათ, ან კიდევ იმის დასამოწმებლად, რომ გრძელი იყო გზა, რომელიც მათ განვლეს, მაგრამ ვსარგებლო. ამრიგად, სოდომელებს უფრო მეტი შვება ექნებათ, ვიდრე ამ ვრნმვნოებს, რადგან სოდომელნი, რომელნიც აქვე დაისაჯნენ, იქ გაცილებით ნაკლებად დაისჯებიან.

16. აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. - უფალმა შეაიარაღა ისინი სასწაულებით და საზრდელითაც უზრუნველყო, გაუღო რა კარები ღირსეულთა. ახლა კი, წინასწარმჭვრეტელობას აჩვენებს და იმ საფრთხეებზე ესაუბრება, რომელიც მათ შეემთხვევათ; ამხნევებს და ეუბნება: მე ძლიერი ვარ, ამიტომ გამხნევდით, რადგან ხელშეუხებელნი იქნებითო, მაგრამ ტანჯვისთვისაც ამზადებს. ისევე როგორც შეუძლებელია ცხვარმა მგელთა შორის ტანჯვა არ განიცადოს, ასევე თქვენც - იუდეველთა შორის, მაგრამ კიდევაც რომ დაიტანჯოთ, ნუ განრისხდებით. მინდა, რომ, ვითარცა ცხოვარნი, უწყინარნი იყოთ და გამარჯვება უფრო მეტად ამით მოიპოვოთ.

იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი. - სურს, აგრეთვე, რომ მოწაფენი გონიერნიც ყოფილიყვნენ. როცა ცხვრებთან მათ შედარებაზე მოისმენ, რათა არ იფიქრო, ქრისტიანი გონებასუსტი უნდა იყოსო, გვეუბნება, რომ მას სწორედ გონიერება ჰმართებს და ცოდნა იმისა, მრავალრიცხოვან მტერთა შორის როგორ იცხოვროს; რადგან, ვითარცა გველი, რომელიც დარტყმისათვის მთელ ტანს უთმობს, მაგრამ თავს იფარავს, ასევე ქრისტიანმაც მტანჯველებს ყოველივე, თვით სხეულიც კი უნდა მისცეს, მაგრამ თავი, რომელიც ქრისტეა და რწმენა მისი, უნდა დაიცვას. მსგავსად გველისა, რომელიც რომელიმე ვიწრო ხვრელში ეჭედება და გამოძრომისას ძველ ტყავს ტოვებს, ასევე ჩვენც ვიწრო გზით უნდა ვიაროთ და ძველი კაცი განვიძარცვოთ. მაგრამ რადგანაც გველი მავნებელიცაა, უფალი გვიბრძანებს ვიყოთ უმანკონი, ანუ წრფელნი, უბოროტონი და უვნებელნი, ვითარცა მტრედნი. ისინი ხომ შვილების წართმევისა და დევნის დროსაც კი მყისვე პატრონებს უბრუნდებიან. ამგვარად, იყავი ბრძენი, ვითარცა გველი, რათა ცხოვრებაში არ დაგცინონ და ყოველივე უზადო გქონდეს, ხოლო რაც სხვის ვნებას შეეხება, იყავი ვითარცა მტრედი, ანუ უბოროტო.

17-18. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთ. - ხედავ, რას ნიშნავს იყო გონიერი? სიფრთხილეს და საბაბის არ მიცემას მათთვის, რომელთაც შენი დევნა სურთ და საკუთარ საქმეთა გონივრულად წარმართვას. უკეთუ მდევნელი შენთვის ქონების ან პატივის წართმევას მოისურვებს, მიეცი, რათა არ ჰქონდეს საბაბი დევნისა. მაგრამ უკეთუ რწმენის წართმევა მოინდომა, დაიცავი თავი შენი. ქრისტეს განზრახული ჰქონდა მოწაფენი არა მხოლოდ იუდეველებთან. არამედ წარმართებთანაც წარეგზავნა, ამიტომაც ეუბნება მათ: საწამებელად მათდა და წარმართთა, ანუ იმათ სამხელად, რომელთაც არ სწამთ.

