1-2. და იყო ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, წარვიდა გალილეაჲთ და მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იოდანესა. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი მუნ. - უფალი კვლავ იუდეაში მიდის, რათა იუდეაში მცხოვრებ ურწმუნოებს თავი იმით არ ემართლებინათ, ჩვენთან უფრო იშვიათად მოდის, ვიდრე გალილეველებთანო. დამოძღვრასა და სიტყვის გასრულებას კვლავ სასწაულები მოსდევს, რადგან ჩვენ სიტყვითაც უნდა განგვსწავლოს და საქმითაც. მაგრამ უგუნურმა ფარისევლებმა იხილეს რა სასწაულები, ნაცვლად იმისა, რომ ერწმუნათ, მისი ცდუნება მოინდომეს. მოუსმინე:
3-6. მაშინ მოუჴდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლისათჳს ბრალისა? ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი? და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს. - ოჰ, უგუნურება ფარისეველთა! ქრისტეს გაჩუმებას ამგვარი კითხვებით ცდილობდნენ. რადგან უკეთუ იტყოდა, რომ გაშვება ცოლისა ყოველგვარი მიზეზით შეიძლებაო, მაშინ შეეძლოთ ეთქვათ მისთვის: მაშინ როგორღა ამბობდი, არავინ უნდა გაეყაროს ცოლს, თუ იგი არ მრუშობსო; ხოლო უკეთუ იტყოდა, ცოლის გაშვება საერთოდ არ შეიძლებაო, მას ცილს დასწამებდნენ, რომ მოსეს სჯულის წინააღმდეგი იყო, რადგან იგი საძულველი ცოლის გაძევებას დამაჯერებელი მიზეზის გარეშეც ბრძანებდა. ქრისტემ რა უპასუხა? იგი გვაჩვენებს, რომ ერთი ქორწინება ჩვენმა შემოქმედმა დასაბამიდან დაგვიწესა, რადგან თავიდანვე ერთი მამაკაცი ერთ ქალთან შეაუღლა: ამიტომაც არც ერთი მამაკაცი უნდა შეუერთდეს მრავალ ქალს და არც ერთი ქალი - მრავალ მამაკაცს; არამედ როგორც თავიდან შეუღლდნენ, ისევე უნდა დარჩნენ და ერთად ცხოვრება უმიზეზოდ არ უნდა დაარღვიონ. ფარისევლები რომ არ გაეოცებინა, არ უთქვამს მე დავბადე მამაკაცად და დედაკაცად, არამედ განუსაზღერელად ამბობს: რომელმან დაჰბადა-ო. ამგვარად, - ამბობს იგი, - ღმერთს ქორწინების სიკეთე იმდენად ესათნოება, რომ ადამიანებს მეუღლესთან შესაერთებლად მშობლებთან განშორების ნებაც კი დართო. "დაბადებაში" რატომღა წერია, რომ სიტყვები: ამისთვის დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი - ადამმა თქვა, როცა აქ ქრისტე ამბობს, რომ სიტყვები: ამისთჳს დაუტეოს ა.შ. თვითონ ღმერთმა ბრძანა? ჩვენ ვამბობთ, რომ, რაც ადამმა თქვა, ღმრთისაგან თქვა, ასე რომ, ადამის სიტყვა ღმრთის სიტყვაა. რამდენადაც ადამი და ევა შეერთებისა და ბუნებრივი სიყვარულის წყალობით შეირწყნენ და ერთხორც იქმნენ, ამდენად, ისევე როგორც საკუთარი ხორცის ორად გაყოფა, მეუღლეთა გაყრაც მძიმე დანაშაულია. ფარისეველთა მღელვარება რომ არ გამოეწვია, უფალს არ უთქვამს: მოსეც ნუ განაშორებსო, არამედ ზოგადად თქვა კაციც-ო, რათა ეჩვენებინა რა დიდადაა დაშორებული ღმერთი, რომელიც აერთებს, კაცისაგან, რომელიც ყოფს.