19-20. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის. - რომ არ ეკითხათ, როგორღა შეეძლებთ ჩვენ, უბრალო ადამიანები, ბრძენთა დარწმუნებასო, უბრძანებს გამხნევდნენ და ამისთვის არ იზრუნონ. უკეთუ საუბარი მორწმუნეებთან გველის, საჭიროა თავის დასაცავად წინასწარმოვემზადოთ, როგორც ამას პეტრე გვაუწყებს (პეტრე 3.15). ხოლო გამძვინვარებულ ბრბოსა და მეფეთა წინაშე წარდგომისას, რომ არ შევშინდეთ, ამისათვის უფალი თავის შემწეობას გვპირდება. აღიარება რწმენისა ჩვენი საქმეა, ხოლო ბრძნულად დაცვა მისი - ღმრთისგან ბოძებული ნიჭი. ეჭვი რომ არ აღგვეძრას იმისა, რომ დაცვისას ბუნებრივი ნიჭით ვმოქმედებთ, გვეუბნება: არა თქუენ იმეტყველებთ, არამედ - სული.

21. რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან - შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ. - წინასწარ ეუბნება მათ, რაც შეემთხვევათ, რათა როცა შეემთხვევათ, არ შეძრწუნდნენ. უჩვენებს, აგრეთვე, ქადაგების ძალასაც, რომელიც ამქვეყნიურის არადჩაგდებისაკენ აქეზებს, რადგან ასეთია ქრისტიანობა. მაგრამ ქრისტე იმათ სიცოფესაც წარმოაჩენს, რომელნიც შინაურებსაც კი არ შეიწყალებენ.

22. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს. - ყოველთაგან აქ იგივეა, რაც მრავალთაგან, რადგან ყველას არ მოუძულებია ისინი; ისეთებიც ხომ იყვნენ, რომელთაც რწმენა მიიღეს. ვინც ბოლომდე დაითმენს და არა მხოლოდ თავიდან, ის საუკუნო ცხოვრებას ეზიარება.

23. რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად. ამენ გეტყჳ თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მოვიდეს. - ზემოთ ნათქვამი შიშის მომგვრელი სიტყვები: მიგცემდენ თქუენ, იყვნეთ თქუენ მოძულებულ, იმაზე მიუთითებს, რაც ამაღლების შემდეგ უნდა მომხდარიყო; ხოლო ის, რასაც ახლა ამბობს, სახელდობრ, თქვენ, დევნილნი, ისრაელის ქალაქთა შემოვლას ვერ მოასწრებთ, რომ მე თქვენთან მოვალო, ჯვარცმის წინა მოვლენებს ეხება. დევნის დაწყებისას გაქცევას უბრძანებს, რადგან აშკარად თავის საფრთხეში ჩაგდება და მიზეზის მიცემა მკვლელებისათვის მათი განსჯისათვის, რაც იმათთვის, რომელნიც ქადაგებისგან სარგებლობის მიღებას იმედოვნებდნენ, ვნების მიყენება იქნებოდა, ეშმაკის საქმეა. ხოლო სიტყვებში: ვიდრემდის ძე კაცისაჲ მოვიდეს, მეორედ მოსვლას კი ნუ იგულისხმებ, არამედ ის მოსვლა და ნუგეშინისცემა მოიაზრე, რომელიც ჯვარცმამდე მოხდებოდა; საქადაგებლად წარგზავნილი მოწაფეები ხომ კვლავ ქრისტესთან დაბრუნდნენ და მასთან ერთად იმყოფებოდნენ.

24-25. არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა თჳსისა, არცა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. კმა არს მოწაფისა მის, უკუეთუ იყოს, ვითარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ იგი, ვითარცა უფალი თჳსი. - აქ სხვების შეურაცხყოფისაგან თავის შეკავებას ასწავლის. უკეთუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დავითმინე, მით უმეტეს უნდა დაითმინოთ თქვენ - მოწაფეებმა და მონებმა. მაგრამ შენ იკითბავ: როგორ ამბობს - არა არს მოწაფე უფროჲს მოძღვრისა, მაშინ, როცა მრავალ მოწაფეს ვხედავთ, რომელნიც მასწავლებლებზე უმჯობესნი არიან? მაშ იცოდე: ვიდრე ისინი მოწაფენი არიან, მასწავლებლებზე დაბლა დგანან, ხოლო რაჟამს უმჯობესნი გახდებიან, უკვე მოეაფენი აღარ არიან, მსგავსად მონისა, რომელიც ვიდრე მონაა, თავის ბატონზე მაღლა ვერ დადგება.

25-26. უკუეთუ სახლისა უფალსა ბელზებულით ჰხადოდეს, რაოდენ უფროჲს სახლეულთა მისთა? ნუუკუე გეშინინ მათგან, რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოჲ, რომელი არა გამოცხადნეს. - თავი ინუგეშეთ იმით, - ეუბნება, - რასაც მე ვითმენ. უკეთუ მე დემონთა მთავარი მიწოდეს, რა გასაკვირი იქნება, უკეთუ ცილს დაგწამებენ თქვენ, ჩემს სახლეულებსაც? სახლეულნი (შინაურნი) უწოდა და არა მონები, აჩვენა რა ამით, რამდენად ახლო იყო მათთან. გამხნევდით, რადგან ხიმართლე არ დაიმალება, არამედ თქვენს სათნოებასაც და ცილისმწამებელთა ბოროტებასაც დრო წარმოაჩენს; არ არსებობს ხომ დაფარული, რომელიც არ განცხადდება. ასე რომ, ცილიც რომ დაგწამონ, ბოლოს მაინც შეგიცნობენ.

27. ომელი გარქუ თქუენ ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა შინა; და რომელი ყურთა გესმა, ქადაგებდით ერდოთა ზედა. - რაც მხოლოდ თქვენ და ისიც ერთ ადგილას გასწავლეთ, - ამას ნიშნავს სიტყვები: ყურთა გესმა და ბნელსა შინა, - ის თქვენ გაბედულად და ხმამაღლა ასწავლეთ. ისე რომ, თქვენი ყველას ესმოდეს; მაგრამ რადგანაც გაბედულებას საფრთხეც მოსდევს, დასძენს:

28. და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა. - ასწავლის, რომ სიკვდილიც არად ჩააგდონ, რადგან, სასჯელი გეჰენიისა ბევრად უფრო საშინელიაო - ამბობს. უკეთუ მკვლელები მხოლოდ ხორციელად გვანადგურებენ, ხოლო სულს, შესაძლოა, სიკეთეც კი უყონ, ღმერთი ჩააგდებს რა გეჰენიასა შინა, ორივეს - სულსაც და სხეულსაც დასჯის. როცა გეჰენიაზე ამბობს, მარადიულ სასჯელზე მიუთითებს.

29-31. ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა. ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან. ნუ გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქუენ. - მოწაფენი რომ არ შეშფოთებულიყვნენ, გვტოვებსო, ეუბნება, უკეთუ ბეღურებსაც კი ვერ დაიჭერენ ისე, რომ მე არ ვიცოდე, როგორ დაგტოვებთ თქვენ, რომელნიც მიყვარხართ? წარმოაჩენს რა თავის სრულყოფილ ცოდნასა და განგებულებას, გვეუბნება, რომ მისგან ჩვენი თმაც კი აღრიცხულია. ნუ იფიქრებთ, რომ ბეღურებს ღმრთის თანამონაწილეობით იჭერენ, თუმცაღა, არც ისაა მისთვის უცნობი, რომ იჭერენ.

32-33. ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა. - დამოწმებისაკენ მოგვიწოდებს, რამეთუ რწმენას, რომელიც მხოლოდ სულშია, არასაკმარისად თვლის და სურს რწმენა, რომელიც ბაგეებითაც იქნება აღიარებული. არ უთქვამს: რომელიც მე მაღიარებსო, არამედ ჩემდამო (ჩემით) ე. ი. ჩემი ძალითო, რადგანაც აღმსარებელი რწმენას მაღლიდან ბოძებული მადლის შემწეობით აღიარებს. ხოლო უარისმყოფელთა მიმართ არა ჩემითო, თქვა, არამედ მე (უვარ-მყოს მე), რითაც გვაჩვენა, რომ უარისმყოფელს მემწეობა ზემოდან არა აქვს. ყოველი, ვინც ქრისტეს, ვითარცა ღმერთს, აღიარებს, იხილავს ქრისტეს, რომელიც მის შესახებ წინაშე მამისა აღიარებს, რომ იგი ერთგული მონაა. ხოლო უარისმყოფელნი მოისმენენ: არა გიცი თქუენ.

34-36. ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული – დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა. და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი. - ყოველთვის კარგი არაა თანხმობა, არამედ არის შემთხვევაც, როცა კარგი განყოფაა. მახვილი სარწმუნოების სიტყვაა, რომელიც ჩვენ შინაურთა და ნათესავთაგან გამოგვყოფს, თუკი ისინი ღმრთისმოსაობაში ხელს შეგვიშლიან. უფალი იმას კი არ გვეუბნება, რომ მათ რაღაც უბრალო მიზეზის გამო უნდა გავშორდეთ ან გამოვეყოთ, არამედ მხოლოდ მაშინ, რაჟამს არ გვეთანხმებიან, ან უფრო მეტიც, შინაც კი გვეღობებიან რწმენის გზაზე.

37. რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. - ხედავ? მშობლები და შვილები მხოლოდ მაშინ უნდა მოვიძულოთ, რაჟამს მოისურვებენ, რომ ისინი ქრისტეზე მეტად შევიყვაროთ. მაგრამ მამასა, დედასა და შვილებზე რაღას ვამბობ? უფრო მეტიც მოისმინე:

38. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს. - ვინც, - ამბობს, - ამ ცხოვრებას არ უარყოფს და თავს სამარცხვინო სიკვდილისათვის არ მისცემს (რადგან ჯვარი ძველებისათვის ამას ნიშნავდა), არ არის ჩემი ღირსიო. მაგრამ, რადგანაც მრავალს ჯვარს, ვითარცა ავაზაკსა და ქურდს, ისე აცვამდნენ, ამიტომაც დასძენს: რომელიც მე შემომიდგება, ანუ ის, ვინც ჩემი კანონებით იცხოვრებსო.

39. რომელმან მოიპოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი. - ის, ვინც ხორციელ ცხოვრებაზე ზრუნავს, ფიქრობს, რომ თავის სულს უფრთხილდება. სინამდვილეში კი, უმზადებს რა მას მარადიულ სასჯელს, ღუპავს, ხოლო ვინც თავის სულს სწირავს და კვდება, მაგრამ არა როგორც ყაჩაღი, ან თვითმკვლელი, არამედ ქრისტესათვის, იგი, პირიქით, მოიპოვებს მას.

40-41. ომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყუელი სახელად წინასწარმეტყუელისა, სასყიდელი წინასწარმეტყუელისაჲ მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაჲ მიიღოს. - მოგვიწოდებს, რომ ისინი, ვინც ქრისტესთან არიან, შევიწყნაროთ, რადგან ვინც პატივს მის მოწაფეებს მიაგებს, პატივს მიაგებს მასაც და მის მიერ მამასაც. საჭიროა შეწყნარება მართალთა და წინასწარმეტყველთა სახელით მართლისა და წინასწარმეტყველისა, ანუ იმიტომ, რომ ისინი მართალნი და წინასწარმეტყველნი არიან და არა მეფეთა წინაშე რამდენადმე პირველობისა და მათი შემწეობის გამო. მაგრამ უკეთუ ვინმე წინასწარმეტყველი მხოლოდ გარეგნულადაა, ხოლო საქმით - არა, შენ ისიც შეიწყნარე ვითარცა წინასწარმეტყველი, და ღმერთი სამაგიეროს ისე მოგაგებს, თითქოს მართლაცდა წინასწარმეტყველი შეგეწყნარებინოს, რადგანაც სიტყვები: სასყიდელი მართლისაჲ მიიღოს ამას ნიშნავს. შეიძლება სხვაგვარადაც გაიგო, სახელდობრ, რომ მართლად იწოდება ისიც, ვინც მართალს იწყნარებს და იმავე საზღაურს მიიღებს, რასაც მართალნი იღებენ.

42. და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწაფისა, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი. - რომ სიღარიბე არ მოემიზეზებინათ, უფალი ამბობს: უკეთუ ეინმეს ერთ ჭიქა ცივ წყალს მიაწვდი, იმიტომ რომ იგი ჩემი მოწაფეა, მის საზღაურს მიიღებო. ჭიქა ცივი წყლის მიმწოდებელია ისიც, ვინც რისხვის ცეცხლითა და ვნებებით ალმოდებულს განსწავლის, დამოძღვრავს და მას ქრისტეს მოწაფედ აქცევს, ამიტომ თავის საზღაურს არც ის დაკარგავს.
---
1 - ბერძნულში სიტყვების თამაშია: ἡ τροφή - საზრდელი და ἡ τρυφή - ფუფუნება.
2 - ტექსტის სხვა რედაქციაში (cod. 32) სიტყვის ”გეჰენია” ეტიმოლოგიაა განმარტებული, კერძოდ ნათქვამია, რომ: გეჰენია αεὶ γεννασθαι-ისაგან (მარადიული შობა) წარმოდგება.

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24
თავი 25 თავი 26 თავი 27 თავი 28