7-9. ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს უკუე მოსე ამცნო წიგნი განტევებისაჲ მიცემად და განტევებად? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ, რამეთუ: მოსე გულ-ფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ, ხოლო დასაბამსა არა ეგრე იყო. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს, იგიცა იმრუშებს. - როცა ფარისევლებმა დაინახეს, რომ უფალმა გააჩუმა ისინი, იძულებულნი გახდნენ მოსე მოეხმოთ, რომელიც თითქოს თავისი კანონებით ქრისტეს ეწინააღმდეგებოდა და თქვეს: მაშინ მოსემ განტევების წიგნის მიცემა და გაყრა როგორღა გვიანდერძა? მაგრამ უფალი ყველა ბრალდებას ისევ მათკენ მიაქცევს, იცავს მოსეს და ამბობს: მოსე ამ კანონით ღმერთს კი არ ეწინააღმდეგება, არამედ იგი თქვენი გულფიცხელობისა (სასტიკი გულის) გამო დაადგინა, რათა თქვენი ზნეობრივი აღვირახსნილობიდან გამომდინარე, როცა სხვა ქალებზე დაქორწინებას მოისურვებდით, პირველი ცოლები არ დაგეხოცათ. იყვნენ რა სასტიკნი, ებრაელები მართლაც მოკლავდნენ ცოლებს, უკეთუ კანონი მათთან ცხოვრებას აიძულებდა. ამიტომაც დაადგინა მოსემ განტევების წიგნის მიცემა ქმრებისგან მოძულებული ცოლებისათვის. ხოლო - მე გეუბნებით თქვენ, - ამბობს უფალი, - კარგია გაშვება მხოლოდ ზნეწამხდარი ცოლისა, რომელიც მრუშობს, ხოლო უკუეთუ ვინმე პატიოსანს გაეყრება და ქალი მრუშობას დაიწყებს, დამნაშავე იგი იქნება. შეიძლება ასეც გავიგოთ: რომელი შეეყო უფალსა, ერთ სულ არს (I კორ. 6.17); ამ მიმართებით მორწმუნე ერთგვარად ქრისტესთანაა შეუღლებული, რადგან ჩვენ, ყველანი, მასთან ერთად ერთი სხეული გავხდით და ქრისტეს ნაწილთაგანი ვართ. მართლაც, ამ ერთობის დარღვევა არავის შეუძლია, როგორც ამას პავლე მოციქულიც ამბობს: ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა? (რომ. 8.35) რადგან, რაც ღმერთმა შეაერთა, მისი გაყოფა არცა კაცთა, არცა სხვა რამ ქმნილებათა, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა და არცა უფლებათა, პავლეს თქმით, არ ძალუძს.
10. ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკუეთუ ესოდენი ბრალი არს კაცისაჲ დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინებაჲ. - შეშფოთებული მოწაფენი ამბობენ: უკეთუ ცოლი და ქმარი იმიტომ ერთდებიან, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში განუყრელად დარჩნენ, რადგან ცოლის გაგდება, თუნდაც იგი უვარგისი იყოს, არ შეიძლება, მაშინ საერთოდ დაუქორწინებლობა სჯობს. რადგან უფრო ადვილია არ დაქორწინდე და ბუნებრივ სურვილებს ებრძოლო, ვიდრე ბოროტი ცოლი აიტანო. ადამიანის მოვალეობად ქრისტე დაურღვეველ ცოლ-ქმრულ ერთობას თვლის, რასაც ზოგიერთი ასე განმარტავს: უკეთუ კაცს ცოლის უკანონოდ გაგდება ბრალად ეთვლება და ამის გამო განიკითხება და დაისჯება, მაშინ უმჯობესია არ დაქორწინდეს.
11. ჰრქუა მათ იესუ: არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ არს. - რაკი მოწაფეებმა თქვეს, მაშინ უქორწინებლობა სჯობსო, უფალი ამბობს: მართალია ქალწულება დიდი განძია, მაგრამ მისი დაცვა ყველას როდი შეუძლია, არამედ მხოლოდ მათ, რომელთაც ღმერთი შეეწევაო, რადგან სიტყვა - მიცემულ არს - აქ დგას ნაცვლად სიტყვებისა: რომელთაც ღმერთი შეეწევა. ხოლო მიეცემა მათ, რომელნიც ითხოვენ: ითხოვდით და მოგეცეთ თქუენ (ლუკა 11.9); რამეთუ ყოველი, რომელიც ითხოვს, მიიღებს (იოანე 16.24).
12. რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითგან დედისა თჳსისაჲთ საჭურისნი იშვნეს; და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ. - მცირენი არიან, - ამბობს უფალი, - რომელნიც ქალწულების სათნოებაში წარემატებიან. ზოგიერთნი საჭურისები დედის მუცლითგანვე არიან, ანუ ისინი ბუნებრივი აგებულებისა გამო ქალთან შეერთებისათვის არ ილტვიან. ამგვართა უმანკოებას ფასი არა აქვს. არიან ისეთებიც, რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს. ხოლო ზეციური სასუფევლისათვის თავს ისაჭურისებენ არა ისინი, რომელთაც ასო მოიკვეთეს (რადგანაც ეს სისაძაგლეა), არამედ ისინი, რომელნიც თავს იკავებენ. შეიძლება ასეც გაიგო: არსებობს ბუნებით საჭურისი, რომელნიც ბუნებრივი აგებულების გამო სასიყვარულო ტკბობისათვის არ აღიგზნება, კაცთაგან დასაჭურისებული კი ისაა, რომელმაც კაცობრივი სწავლების შედეგად ხორციელი გულისთქმის აღგზნება მოიკვეთა. ხოლო თავს ის ისაჭურისებს, რომელიც უბიწოებისაკენ არა სხვისი დამოძღვრითაა მიდრეკილი, არამედ თვითონვე, საკუთარი ნებით. ამგვარად, ამათგან ყველაზე სრულყოფილი ისაა, ვინც სხვამ კი არ დააყენა, არამედ თვითონ დაადგა გზას ზეცათა სასუფევლისაკენ. უფალი ამბობს: რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ. იგი არც ქალწულებას გვაძალებს და არც ქორწინებას ამცირებს, არამედ, უბრალოდ, უპირატესობას ქალწულებას ანიჭებს.
13-14. მაშინ მოჰგუარეს მას ყრმები, რაჲთამცა ჴელი დასდვა მათ ზედა და აკურთხნა იგინი, ხოლო მოწაფენი ჰრისხჳდეს მათ. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ. - დედებს შვილები მოჰყავდათ, რათა მათ, მისი ხელის შეხებით, კურთხევა მიეღოთ, მაგრამ უწესრიგოდა და ხმაურით მოდიოდნენ, რის გამოც მოწაფენი არ უშვებდნენ. ამასთან, ისინი იმასაც ფიქრობდნენ, რომ, უკეთუ ბავშვებს მიუყვანდნენ, მათი მოძღვრის ღირსება დამცირდებოდა. მაგრამ ქრისტემ ცხადყო, რომ მისთვის უფრო სასიამოვნო უზაკველთა მიღება იყო და თქვა: აცალეთ ყრმებსა მაგათ,... რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ. არ უთქვამს: მაგათიო, არამედ ეგევითართა, ანუ იმათი, რომელნიც წრფელნი, უბოროტონი და გაურყვნელნი არიან. ასე რომ, უკეთუ ვინმესთან, ვინც ასწავლის, ზოგიერთები ბავშვური შეკითხვებით მიდიან, მან კი არ უნდა დააბრკოლოს ისინი, არამედ შეიწყნაროს.
15-17. და დაასხნა მათ ზედა ჴელნი. და ვითარცა წარვიდა მიერ. აჰა მო-ვინმე-უჴდა მას და ჰრქუა: მოძღვარო სახიერო, რაჲ კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ? ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი. - იგი იმიტომ კი არ მივიდა მასთან, რომ ეცდუნებინა, არამედ, რათა ესწავლა, რადგან საუკუნო სიცოცხლე სწყუროდა; თუმცაღა ქრისტეს, ვითარცა ჩვეულებრივ კაცს, ისე მიეახლა. ამიტომაც ეუბნება უფალი: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი, ანუ უკეთუ სoხიერს მე მხოლოდ როგორც მოძღვარს მიწოდებ, ცუდად მიწოდებ, რადგან კაცთაგან სახიერი არავინაა; ჯერ ერთი, ჩვენ ძალიან ადვილად მივდრკებით სიკეთისაგან და, მეორეც, ღმრთეებრივ სიკეთესთან შედარებით კაცობრივი სიკეთე უვარგისად ითვლება.
17-19. ხოლო უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვაჲ, დაიმარხენ მცნებანი. ჰრქუა მას: რომელნი? ხოლო იესუ ჰრქუა მას, ვითარმედ: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო; პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. - კითხვის დამსმელს უფალი სჯულის მცნებებზე მიუთითებს, რათა იუდეველებს სათქმელად არ ჰქონოდათ - სჯულს არაფრად აგდებსო. მაგრამ რა?
20. ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან. რაჲღა მაკლს მე?- ზოგიერთი ამ ახალგაზრდას, ვითარცა მკვეხარასა და პატივმოყვარეს, კიცხავს, როგორ შეიძლებოდა ერთდროულად მოყვასიც სრულყოფილად ყვარებოდა და მდიდარიც ყოფილიყო? რადგან, იმათგან, ვისაც მოყვასი ისე უყვარს, ვითარცა თავი თვისი, არავინაა ისეთი, ვინც მოყვასზე უფრო მდიდარი იქნება. მოყვასი (მახლობელი) კი ყოველი ადამიანია. ხოლო ზოგიერთებს ეს ასე ესმით: ვთქვათ და მე-ყოველივე ამას ვიცავ, კიდევ რაღა მაკლია?
21-22. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე. და ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად. - უფალი ეუბნება: ის, რაც, როგორც ამბობ, შენ აღასრულე, აღასრულე ვითარცა იუდეველმა, ხოლო უკეთუ სრულყოფა, ანუ ჩემს მოწაფედ და ქრისტიანად ყოფნა გსურს, წადი, გაყიდე ქონება შენი და ყოველივე მყისვე დაარიგე, ისე, რომ, იმ საბაბით, თითქოს გინდა მოწყალებას მუდამ გასცემდე, შენთვის არაფერი დაიტოვო. ის კი არ უთხრა: გლახაკებს მიეციო, არამედ: ყოველივე გაეცი და განიძარცვე (უქონელი გახდი). შემდეგ, რადგანაც ზოგიერთები მოწყალენი კი არიან, მაგრამ ყოველგვარი ბიწიერებით აღსავსე ცხოვრებას ეწევიან, ეუბნება: და მოვედ და შემომიდეგ მე, ანუ ყველა სხვა სათნოებაც შეიძინე. მაგრამ ჭაბუკი დაღონდა. თუმცა სურვილიც ჰქონდა და ნიადაგიც მისი გულისა ღრმა და ნოყიერი იყო, სიმდიდრის ეკლებმა თესლი უფლის სიტყვისა მაინც მოაშთვეს, რამეთუ, - ამბობს მახარებელი, - იყო იგი მდიდარ ფრიად. ვისაც ცოტა აქვს, ის ქონების ხუნდებითაც ნაკლებადაა შებოჭილი, მაშინ, როცა, რაც უფრო დიდია სიმდიდრე, ბორკილებიც უფრო მტკიცეა. რაკიღა უფალი მდიდარს ესაუბრებოდა, უთხრა: თუ მაინცდამაინც სიმდიდრის მოყვარე ხარ, გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა.
23-24. ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა. და მერმე გეტყჳ თქუენ: უადვილეს არს აქლემი განსლვად ჴურელსა ნემისისა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა. - მდიდარი, ვიდრე მას ჭარბი ქონება აქვს, მაშინ, როცა სხვებს აუცილებელიც აკლია, ცათა სასუფეველში ვერ შევა. ხოლო უკეთუ ყოველივეს დათმობს, ცხადია, სასუფეველში კი შევა, მაგრამ მდიდარი აღარ იქნება, რადგან ბევრის მქონეს იქ შესვლა ისევე არ შეუძლია, როგორც აქლემს ნემსის ყუნწში გაძვრომა. დაუკვირდი, რომ ქრისტემ ზემოთ თქვა: ძნელად შევაო, აქ კი ამბობს, რომ საერთოდ ვერ შევა. ზოგიერთები აქლემში ცხოველს კი არ გულისხმობენ, არამედ მსხვილ თოკს, რომელსაც მეზღვაურები ღუზის ჩაშვებისას იყენებენ.
25-26. ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკჳრდებოდა ფრიად და იტყოდეს: და ვის-მე ჴელ-ეწიფების ცხოვნებად? მიჰხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს. - მოწაფეებმა, რომელნიც კაცთმოყვარენი იყვნენ, ეს საკუთარი თავისთვის კი არ იკითხეს (რადგანაც თვითონ ღარიბები იყვნენ), არამედ საერთოდ ადამიანებისათვის. უფალი ასწავლის, რომ ხსნის საქმე ღმრთის ძალის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ და არა კაცობრივი უძლურებით. უკეთუ ვინმე ანგარებისმოყვარეობას გაექცევა, ღმრთის შემწეობით, ჯერ, რაც ზედმეტი აქვს, იმის ჩამოშორებით შემსუბუქდება, ხოლო შემდეგ, აუცილებელსაც გასცემს და, შემწეობით ღმრთისა, ასე დადგება კეთილ გზაზე, რომელიც სასუფევლისაკენ მიემართება.
27. მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა ესერა ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა? - პეტრეს, რომელიც ღარიბი იყო, თითქოსდა ბევრი არაფერი დაუთმია, მაგრამ, იცოდე, რომ სინამდვილეში მან ბევრი რამ დათმო. ჩვენ ადამიანები მცირედსაც მაგრად ვებღაუჭებით, პეტრემ კი ყველა ამსოფლიური სიამოვნება, თვით ბუნებრივი სიყვარული მშობლებისადმი, უგულებელყო. ამგვარი ვნებანი ხომ არა მხოლოდ მდიდრებს, არამედ ღარიბებსაც ებრძვიან! ხოლო უფალმა რა თქვა?
28. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა. - ნუთუ მართლა დასხდებიან? არამედ უფალმა დასხდომით აღმატებული პატივი ცხადჰყო; მაგრამ იუდაც დაჯდებოდა? რა თქმა უნდა, არა! ეს მან თავის მიმდევრებზე ანუ იმათზე თქვა, რომელნიც ბოლომდე მისი ერთგულნი დარჩებოდნენ, იუდა კი ერთგული არ დარჩენილა. ღმერთი ღირსეულთ სიკეთეს აღუთქვამს, მაგრამ უკეთუ ისინი შეიცვლებიან და უღირსნი გახდებიან, სიკეთეც წაერთმევათ. ასევეა უბედურებანიც, ღმერთი ზოგჯერ მათით გვაფრთხილებს, მაგრამ თუ შევიცვლებით, აღარ გვიგზავნის.
29. და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ ანუ ცოლი ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხორებაჲ საუკნოჲ დაიმკჳდროს. - ვინმეს რომ არ ეფიქრა, ზემოთქმული მხოლოდ მოწაფეებს ეხებაო, თავის აღთქმას ავრცელებს ყველაზე, ვინც კი მათ მსგავსად მოიქცევა. ხორციელ ნათესავთა წილ თვისებათა მსგავსება და ძმობა მათ ღმერთთან ექნებათ, აგარაკთა წილ - სამოთხე, ქვის სახლთა წილ - ზეციური იერუსალიმი, დედის წილ - იღუმენია ეკლესიასა შინა, ნაცვლად მამისა - ხუცესნი, ხოლო ნაცვლად ცოლისა - ყველა მორწმუნე ქალი, ოღონდაც არა ქორწინებით, არამედ სულიერი განწყობილებითა და მათზე კაცთმოყვრული მზრუნველობით. მაგრამ უფალი იმას კი არ გვიბრძანებს, რომ შინაურებს აუცილებლად განვშორდეთ, არამედ მაშინ, როცა ისინი ჩვენ ხელს ღმრთისმოსაობაში გვიშლიან. მსგავსად ამისა, იგი სულისა და ხორცის არად ჩაგდებასაც ბრძანებს, მაგრამ არა იმ აზრით, რომ თავი მოვიკლათ. ნახე, რომ სახიერი ღმერთი არა მხოლოდ იმას გვაძლევს, რაც დავთმეთ, არამედ მათ გარდა საუკუნო ცხოვრებასაც გვანიჭებს. ეცადე, ქონება შენი შენც გაყიდო და გლახაკებს დაურიგო. ხოლო ქონება მრისხანე კაცისა მრისხანებაა, მრუშისა - მრუშობისაკენ მისი მიდრეკილება, ღრძოსი კი - გულღვარძლიანობა. გაყიდე ესენი და მიეცი გლახაკებს ანუ დემონებს, რომელთაც არავითარი სიკეთე არა აქვთ. ვნებანი შენი ვნებათა შემოქმედს დაუბრუნე, და მაშინ გექნება საუნჯე, რომელიც ქრისტეა, ზეცასა, ანუ გონებასა შინა შენსა, რომელიც ამაღლდა. ზეცა კი შენში მაშინ იქნება, უკეთუ ზეციერს დაემსგავსები.
30. ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანა, და უკუანანი წინა. - აქ იუდეველებსა და წარმართებზე მიანიშნებს, რადგან იუდეველნი პირველნი იყვნენ და უკანასკნელნი გახდნენ, ხოლო წარმართნი, რომელნიც უკანასკნელნი იყვნენ, პირველები შეიქნენ. ნათლად რომ გაიგო, რასაც ამბობს, უფალი შემდეგ იგავსაც უმატებს.